უფასო ონლაინ-მეგზური დრეზდენში


ჰოფკირხე - დრეზდენის საკათედრო ტაძარი

დრეზდენის საკათედრო ტაძარი საქსონიაში ბაროკოს სტილის ყველაზე დიდი ეკლესიაა და მდინარე ელბის სანაპიროზე მდებარეობს. ეკუთვნის დრეზდენ-მეისენის ეპარქიას. მას, აგრეთვე, უწოდებენ დრეზდენის წმინდა სამების ეკლესიასა და წმინდა სამების საკათედრო ტაძარს. ჰოფკირხეს ეკლესია 1739-1755 წლებში ააგო იტალიელმა არქიტექტორმა გაეტანო კიავერიმ კურფიურსტ ფრიდრიხ ავგუსტ II ფონ ზაქსენის შეკვეთით. ფრიდრიხ ავგუსტ II, ავგუსტ ძლიერის შვილი, მამის პოლიტიკას განაგრძობდა და დაჟინებით სურდა, პოლონეთის მეფე ყოფილიყო. ამისათვის მან პროტესტანტობაც კი დათმო და კათოლიკობა აღიარა. ეკლესიაც კათოლიკური გახდა, ქალაქის საბჭოს რეფორმატორული ფრაუენკირხეს საპირწონედ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





დრეზდენის საკათედრო ტაძარი ოვალური სამნავიანი ბაზილიკაა ოთხი კუთხოვანი კაპელათი და გრძელი გალერეით. სამრეკლო 85 მეტრის სიმაღლეზეა, თანაც არა ცენტრალურ, არამედ გვერდითა ნავზე, რაც ტრადიციებს ეწინააღმდეგება. 4 დიდი ზარისთვის 1806 წლამდე ერთხელაც არ შემოუკრავთ, ვინაიდან ხალხი კვლავაც ლუთერანობას მისდევდა. შემდეგ ნაპოლეონმა საქსონია დაიკავა, სამეფოდ გამოაცხადა და ტაძარი აკურთხებინა. ბაზილიკის ქვედა დონის ფასადსა და ბალუსტრადას, ბაროკოს ტრადიციების მიხედვით, ქანდაკებები ამშვენებს, კერძოდ, წმინდანებისა და მოციქულების სამმეტრიანი 78 ქანდაკება და რწმენის, იმედის, სიყვარულისა და სამართლიანობის 3,5-მეტრიანი ქანდაკებები.



ჰოფკირხე იმდენად თავისებურია, რომ მის არქიტექტურულ სტილს ხშირად დრეზდენულ ბაროკოსაც უწოდებენ. ეკლესიის ოვალური ფორმა გემს მოგაგონებთ, სამრეკლო კი - ანძას.



დრეზდენის საკათედრო ტაძრის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ მთავარი საკურთხეველი დასავლეთითაა განთავსებული და არა აღმოსავლეთით, როგორც ამას საეკლესიო ტრადიცია მოითხოვს. ის ძმებმა აგლიოებმა შექმნეს მარმარილოსა და მოოქროვილი ბრინჯაოს ორნამენტისგან. საკურთხევლის ნახატზე, რომლის სიმაღლე 10 მეტრია, სიგანე კი 4,5 მეტრი, გამოსახულია იესოს ამაღლება და წმინდა სამება. მისი ავტორია დრეზდენის სამეფო კარის მხატვარი მენგსი.



ტაძრის დასავლეთ ნაწილში განთავსებულია ჯვარზე გაკვრის კაპელა, სამხრეთში - საიდუმლოებების სამლოცველო, აღმოსავლეთში - ე.წ. ბენო-კაპელა, რომელშიც 1998 წლიდან ინახება წმინდანის, ბენო ფონ მეისენის მიტრა, ჩრდილოეთის კაპელა კი ეძღვნება წმინდა იოანე ნეპომუკს. მასზე გამოსახული არიან მარიამ ღვთისმშობელი და იესო.



ჰოფკირხეში ორი ორგანია. მათგან გამოირჩევა ზილბერმანის ორგანი (მისი შემქმნელის, გოტრფიდ ზილბერმანის პატივსაცემად). ის ტაძარში 1755 წლიდანაა.



მეორე, უფრო კამერული ორგანი ტაძარში 2002 წელს დადგეს.


თავდაპირველად ჰოფკირხე სამეფო კარის ტაძარი იყო. მის საძვალეში განისვენებს ვეტინების დინასტიის 49 წარმომადგენელი, მათ შორის საქსონიის ყველა მეფე, რომლებიც საქსონიას საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ. აქვე ინახება ავგუსტ ძლიერის გული.



ჰოფკირხეში ტრადიციულად იმართებოდა კონცერტები. აქ დირიჟორობდნენ ვებერი და ვაგნერი. მუსიკალური ტრადიციები საკათედრო ტაძარში დღესაც გრძელდება. საორგანე მუსიკის კონცერტი ოთხშაბათობით და კვირაობით იმართება, დღესასწაულებზე და კვირაობით დრეზდენის ბიჭუნათა ცნობილი გუნდის მოსმენაც შეგიძლიათ.


ჰოფკირხე მოქმედი ტაძარია და ღიაა ყოველდღე 17:00-მდე. შესვლა უფასოა.


ჰოფკირხეს მისამართია: Schloßstraße 24.


დრეზდენის საკათედრო ტაძრამდე მისასვლელად ისარგებლეთ: ტრამვაით №4, 8, 9 - გაჩერება Theaterplatz.


ჰოფკირხეს ოფიციალური საიტია: bistum-dresden-meissen.de.

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!