ავსტრია ცნობილია თავისი კულინარიული ტრადიციებითა და ნაციონალური სამზარეულოთი. რამდენი დროც არ უნდა გაატაროთ ვენაში, - რამდენიმე საათი თუ რამდენიმე დღე, - გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ ადგილობრივი ლეგენდად ქცეული კერძები: ვენური შნიცელი, ტაფელშპიცი, კარტოფილის სალათი, ვაშლის შტრუდელი, ტორტი "ზახერი და სხვა. ავსტრიაში იმდენი ღირსშესანიშნაობაა, მათი დათვალიერება ბევრ ენერგიას წაგართმევთ. ამ ენერგიის შესავსებად გვარიანად დანაყრება მოგიწევთ. ავსტრიის დედაქალაქში ფასები საკმაოდ "იკბინება". ამიტომ, თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, პროდუქტები სუპერმარკეტებში ან ბაზარში შეიძინეთ და კერძები შინ მოამზადეთ. კიდევ ერთი შესაძლებლობა შედარებით იაფფასიან კაფე-რესტორნებში და კვების ობიექტებში შევლაა. სწორედ ასეთებს შემოგთავაზებთ, რაც, ვფიქრობ, გამოგადგებათ.
Wuerstelstand:
Wuerstelstand სიტყვასიტყვით ძეხვეულის სტენდს ნიშნავს. აქ სხვადასხვა სახეობის ძეხვს შემოგთავაზებენ, თანაც ისეთი დიდი ზომისას (უფრო დიდი ზომის პურში ჩადებულს), რომ უდავოდ დანაყრდებით.
ეს ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებია. ცენტრში მას ბევრგან შეხვდებით. გირჩევთ სამ მათგანს: Bitzinger Würstelstand Albertina (მისამართი: Augustinerstrasse 1), Würstelstand Leo (Doeblinger Guertel 2), Wiener Würstl (Seilergasse 1).
ორ კაცზე 10-15 ევრო თავზე გადაგივათ. დაბეჯითებით გირჩევთ - არ ინანებთ.
Schachtelwirt:
Schachtelwirt წმინდა შტეფანის ტაძრიდან ფეხით 5 წუთის სავალზეა. ეს სწრაფი კვების რესტორანია, თუმცა იქ სხვა კერძებსაც შემოგთავაზებენ. დარბაზი პატარაა, მაგიდა - ცოტა, ამიტომ შესაძლოა გარეთ დაჯდომა მოგიწიოთ. შეგიძლიათ საჭმელი კოხტა კოლოფებით წაიღოთ კიდეც. ულუფები იმხელაა, რომ 1 ულუფა ორ კაცს გეყოფათ. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ თითო-თითო ულუფა აიღოთ და სასმელიც დააყოლოთ, 20-25 ევრომდე დაგიჯდებათ, პირველ ვარიანტში კი - ამ თანხის ნახევარი.
მუშაობის საათები: ორშაბათი- 12:00-15:00, სამშაბათი-პარასკევი - 11:30-21:00, შაბათი - 12:00-22:00.
მისამართი: Judengasse 52.
Schnitzelwirt:
კიდევ ერთი ვარიანტი, რომ შედარებით ნაკლები დახარჯოთ ჭამაზე, არის სწრაფი კვების რესტორანი Schnitzelwirt.
აქ ნაირგვარ შნიცელსა და სხვა კერძებს შემოგთავაზებენ. სასიამოვნო, მყუდრო გარემოა. ამ რესტორანშიც უზარმაზარი ულუფებია. მეეჭვება, ჩვეულებრივი ადამიანი ერთ ულუფას მოერიოს. თქვენი მადის მიხედვით, 2 კაცზე 15-დან 30 ევრომდე დაგიჯდებათ.
მუშაობის საათები: ყოველდღე, კვირის გარდა 11:00-21:30.
მისამართი: Neubaugasse 52.
Vienna Sausage:
ვენა ცნობილია თავისი სოსისით. ეს დაწესებულება სწორედ სხვადასხვა სახის ჰოთდოგებზეა დახელოვნებული. ერთი ულუფით და ქილა ლუდითაც მშვენივრად დანაყრდებით. რაც ორ კაცს საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ.
მუშაობის საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11:30-15:00 და 17:00- 21:00.
მისამართი: Schottering 1 (500 მეტრი რათჰაუსპლაციდან).
Gasthouse Elsner:
ეს არის პატარა დაწესებულება ცენტრთან ახლოს, სადაც ტრადიციულ ავსტრიულ კერძებს შემოგთავაზებენ.
მყუდრო, მშვიდი ატმოსფერო, წყნარი მუსიკა, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება, უზარმაზარი ულუფები. კაცზე დაახლოებით 10 ევრო.
მუშაობის საათები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 - 22:00.
მისამართი: Neumaygasse 16.
Swing Kitchen:
აქ დაგხვდებათ ვეგეტარიანული კერძები და დაბალი ფასები.
თავაზიანი პერსონალი, გემრიელი, მსუყე კერძები, დიდი ულუფები. ორ კაცზე 15-20 ევრო.
მუშაობის საათები: ყოველდღე - 11:00 - 22:00.
მისამართი: Operngasse 24.
Kolar:
სასიამოვნო რესტორანი ვენის ცენტრში.
თავაზიანი პერსონალი, ოფიციანტების უმრავლესობა ინგლისურადაც დაგელაპარაკებათ. სწრაფი, ხარისხიანი მომსახურება. გამოირჩევა ნაირგვარი კვერებითა და სასმელების ფართო არჩევანით. ორ კაცზე 15-20 ევრო.
მუშაობის საათები: ორშაბათი-შაბათი - 11:00 - 01:00, კვირა - 15:00-00:00.
მისამართი: Kleeblattgasse 5.
Zanoni & Zanoni:
პატარა კაფე ფართო ასორტიმენტით ვენის ცენტრში.
აქ შეგიძლიათ ისაუზმოთ. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება. გამოირჩევა იმით, რომ 20-მდე სახის ნაყინს შემოგთავაზებენ. ორ კაცზე დაახლოებით 15-20 ევრო.
მუშაობის საათები: ყოველდღე - 07:30-00:00, კვირას - 15:00-00:00.
მისამართი: Lugeck 7 (შტეფანსპლაცთან).
Rosenberg:
უჩვეულო რესტორანი ვენის ცენტრში. ეს ერთგვარი "შვედური მაგიდაა" თვითმომსახურებით.
თვითონ აიღებთ რასაც გინდათ და რამდენიც გინდათ. ფასი თეფშების ზომის მიხედვით უნდა გადაიხადოთ. ასე რომ, თუ დიდი თეფში გსურთ, ზედ ბევრი საჭმელი დადეთ. ორ კაცზე 20-30 ევრო. 10%-იანი ფასდაკლება მათთვის, ვისაც Vienna City Card აქვს (უფრო დეტალურად იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).
მუშაობის საათები: ყოველდღე - 11:00-19:00.
მისამართი: Maysedergasse 2 (ვენის ოპერიდან ფეხით 2 წუთის სავალზე).
Pizzeria Mafiozi:
აქ ვენაში ყველაზე დიდ, გემრიელ და იაფ პიცასა და სხვა კერძებს მიირთმევთ.
სასიამოვნო ატმოსფერო, თავაზიანი მომსახურება, იაფი სასმელი. აქაურობას განსაკუთრებით ახალგაზრდები ეტანებიან. ორ კაცზე 15-20 ევრო დაგიჯდებათ.
მუშაობის საათები: ყოველდღე - 11:00-00:00.
მისამართი: Reindorfgasse 15 (შონბრუნის სასახლესთან).
Zwolf Apostelkeller:
რესტორანი "12 მოციქულის სარდაფი" ვენის ისტორიულ ცენტრში, XV საუკუნის შენობის სარდაფში.
აქ დააგემოვნებთ საუკეთესო, ტრადიციულ ავსტრიულ კერძებსა და ღვინოს. 11:00-დან 15:00-მდე შეგიძლიათ მიირთვათ წვნიანი და მეორე კერძი 7 ევროდ, დღის კერძი კი, რომელიც ყოველდღე იცვლება - 6 ევროდ.
მუშაობის საათები: ყოველდღე - 11:00-00:00.
მისამართი: Sonnenfelgasse 3 (წმინდა შტეფანის ტაძრის სიახლოვეს).
Esterhazykeller:
როგორც ამბობენ, ამ სარდაფში ჯერ კიდევ XVII საუკუნეში უმასპინძლდებოდნენ უფასო ღვინით მებრძოლებს, რომლებიც თურქი დამპყრობლებისგან ქალაქის დასაცავად საომრად მიდიოდნენ.
ამჟამად აქ ტრადიციულ ავსტრიულ კერძებს შედარებით იაფად გთავაზობენ. ულუფები დიდია, მომსახურება - სწრაფი და ხარისხიანი. ყოველდღე შეგიძლიათ მიირთვათ დღის კერძი 7-8 ევროდ.
მუშაობის საათები: ყოველდღე - 17:00-23:00.
მისამართი: Haarhof 1.
Der wiener Deewan:
ეს არის პაკისტანური რესტორანი, რომელიც უნივერსიტეტის გვერდით მდებარეობს.
რესტორანი გამოირჩევა თავაზიანი პერსონალითა და კარგი მომსახურებით. აქ გთავაზობენ "შვედურ მაგიდას" პრინციპით: მიირთმევთ იმდენს, რამდენიც გინდათ, და იხდით იმდენს, რამდენიც შეგიძლიათ, ოღონდ სამართლიანობის ფარგლებში.
მუშაობის საათები: ყოველდღე, კვირის გარდა - 11:00-23:00.
მისამართი: Liechtensteinstrasse 10.
ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი ვარიანტი შემოგთავაზეთ. გაითვალისწინეთ, რომ ვენაში ლანჩის დროს (12:00-14:00) ბევრი კაფე-რესტორანი გთავაზობთ კომპლექსურ მენიუს, ანუ დღის შეთავაზებას, (წვნიანი და მეორე კერძი) 6-9 ევროდ.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია