პარიზის დათვალიერება ერთ დღეში თითქმის არარეალურია. ამის სრულფასოვნად გასაკეთებლად რამდენიმე დღე ან კვირა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ სხვა გზა არა გაქვთ, დაგეხმარებით, რომ ეს მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხოთ. პირველ ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქის დათვალიერება საექსკურსიო ტრანსპორტითაც შეგიძლიათ (იხ. პარიზის საექსკურსიო ტრანსპორტი), კერძოდ, ავტობუსით ან მდინარე სენაზე გემით გასეირნებით. თუ ფინანსურად წელგამართული ვერ ხართ და საკმარისი ენერგია გაქვთ ფეხით სასიარულოდ, ქვემოთ სხვა ვარიანტებს შემოგთავაზებთ. ოპტიმალური მარშრუტის არჩევა თქვენს გემოვნებასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, წელიწადის დროსა და ამინდზეა დამოკიდებული. არც ის დაგავიწყდეთ, რომ პარიზის ყველაზე პოპულარულ ადგილებში, მაგალითად, როგორიცაა ეიფელის კოშკი და ლუვრი, ძალიან დიდი რიგები დაგხვდებათ და გირჩევთ, ბილეთები წინასწარ შეიძინოთ ონლაინ რეჟიმში.
მარშრუტი იწყება მეტროს სადგურიდან Saint-Michel Notre-Dame (მე-4 ხაზი, იასამნისფერი). გადადით კუნძულ სიტეზე სენ-მიშელის ლამაზი ხიდით
და გაემართეთ გოტიკური ტაძრისკენ - სენ-შაპელისკენ, რომელსაც მორწმუნეებისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს.
მას შემდეგ, რაც ულამაზესი ვიტრაჟების ხილვით დატკბებით, ნოტრდამისკენ - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისკენ - გაემართეთ. გზად შეგიძლიათ ჩიტების, ყვავილებისა და დეკორატიული ნივთების ბაზარში შეიხედოთ. ტაძარში ნახევარ საათს მაინც გაატარებთ.
თუ გაგიმართლებთ, მსოფლიოში ყველაზე დიდ ორგანსაც მოუსმენთ. ტაძარში შესვლა უფასოა. სამრეკლოზე ასასვლელად ბილეთის ყიდვა და 387 საფეხურის ასვლა მოგიწევთ. სამაგიეროდ, ახლოდან ნახავთ ქიმერებსა და გარგულიებს, მშვენიერ პარიზს კი ზემოდან დახედავთ.
დეტალურად ნოტრდამის შესახებ =>>
სამწუხაროდ, 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნოტრდამი, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტურისტებისთვის დაკეტილია. როგორც ნოტრდამის ოფიციალური საიტი იუწყება, ტაძარი 2024 წლის 25 დეკემბერს გაიხსნება.
ახლა არკოლის ქუჩას გაუყევით, ამავე სახელწოდების ხიდზე გადადით და ქალაქის რატუშას - Hotel de Ville-ს - მიადექით:
შეგიძლიათ მერიის ეფექტური შენობის ფონზე სურათი გადაიღოთ და მდინარე სენის სანაპიროს ლუვრის პირამიდისკენ გაუყვეთ. თქვენგან მარცხნივ, კუნძულ სიტეზე, ყურადღება მიაქციეთ კონსიერჟერის (La Conciergerie)- ყოფილ სამეფო სასახლეს, შემდეგ კი საპატიმროს, რომელიც მართლმსაჯულების სასახლის კომპლექსის (Palais de Justice) ნაწილია.
ჩაუარეთ პარიზელი მხატვრებისა და ბუკინისტების რიგებს და თვალი შეავლეთ წიგნებს, პლაკატებსა და ჟურნალებს.
აი, ლუვრის მთავარი ეზოც და არქიტექტორ მინგ პეის შუშის პირამიდები:
ახლა კარუზელის მოედანზე ტრიუმფალური თაღის ქვეშ გაიარეთ:
და ტიუილრის ბაღში გაისეირნეთ:
პარკის დასავლეთ ნაწილის ბოლოში მდებარეობს ორანჟერიის მუზეუმი - სამხატვრო გალერეა, სადაც იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი:
დატკბით მონეს, სეზანის, მატისის, პიკასოს, რენუარის, მოდილიანის, გოგენისა და სხვათა ნახატებით. მუზეუმის პირველ სართულზე კაფეა, სადაც შეგიძლიათ დანაყრდეთ და ძალა მოიკრიბოთ ექსკურსიის გასაგრძელებლად.
დეტალურად ტიუილრის ბაღის შესახებ =>>
შემდეგ შეგხვდებათ თანხმობის მოედანი (Place de la Concorde) მასზე აღმართული ეგვიპტის ფარაონის ობელისკით.
სხვათა შორის, ამ მოედანზე, რომელსაც თავდაპირველად რევოლუციის მოედანი ეწოდებოდა, სიკვდილით დასაჯეს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI, მისი მეუღლე მარია ანტუანეტა, აგრეთვე საფრანგეთის რევოლუციის ორი მოთავე - დანტონი და რობერსპიერი.
დეტალურად თანხმობის მოედნის შესახებ =>>
აქედან მოხვდებით ელისეს მინდვრებზე. პროსპექტი, როგორც წესი, ორ, კომერციულ და კულტურულ ნაწილად იყოფა.
დეტალურად ელისეს მინდვრების შესახებ =>>
თუ რამდენიმე ასეულ მეტრს გაივლით და მარცხნივ შეუხვევთ, ორ სასახლეს შორის აღმოჩნდებით: ერთია შუშისსახურავიანი საგამოფენო ცენტრი "დიდი სასახლე" (Grand Palais),
მეორე კი - ხელოვნების მუზეუმი "პატარა სასახლე" (Petit Palais).
აქვეა იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის საუცხოო ხიდი:
გადახვალთ მასზე და ინვლიდების სახლს მიადგებით, რომლის ოქროს გუმბათიც არაფერში აგერევათ:
სწორედ აქ მდებარეობს "არმიის მუზეუმი" და ნაპოლეონის აკლდამა.
მარშრუტის კულმინაცია არის მარსის ველი და ეიფელის კოშკი:
შემოუარეთ კოშკს და მის ქვეშაც გაიარეთ. შეგიძლიათ მაღლაც ახვიდეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ რიგში დგომა მოგიწევთ. ასასვლელი ბილეთის ყიდვა ინტერნეტითაც შეგიძლიათ.
დეტალურად ეიფელის კოშკის შესახებ =>>
თუ ძალა კიდევ შეგრჩათ, შარლ დე გოლის მოედანზე ტრიუმფალური თაღისკენ გაემართეთ, რომლის მშენებლობაც იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით 1806 წელს დაიწყო აუსტერლიცთან რუსეთის არმიაზე გამარჯვების აღსანიშნავად.
თუ თაღის თავზე ახვალთ, პარიზის საუცხოო ხედს იხილავთ. იქამდე ფეხით მისვლა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ ტროკადეროდან შარლ დე გოლის მოედნამდე მეტროთი სამი გაჩერება გაიაროთ.
დეტალურად ტრიუმფალური თაღის შესახებ =>>
გირჩევთ, საფინალო წერტილი ქალაქის ყველაზე მაღალ ბორცვზე, მონმარტრის რაიონში დასვათ. აქ მდებარეობს ბაზილიკა საკრე-კერი,
სახელგანთქმული კაბარე "მულენ რუჟი" (Moulin Rouge) ანუ "წითელი წისქვილი",
ტერტრის მოედანი:
და "სიყვარულის კედელი":
იპოვეთ ქართული წარწერა?
მაშ, ასე - დატვირთული ერთი დღე დასრულდა, თუმცა სანახავი კიდევ ბევრი დარჩა. თუნდაც ლათინური კვარტალი (პანთეონი, სორბონას უნივერსიტეტი), ლუქსემბურგის ბაღი, ოპერა გარნიე, მონპარნასის კოშკი, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი, ვერსალი, დისნეილენდი და სხვა. მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პარიზი 3 დღეში.
აქვე შემოგთავაზებთ პარიზის ღირსშესანიშნაობების რუკას:
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია