ბელვედერის კომპლექსი არქიტექტურისა და ლანდშაფტური დიზაინის ნამდვილი სასწაულია. იტალიურ ენაზე ის საუცხოო ხედს ნიშნავს. მას ხშირად "ვენის ვერსალსაც" უწოდებენ. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება ვენასა და წმინდა შტეფანის ტაძარზე. თავდაპირველად იგი პრინც ევგენი სავოიელის, ცნობილი მხედართმთავრის, საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. 1955 წელს სწორედ აქ მოეწერა ხელი ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. კომპლექსის არქიტექტორის მთავარი მიზანი იყო თვალსაჩინოდ გამოესახა მამაცი დიდებულისა და მეცენატის სამხედრო სიდიადე და სულიერი სიღრმე, რასაც, უდავოდ, მიაღწია.
ბელვედერი შედგება სამი ნაწილისგან: ზედა ბელვედერი, ქვედა ბელვედერი ორანჟერეით და უზარმაზარი პარკი. ბაროკოს სტილის ამ პროექტის ავტორია ლუკას ფონ ჰილდებრანდტი. ქვედა ბელვედერის მშენებლობა 1716 წელს დასრულდა, ზედა ბელვედერის - 1722 წელს. ევგენი სავოიელს შვილები არ ჰყავდა და მისი გარდაცვალების შემდეგ აქაურობა იმპერატორის მეუღლემ, მარია ტერეზიამ გამოისყიდა. კომპლექსის ტერიტორიაზე არის, აგრეთვე. პავილიონი "ბელვედერი 21". ეს არის თანამედროვე ავსტრიული და საერთაშორისო ხელოვნების, კინოსა და მუსიკის მოყვარულთა შეხვედრის ადგილი.
ზედა ბელვედერში განთავსებულია სამხატვრო მუზეუმი. ამ გრანდიოზულ შენობაში უწინ სტუმრების საზეიმო მიღება და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები იმართებოდა. ახლა აქ XIX და XX საუკუნის დასაწყისის ავსტრიული და გერმანული ხელოვნების უძვირფასესი კოლექციები ინახება. იხილავთ ვან გოგის, მონეს, რენუარის, შილეს, კოკოშკას ნახატებს, აგრეთვე, სახელგანთქმული ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის არანაკლებ სახელგანთქმულ ტილოს - "კოცნა".
სამ სართულზე შვიდი თემატური დარბაზია, სადაც 420 ნაწარმოებია გამოფენილი.
ახლა კი ზედა ბელვედერიდან
ქვედა ბელვედერისკენ გადავინაცვლოთ.
აქ იხილავთ, მარმარილოს, სარკეების, ოქროს დარბაზებს, გროტესკის დარბაზს არაჩვეულებრივი ორნამენტებით. ქვედა ბელვედერში შედის ყოფილი სასახლის საჯინიბოები და საგამოფენო დარბაზად გადაქცეული ორაჟერეა.
კომპლექსი მუშაობს ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, პავილიონი "ბელვედერი 21" კი - დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
ბილეთის ღირებულებაა:
- ზედა ბელვედერი - მოზრდილებისთვის - 15,90 ევრო, პენსიონერებისთვის 65 წელს ზემოთ და სტუდენტებისთვის 26 წლამდე - 13,40 ევრო, 19 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის - უფასო;
- ქვედა ბელვედერი და ორანჟერეა - მოზრდილებისთვის - 13,90 ევრო, პენსიონერებისთვის 65 წელს ზემოთ და სტუდენტებისთვის 26 წლამდე - 10,90 ევრო, 19 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის - უფასო;
- პავილიონი "ბელვედერი 21" - მოზრდილებისთვის - 8,90 ევრო, პენსიონერებისთვის 65 წელს ზემოთ და სტუდენტებისთვის 26 წლამდე - 6,90 ევრო, 19 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის - უფასო;
- კომბინირებული ბილეთი (ზედა და ქვედა ბელვედერი) - მოზრდილებისთვის - 24 ევრო, პენსიონერებისა და 26 წლამდე სტუდენტებისთვის - 21 ევრო (ძალაშია პირველი ვიზიტიდან 30 დღის განმავლობაში);
- კომბინირებული ბილეთი სამივე ობიექტში შესასვლელად - მოზრდილებისთვის - 27 ევრო, პენსიონერებისა და 26 წლამდე სტუდენტებისთვის - 23 ევრო (ძალაშია 30 დღის განმავლობაში);
- მათთვის, ვისაცVienna City Card/Vienna Passაქვს, გათვალისწინებულია შეღავათები.
დეტალებისა და უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.belvedere.at.
ბელვედერის სასახლის მისამართია: Prince-Eugen-strasse, 47 (ზედა ბელვედერი), Rennweg, 6 (ქვედა).
ბელვედერის ზედა სასახლემდე მისასვლელად გამოგადგებათ: მეტრო - U1 ხაზი, გაჩერება Südtiroler Platz-Hauptbahnhof, ტრამვაი - №D, გაჩერება Schloss Belvedere, ტრამვაი - №18,O, გაჩერება Quartier Belvedere; ქვედა ბელვედერამდე: ტრამვაი - №71, გაჩერება Unteres Belvedere, ტრამვაი - №2, №D, გაჩერება Schwarzenbergplatz . ტრანსპორტის ბილეთებთან დაკავშირებით წაიკითხეთ სტატია ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია