უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


 ნეაპოლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ნეაპოლის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შედის მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, ფუნიკულიორი და საგარუბნო ელექტრომატარებელი. ეს ტრანსპორტი ქალაქის ყველა რაიონს მოიცავს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ძირითადად, მართავს სატრანსპორტო კომპანია - ANM (Azinda napoletana mobilita), თუმცა ზოგიერთ მარშრუტს სხვა კომპანიებიც ფლობენ. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის მოქმედებს ერთიანი ბილეთები. ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ რა სახის ბილეთები არსებობს, როგორ უნდა მოიქცეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, და რა უნდა გააკეთოთ, რათა არ დაჯარიმდეთ (ჯარიმა 40 ევროა).


სტატიის შინაარსი


1. ბილეთები

2. ტურისტული ბარათები

3. ნეაპოლის მეტროპოლიტენი და ფუნიკულიორი

4. ავტობუსი ნეაპოლში

5. ტრამვაი ნეაპოლში

6. ტროლეიბუსი ნეაპოლში

7. ელექტრომატარებელი ნეაპოლში

8. ტაქსი ნეაპოლში


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. ბილეთები


ნეაპოლში საზოგადიებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის უნდა შეიძინოთ ერთიანი ბილეთი UnicoNapoli, გარდა Alibus-ის ბილეთისა. ის მოქმედებს ნეაპოლსა და მის გარეუბნებში (Arzano, Casandrino, Marano, Melito, Mugnano, Portici, Pozzuoli, Quarto, San Giorgio a Cremano, San Sebastiano al Vesuvio, Volla) და ეწოდება TIC (Ticket Integrato Compania). მას გამოიყენებთ ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აგრეთვე Circumvesuviana-ს მატარებლებში.


ვნახოთ, რა სახის ბილეთები არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის:


Corsa semplice - ბილეთი ერთი მგზავრობისთვის. მისი ღირებულებაა 1,30 ევრო საქალაქო ქსელში და 1,50 ევრო საგარეუბნო ტრანსპორტის ჩათვლით.


Biglietto Orario - ძალაშია 90 წუთის განმავლობაში. მისი ღირებულებაა 1,80 ევრო.


Biglietto giornaliero - 24-საათიანი ბილეთი. მისი ღირებულებაა (ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიის ფარგლებში): 4,50/5,40 ევრო.


Biglietto Settimanale - ერთკვირიანი ბილეთი. ძალაშია კვირის ბოლო დღის შუაღამემდე. მისი ღირებულებაა: 12,50/16 ევრო.


Abbonamento Mensile - ერთთვიანი ბილეთი. ძალაშია თვის ბოლო დღის შუაღამემდე. მისი ღირებულებაა: 35/42 ევრო.


Annuale Ordinario - ერთწლიანი ბილეთი. ძალაშია ამოქმედებიდან 12 თვის განმავლობაში. მისი ღირებულებაა: 235,20/294 ევრო.


6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა (თან უნდა ახლდეს მოზრდილი ადამიანი).


ერთჯერადი ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გაზეთების კიოსკებში, თამბაქოს ჯიხურებში ან სპეციალურ ავტომატებში ტრანსპორტში ასვლის წინ. მგზავრობის წინ ბილეთი აუცილებლად უნდა დაამკომპოსტიროთ, თორემ დაგაჯარიმებენ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.unicocampania.it/. იხილეთ, აგრეთვე, კომპანიის იფიციალური საიტი: https://www.anm.it/.


ასე გამოიყურება ბილეთების შესაძენი ავტომატები:



2. ტურისტული ბარათები


ნეაპოლში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ შეღავათიანი სამგზავრო ბარათი Campania-Artecard. ის ორგვარია: 3-დღიანი და 7-დღიანი. ეს ბარათები უფლებას გაძლევთ, შეუზღუდავად იმგზავროთ ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (აგრეთვე Circumvesuviana-ს მატარებლებით), შეღავათიან ფასად ეწვიოთ მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ზონებს.



ბარათის ღირებულებაა:


- 3-დღიანი ნეაპოლში - 27 ევრო;

- 3-დღიანი ნეაპოლში 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 16 ევრო;

- 3-დღიანი ნეაპოლსა და კამპანიაში - 41 ევრო;

- 3-დღიანი ნეაპოლსა და კამპანიაში 18-25 წლის ახალგაზრდებისათვის - 30 ევრო;

- 7-დღიანი ნეაპოლსა და კამპანიაში - 43 ევრო.


ამ ბარათის შეძენა შეგიძლიათ აეროპორტში, მეტროსა და რკინიგზის სადგურებში, ნავსადგურში, მუზეუმებში, ტურისტულ სააგენტოებში, აგრეთვე ოფიციალურ საიტზე - https://www.campaniartecard.it/all-cards/?lang=en. იქვე გაეცნობით ბარათთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.


3. ნეაპოლის მეტროპოლიტენი და ფუნიკულიორი


ნეაპოლის მეტროპოლიტენი საკმაოდ ახალგაზრდაა. ის 1993 წელს გაიხსნა. მასში 2 ხაზი (1-ლი და მე-6) და 34 სადგურია, ქსელის საერთო სიგრძე კი - 34,8 კმ.


ნეაპოლის მეტროპოლიტენის 1-ლი ხაზი თანამედროვე ხელოვნების ნამდვილი მიწისქვეშა მუზეუმია. გთავაზობთ მეტროს სქემას:



ნეაპოლის მეტროპოლიტენის სისტემაში შედის, აგრეთვე, ქალაქის ფუნიკულიორის 4 ხაზი: Chiaia, Montesanto, Centrale, Mergellina. ას წელზე მეტია, ფუნიკულიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში. მათ აქვთ 16 სადგური და დღეში დაახლოებით 60 ათასი მგზავრი გადაჰყავთ. მუშაობის საათებია 07:00-22:00.



დეტალურად ნეაპოლის მეტროპოლიტენის შესახებ =>>


4. ავტობუსი ნეაპოლში


ავტობუსის მარშრუტები ნეაპოლის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავს, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა არცთუ ეფექტიანია, ვინაიდან ქუჩები გადატვირთულია, რაც ძალზე ართულებს მოძრაობას.



ძირითადი მარშრუტებია:


Napoli — Mondragone — Baia Domizia. ბოლო გაჩერება Piazza Garibaldi. დადის ყოველ ნახევარ საათში. (კომპანია Ctp);

Napoli — Caserta. მოძრაობს დილიდან გვიან საღამომდე. ჩერდება Capodichino-ს აეროპორტში. (კომპანია Ctp);

Napoli — Avellino. დადის ყოველ 20 წუთში დილიდან გვიან საღამომდე. ბოლო გაჩერება Piazza Garibaldi. (კომპანია Air Mobilita);

Napoli — Salerno. დადის ყოველ 30 წუთში დილიდან გვიან საღამომდე. ბოლო გაჩერება ნავსადგურში varco Immacolatella. (კომპანია Sita);

Napoli — Amalfi. (კომპანია Sita).


დამატებითი ინფორმაცია ნეაპოლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საიტზე: https://www.anm.it/.


5. ტრამვაი ნეაპოლში


ნეაპოლის ტრამვაი 10 კილომეტრი სიგრძის სისტემაა, რომელიც მხოლოდ 3 მარშრუტისგან შედგება. ქალაქის ტრამვაის ქსელს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის 1875 წელს დაიწყო, როცა ნეაპოლში პირველმა "კონკამ" გაიარა. ტრამვაიში იგივე ბილეთები მოქმედებს, რომლებიც ქალაქის სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.



6. ტროლეიბუსი ნეაპოლში


ნეაპოლში ტროლეიბუსი დადის 1940 წლიდან. არსებობს 2 საქალაქო და ორი საგარეუბნო მარშრუტი. ტროლეიბუსების ქსელს მართავს ორი კომპანია: ANM (საქალაქო 201,202 და საგარეუბნო 254 მარშრუტი) და CTP Napoli (საგარეუბნო მარშრუტი M13). ტროლეიბუსშიც სტანდარტული ბილეთი გამოიყენება.



7. ელექტრომატარებელი ნეაპოლში


ნეაპოლის ცენტრალური რკინიგზის სადგური მდებარეობს გარიბალდის მოედანზე. აქ იტალიის ყოველი კუთხიდან ჩამოდიან სხვადასხვა კლასის მატარებლები. აქედანვე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ტურისტებისთვის საინტერესო ახლომდებარე ქალაქებამდე, თუ შემდეგი მარშრუტებით ისარგებლებთ: Napoli-Ercolano-Pompei scavi-Castellamare-Vico Equense-Sorrento; Napoli-Torre Annunziata-Pompei Santuario-Poggiomarino; Napoli-Ottaviano-Poggiomarino-Sarno; Napoli-Pomigliano-Nola-Baiano.



აქედანვე მოხვდებით რომში, მილანში, ფლორენციაში, ვენეციაში, სალერნოში, სორენტოში, პომპეიში თუ სხვაგან. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ჩქაროსნული, ჩვეულებრივი და ეკონომ-კლასის მატარებლები, რომელთა ბილეთების ფასი განსხვავებულია.



ზოგჯერ ნეაპოლის მეტროპოლიტენის რუკებზე აღნიშნულია, აგრეთვე, ხაზები №2, 3, 4, 5, 7. ისინი, ფორმალურად, ნეაპოლის მეტროს არ ეკუთვნის, არამედ საგარეუბნო რკინიგზის ხაზებია და მათ სხვა სარკინიგზო ოპერატორები მართავენ.


8. ტაქსი ნეაპოლში



ნეაპოლში დიდი პოპულარობით სარგებლობს ტაქსით მომსახურება, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ გადაჭედილ ქუჩებში ტაქსით, ისევე, როგორც ავტობუსით მგზავრობა გადაადგილების არცთუ მოსახერხებელი საშუალებაა. იმილანში ტაქსი თეთრი ფერისაა. არსებობს როგორც მუნიციპალური, ისე კერძო ტაქსი. ტაქსიში ჩასხდომა სამუშაო დღეებში ღირს 3,50 ევრო, კვირაობითა და დღესასწაულებზე - 6,50 ევრო. ყოველ 48 მეტრზე ემატება 0,05 ევრო, ბარგის ყოველ ერთეულზე, რომელიც მეტია, ვიდრე 40x30x20სმ - 0,50 ევრო. მრიცხველის გარდა, ნეაპოლში მოქმედებს წინასწარ დადგენილი ტარიფიც ძირითად მიმართულებებზე (აეროპორტი, ცენტრი, ნავსადგური). ასეთ შემთხვევაში, ჩასხდომისას მძღოლს ეტყვით საჭირო მიმართულებას და დაამატებთ სიტყვებს "tariffa predeterminata". აეროპორტამდე მისვლა მაქსიმუმ 27 ევრო დაგიჯდებათ (გააჩნია, ქალაქის რომელი ნაწილიდან მიდიხართ. მაგალითად, ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან, ეს თანხა 18 ევრომდე შემცირდება).


სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!