ეს გოტიკური სტილის ეკლესია არა მხოლოდ მორწმუნეთა თავშეყრის ადგილია. აქ კონცერტებიც იმართება. წმინდა მატიაშის ეკლესიამ ისტორიის მრავალი ქარცეცხლი გამოიარა, მათ შორის ნგრევა, ხანძარი, მაგრამ რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ ყოველთვის ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე და დღეს ის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბუდაპეშტში ჩასული სტუმრების თვალს ახარებს.
პირველი ტაძარი წმინდა იშტვანმა ააშენა XI საუკუნეში. მონღოლ-თათართა ურდომ ის დაანგრია. ახალი ეკლესია მეფე ბელა IV ააგო. მატიაშ ჰუნიადიმ, დიდმა რეფორმატორმა, ხელოვნებისა და არქიტექტურის მფარველმა, მას კოშკი-სამრეკლო დაამატა, რომელიც თავის დიდებულებას ჩვენს დროშიც ინარჩუნებს. მისმა სილამაზემ თურქ დამპყრობლებს მისი დანგრევა გადააფიქრებინა, თუმცა მათ ფრესკებიანი კედლები შეათეთრეს და იქ 145 წლის განმავლობაში მეჩეთი ფუნქციონირებდა.
XIX საუკუნეში ტაძრის მასშტაბური რეკონსტრუქცია შესანიშნავად განახორციელა არქიტექტორმა ფრიდეშ შულეკმა.
ტაძრის შესასვლელთან უსინათლოებისთვის ეკლესიის ბრინჯაოს მაკეტი დგას.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეკლესიაში მდგარი ორგანი, რომლის წონა 60 ტონას აღემატება. მას იყენებენ როგორც წირვის დროს, ისე საორგანო მუსიკის კონცერტების გამართვისას.
წმინდა მატიაშის ეკლესია მნახველებისთვის ღიაა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00-17:00; შაბათობით ეს დრო მუდმივად იცვლება იქ დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით; კვირაობით - 13:00-16:30.
შესასვლელი ბილეთის ფასია:
- მოზრდილებისთვის - 2500 ფორინტი;
- სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის (ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის) - 1900 ფორინტი;
- 6 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთის ყიდვა საჭირო არაა.
ეკლესიაში მუდმივად იმართება წირვა, კვირაობით კი, დილის 10 საათზე - საზეიმო წირვა. ცხადია, მრევლისთვის შესვლა უფასოა. თუ მოახერხებთ და მათ შეერევით, შიგნით უფასოდაც შეაღწევთ, ოღონდ სურათებს ვერ გადაიღებთ, სხვა დროს კი ეს ნებადართულია.
ეკლესიის მისამართია - Szentháromság tér 2.
იქ მისასვლელად დაგჭირდებათ ავტობუსი №16, 16A, გაჩერება Szentháromság tér.
ბილეთების შესაძენად, დეტალებისა და უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://matyas-templom.hu.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია