პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტი "რუზინე" თანამედროვე და დიდი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით დაახლოებით 17 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. აეროპორტი ქალაქისა და რეგიონის ძირითადი ავიასატრანსპორტო კვანძია. ის შესაძლებლობას გაძლევთ ახლოდან გაიცნოთ სახელგანთქმული ჩეხური კულტურა, ბიზნესი და ღირსშესანიშნაობები. 1937 წლიდან 2012 წლამდე მას პრაღა-რუზინე ეწოდებოდა, 2012 წლიდან კი - ვაცლავ ჰაველის, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პირველი პრეზიდენტის. საჰაერო კვანძის მგზავრთა ნაკადმა განსაკუთრებით 2004 წლის შემდეგ მოიმატა, მას შემდეგ, რაც ჩეხეთი ევროკავშირის წევრი გახდა. 2007 წელს პრაღის აეროპორტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს.
აეროპორტში სულ ოთხი ტერმინალია. №1 ტერმინალი ემსახურება რეისებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან; №2 ტერმინალი ემსახურება რეისებს შენგენის ქვეყნების მიმართულებით; №3 ტერმინალი ემსახურება კერძო და ჩარტერულ რეისებს; №4 ტერმინალი ყველაზე ძველია და ემსახურება მხოლოდ VIP რეისებს და ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტებს.
აეროპორტიდან პრაღის ცენტრში მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით, მატარებლით ან მანქანით.
ავტობუსით ქალაქის ცენტრამდე:
ავტობუსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გაჩერებები პირველი და მეორე ტერმინალების გვერდითაა. აქ ჩერდება შემდეგი მარშრუტები:
- №119 (Letiště — Nádraží Veleslavín);
- №100 (Letiště — Zličín);
- №191 (Terminál 1 − Petřiny − Anděl — Na Knížecí);
- №910 (Terminál 1 — Na Beránku) - ღამის ავტობუსი.
ცენტრამდე მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელია №119 ავტობუსით იმგზავროთ გაჩერებამდე Nádraží Veleslavín (ამას დაახლოებით 25 წუთი დასჭირდება), ჩახვიდეთ მეტროში და იქ A ხაზის მატარებელში ჩაჯდეთ. ბილეთების ყიდვა აეროპორტშივე შეგიძლიათ პირველ და მეორე ტერმინალებში: პრაღის სატრანსპორტო კომპანიის დახლებზე, Visitor Centre-ს დახლებზე ან სპეციალურ ავტომატებში.
პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურამდე (Praha hlavní nádraží) შეგიძლიათ მიხვიდეთ ავტობუსით Airport Express. ის პირველ ტერმინალთან ჩერდება და შეუჩერებლად მიდის დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. ბილეთს მძღოლთან ან Visitor Centre-ის დახლებზე შეიძენთ (60 კრონა).
ტაქსით მგზავრობა 500-650 კრონა დაგიჯდებათ, "შატლით" კი - დაახლოებით 200 კრონა.
დეტალური ინფორმაცია აეროპორტის შესახებ იხილეთ ოფიციალურ საიტზე: www.prg.aero.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია