უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 გუელის პარკი ბარსელონაში - Park Güell

გუელის პარკი ბარსელონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მდებარეობს ქალაქის ზედა ნაწილში, კარმელის ბორცვზე. თუ შთაგონება, აღფრთოვანება, გაოცება და სხვა ემოციების მოზღვავება გსურთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას. ინგლისური კონცეფციის "ქალაქი-ბაღის" სტილის ვრცელი პარკი, რომელიც საცხოვრებლადაც გამოდგებოდა და დასასვენებლადაც, კატალონიელმა მეწარმემ და მეცენატმა ეუსები გუელმა ჩაიფიქრა. არქიტექტორი ანტონიო გაუდი, რომელთანაც გუელი 1884 წლიდან მუშაობდა, მყისვე ჩაერთო პარკის შექმნაში და ამ პროექტის განხორციელებაში 1914 წლამდე მუშაობდა. სწორედ მისმა ნამუშევრებმა გადააქცია პარკი მიმზიდველ ადგილად ქალაქელებისა და ტურისტებისთვის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პარკში შესვლის შემდეგ აღმოჩნდებით პატარა მოედანზე, საიდანაც იწყება მთავარი კიბე. ის მორთულია შადრევნებითა, მოზაიკური მედალიონით, რომელზეც გველის თავი და კატალონიის დროშაა გამოსახული, და უზარმაზარი სალამანდრით (ცეცხლის სიმბოლო და გაუდის საყვარელი წყალხმელეთა ცხოველი). სალამანდრის ზემოთ დაინახავთ მისტიკურ წმინდა ქვას - ომფალოსს - სამყაროს ცენტრის სიმბოლოს.





კიბე მიგიყვანთ "ასი სვეტის დარბაზთან". ის მომავალი საცხოვრებელი კომპლექსის ბაზრისთვის იყო გათვალისწინებული. იქ საუცხოო აკუსტიკაა და ხშირად იმართება კონცერტები. დარბაზის ზემოთ ტერასაა 110 მეტრი სიგრძის სკამით.



დარბაზიდან ბილიკებით სასეირნო ხეივნებში, ე.წ. "ჩიტის ბუდეებთან" მოხვდებით.




პარკში მდებარეობს "გაუდის მუზეუმი", რომელშიც ცნობილი არქიტექტორი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა (იქ შესასვლელად ცალკე ბილეთი უნდა აიღოთ).



გუელის პარკი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


გუელის პარკი მუშაობს ყოველდღე: 09:30- 20:30.


ბილეთების ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 10 ევრო;

- 7-12 წლის ბავშვებისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის - 7 ევრო;

- 7 წლამდე - უფასოდ.


გუელის პარკის მისამართია: Carrer d'Olot.


გუელის პარკს სამი შესასვლელი აქვს: de Larrard/d’Olot, del Carmel და Passatge de Sant Josep de la Muntanya-ს მხრიდან.


გუელის პარკში მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Lesseps ან Vallcarca, შემდეგ კი ფეხით 15 წუთი გზის მაჩვენებლების მიხედვით.

- ავტობუსით №24, 92, გაჩერება Carretera del Carmel-Park Güell მეორე შესასვლელთან, №32, H6, გაჩერება Travessera de Dalt მესამე შესასვლელიდან.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://parkguell.barcelona.


ბილეთებისა და ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.



















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!