კაბარე "მულენ რუჟი" სამართლიანად ითვლება პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობად. ფეერიული შოუ, არაჩვეულებრივი კოსტიუმები, ლამაზი მოცეკვავე ქალები, სახელგანთქმული ფრანგული "კანკანი", რომელიც პირველად აქ შესრულდა - ეს ყველაფერი ათასობით ტურისტს იზიდავს. "მულენ რუჟი" პარიზის საინტერესო ისტორიის ნაწილი და სიმბოლოა, ახდენილი და აუხდენელი ოცნებების, შეერთებული და გატეხილი გულების, სილამაზის, შემოქმედების და ცოდვის სიმბოლო. თანამედროვე "მულენ რუჟი", პირველ ყოვლისა, სანახაობაა, შოუ, ელიტური დაწესებულება, რაღაც საშუალო ღამის კლუბსა და მუზეუმს შორის, და არა ცხოვრების წესი. და იქ კვლავაც სრულდება ლეგენდარული "კანკანი" ოფენბახის მუსიკაზე.
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და ევროპა ტექნიკურმა რევოლუციამ მოიცვა, როდესაც პარიზში ეიფელის კოშკი დადგეს და საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიო გამოფენის გასამართავად ემზადებოდა, 1889 წელს მონმარტრის რაიონში, ბლანშის მოედანზე, ჟოზეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდლერმა "წითელი წისქვილი" (ფრანგულად Moulin Rouge)გახსნეს. წითელი ფერი წითელი ფარნების ქუჩაზე მიანიშნებდა.
იმ დროს მონმარტრის რაიონი ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადებისგან გათავისუფლებული იყო და იქ ბოჰემის წარმომადგენლები - მხატვრები, მსახიობები, მწერლები - ერთობოდნენ და დროს ატარებდნენ.
სიტყვა "cabaret" ჰოლანდიური წარმოშობისაა და სპირტიანი სასმელების დასალევ მომცრო ოთახს ნიშნავს. ასე დაერქვა მყუდრო, თბილ და მეგობრულ გარემოს, სადაც დროის მსიარულად გატარება შეიძლებოდა.
კლიენტების ყურადღების მისაპყრობად ორგანიზატორებმა ბაღი გააშენეს და დიდი სპილო დადგეს, დაწესებულებას კი "ქალების პირველი სასახლე" უწოდეს. წარმატება მალე მოვიდა. 1893 წელს ერთ-ერთმა მოცეკვავემ "აიწყვიტა" და სცენაზე ყველაფერი გაიხადა. ასე რომ, სწორედ ამ შენობაში შესრულდა პირველად სტრიპტიზი. აქვე სრულდებოდა "კანკანი" ჟაკ ოფენბახის მუსიკაზე.
"მულენ რუჟი" რამდენჯერმე აღმოჩნდა მძიმე ვითარებაში, 1915 წელს კიდეც დაიწვა, მაგრამ ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს სირთულეებს. აქ მრავალი ცნობილი ადამიანია ნამყოფი: უელსის პრინცი, მეფე ედუარდ VII, ოსკარ უაილდი, პაბლო პიკასო, ედიტ პიაფი, ელტონ ჯონი, ლაიზა მინელი, ივ მონტანი, ელა ფიცჯერალდი, ჟან გაბენი, ფრენკ სინატრა, შარლ აზნავური და სხვ.
კაბარე "მულენ რუჟი" ორჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. პირველად მაშინ, როცა მისმა მოცეკვავე ქალებმა ოცდაათ წამში 29-ჯერ შეასრულეს ყველასთვის ცნობილი მოძრაობა - ფეხის აქნევა. მოგვიანებით მათ საკუთარი მიღწევა გააუმჯობესეს და ეს 30-ჯერ მოახერხეს.
საინტერესოა, რომ 1963 წელს კაბარეს წარმოუდგენლად დიდი შემოსავალი მოუტანა პროგრამამ, სახელწოდებით "ფრუ-ფრუ". მას შემდეგ ყველა შოუ "ფ" ასოზე იწყება. ბოლო დროს "მულენ რუჟში" მხოლოდ ერთ შოუს უჩვენებენ - "ფერიას". ამ წარმოდგენის ბიუჯეტი შვიდი მილიონი დოლარია. მის შექმნაზე მრავალი ადამიანი მუშაობდა: მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, დიზაინერები, დამდგმელები. მასში არა მხოლოდ არაჩვეულებრივ კოსტიუმებში გამოწყობილ მომხიბლველ მოცეკვავეებს იხილავთ, არამედ ჟონგლიორებს, აკრობატებს და წყალში მოთავსებულ რეპტილიებსც კი.
მსახიობების შერჩევა ძალზე მკაცრი წესების დაცვით ხდება. ყველა კანდიდატს ზომავენ და წონიან. მათ უზადო კანი უნდა ჰქონდეთ, ზომა, წონა, ფეხების სიგრძე, მკერდის ფორმა და ზომა დადგენილ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
აღსანიშნავია, რომ "მულენ რუჟი" მთელ მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველია - 240 ათასი ბოთლი წელიწადში!
კაბარე "მულენ რუჟის" ზუსტი მისამართია: 82, boulevard de Clichy, 75018 Paris.
კაბარე "მულენ რუჟამდე" მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: მე-2 ხაზი, სადგური Blanche;
- ავტობუსით, №30, 54, 68, 74 - გაჩერება Blanche.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე - 18.00-01.00.
ბილეთების ღირებულება:
- დამოკიდებულია თვეზე, კვირის დღეზე, წარმოდგენის დაწყების დროზე (19:00, 21:00, 23:00) და იმაზე, თუ რას შეუკვეთავთ. ფასი - 88 ევროდან 445 ევრომდე.
6 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან, 6+ - მოზრდილების თანხლებით.
ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.moulinrouge.fr.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია