უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში


 ვენის მუზეუმები

ვენაში იმდენი მუზეუმია, მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მუზეუმების ქალაქი. მათ დასათვალიერებლად ერთი და ორი დღე ნამდვილად არ გეყოფათ. ამიტომ ავსტრიის დედაქალაქში ჩასვლის წინ განსაზღვრეთ, რომელი მუზეუმების მონახულებაა თქვენთვის მნიშვნელოვანი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ Vienna City Card-ს შეიძენთ, ბევრი კულტურული დაწესებულების დათვალიერებისას შეღავათს მიიღებთ (დეტალებისთვის იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბელვედერს, შონბრუნსა და ჰოფბურგს ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალში გაეცნობით, ქვემოთ ათ მუზეუმზე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, დანარჩენებს კი, უბრალოდ, ჩამოგითვლით.


სტატიის შინაარსი


1. მუზეუმების კვარტალი

2. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი

3. ალბერტინა

4. ბუნებისმეტყველების მუზეუმი

5. მუსიკის სახლი

6. მოცარტის სახლ-მუზეუმი

7. მედიცინის ისტორიის მუზეუმი

8. ტექნიკის მუზეუმი

9. სისის მუზეუმი

10. ფროიდის მუზეუმი

11. სხვა მუზეუმები


განათავსე შენი რეკლამა აქ!





1. მუზეუმების კვარტალი


მუზეუმების კვარტალი 2001 წელს გაიხსნა ყოფილ საიმპერატორო საჯინიბოების ტერიტორიაზე და 60 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. აქ მდებარეობს კუნსტჰალე (სადაც იმართება თემატური გამოფენები, მუსიკალური და კინოფესტივალები, საოპერო კონცერტები), ლეოპოლდის მუზეუმი (მსოფლიო მნიშვნელობის სამხატვრო კოლექციები), "მუმოკი" (mumok - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი), ვენის არქიტექტურული ცენტრი, საბავშვო მუზეუმი ZOOM, საცეკვაო კვარტალი, სტუდიები, სახელოსნოები, სალონები, კაფე-რესტორნები და მრავალი სხვა.



ლეოპოლდის მუზეუმში განთავსებულია მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრული კოლექცია - ავსტრიული მოდერნიზმის ნაწარმოებები, მათ შორის ეგონ შილეს, გუსტავ კლიმტის, კოკოშკას, კუბინის, ვალდმიულერისა და სხვა ოსტატების ნამუშევრები.



მუზეუმის სამ სართულზე 1300-ზე მეტი ექსპონატია. აქ ასევე იხილავთ აფრიკისა და ოკეანეთის ეგზოტიკური ქვეყნების კულტურის ნივთებს, ჩინელი და იაპონელი მხატვრების ტილოებს.



ეს არის გუსტავ კლიმტის ტილო "სიკვდილი და სიცოცხლე".


ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 14 ევრო, 19 წლამდე - 10 ევრო.


მუშაობის საათები: ხუთშაბათს - 10:00-21:00, დანარჩენ დღეებში - 10:00-18:00.


მისამართი: Museumsplatz 1.


MUMOK - ვენის ლუდვიგის ფონდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი:



ეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ XXდა XXI საუკუნეების მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებებს: რეალიზმს, ნეორეალიზმს, კუბიზმს, პოპ-არტსა და კონცეპტუალიზმს. აქ დაახლოებით 9 ათასამდე ექსპონატია: ნახატები, ქანდაკებები, ინსტალაციები, ფოტო, ვიდეო და კინონამუშევრები.



ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 10 ევრომდე (სხვადასხვა ღონისძიების მიხედვით), 19 წლამდე - უფასოდ.


მუშაობის საათები: ორშაბათს - 14:00-19:00, ხუთშაბათს - 10:00-21:00, დანარჩენ დღეებში - 10:00-19:00.


მისამართი: Museumsplatz 1.


კუნსტჰალე - ეს არის საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია საერთაშორისო თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშები, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით:



გამოფენების გარდა, აქ იმართება სიმპოზიუმები, კონფერენციები, სემინარები. იქვეა ორი კინოსაკონცერტო დარბაზი ფესტივალებისა და საოპერო კონცერტებისთვის.



მუშაობის საათები: ხუთშაბათს - 11:00-21:00, დანარჩენ დღეებში - 11:00-19:00.


მისამართი: Museumsplatz 1.


მუზეუმების კვარტალის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ვენის არქიტექტურული ცენტრი.



ეს არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ შემოქმედებითი ლაბორატორია, სამეცნიერო დაწესებულება, კვლევითი ცენტრია, სადაც თავმოყრილია ავსტრიის არქიტექტურის ისტორიის მასალები. ცენტრი 1993 წლიდან არსებობს.



ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 9 ევრო. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.azw.at/en/.


მუშაობის საათები: ყოველდღე - 10:00-19:00.


მისამართი: Museumsplatz 1.


ბავშვთა მუზეუმი ZOOM ბავშვებს ხელოვნებისა და მეცნიერების სამყაროს აცნობს.



ეს საბავშვო მუზეუმი საინტერესო გასართობი კომპლექსია პატარებისთვის. აქ ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა პროგრამებია. ბავშვებს იმდენ შემეცნებით ღონისძიებას სთავაზობენ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. წაიყვანეთ იქ შვილები - ნამდვილად არ ინანებთ.





ბილეთების ღირებულება: 4-6 ევრო. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.kindermuseum.at/.


მუშაობის საათები: სამშაბათი-პარასკევი - 08:00-17:00, შაბათ-კვირა - 09:45-17:30.


2. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი


ეს ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია. იგი 1891 წელს გაიხსნა. აშენებულია იტალიური რენესანსის სტილში გოტფრიდ ზემპერისა და ბარონ კარლ ფონ ჰაზენაუერის პროექტის მიხედვით.



მუზეუმს საფუძვლად დაედო კერძო კოლექციები ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენლებისა, რომლებიც XV საუკუნიდან აგროვებდნენ ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. აქ იხილავთ ფერწერულ ტილოებს, ანტიკურ არტეფაქტებსა და რელიკვიებს. მუზეუმის მშვენებაა სამხატვრო გალერეა, სადაც სახელგანთქმული ფლამანდიელი, ჰოლანდიელი, გერმანელი, იტალიელი და ესპანელი მხატვრების შედევრებია წარმოდგენილი.



მოინახულეთ ძველი ეგვიპტისა და ახლო აღმოსავლეთის კოლექციები, კუნსტკამერა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, დატკბით უძველესი და უძვირფასესი ნივთებით.





ბილეთების ღირებულება: 19 წლამდე - უფასოდ, მოზრდილებისთვის - 16 ევრო. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.khm.at/.


მუშაობის საათები: ორშაბათი - დასვენება, ხუთშაბათი - 10:00-21:00, დანარჩენი დღეები - 10:00-18:00.


მისამართი: მარია ტერეზიას მოედანი. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 იასამნისფერი ხაზით, გაჩერება Museumsquartier.


3. ალბერტინა


ალბერტინა უმნიშვნელოვანესი მუზეუმია ვენის ისტორიულ ცენტრში. მას საფუძვლად დაედო ჰერცოგ ალბერტ ფონ ზაქსენ-ტეშენისა და პრინც ევგენი სავოიელის კოლექციები. დაფუძნდა 1776 წელს. თანამედროვე სახით 2003 წლიდან არსებობს.



აქ ბეჭდური გრაფიკის ნახატების მსოფლიოში უდიდესი კოლექციაა წარმოდგენილი. ალბერტინაში ინახება ნამუშევრები გოტიკური ეპოქიდან დაწყებული და თანამედროვეობამდე. იხილავთ ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რემბრანდტის, რაფაელის, რუბენსის, დიურერისა და სხვა სახელგანთქმული მხატვრების შედევრებს.



ალბერტინაში ყოველთვის მოქმედებს რამდენიმე ექსპოზიცია. მუდმივმოქმედი გამოფენები მოიცავს მონეს, რენუარის, პიკასოსა და სხვათა ნამუშევრებს.



მუზეუმში აგრეთვე არის დიდი ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, მაღაზია და რესტორანი. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, წიგნები, კატალოგები და ასე შემდეგ.



ბილეთების ღირებულება: 19 წლამდე - უფასოდ, 26 წლამდე - 11 ევრო, მოზრდილებისთვის - 16 ევრო. მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - 12 ევრო. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.albertina.at/en/.


მუშაობის საათები: ოთხშაბათი და პარასკევი - 10:00-21:00, დანარჩენი დღეები - 10:00-18:00.


მისამართი: Albertinaplatz 1. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი, გაჩერება Karlsplatz ან Stephansplatz.


4. ბუნებისმეტყველების მუზეუმი


ვენის ბუნებისმეტყველების მუზეუმი მსოფლიოს ათ საუკეთესო მუზეუმში შედის. მასში 20 მილიონზე მეტი ექსპონატია. ის 1889 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები გოტფრიდ ზემპერი და ბარონი კარლ ფონ ჰაზენაუერი არიან, სწორედ ის არქიტექტორები, რომლებმაც ვენის ხელოვნების მუზეუმი შექმნეს.



ამ მუზეუმს ხშირად "მუზეუმს მუზეუმში" უწოდებენ. აქ უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლები მდიდრულ დარბაზებში ძველი ფერწერული ტილოების გვერდითაა, ინტერიერი კი არანაკლებ აჟიოტაჟს იწვევს, ვიდრე იშვიათი მინერალები და გადაშენებულ ცხოველთა ჩონჩხები.



მუზეუმი გარედან სასახლეა, შიგნიდან კი ნამდვილი ენციკლოპედია - ნეორენესანსისა და ნეობაროკოს სტილში აშენებული ნაგებობა მეფეთა საცხოვრებელს ჰგავს, სინამდვილეში კი ბუნებისმეტყველების დეტალური და საინტერესო სახელმძღვანელოა.



გალერეაში მრავალი ინტერაქტიური ღონისძიება იმართება ბავშვებისთვის, დინოზავრებზე ნადირობის ჩათვლით.





ბილეთების ღირებულება: 19 წლამდე - უფასოდ, მოზრდილებისთვის - 12 ევრო. მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - 17%-იანი ფასდაკლება. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.nhm-wien.ac.at/.


მუშაობის საათები: ოთხშაბათს - 09:00-21:00, დანარჩენ დღეებში - 09:30-18:30.


მისამართი: Burgring 7. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი, გაჩერება Karlsplatz ან Stephansplatz.


5. მუსიკის სახლი


თქვენ წინაშეა მუსიკის სახლი - ერცჰერცოგ კარლის ისტორიული სასახლე ვენის ცენტრში. ნახეთ, როგორ ქმნიდნენ უდიდესი კომპოზიტორები მუსიკას წარსულში, შეხვდით თანამედროვეობის საუკეთესო მუსიკოსებს და შეიჭყიტეთ მომავლის კომპიუტერულ მუსიკაში.



მუზეუმი ხუთსართულიანია. გაიარეთ მის დარბაზებში, დაათვალიერეთ ნაირგვარი მუსიკალური ინსტრუმენტები, პირადად უდირიჟორეთ ვენის ფილარმონიის ორკესტრს ელექტრონული დირიჟორის ჯოხის საშუალებით, ჩაატარეთ ბგერითი ექსპერიმენტები, შექმენით სიმფონია მოცარტთან ერთად.



ეწვიეთ "სონოსფეროს" - ბგერების სამყაროს, რომელშიც ადამიანს დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ყოფნა.






ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 13 ევრო, 4-11 წლის ბავშვებისთვის - 6 ევრო, 12-26 წლის მოზარდებისთვის - 9 ევრო. მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - ფასდაკლება. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.hdm.at/.


მუშაობის საათები: ყოველდღე - 10:00-22:00.


მისამართი: Seilerstätte 30 . მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U1, U2, U4 ხაზით, გაჩერება Karlsplatz.


6. მოცარტის სახლ-მუზეუმი


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუზეუმი განთავსებულია ვენის ისტორიულ ცენტრში მდებარე სახლში, რომლის მეორე სართულზეც სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორი 1784-1787 წლებში ცხოვრობდა და სადაც მან ოპერა "ფიგაროს ქორწინება" დაწერა. ახალი მუზეუმი 2006 წელს გაიხსნა რეკონსტრუქციის შემდეგ, რაც ქალაქს 8 მილიონი ევრო დაუჯდა.



მოცარტის ბინა ოთხი ოთახისგან, ორი კაბინეტისა და სამზარეულოსგან შედგებოდა. ამჟამად კი სახლის ხუთივე სართული მუზეუმს ეკუთვნის. მოცარტმა აქ თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა. ყოველ შემთხვევაში, ამდენ ხანს სხვაგან არსად უცხოვრია. ამ ბინაში მოდიოდნენ მოცარტთან მისი მეგობრები. ისინი უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ბანქოსა და ჭადრაკს თამაშობდნენ.



მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია მოგვითხრობს იმპერიის დედაქალაქის იმდროინდელ წეს-ჩვეულებებსა და მოდაზე, ცხოვრების სტილზე.






ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 11 ევრო, 19 წლამდე მოზარდებისთვის - 4,50 ევრო. მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - ფასდაკლება. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.mozarthausvienna.at/en.


მუშაობის საათები: ყოველდღე - 10:00-19:00.


მისამართი: Domgasse, 5. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U1, U3 ხაზით, გაჩერება Stephansplatz.


7. მედიცინის ისტორიის მუზეუმი - იოზეფინუმი


იოზეფინუმი ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლექციებია. თავდაპირველად აქ სამედიცინო-ქირურგიული აკადემია მდებარეობდა. მუზეუმი 1785 წელს შეიქმნა. მას საფუძვლად იმპერატორ იოზეფ II-ის კოლექცია დაედო.



სწორედ იმპერატორმა შეუკვეთა 1789 წელს ცვილის ანატომიური ფიგურები ფლორენციაში. პირველი მოდელები 1785 წელს დამზადდა. ამჟამად აქ 365 ვიტრინაში 990 ობიექტია.



აქ გაეცნობით ბოლო 650 წლის განმავლობაში მედიცინის ისტორიასთან დაკავშირებულ კოლექციებს, ადამიანის ორგანიზმის აგებულებას, ანატომიურ მოდელებს, უზარმაზარ სამედიცინო ბიბლიოთეკას.






ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 8 ევრო, 13 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.josephinum.ac.at/.


მუშაობის საათები: ოთხშაბათს - 16:00-20:00, პარასკევსა და შაბათს - 10:00-18:00.


მისამართი: Währinger Straße 25.


8. ტექნიკის მუზეუმი


ვენის ტექნიკის მუზეუმს საფუძველი იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის დროს ჩაეყარა, მაგრამ ის მხოლოდ 1918 წელს გაიხსნა. ამჟამად მას 22 ათასი კვადრატული მეტრი უჭირავს. აქ მუშაობს რამდენიმე მუდმივი გამოფენა, როგორიცაა: "ასტრონომია და ფიზიკა", "ბუნება და ცოდნა", "მძიმე მრეწველობა", "ყოველდღიური ცხოვრება", "კავშირგაბმულობა და მასმედია", "მუსიკა" და სხვა.



მუზეუმში 80 ათასზე მეტი ექსპონატია, ძირითადად, ავსტრიული გამოგონებები. პირველ სართულზე ელექტროსადგურების მოწყობილობები, პირველი ორთქლმავლები და თბომავლები, ძველებური ელექტრომობილებია.



მნახველები იხილავენ ველოსიპედების, მოტოციკლეტების კოლექციებს, გემების მაკეტებს, ძველებურ ავტომობილებს, აგრეთვე საფრენ აპარატებს, თვითმფრინავებს, შვეულმფრენებს, კოსმოსურ ტექნიკას, პირველ ნამდვილ დელტაპლანს.




ძალზე საინტერესოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპოზიცია. სხვათა შორის, ცნობისმოყვარე ბავშვებს ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარებაც შეუძლიათ. მაგალითად, სატერფულების საშუალებით ენერგიის გამომუშავება, მზის ბატარეების დამუხტვა, ვირტუალური ქირურგიული ოპერაციის ჩატარება და ასე შემდეგ.




ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 12 ევრო, 19 წლამდე მოზარდებისთვის - უფასოდ, მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - ფასდაკლება 20%. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.technischesmuseum.at/.


მუშაობის საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00, შაბათ-კვირა - 10:00-18:00.


მისამართი: Mariahilfer Straße 212. მისასვლელად ისარგებლად ისარგებლეთ მეტროს U4 ხაზით, გაჩერება Schönbrunn.


9. სისის მუზეუმი


თუ ისეთი ისტორიული პიროვნების გაცნობა გსურთ, როგორიც ელისაბედ ბავარიელია (შინაურულად - სისი), აუცილებლად ეწვიეთ იმპერატორის მეუღლისადმი მიძღვნილ მუზეუმს, რომელიც ჰოფბურგის სასახლეში მდებარეობს.




იმ დროში დედოფალი ევროპის ყველაზე ლამაზ და არაორდინალურ მმართველად ითვლებოდა. სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ავსტრიისა და უნგრეთის დაზავებაში.



მაგრამ პირად ცხოვრებაში იმპერატორის მეუღლემ ბევრი განსაცდელი გამოიარა. დედამთილის მხრიდან ათვალწუნებამ, შვილებთან განშორებამ, ვაჟიშვილის სიკვდილმა და ხანგრძლივმა დეპრესიამ მხიარული და გულკეთილი ქალიშვილი გულჩათხრობილ მბრძანებლად გადააქცია. მისი აღსასრულიც დრამატული გამოდგა: 1898 წელს, სეირნობის დროს, ანარქისტი დაესხა თავს და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სისი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვერ მიხვდა, თუ რა დაემართა.



ამჟამად სისის მუზეუმში 300-ზე მეტი ექსპონატია, მათ შორის დედოფლის პირადი ნივთები - ტუალეტის საგნები, ფოტოსურათები, მდიდრული კაბები. ნახავთ, აგრეთვე, ვაგონს, რომლითაც ელისაბედი მოგზაურობდა (მოგზაურობა ძალიან უყვარდა).



სისი დაინტერესებული იყო პოლიტიკით, სწავლობდა უცხო ენებს, წერდა ლექსებს, ხატავდა.



ბილეთების ღირებულება: მოზრდილებისთვის - 15 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 9 ევრო, მათთვის ვისაც აქვს Vienna City Card - 14 ევრო. დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.sisimuseum-hofburg.at/.


მუშაობის საათები: სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით - ყოველდღე 09:00-16:30, ივლისი-აგვისტო - 09:00-17:00.


მისამართი: Michaelerplatz. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U3 ხაზით, გაჩერება Herrengasse.


10. ფროიდის მუზეუმი


ეს მუზეუმი 1971 წელს გაიხსნა. ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი ამ სახლში 1891-1938 წლებში ცხოვრობდა, სანამ ხელისუფლების სათავეში ფაშისტები არ მოვიდნენ, რის გამოც დიდი ბრიტანეთში ემიგრაციაში წავიდა, სადაც აღესრულა კიდეც.



მუზეუმის გახსნას ფროიდის უმცროსი ქალიშვილი, ანა, ხელმძღვანელობდა. შენობაში იხილავთ ანტიკვარიატის კოლექციებს, ხელნაწერების ორიგინალებს, წიგნების პირველ გამოცემებს. ინტერაქტიურ ეკრანზე უჩვენებენ ფილმებს, რომლებიც ეძღვნება მეცნიერის ბიოგრაფიას, მის აღმოჩენებსა და გავლენას, რომელიც მან მედიცინის, ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის განვითარებაზე მოახდინა.



მუზეუმში ინახება ფროიდის პირადი ნივთები, აგრეთვე, ფსიქოანალიზის პრობლემებისადმი მიძღვნილი წიგნების ევროპაში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა (35 ათასი ეგზემპლარი).




ბილეთების ღირებულება: - 9 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისთვის - 9 ევრო, დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.freud-museum.at/en/.


მუშაობის საათები: ყოველდღე - 10:00-18:00.


მისამართი: Berggasse 19. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 ხაზით, გაჩერება Schottentor.


11. სხვა მუზეუმები


გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი:



მისამართი: Stubenring, 5, ოფიციალური საიტი: www.mak.at.


ყავის მუზეუმი:



მისამართი: Operngasse 7, ოფიციალური საიტი: www.cafemuseum.at.


ილუზიების მუზეუმი:



მისამართი: Wallnerstraße 4, ოფიციალური საიტი: www.museumderillusionen.at.


ცირკისა და კლოუნადის მუზეუმი:



მისამართი: Ilgplatz 7, ოფიციალური საიტი: www.circus-clownmuseum.at.


გლობუსების მუზეუმი:



მისამართი: Palais mollard, Herrengasse 9. ოფიციალური საიტი: www.onb.ac.at/en/museums/globe-museum.


ზღვის სახლი:



მისამართი: Fritz-Grünbaum-Platz 1 (Esterházypark), მეტროს U3 ხაზი, გაჩერება Neubaugasse. ოფიციალური საიტი: www.haus-des-meeres.at.


შეშლილთა კოშკი, ანუ პათოლოგანატომიის მუზეუმი:



მისამართი: Spitalgasse 2, Narrenturm-ის გვერდით. ოფიციალური საიტი: www.nhm-wien.ac.at/narrenturm.


კრიმინალისტიკის მუზეუმი:



მისამართი: Große Sperlgasse 24, მეტროსსადგურ Taborstraße-ის გვერდით. ოფიციალური საიტი: www.kriminalmuseum.at.


საათებისა და საათის მექანიზმების მუზეუმი:



მისამართი: Schulhof, 2. ოფიციალური საიტი: www.wienmuseum.at.


იარაღების მუზეუმი:



მისამართი: Hofburg, Neue Burg, Heldenplatz. ოფიციალური საიტი: www.khm.at.


შნაპსის მუზეუმი:



მისამართი: Wilhelmstraße 19-21. ოფიციალური საიტი: www.schnapsmuseum.com.


ვენაში კიდევ მრავალი მუზეუმია. შევეცადე მცირედით მაინც დამეკმაყოფილებინა თქვენი ინტერესი.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!