უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 წმინდანის სახელობის თერმული წყალი ბუდაპეშტში

ლუკაჩის საბანაო (Lukacs furdo) ჯერ კიდევ XII საუკუნეში გაიხსნა, თუმცა კომპლექსი მხოლოდ შვიდასი წლის შემდეგ აიგო. ლეგენდის თანახმად, მიწიდან ამოსულმა წყალმა წმინდა ლუკაჩი (ლუკასი, ლუკაში) განკურნა და სწორედ მისი სახელი ეწოდა ამ საბანაოს. ამ ფაქტის შესახებ შენობაში განთავსებული აბრებიც იუწყება. როგორც ამბობენ, ამ თერმულ წყლებს სამკურნალოდ წმინდა იოანე იერუსალიმელის ჰოსპიტალიერთა ორდენის რაინდები (მოგვიანებით - მალტელი რაინდები) იყენებდნენ. შუა საუკუნეებში ბერებმა მონასტრის გვერდით საბანაო ააგეს, სადაც ავადმყოფებს მკურნალობდნენ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ლუკაჩის საბანაოში არის ხუთი დახურული და ორი ღია აუზი (ტემპერატურა 22-40 გრადუსი), სხვადასხვა სახის საუნა, სოლარიუმი, მასაჟის კაბინეტები, წყლის დასალევი სოკოები. ღია აუზებში აუცილებელია საცურაო ქუდის ტარება.



აქაური წყალი მდიდარია ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფტორით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე პირთათვის.


სამკურნალო წყლის დალევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს: ქრონიკული გასტრიტი, კუჭის წყლული, ნაწლავების ანთება, კუჭის მომატებული მჟავიანობა, სასუნთქი გზების ანთება, ნაღვლის ბუშტის ზოგიერთი დაავადება.


სამკურნალო წყალი უნდა დალიოთ დილით, უზმოზე, ცხელი, ყლუპებად - 300-500 მილილიტრი.



საბანაო ქალებისა და მამაკაცებისთვის საერთოა. 14 წლამდე ბავშვებისთვის თერმული წყლები რეკომენდებული არ არის. ბილეთების ყიდვისას იძლევიან სამაჯურს, რომლითაც შიგნითაც შეხვალთ და თქვენს კარადასა თუ კაბინასაც გახსნით და დაკეტავთ. გასახდელები სპეციალური კაბინებითაა აღჭურვილი.



მუშაობს ყოველდღე: 07:00 - 19:00.


ბილეთის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დეტალური და უახლესი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, ეწვიოთ ოფიციალურ საიტს: https://www.lukacsfurdo.hu/.



ლუკაჩის საბანაოს მისამართია Frankel Leó út. 25-29. ეს მარგიტის ხიდის სიახლოვესაა.


მისასვლელად ისარგებლეთ:

- ტრამვაით №4, 6, (გაჩერება Margit híd, budai hídfő H), №17, 19 (გაჩერება Szent Lukács Gyógyfürdő);

- ავტობუსით - №9, 109 (გაჩერება Margit híd, budai hídfő H).









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!