კროიცკირხე საქსონიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია და დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. დრეზდენის ბევრ ღირსშესანიშნაობას აქვს ძველი და იდუმალებით მოცული ან ტრაგიკული ისტორია, კროიცკირხეს კი ეს ყველაფერი ერთდროულად ახასიათებს. წმინდა ჯვრის ეკლესია ბევრჯერ დაიწვა, დაინგრა და კვლავ აღდგა. თავისი ისტორიის მანძილზე მან რამდენჯერმე შეიცვალა სახე და არქიტექტურული სტილი. თითოეულმა მათგანმა კვალი დაამჩნია თანამედროვე შენობას, რომელშიც დღეს ხუთ სტილს აღმოაჩენთ: რომანულს, გოტიკურს, რენესანსს, კლასიკურსა და იუგენდსტილს.
კროიცკირხე დრეზდენის მთავარი ევანგელისტური ეკლესიაა. მისი ისტორია 1168 წლიდან იწყება, როდესაც ამ ადგილას რომანული სტილის ბაზილიკა იდგა და წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა პრინცესამ, კონსტანცია ფონ ბაბენბერგმა, ეკლესიას წმინდა ჯვრის რელიკვია აჩუქა (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გაკრული), ტაძარს წმინდა ჯვრის ეკლესია, ანუ კროიცკირხე უწოდეს (kreuz - ჯვარი, kirche - ეკლესია).
ტაძარი ხუთჯერ დაინგრა ხანძრის თუ სხვა მიზეზების გამო. ბოლოს ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, დრეზდენის დაბომბვისას. რეკონსტრუქცია კი 1950-1955 წლებში ჩაუტარდა. არქიტექტორმა ფრიც შტოიდნერმა უწინდელი შენობის კოშკი და ფასადის ნაწილი შეინარჩუნა. ახლა კროიცკირხე 3000 ადამიანს იტევს. ყოველწლიურად მას 200 ათასი მნახველი ჰყავს.
კროიცკირხეს თანამედროვე მონუმენტური კლასიციზმის სტილის შენობა ორი სართულისგან შედგება. ბაზილიკის სამრეკლო 94 მეტრ სიმაღლეზეა და დრეზდენის ჰოფკირხეს მიხედვითაა აგებული. 54 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია გადმოსახედი მოედანი. სანამ იქ მიაღწევთ, გრძელ კიბეზე მოგიწევთ ასვლა. თითოეულ საფეხურზე შემწირველების სახელებია მითითებული. მათი უმრავლესობა ანონიმურია.
შეგიძლიათ, ქალაქს ზემოდან გადმოხედოთ:
კოშკის ახალი საათი 1930 წელს დამზადდა. მისი დიამეტრი 3 მეტრია. ზარები XVII საუკუნის ნაგებობიდან შემორჩა. საყოველთაო აღიარებით, ისინი მთელ გერმანიაში ყველაზე სუფთა და მჟღერ ხმებს გამოსცემენ.
ინტერიერი სისადავით გამოირჩევა:
ასე გამოიყურება საკურთხეველი:
მის ზემოთ იხილავთ ანტონ დიტრიხის 1900 წელს შექმნილ ნახატს "ქრისტეს ჯვარცმა", რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა 1945 წელს გაჩენილ ხანძარს.
კროიცკირხეს ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა იმ სამი ლურსმნისგან გაკეთებული ჯვარი, რომლებითაც იესო ჯვარზე გააკრეს.
ესეც კროიცკირხეს ორგანი:
ის თავისი სიდიდით გამოირჩევა. მას ძალზე ბევრი რეგისტრი აქვს, რაც ურთულესი ნაწარმოებების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. კროიცკირხეში რეგულარულად იმართება საორგანე მუსიკის კონცერტები მსოფლიოს ორგანისტების მონაწილეობით.
წმინდა ჯვრის ეკლესია აქტიურად მონაწილეობს დრეზდენის მუსიკალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დრეზდენისა და კროიცკირხეს კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მომღერალი ბიჭების გუნდი, რომელსაც 700 წლის(!) ისტორია და ტრადიციები აქვს. საგუნდო სიმღერის განსაკუთრებით ლამაზი კონცერტების მოსმენა შეგიძლიათ საშობაო კვირის დროს.
კროიცკირხე მოქმედი ტაძარია და ღიაა ყოველდღე 18:00-მდე. შესვლა უფასოა.
გადმოსახედ მოედანზე ასვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 5 ევრო, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 2,50 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის და Dresden Welcome Card-ის ან Dresden City Card-ის მფლობელებისთვის - 1,50 ევრო.
კროიცკირხეს მისამართია: An der Kreuzkirche 6.
კროიცკირხამდე მისასვლელად ისარგებლეთ: ტრამვაით №1, 2, 4 - გაჩერება Altmarkt, ან ტრამვაით №7, 8, 9, 11, 12, აგრეთვე ავტობუსით №62- გაჩერება Prager Straße.
კროიცკირხეს ოფიციალური საიტია: kreuzkirche-dresden.de.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.