უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 სეჩენის საბანაო (Széchenyi Thermal Baths)

ეს დიდებული კომპლექსი მეფის სასახლეს უფრო მოგაგონებთ, სადაც თერმული, განმკურნავი, მოთუხთუხე და დამამშვიდებელი წყალი მეფობს. იგი დედამიწის სიღრმიდან იმიტომ ამოდის, რომ ადამიანებს სიხარული მიანიჭოს, დაღლილობა მოუხსნას, გამოაჯანმრთელოს და ახალგაზრდობა დაუბრუნოს. ისიც ვთქვათ, რომ სეჩენის საბანაო ვაროშლიგეტის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც უწინ ლეგენდარული მეფე მატიაში ნადირობდა. შენობის მოდელი უნგრეთს წარმოადგენს ბრიუსელის "მინი-ევროპის პარკში".



განათავსე შენი რეკლამა აქ!





სეჩენის თერმული საბანაო 1913 წლიდან მუშაობს. 1938 წელს კიდევ ერთი არტეზიული ჭაბურღილი გათხარეს, რამაც წყლის გაცხელების დანახარჯი შეამცირა, რადგან 1256 მეტრის სიღრმეზე 77-გრადუსიანი თერმული წყალი აღმოაჩინეს.


საბედნიეროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს კომპლექსი მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანდა. 2007 წელს აქ ათწლიანი მასშტაბური რემონტი დასრულდა და აუზები ცირკულაციისა და გასუფთავების ევროკავშირის ნორმების შესაბამისი სისტემებით აღჭურვეს.



XX საუკუნის მიწურულიდან სეჩენის საბანაო მსხვილ ბალნეოლოგიურ კურორტად გადაიქცა, რომელსაც ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი სტუმრობს.


საინტერესოა, რომ თავდაპირველად კომპლექსისთვის არტეზიული საბანაოს დარქმევა სურდათ. მაგრამ გახსნის წინ გაახსენდათ, რომ, ბუდასგან განსხვავებით, პეშტში ჯერ არაფერს ერქვა გრაფ იშტვან სეჩენის სახელი (სეჩენის ჯაჭვის ხიდი არ გახსენებიათ) და მას დიდი რეფორმატორის სახელი უწოდეს.


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბუდაპეშტის ზოოპარკში მყოფი ბეჰემოთებიც სეჩენის თერმულ წყალში ჭყუმპალაობენ (ქიმიური შემადგენლობით ის ნილოსისას წააგავს). და ჰოი, საოცრებავ! მათ ოჯახს ყოველწლიურად ემატება ახალშობილი, რაც დიდი იშვიათობაა ტყვეობაში მყოფი ამ ცხოველებისთვის. ამიტომ ქალების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს წყალი დაფეხმძიმებას უწყობს ხელს. ვინ იცის... ვინ იცის...



სეჩენის საბანაო კომპლექსში ჯამური 2700 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი ტიპის 16 აუზია:

- ღია დიდი საცურაო აუზი. წყლის ტემპერატურა 26-29 გრადუსი;

- ღია გასართობი მრავალფეროვანი აუზი. წყლის ტემპერატურა 34 გრადუსამდე;

- ღია "დასაჯდომი" აუზი. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსამდე (აქ ჭადრაკსაც თამაშობენ - ეს ძველებური ტრადიციაა);

- ორი დახურული აუზი. წყლის ტემპერატურა 16 გრადუსი;

- 11 დახურული საბანაო თერმული წყლით. წყლის ტემპერატურა 18-40 გრადუსი.



თერმული წყალი ჭაბურღილიდან ამოდის, რომელიც ევროპაში ყველაზე ცხელია. იგი შეიცავს ჰიდროკარბონატს, გოგირდს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმის იონებს, ფტორისა და ბორის მიკროკომპონენტებს. სასარგებლოა ართრიტით დაავადებულთათვის, ხერხემლის ტკივილებისას, ორთოპედიული თერაპიისას, პოსტტრავმული რეაბილიტაციისას.



სასმელი ჭის წყლის დალევა რეკომენდებულია გასტრიტის, წყლულის, ენტერიტის, თირკმელების დაავადებებისას. მას ინჰალაციისთვისაც იყენებენ. "სეჩენის" წყალი დილით უზმოზე უნდა მიიღოთ პატარ-პატარა ყლუპებით.


თუ სეჩენის საბანაოს ეწვევით, თან წაიღეთ საცურაო კოსტიუმი, ქუდი და ფლოსტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა იქირაოთ და გირაოს სახით 4000 ფორინტი დატოვოთ.


შესასვლელ ბილეთთან ერთად მიიღებთ სამაჯურს, რომელიც, იმავდროულად, კარადის გასაღებიცაა. ადმინისტრაცია გირჩევთ, თან არ იქონიოთ ძვირფასი ნივთები, რადგან იგი მათ დაცულობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.



გაითვალისწინეთ, რომ თერმული წყლები სამკურნალოა და ის დოზირებულად უნდა მიიღოთ. ზოგიერთი სამკურნალო პროცედურა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა ხელმისაწვდომი.


სეჩენის საბანაოში ნებადართულია საჭმლის შეტანაც, თუმცა შენობაში ბუფეტიც ფუნქციონირებს.



სეჩენის საბანაოს მისამართია: Allatkerti körút, 9-11.


მუშაობს ყოველდღე:

- ღია აუზები - 07:00-18:00;

- აუზები თერმული წყლით - 07:00-19:00;

- ორთქლის კაბინები და საუნები - 08:00-19:00;

- სასმელი წყლის წყარო - 07:00-17:00;

- ბუფეტი - 08:00-21:00.


ბილეთის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ გირჩევთ, ეწვიოთ ოფიციალურ საიტს: https://www.szechenyibath.hu/ და ინფორმაციას დეტალურად გაეცნოთ. Budapest Card-ის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია შეღავათები.


სეჩენის საბანაოსთან მისასვლელად ისარგებლეთ:

- მეტროთი: ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Széchenyi Fürdő;

- ტროლეიბუსით: №72, გაჩერება Széchenyi Fürdő M, ან №74, გაჩერება Bethesda útca ;

- ტრამვაით: №1, გაჩერება Kacsóh Pongrác út;

- ავტობუსით: ნომერი №20E, 30, 30A, 105, 230, გაჩერება Hősök tere M.





© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!