უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 რამბლის ბულვარი ბარსელონაში - La Rambla

საფეხმავლო ქუჩა ლა რამბლა ბარსელონის საკულტო ადგილი, მისი სული და გულია. აქ ერთმანეთში ირევიან ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლები, თანამედროვე ახალგაზრდობა და აღფრთოვანებული ტურისტები. ძნელად თუ იპოვით მოგზაურს, რომელიც ბარსელონაში ჩამოვიდა და ლა რამბლას არ ეწვია. ის დიდი ხანია, აქაურებისა თუ სტუმრების საყვარელი ქუჩაა, რომელზე გასეირნებაც აუცილებელ რიტუალად გადაიქცა. ვის აღარ ნახავთ ლა რამბლაზე: ცნობისმოყვარე ტურისტებს, ძირძველ ბარსელონელებს, ყვავილებისა და სუვენირების გამყიდველებს, თავისუფალ მხატვრებს, ცოცხალ ქანდაკებებს, მუსიკოსებს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ბულვარის სიგრძე 1200 მეტრია. ის იწყება კატალონიის მოედნიდან, გაივლის რავალსა და გოტიკურ კვარტალს შორის და მთავრდება ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლთან.


თუ ფიქრობთ, რომ რამბლა ერთი ქუჩაა, ცდებით. ის ხუთი ქუჩისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მიჰყვებიან და აქვთ გამორჩეული ხასიათი და შესაბამისი სახელწოდება. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.


რამბლა კანატელესი - Rambla de Canaletes:



პირველი ბულვარი, რომლითაც იწყება რამბლა. მდებარეობს კატალონიის მოედნის გვერდით. სახელი ეწოდა ტურისტებში პოპულარული XIX საუკუნის თუჯის წყლის სასმელი ჭურჭლის პატივსაცემად. ამბობენ, ვინც იქიდან დალევს წყალს, სამუდამოდ შეუყვარდება ბარსელონა და იქ აუცილებლად დაბრუნდებაო.


რამბლა დელს ესტუდის (სწავლის რამბლა) - Rambla dels Estudis:



მეორე ბულვარი. იწყება Santa Anna-ს ქუჩიდან. სახელი ეწოდა აქ მდებარე უნივერსიტეტის - l'Estudi General - პატივსაცემად, რომელიც ჯერ კიდევ ფილიპ V მეფობისას დაიხურა. მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა მეცნიერებისა და ხელოვნების სამეფო აკადემია, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია თეატრი "პოლიორამა", 1774 წელს აშენებული მოჟას სასახლე და ბეთლემის ღვთისმშობლის XVII საუკუნის ბაროკოს სტილის ეკლესია. აქვეა, აგრეთვე, ჩიტების ბაზარი.



რამბლა დე ლეს ფლორს (ყვავილების რამბლა) - Rambla de les Flors:



მესამე ბულვარი. იწყება Carrer del Carme-ს ქუჩიდან. სახელი ეწოდა აქ განთავსებული ყვავილების ბევრი დახლისა და მაღაზიის გამო. უწინ წმინდა იოსების რამბლას უწოდებდნენ (Rambla de Sant Josep). მთავარი ღირსშესანიშნაობებია ვიცედედოფლის სასახლე (Palau de la Virreina), რომელშიც ქალაქის საგამოფენო ცენტრი მდებარეობს, და ბოკერიას ბაზარი - Mercat de la Boqueria, რომელიც 1840 წლიდან არსებობს.




ყვავილების ბულვარი მთავრდება მოედნით პლა დელ ოს (Pla de l’Os), რომლის ცენტრიც ფერადი მოზაიკით მოკირწყლეს ცნობილი კატალონიელი მხატვრის ჟოან მიროს ჩანაფიქრის მიხედვით 1970 წელს.



რამბლა კაპუცინები - Rambla dels Caputxins:



მეოთხე ბულვარი. მის დასაწყისში დატკბით ბრუნო კვადრასის სახლით, რომელიც "ქოლგების სახლის" სახელით უფრო არის ცნობილი, ვინაიდან მასში ერთ დროს ქოლგები დ სხვა ნივთები იყიდებოდა.



მეორე საინტერესო ობიექტია გრან-თეატრი ლისეო:



კაპუცინების ბულვარის ბოლოში გახვალთ სამეფო მოედანზე, რომელზეც გამოსარჩევია შადრევანი "სამი გრაცია", სახელგანთქმული ანტონიო გაუდის შექმნილი ქუჩის ფარნები და XVI საუკუნის თეატრი "პრინსიპალი" (Principal). თეატრის ხელმარცხნივ დგას ცნობილი დრამატურგისა და პოეტის ფრედერიკ სოლერის ძეგლი.




რამბლა დე სანტა მონიკა (წმინდა მონიკას რამბლა) - Rambla de Santa Mònica:



მეხუთე ბულვარი. სახელი ეწოდა წმინდა მონიკის მონასტრის პატივსაცემად, რომელიც 1988 წელს ხელოვნების ცენტრ "სანტა მონიკად" და სამხატვრო გალერეად გარდაქმნეს.



ბულვარი მთავრდება მოედნით პორტალ დე ლა პაუ (Plaça del Portal de la Pau), რაც "სამყაროს კარიბჭეს" ნიშნავს. ცენტრში, რამბლისა და კოლუმბის ბულვარების გადაკვეთაზე, აღმართულია 60-მეტრიანი მონუმენტი, რომელზე ქრისტეფორე კოლუმბის 7-მეტრიანი ქანდაკება დგას. 50 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია გადმოსახედი მოედანი, რომელზეც ლიფტი აგიყვანთ. ეს 6 ევრო დაგიჯდებათ. მონუმენტის ქვედა ნაწილში გამოსახულია კოლუმბის მზადება მოგზაურობისთვის და ისინი, ვინც ამაში ეხმარებოდნენ (კარტოგრაფი, მღვდელი, გემის კაპიტანი), აგრეთვე, ქალღმერთი ნიკე.



ზოგჯერ რამბლის ბულვარს მეექვსე ქუჩასაც მიაკუთვნებენ. ესაა რამბლა დელ მარ (ზღვის რამბლა) - Rambla del Mar:



სინამდვილეში ეს ქუჩა კი არა, საფეხმავლო ხიდია, რომელიც ბარსელონის ნავსადგურის წყლებში მდგარ სავაჭრო ცენტრ Maremagnum-თან მიგიყვანთ.


რამბლის ბულვარი ბარსელონის ერთგვარი ენერგეტიკული ცენტრია. მას თითქოს არასოდეს სძინავს. აქ არავინ მოიწყენს. კაფე-რესტორნები, ყველანაირი მასშტაბის ვაჭრობა - პატარა დახლებიდან დაწყებული, დიდი მაღაზიებით დამთავრებული. ბულვარს განსაკუთრებულ პეწს მატებენ ქუჩის მსახიობები, მიმები, ცოცხალი ქანდაკებები, აკრობატები, ჯამბაზები, მოცეკვავეები - ისინი გამვლელების გაოცებას ცდილობენ. შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გახდეთ მაყურებელი ან ნამდვილი წარმოდგენის მონაწილე.




რამბლის ბულვარამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Liceu ან Catalunya; მეტროს წითელი L1 ხაზით, გაჩერება Catalunya.




















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!