ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში "Wiener Linien" შედის მეტრო, ტრამვაი და ავტობუსი. ყველა მათგანი ძალზე კომფორტულია და ზუსტად განრიგის მიხედვით დადის. ვენის ისტორიული ცენტრის - Innere Stadt - ფეხით შემოსავლელად ნახევარი დღეც გეყოფათ, მაგრამ მოშორებით მდებარე სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ტრანსპორტი დაგჭირდებათ. მიწისზედა ტრანსპორტი მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ხაზებზე მოძრაობს, ამიტომ მათზე საცობები გავლენას ვერ ახდენს. მოგაწვდით ინფორმაციას მგზავრობის ღირებულების, ბილეთების, აბონემენტებისა და ფულის დაზოგვის შესახებ.
ვენაში მეტროს 5, ტრამვაის 29 და ავტობუსის 127 ხაზია. ტრანსპორტის უმრავლესობა ღამით არ მუშაობს. მეტრო დილის ხუთი საათიდან ღამის თორმეტ საათამდეა ღია, თუმცა უიკენდებსა და სადღესასწაულო დღეებში 24-საათიან რეჟიმზე გადადის და ღამით 15-წუთიანი ინტერვალით მოძრაობს.
თუ გვიანობამდე შერჩით ქალაქში, თუ ინერვიულებთ: ვენაში ღამის ტრანსპორტიც (ასეთი 24 ხაზია) დადის 30-წუთიანი ინტერვალით 00:30-დან 05:00-მდე. ჩვეულებისამებრ, მათ ლათინური ასო N აწერიათ, ავტობუსის გაჩერებებზე კი შესაძლოა ფირფიტებიც იხილოთ კატის თვალებით.
ვენაში მოქმედებს ერთიანი ბილეთი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამივე სახეობით შეძლებთ მგზავრობას, მიუხედავად იმისა, თუ სად შეიძენთ მას.
ერთჯერადი ბილეთი (single ticket/1 Fahrt WIEN) - მოზრდილებისთვის ღირს - 2,40 ევრო (მძღოლთან - 2,60 ევრო), 6-15 წლის ბავშვებისთვის - 1, 20 ევრო (მძღოლთან - 1, 40 ევრო), 63 წლის ზემოთ - 1, 50 ევრო, 6 წლამდე (5 წლის ჩათვლით) ბავშვებისთვის - უფასოა და უფლებას გაძლევთ იმგზავროთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამივე სახეობით ერთხელ მგზავრობისას ერთი მიმართულებით და იმდენჯერ გადაჯდომით, რამდენჯერაც დაგჭირდებათ (ოღონდ გონივრულობის ფარგლებში - ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე გადაჯდომას რამდენიმე წუთი დასჭირდება, საწყისი პუნქტიდან საბოლოო პუნქტში მისვლას - განსაზღვრული დრო, მაგრამ თუ შუალედში სეირნობასა და სადილობას აპირებთ, ახალი ბილეთის შეძენა მოგიწევთ). ამ ასაკის ბავშვები უფასოდ მგზავრობენ კვირაობით, არდადეგების დროს და დღესასწაულებზე.
ბილეთი უნდა დააკომპოსტიროთ მიწისზედა ტრანსპორტში ასვლისთანავე და მეტროთი მგზავრობის წინ. ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. აი, როგორ გამოიყურება ერთჯერადი ბილეთი:
გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილეთი ვენის ერთ ზონაში მოქმედებს (ვენა ზონებადაა დაყოფილი). თუ მაგალითად, აეროპორტისკენ გაემართებით, რომელიც სხვა ზონაში მდებარეობს, დამატებით კიდევ ერთი ბილეთი უნდა შეიძინოთ.
ვენის ცენტრალურ ზონაში არსებობს კომპლექსური ბილეთებიც. ისინი შემდეგი სახეობებისაა:
1-დღიანი სამგზავრო ბილეთი (1 Tag WIEN) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დღის განმავლობაში, რამდენჯერაც მოისურვებთ. ძალაში შედის მისი დაკომპოსტირებისთანავე და მოქმედებს მეორე დღის 1:00-მდე. ამ ბილეთის ღირებულება 5,80 ევროა.
24-საათიანი სამგზავრო ბილეთი (24 Stunden WIEN) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 24 საათის განმავლობაში, რამდენჯერაც მოისურვებთ. ძალაში შედის მისი დაკომპოსტირებისთანავე და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. ამ ბილეთის ღირებულება 8 ევროა.
48-საათიანი სამგზავრო ბილეთი (48 Stunden WIEN) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 48 საათის განმავლობაში, რამდენჯერაც მოისურვებთ. ძალაში შედის მისი დაკომპოსტირებისთანავე და მოქმედებს 48 საათის განმავლობაში. ამ ბილეთის ღირებულება 14,10 ევროა.
72-საათიანი სამგზავრო ბილეთი (72 Stunden WIEN) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით 72 საათის განმავლობაში, რამდენჯერაც მოისურვებთ. ძალაში შედის მისი დაკომპოსტირებისთანავე და მოქმედებს 72 საათის განმავლობაში. ამ ბილეთის ღირებულება 17,10 ევროა.
ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი (Wochenkarte) - ამ ბილეთით შეგიძლიათ იმდენჯერ იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ორშაბათიდან მომდევნო ორშაბათის 9:00-მდე, რამდენჯერაც მოისურვებთ. ძალაში შედის მისი დაკომპოსტირებისთანავე და მოქმედებს ზემოთ აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამ ბილეთის ღირებულებაც 17,10 ევროა.
აი, როგორ გამოიყურება ბილეთების შესაძენი ავტომატი (სხვა სახის ავტომატებიც არსებობს):
შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ენა აირჩიოთ (სამწუხაროდ, ჩამონათვალში "ქართული" არ არის) და ბილეთი შეიძინოთ. მსხვილი კუპიურა არ შეიტანოთ.
თუ რინგშტრასეზე, წრიულ ბულვარზე აპირებთ ტრამვაით Vienna Ring Tram მგზავრობას, მძღოლთან სხვა, სპეციალური ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. მისი ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 12 ევრო, 3-15 წლის ბავშვებისთვის - 6 ევრო, სამ წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
ვენაში ჩასულ ტურისტებს სთავაზობენ, აგრეთვე, ქალაქის ტურისტულ ბარათს: 24/48/72-საათიან Vienna City Card (Die Wienkarte)-ს და 24/48/72-საათიან და 7-დღიან Easy CityPass Vienna (Vienna PASS)-ს. გაგაცნობთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რა განსხვავებაა მათ შორის.
ტურისტული ბარათი Vienna City Card (წითელი) - 24/48/72-საათიანი, ღირებულება, შესაბამისად, 17/25/29 ევრო. მასში შედის:
- უფასო მგზავრობა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღნიშნული ვადის განმავლობაში;
- ფასდაკლება 210 ღირსშესანიშნაობის დათვალიერებისას, ზოგიერთ კაფე-რესტორანში სადილობისას;
- ფასდაკლება ზოგიერთ ექსკურსიაზე;
- ფასდაკლება შოპინგზე ზოგიერთ მაღაზიაში;
- 15 წლამდე 1 ბავშვის უფასოდ მგზავრობა (საჭიროა ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ურიგოდ შესვლა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას;
- უფასო ინსტრუქცია და ბუკლეტი კონკრეტული ფასდაკლებების სიით.
ტურისტული ბარათი Vienna City Card (თეთრი) - 24/48/72-საათიანი, ღირებულება, შესაბამისად, 34/42/46 ევრო. იგივეა, რაც წითელი ტურისტული ბარათი Vienna Card, ოღონდ მასში არ შედის უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სამაგიეროდ, უფლება გაქვთ, უფასოდ იმგზავროთ ავტობუსით Hop-on-Hop-off.
ტურისტული ბარათი Easy CityPass Vienna - 24/48/72-საათიანი/7-დღიანი, ღირებულება, შესაბამისად, 14,90/19,90/24,90/29,90 ევრო. მასში შედის:
- უფასო მგზავრობა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღნიშნული ვადის განმავლობაში;
- ფასდაკლება ბევრი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებისას;
- ფასდაკლება ზოგიერთ კაფე-რესტორანში;
- 15 წლამდე 1 ბავშვის უფასოდ მგზავრობა (საჭიროა ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ურიგოდ შესვლა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას;
- უფასო ინსტრუქცია და ბუკლეტი კონკრეტული ფასდაკლებების სიით.
ტურისტული ბარათი სახელობითია და მისი სხვა პირისთვის გადაცემა არ შეიძლება, განსხვავებით ერთჯერადი თუ მრავალჯერადი ბილეთებისგან.
გაითვალისწინეთ, რომ ერთკვირიანი ბარათი ძალაშია მხოლოდ ორშაბათის 00:00 საათიდან მომდევნო ორშაბათის 09:00-მდე.
ტურისტული ბარათი მაშინ არის მომგებიანი, თუ აქტიურად აპირებთ ეწვიოთ მუზეუმებს, ტაძრებს, ეკლესიებს, ატრაქციონებსა და კაფე-რესტორნებს. მოზრდილი ადამიანისთვის რამდენიმე ევროს ფასდაკლებისთვის მისი ყიდვა არ ღირს. ასეთ შემთხვევაში, აჯობებს, ჩვეულებრივი კომპლექსური ბილეთი შეიძინოთ, მაგრამ თუ 6-15 წლის ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, მაშინ ტურისტული ბარათის ყიდვა გაწყობთ, რადგან ერთი ბავშვი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.
ტურისტული ბარათის შეძენა ინფოცენტრებშიც შეიძლება, მაგალითად, ვენის ტურისტული ინფორმაციის ცენტრში ალბერტინაპლაცზე.
თუ აპირებთ, რომ ვენაში ბილეთი არ შეიძინოთ და ისე იმგზავროთ, მით უმეტეს, რომ მიწისზედა ტრანსპორტში კონდუქტორები არ არიან, მეტროში კი ტურნიკეტები არ დგას და შესვლა თავისუფალია, ამას არ გირჩევთ, რადგან ყველა მარშრუტზე კონტროლიორები დადიან. ისინი არ მხოლოდ მოგთხოვენ სამგზავრო ბილეთის წარდგენას, არამედ შეამოწმებენ, დააკომპოსტირეთ თუ არა ის და ვადა ხომ არ გაუვიდა. ვენაში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 105 ევროა. ასე რომ, გირჩევთ ბილეთი იყიდოთ და დააკომპოსტიროთ. მეტროში ეს პერონზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ავტობუსსა და ტრამვაიში კი - სალონში ასვლისთანავე.
გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსსა და ტრამვაიში არის სპეციალური ღილაკები, რომლებსაც თქვენთვის სასურველ გაჩერებაზე ხელი უნდა დააჭიროთ.
ბილეთების ყიდვა შეიძლება თამბაქოს ჯიხურებში Tabaktrafik, ტურისტულ ოფისებში, Wiener Linien-ის სალაროებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 06:30-დან 18:30-მდე) და ავტობუსისა და ტრამვაის მძღოლთან, აგრეთვე, ავტომატებში, რომლებიც მეტროს ყოველი სადგურის შესასვლელთან და ტრამვაის ზოგიერთ გაჩერებაზე დგას. ავტომატით სარგებლობა მარტივია: აირჩევთ თქვენთვის საჭირო ბილეთის სახეობასა და მგზავრთა რაოდენობას და ნაღდი ფულით ან საკრედიტო ბარათით გადაიხდით.
ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდებზე: https://www.wienerlinien.at/web/wl-en, https://www.wien.info, https://vienna.ticketbar.eu.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია