უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში


 ექსკურსია ავტობუსით Hop-on-Hop-off

ლამაზ ქალაქში ფეხით სიარულს სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ თუ ცოტა დრო გაქვთ, ბევრი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება გსურთ და ჯიბე რამდენიმე ათეული ევროს გადახდის შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი მიზნის განსახორციელებლად ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ. ეს არის ორსართულიანი საექსკურსიო ავტობუსი HOP ON HOP OFF (Vienna Sightseeing). არც თქვენ დაიღლებით, ბავშვებიც გაერთობიან (თუ მათთან ერთად ხართ) და დროც დაგრჩებათ მაღაზიებში გასავლელად, კონცერტზე ან სპექტაკლზე დასასწრებად ან რესტორანში დასაჯდომად.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





Hop On Hop Off ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იმდენჯერ ჩახვიდეთ და ამოხვიდეთ ნებისმიერ გაჩერებაზე, რამდენჯერაც გნებავთ.


არსებობს წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და ნაცრისფერი მარშრუტები, რომლებითაც სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს გაივლით, თუმცა ზოგიერთი მეორდება. მარშრუტები რამდენიმე წერტილში იკვეთება, სადაც შეგიძლიათ სხვა მარშრუტზე გადაჯდეთ, თუ ეს გეკუთვნით.


წითელი ხაზი - რინგშტრასეს გასწვრივ ვენის ყველა უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას ნახავთ. მაგალითად, სახელმწიფო ოპერას, საიდანაც შეგიძლიათ ფეხით გაუყვეთ კერტნერშტრასეს წმინდა შტეფანის ცნობილ ტაძრამდე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჰოფბურგის სასახლე, რომელიც იმპერიის ეპოქაში გადაგიყვანთ. ეწვიეთ ყოფილ იმპერატორთა რეზიდენციებსა და სისის მუზეუმს. საიმპერატორო საგანძურში დატკბით წმინდა რომის იმპერიის გვირგვინითა და სხვა ძვირფასი საგნებით. რინგშტრასეზევე მდებარეობს ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის ლამაზი შენობა, სადაც უძვირფასესი ფერწერული ტილოები ინახება. ამ მარშრუტზე აგრეთვე იხილავთ ავსტრიის პარლამენტს, რატუშას და ნაციონალურ თეატრს.



ყვითელი ხაზი - შონბრუნის სასახლესთან მიგიყვანთ, ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობასა და მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთან. შეხედეთ იმპერატორის აპარტამენტებს, გაისეირნეთ ბაღებში ან ბავშვები ზოოპარკში წაიყვანეთ. ნაშტმარკტსაც ეწვიეთ და ხილი, ბოსტნეული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელიკატესები შეიძინეთ. აქ უამრავი ბარი და რესტორანი გეპატიჟებათ. და რა თქმა უნდა, ბელვედერი - პრინც ევგენი სავოიელის ზაფხულის რეზიდენცია. სწორედ აქ იხილავთ გუსტავ კლიმტის სახელგანთქმულ ნახატს - "კოცნა". თუ ავსტრიის ისტორია და მსოფლიო ომები გაინტერესებთ, სამხედრო ისტორიის მუზეუმი დაათვალიერეთ, სადაც მრავალი ისტორიული არტეფაქტი და საინტერესო გამოფენა დაგხვდებათ.



ლურჯი ხაზი - უმთავრესად, დუნაის ნაპირს მიუყვება და ჰუნდერსვატერის სახლამდე მიგიყვანთ. აქ მხატვარ ფრიდენსრაიხ ჰუნდერსვატერის სიურეალისტური ნამუშევრების მუდმივი გამოფენა იმართება. ვენაში ყოფნისას პრატერსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ არის 250 ატრაქციონი და ცნობილი "ეშმაკის ბორბალი". ამავე მარშრუტზე იხილავთ 252 მეტრი სიმაღლის "დუნაის კოშკს". მასზე გადმოსახედი მოედანი და რესტორანია. რომელიც ნელა ასრულებს 360-გრადუსიან ბრუნს და საუცხოო ხედს გთავაზობთ დუნაიზე. იქვე მდებარე "ძველ დუნაიში" ზაფხულის პერიოდში პიკნიკის მოწყობა და ნავით გასეინებაც შეგიძლიათ.



ნაცრისფერი ხაზი - ვენის გარეუბანში წაგიყვანთ. ავტობუსი ქალაქის პარკიდან გადის დღეში სამჯერ, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით. დაათვალიერებთ არქეოლოგიურ პარკსა და მუზეუმს ღია ცის ქვეშ, აგრეთვე, რამდენიმე ძველებურ ციხეკოშკს.


მწვანე ხაზი - ავტობუსი ნაციონალური თეატრიდან გადის 30-45 წუთის ინტერვალით და იქვე ბრუნდება. ამ მარშრუტზე მოინახულებთ ლიხტენშტაინის სასახლესა და მის დიდებულ კიბეებს, ღვინის სოფელს, სახელწოდებით "გრინცინგი", კალენბერგის მთას, საიდანაც ვენას გადმოხედავთ, მზიან ტერასას, ვოტივკირხეს ეკლესიას და სხვა.



Vienna Sightseeing სამი სახის ბილეთებს გთავაზობთ, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ ავტობუსში ასვლისას ან ინტერნეტით:


Classic - 24-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- წითელი, ყვითელი, ლურჯი მარშრუტები;

- აუდიოგიდი 16 ენაზე;

- უფასო WI-FI;

- ექსკურსია ფეხით (ინგლისურ და გერმანულ ენაზე);

- საჭმელ-სასმელი - არა.


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (17+) - 32 ევრო; 6-16 წლის ბავშვებისთვის - 20 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 85 ევრო.


Royal - 48-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- წითელი, ყვითელი, ლურჯი მარშრუტები;

- აუდიოგიდი 16 ენაზე;

- უფასო WI-FI;

- ექსკურსია ფეხით (ინგლისურ და გერმანულ ენაზე);

- საჭმელ-სასმელი - არა.


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (17+) - 36 ევრო; 6-16 წლის ბავშვებისთვის - 25 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 99 ევრო.


Imperial - 72-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- წითელი, ყვითელი, ლურჯი მარშრუტები;

- აუდიოგიდი 16 ენაზე;

- უფასო WI-FI;

- ექსკურსია ფეხით (ინგლისურ და გერმანულ ენაზე).


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (17+) - 54 ევრო; 6-16 წლის ბავშვებისთვის - 30 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 140 ევრო.


ექსკურსია იმართება 365 დღის განმავლობაში. 1-ლი ავტობუსი გადის 09:00-დან 10:00-მდე, მარშრუტისა და სეზონის მიხედვით. წითელ ხაზზე ინტერვალია 6-15 წუთი, ყვითელზე - 18-22 წუთი, ლურჯზე - 18-25 წუთი.


Vienna Sightseeing კიდევ ერთ შესაძლებლობას გაძლევთ, კერძოდ, Flexi Pass ბილეთს - აირჩევთ თქვენთვის სასურველ 3, 4 ან 5 ღირსშესანიშნაობას, ყიდულობთ ერთიან შეღავათიან ბილეთს, რომელიც ძალაშია მისი პირველი გამოყენებიდან 30 დღის განმავლობაში, და იღებთ 30-პროცენტიან ფასდაკლებას. მაგალითად, თუ აირჩევთ 24-საათიან ბილეთს Hop On Hop Off (Vienna Sightseeing)-ს - 32 ევრო, ზედა ბელვედერს - 18 ევრო, "ეშმაკის ბორბალს" - 13.50 ევრო და შონბურნის ზოოპარკს - 24 ევრო, ჯამურად 12.5 ევროს ეკონომიას გააკეთებთ.



გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტით ბილეთების ყიდვისას ხშირად არის ფასდაკლება. ამიტომ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.viennasightseeing.at/.


არსებობს ზემოთ მოყვანილი ავტობუსის ალტერნატივაც. ეს არის ექსკურსია Hop On Hop Off წითელი ტურისტული ავტობუსით BigBus Vienna.



აქაც სამი სახის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ:


Classic - 24-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- ორი მარშრუტი - წითელი (ოპერა, რატუშა, ეკლესია ვოტივკირხე, პრატერი და სხვა) და ლურჯი (ჰოფბურგი, შონბრუნი, ბელვედერი და სხვა), აუდიოგიდი 13 ენაზე, უფასო WI-FI.


წითელ მარშრუტზე ინტერვალია 15-20 წუთი, ხანგრძლივობა - 1 საათი და 40 წუთი, ლურჯზე - ინტერვალია 15-20 წუთი, ხანგრძლივობა - 1 საათი და 20 წუთი.


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (16+) - 35 ევრო; 5-15 წლის ბავშვებისთვის - 20 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 100 ევრო.


Premium - 48-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- ორი მარშრუტი - წითელი და ლურჯი, აუდიოგიდი 13 ენაზე, უფასო WI-FI, ექსკურსია ფეხით.


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (16+) - 45 ევრო; 5-15 წლის ბავშვებისთვის - 25 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 125 ევრო.


Deluxe - 72-საათიანი ბილეთი, რომელშიც შედის:


- ორი მარშრუტი - წითელი და ლურჯი, აუდიოგიდი 13 ენაზე, უფასო WI-FI, ექსკურსია ფეხით.


ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის (16+) - 55 ევრო; 5-15 წლის ბავშვებისთვის - 35 ევრო; ოჯახისთვის (2 მოზრდილი+2 ბავშვი) - 160 ევრო.


გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტით ბილეთების ყიდვისას ხშირად არის ფასდაკლება. ამიტომ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.bigbustours.com/en/vienna/.






© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!