სამი დღე, ცხადია, ძალიან ცოტაა ისტორიულად და გასტრონომიულად მრავალწახნაგოვანი პარიზის გასაცნობად. საფრანგეთის ორიათასწლოვანი დედაქალაქის შესახებ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება. მაგრამ თუ მაინც შევეცდებით, რომ მიუწვდენელს ამ სამ დღეში მივწვდეთ, ეს ფრანგულ სტილში უნდა გავაკეთოთ: პარკების ხეივნებში აუჩქარებელი სეირნობით, პარიზის კაფეებში შეყოვნებით ყავისა და ნამცხვრის მისართმევად და აუცილებლად - ისე, როგორც გვესიამოვნება. გაითვალისწინეთ, რომ პარიზის დათვალიერება საექსკურსიო ტრანსპორტითაც შეგიძლიათ (იხ. პარიზის საექსკურსიო ტრანსპორტი)
სტატიის შინაარსი
1. პარიზი - დღე პირველი
მოდი, პარიზის გაცნობა ქალაქის მერიის (Hôtel de Ville) წინ მდებარე მოედნიდან დავიწყოთ, საიდანაც ხელის გაწვდენაზეა ნოტრდამი და კუნძული სიტე (Île de la Cité). აქ მოსასვლელად მეტროპოლიტენის 1-ლი ან მე-11 ხაზით სადგურ Hôtel de Ville-ზე უნდა ჩამოხვიდეთ. თუ დიუმას, ბალზაკისა და სხვა ფრანგი კლასიკოსების რომანებს იცნობთ, მოედნის ძველმა სახელწოდებამ, ბევრი რამ უნდა გამცნოთ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ეს გრევეს მოედანია!
შუა საუკუნეებში აქ სამუშაოს მაძიებლები მოდიოდნენ და სამდინარო გემებს ტვირთისგან ცლიდნენ. აქ შეიქმნა პირველი მუნიციპალური ორგანო, აქ სჯიდნენ სიკვდილით ჯიბგირებს, ალქაჯებსა და ჯადოქრებს, თავს სჭრიდნენ დიდებულებს, სასტიკად უსწორდებოდნენ მეფეზე თავდასხმის მომწყობებს.
საბედნიეროდ, დღეს ამ შავბნელი წარსულიდან აღარაფერი დარჩა: რენესანსის სტილის პარიზის მერიის შენობა ათასობით თვალსა და ობიექტივს იზიდავს.
ოტელ-დე-ვილის სანაპიროდან არკოლის ხიდს დაინახავთ (Pont d'Arcole).
ეს პარიზში ლითონისგან დამზადებული პირველი ხიდია, სახელი კი ნაპოლეონ III შეარქვა არკოლთან ბიძამისის, ნაპოლეონ I გამარჯვების აღსანიშნავად. ხიდის მიღმა, მერიის მეორე მხარეს, რომელიც მდინარე სენის მარჯვენა ნაპირზეა, მდებარეობს კუნძული სიტე - სწორედ ის იყო მთელი პარიზი ქალაქის ისტორიის პირველი ათასწლეულის განმავლობაში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში აქ პარიზიელების ტომი დასახლდა. დროთა განმავლობაში კუნძული მაღალი საზოგადოებისა და საეკლესიო ძალაუფლების ცენტრად გადაიქცა. პირველს მართლმსაჯულების სასახლე განასახიერებს, მეორეს - ნოტრდამი.
კუნძულზე არკოლის ქუჩის გავლით იხილავთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს (ნოტრდამს), სენ-მიშელის ქვის ხიდთან პალეს მოედანზე შეუხვევთ და მართლმსაჯულების სასახლეს მიადგებით, სადაც თავის დროზე სარა ბერნარის (ცნობილი მსახიობი), ემილ ზოლასა (ცნობილი მწერალი) და მატა ჰარის (ცნობილი ჯაშუში ქალი) სასამართლო პროცესები გაიმართა. აქვეა სენ-შაპელი - ლუდოვიკო IX სამლოცველო საოცრად ლამაზი ვიტრაჟებით,
აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, დოფინის მოედანი (Place Dauphine - ერთ-ერთი პირველი მოედანი პარიზში). კუნძულის დასავლეთ ნაწილში ყურადღება მიაქციეთ "ახალ ხიდს" (Pont Neuf) - ის პარიზის უძველესი ხიდია!
აი, როგორ გამოიყურება კონსიერჟერი (La Conciergerie) - ყოფილი სამეფო სასახლე, მოგვიანებით კი - საპატიმრო. აქ მარია ანტუანეტა ჰყავდათ დამწყვდეული სიკვდილით დასჯის წინ. ის მართლმსაჯულების სასახლის კომპლექსის (Palais de Justice) ნაწილია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მისი მაღალი გოტიკური კოშკები და ცაში აჭრილი ლითონის შპილი მერიასთან გადებული ხიდიდანვე მოჩანს. ნოტრდამში ინახება იესო ქრისტეს თავზე დადგმული ეკლიანი გვირგვინი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მდებარეობს "ნულოვანი ნიშნული".
ჩაიფიქრეთ სურვილი და ტაძრისკენ გაემართეთ. შესვლა უფასოა, რიგი სწრაფად მიიწევს წინ. ტაძარი მნახველებისთვის დილის 8 საათზე იღება.
დეტალურად ნოტრდამის შესახებ =>>
სამწუხაროდ, 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ნოტრდამი, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტურისტებისთვის დაკეტილია. როგორც ნოტრდამის ოფიციალური საიტი იუწყება, ტაძარი 2024 წლის 25 დეკემბერს გაიღება.
"ახალი ხიდიდან" რამდენიმე ნაბიჯიღა გაშორებთ ლუვრს. კუნძულიდან კვლავ სენის მარჯვენა ნაპირზე გადადით და სანაპიროზე გაისეირნეთ პარიზის ბუკინისტების რიგის გასწვრივ. თამამად შეაბიჯეთ ღიობში კვადრატული ეზოდან ლუვრის მთავარ ეზოში და თქვენ უკვე არქიტექტორ მინგ პეის შუშის პირამიდებთან აღმოჩნდებით.
შემდეგ შეგხვდებათ ნაპოლეონის პირველი ტრიუმფალური თაღი კარუზელის მოედანზე
და "კარუსელი დიუ ლუვრი" (ცნობილი სავაჭრო ცენტრი):
რომლის მიღმაც სამეფო ბაღი ტიუილრი მდებარეობს:
დეტალურად ტიუილრის ბაღის შესახებ =>>
თანხმობის მოედანი (Place de la Concorde) ერთგვარი შუალედური პუნქტია ლუვრს, ტიუილრის ბაღსა და ელისეს მინდვრებს შორის, რომელიც ამ მოედნიდან ტრიუმფალურ თაღამდეა გადაჭიმული.
თავდაპირველად აქ ცხენზე ამხედრებული ლუდოვიკო XV და სხვა ქანდაკებები იდგა, საფრანგეთის რევოლუციის დროს მას რევოლუციის მოედანი უწოდეს და ზედ გილიოტინა დადგეს. ამ მოედანზე დასაჯეს სიკვდილით ლუდოვიკო XVI, მისი მეუღლე მარია ანტუანეტა, მოგვიანებით - დანტონი და რობერსპიერი. რამდენიმე წელიწადში ვითარება ჩაცხრა და მოედანს ახალი სახელწოდება შეურჩიეს - თანხმობის მოედანი. 1836 წელს მოედანზე დაიდგა ეგვიპტის ფარაონ რამზეს II ობელისკი, რომელიც ფრანგებს ეგვიპტის მმართველმა მეჰმეთ ალიმ აჩუქა.
დეტალურად თანხმობის მოედნის შესახებ =>>
აი, ელისეს მინდვრებსაც მივადექით. ის პარიზის ყველაზე პოპულარული ქუჩა და მთავარი მაგისტრალია. მასზე ყოველ საათში 80 ათასამდე ადამიანი დადის.
სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა "ელიზიუმ", რაც "ნეტარ ბორცვებს" ნიშნავს. გმირების სულები იქ აღწევდნენ უკვდავებას, იქ ჰპოვებდნენ მუდმივ სიმშვიდესა და ბედნიერებას.
ელისეს მინდვრები იწყება ტრიუმფალური თაღით და მთავრდება თანხმობის მოედნით. მისი სიგრძეა 1915 მეტრი, სიგანე კი 71 მეტრი.
ელისეს მინდვრების ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ტრიუმფალური თაღია შარლ დე გოლის მოედანზე.
დეტალურად ტრიუმფალური თაღის შესახებ =>>
ელისეს მინდვრების გასწვრივ უამრავი ცნობილი მაღაზია, კაფე და რესტორანია, აგრეთვე ხეივნებითა და შადრევნებით დამშვენებული სასეირნო ადგილები.
დეტალურად ელისეს მინდვრების შესახებ =>>
თუ გაბრიელის პროსპექტიდან ელისეს ქუჩაზე შეუხვევთ, იქიდან კი - ფობურ სენტ-ონორზე, დაინახავთ ელისეს სასახლეს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი და მინისტრები სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ.
სამწუხაროდ, ამ დიდებული სასახლის ნახვა ტურისტებს მხოლოდ სექტემბრის მესამე უიკენდზე შეუძლიათ, თანაც - უფასოდ, როდესაც "კულტურული მემკვიდრეობის დღეები" იმართება.
ამ წერტილში უნდა გადაწყვიტოთ, საით წახვალთ - განაგრძობთ გზას ტრიუმფალური თაღისკენ, თუ მდინარე სენისკენ ჩერჩილის პროსპექტზე შეუხვევთ. პროსპექტის ერთ მხარეს მდებარეობს შუშისსახურავიანი საგამოფენო ცენტრი "დიდი სასახლე", ფრანგულად - "გრან პალე" (Grand Palais):
მეორე მხარეს კი - ხელოვნების მუზეუმი "პატარა სასახლე", ფრანგულად - "პეტი პალე" (Petit Palais):
თუ პირდაპირ აიღებთ გეზე, მიადგებით ულამაზეს ალექსანდრე III ხიდს:
შემდეგ, ორსეს სანაპიროზე, დაინახავთ დიდ მწვანე ველს გაზონითა და ხეების მწკრივებით. აქ არის რამდენიმე მუზეუმი და ოქროსფერი გუმბათით დამშვენებული "ინვალიდების სახლი".
ინვალიდების სახლი ტურისტებისთვის გამორჩეულად იმით არის ცნობილი, რომ აქ მდებარეობს იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს აკლდამა.
აქედან ხელის გაწვდენაზეა მარსის ველი და ეიფელის კოშკი.
კარგ ამინდში მარსის ველზე შეგიძლიათ დაისვენოთ ან პიკნიკი მოაწყოთ. მარსის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს პარიზის სამხედრო სკოლა - სამხედრო დაწესებულებების დიდი კომპლექსი.
ეს სკოლა 1751 წლიდან ფუნქციონირებს, აი, ეიფელის კოშკი კი XIX საუკუნის ბოლოს დადგეს.
ეიფელის კოშკზე ასვლის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ იქ დიდი რიგი დაგხვდებათ, ამიტომ აჯობებს ბილეთი წინასწარ შეიძინოთ ინტერნეტით. თუმცა არც ბილეთი ღირს იაფი.
ეიფელის კოშკი საღამოს განათებულია და განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება.
დეტალურად ეიფელის კოშკის შესახებ =>>
ეიფელის კოშკის პირდაპირ, მდინარე სენის მეორე მხარეს, ტროკადეროს სასახლის ადგილას, მდებარეობს შაიოს სასახლე.
შაიოს სასახლეში განთავსებულია ადამიანის, ფლოტისა და არქიტექტურის მუზეუმები.
2. პარიზი - დღე მეორე
ვაგრძელებთ მოგზაურობას ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად. რომანტიკული ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ლუვრის სასახლეა. კარგი იქნება, თუ მას ორიოდე საათს მაინც დაუთმობთ და თვალს შეავლებთ ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, მიქელანჯელოს, რუბენსის, ბოსხისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
სულიერი საზრდოს მიღების შემდეგ არც დასვენება და წახემსება გაწყენთ. შორს წასვლა არ დაგჭირდებათ - შუშის პირამიდის შიგნით კაფეა შესანიშნავი სამზარეულოთი.
აქვეა სუვენირების მაღაზიები, სადაც შემოგთავაზებენ ხელოვნების ზოგიერთი ნაწარმოების პატარა ასლებსა და ნივთებს მათი გამოსახულებით (ჩანთებს, მაისურებს, ხელსახოცებს, ჭურჭელს და ა. შ.)
პირამიდასთან ახლოს არის, აგრეთვე, კაფე „რიშელიე", რომელიც ას წელზე მეტი ხნისაა.
კიდევ ერთი ვარიანტი ლუვრის თაღებს შორის მდებარე კაფე „მარლია". აქ შეგიძლიათ ტერასაზე დაჯდეთ.
დანაყრების შემდეგ პალე-როიალისკენ (Palais Royal) გავემართოთ - კარდინალ რიშელიეს ყოფილი სამფლობელოსკენ. ის ლუვრის ჩრდილოეთის ფრთის პირდაპირ მდებარეობს და ბევრი სიარული არ მოგიწევთ. თვითონ შენობაში ვერ მოხვდებით, ვინაიდან მას სახელმწიფო და საკონსტიტუციო საბჭო განკარგავს, მაგრამ თუ მარცხნიდან შემოუვლით, სადაც მოლიერის დაარსებულ თეატრს - „კომედი ფრანსეზს" - დაინახავთ, შესანიშნავ პარკში მოხვდებით. აქ ბევრი შადრევანი და ქანდაკებაა.
რიშელიეს ბაღიდან გამოსვლისას აუცილებლად შეიხედეთ ვივიენის პასაჟში (Galerie Vivienne). ეს არის სავაჭრო წერტილებისა და კაფეების მწკრივი შუშის სახურავის ქვეშ.
გალერეის გამოსასვლელთან იხილავთ გრევენის ცვილის ფიგურების ცნობილ მუზეუმს. ის 1882 წელს დაარსდა. აქ შეხვდებით მერლინ მონროს, მაიკლ ჯექსონს, ბრიჯიტ ბარდოს, ელვის პრესლის, მოცარტს, ნაპოლეონს, ლეონარდო და ვინჩის და უამრავ სხვას.
აქედან, ოსმანის ბულვარის გავლით, სწრაფად მიხვალთ გარნიეს ოპერამდე. გზად შუაზელის პასაჟიც შეგხვდებათ (Passage Choiseul) - იქაც შეიარეთ.
სწორედ პარიზის ოპერის შენობაში (Palais Garnie) ცელქობდა ერიკის მოჩვენება. ეს ოპერა არაერთხელ დაიწვა. აქ ხშირად ესხმოდნენ თავს მეფეებსა და იმპერატორებს.
ოპერის ინტერიერით შეგიძლიათ დატკბეთ საბალეტო წარმოდგენების ან სპეციალური ექსკურსიის დროს.
დეტალურად პარიზის ოპერის შესახებ =>>
პარიზში კიდევ ერთი ოპერაა - ბასტილიის მოედანზე, იქ, სადაც უწინ ბასტილიის ციხე იდგა, რომელიც საფრანგეთის რევოლიციის დროს მოსახლეობამ შტურმით აიღო. ბასტილიის ოპერა XX საუკუნის 80-იან წლებში ააგეს. იქვეა "ივლისის კოლონა" - 1830 წლის ივლისის რევოლუციის ღირსახსოვრად.
წახემსების შემდეგ ადვილად მოახერხებთ ასვლას პარიზის ჯადოსნურ ბორცვზე - მონმარტრზე. ოპერიდან ფეხით სიარულით ამისთვის 20 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ.
იდეალური ვარიანტი იქნება, თუ მარტირის ქუჩას (rue de Martyrs) აუყვებით და სახელგანთქმულ კაბარე "მულენ რუჟს" (Moulin Rouge) ანუ "წითელ წისქვილს" მიადგებით.
დეტალურად მულენ რუჟის შესახებ =>>
კაბარედან აუჩქარებლად აუყევით ლეპიკის ქუჩას (rue de Lepic) და ორ ნაბიჯში, მარცხენა მხარეს, "კაფე 2 წისქვილს" (Cafe des 2 Moulins) დაინახავთ. სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი ფილმის - "ამელი" - სცენები.
თუ მარჯვნივ შეუხვევთ და რამდენიმე ათეულ მეტრს გაივლით, Rue Tholozé-ს ქუჩის ბოლოში შეხვდებით კიდევ ერთ წისქვილს - ცნობილ Moulin de la Galette-ს, რომელიც მრავალი ფერმწერის ტილოზეა გამოსახული.
აუყევით rue Girardon-ს და გზა ცნობილი მომღერლის - დალიდას - ბიუსტამდე მიგიყვანთ. დალიდას ძალიან უყვარდა მონმარტრი და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.
მარცხნივ თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს მხატვარ მორის უტრილოს ვარდისფერმა სახლმა და საკრე-კერის ბაზილიკის წვერმა. მიზანთან ახლოს ხართ! გზად ტერტრის მოედანს გაივლით, სადაც მხარტვრები სიამოვნებით დახატავენ თქვენს პორტრეტს ან შარჟს, ან საკუთარ ნახატს მოგყიდიან.
აუცილებლად ეწვიეთ საკრე-კერის ბაზილიკას (Basilique du Sacré-Cœur), რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც "წმინდა გულის ბაზილიკა". "წმინდა გულში" იესო ქრისტეს გული იგულისხმება. შესვლა უფასოა, თუმცა სურათების გადაღება არ შეიძლება.
თუ კიბეებზე ჩამოხვალთ და მარცხნივ შეუხვევთ მეტროსადგურ "Abesses"-კენ, მონმარტრის კიდევ ერთ სიურპრიზს იხილავთ - "სიყვარულის კედელს", რომელზე სხვადასხვა ენაზე წერია ფრაზა "მე შენ მიყვარხარ" (ქართულადაც). ვფიქრობ, ეს დღის ჩინებული დასასრული იქნება.
3. პარიზი - დღე მესამე
მოდი, ჯერ დ'ორსეს მუზეუმს (Musée d'Orsay) ვეწვიოთ. იქ მისასვლელად მეტროს 12-ე (მწვანე) ხაზზე სადგურ Solférino-ზე მოგიწევთ ჩამოსვლა. მეტროს სქემის სანახავად იხილეთ პარიზის მეტროპოლიტენი.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ეს მუზეუმი მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. XX საუკუნის 80-იან წლებში გახსნეს ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობაში.
მუზეუმში ხუთი დონეა, რომლებზეც ხელოვნების ყველა სახეობაა წარმოდგენილი: ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა, კინო, ფოტოგრაფია, მუსიკა. გარდა ამისა, აქ სისტემატურად იმართება სპექტაკლები, კონცერტები და ფესტივალები.
მუზეუმში არის, აგრეთვე, ჩინებული რესტორანი, ორი კაფე, წიგნების მაღაზია, სუვენირების დახლები და ა.შ.
დეტალურად დ'ორსეს მუზეუმის შესახებ =>>
ლათინურ კვარტალში, სორბონას უნივერსიტეტის გვერდით, მდებარეობს ლუქსემბურგის ბაღი. მართალია, ის დედაქალაქის ყველაზე დიდი პარკი არ არის, სამაგიეროდ, პარიზელებისა და ტურისტების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. აქაურები მას მოფერებით "ლუკოს" ეძახიან.
ლუქსემბურგის ბაღი 400-ზე მეტი წლისაა. მას დედოფალმა მარია მედიჩიმ ჩაუყარა საფუძველი. აქ მდებარეობს საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატა - სენატი, მუზეუმი, ორანჟერეა, მრავალი შადრევანი და ქანდაკება.
ლუქსემბურგის ბაღამდე შეგიძლიათ ფეხით 20 წუთში მიხვიდეთ ნოტრდამის ტაძრიდან. ყველაზე მარტივი მარშრუტი სენ-მიშელის გავლითაა. გადადით სენაზე სენ-მიშელის ხიდით, გაუყევით სენ-მიშელის ბულვარს და მიდით ვოჟირარის ქუჩამდე, რომელიც პირდაპირ ბაღამდე მიგიყვანთ. მეორე ვარიანტი მეტროს მე-4 ან მე-10 ხაზით სადგურ Odeon-ზე ჩამოსვლაა.
ლუქსემბურგის ბაღიდან მოჩანს მონპარნასის კოშკი, რომელიც ერთადერთი ცათამბჯენია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამ სამოცსართულიანი შენობის სიმაღლე 210 მეტრია. თუ ფული არ დაგენანებათ და მის სახურავზე ახვალთ, თითქმის მთელ პარიზს დაინახავთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კოშკი სილამაზით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
თუ ლუქსემბურგის ბაღიდან ბონაპარტის ქუჩას გაუყვებით, სენ-ჟერმენის კვარტალის გულში მოხვდებით, სადაც პარიზის ბომონდი ცხოვრობს. გზად სენ-სიულპისის ეკლესიას შეხვდებით, სადაც ვიქტორ ჰიუგომ დაიწერა ჯვარი.
იქვე, ლობინოს ქუჩაზე, შეგიძლიათ შეიაროთ დახურულ ბაზარში (marché Saint-Germain). შოკოლადისა და კანფეტებისთვის ეწვიეთ Pierre Marcolini-ის ან Patrick Roger-ს. შორიახლო ორი ლეგენდარული ლიტერატურული კაფეა: Café de Flore და Les deux magots, სადაც საუცხოო ცხელ შოკოლადს, სენდვიჩსა და ომლეტს შემოგთავაზებენ.
გასტრონომიული პაუზის შემდეგ პარიზის უძველესი, რომანული სტილის ეკლესია - Saint-germain des prés - მოინახულეთ.
ბონაპარტის ქუჩით ქალაქის ცენტრისკენ გაემართეთ და გზად ანტიკვარულ მაღაზიებსა და სამხატვრო გალერეებში შეიარეთ.
სენის მარცხენა სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში ლათინური კვარტალი მდებარეობს. ეს არის ტრადიციული სტუდენტური კვარტალი სორბონას უნივერსიტეტის გარშემო, რომელიც 1257 წელს არის დაარსებული! კვარტალის სახელწოდება იმან განაპირობა, რომ ამ უნივერსიტეტში ლათინურ ენაზე ასწავლიდნენ.
ამჟამად ლათინურ კვარტალს არა მხოლოდ სორბონა მიეკუთვნება, არამედ კიდევ რამდენიმე სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.
ლათინური კვარტალი ცნობილია თავისი ძველებური ვიწრო ქუჩებით, წიგნის მაღაზიებითა და მყუდრო კაფეებით. ისეთი ტურისტული ობიექტების წყალობით, როგორიცაა პანთეონი, ლუქსემბურგის ბაღი, შუა საუკუნეების მუზეუმი და სხვა, ის ტურისტების საყვარელ ადგილად გადაიქცა, რის გამოც ბინის ქირამ მოიმატა და ბევრი სტუდენტი აქ ცხოვრებას ვეღარ ახერხებს. ბონაპარტის ქუჩით ქალაქის ცენტრისკენ გაემართეთ და გზად ანტიკვარულ მაღაზიებსა და სამხატვრო გალერეებში შეიარეთ.
თუ ამ სამი დღის განმავლობაში დროის ეკონომიას გააკეთებთ, შეძლებთ, აგრეთვე, მოინახულოთ ვერსალი - სასახლეებისა და პარკების ანსამბლი - საფრანგეთის მეფეების ყოფილი რეზიდენცია ქალაქ ვერსალში, რომელიც ამჟამად პარიზის გარეუბანი და მსოფლიო მნიშვნელობის ტურიზმის ცენტრია. 1979 წელს იუნესკომ ის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ვერსალი პარიზის ცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თუ იქ წასვლა ან მის შესახებ მეტის გაგება გსურთ - ეს კი აუცილებლად უნდა გინდოდეთ, - იხილეთ:
დეტალურად ვერსალის შესახებ =>>
არც პარიზის დისნეილენდი დაგავიწყდეთ - გასართობი პარკების გრანდიოზული კომპლექსი მარნ-ლა-ვალში, დედაქალაქის ცენტრიდან 40 კილომეტრის დაშორებით.
პარიზის დისნეილენდი 1992 წელს გაიხსნა, როგორც ამერიკულის ორიგინალი. მას ყოველწლიურად 12,5 მილიონი ადამიანი სტუმრობს! მართალია, ქართველ ტურისტს იქ გართობა შესაძლოა ძვირი მოეჩვენოს, შინ ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებით დაბრუნდება.
დეტალურად პარიზის დისნეილენდის შესახებ =>>
დაბოლოს, გთავაზობთ პარიზის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების რუკას:
ესეც ასე - სამდღიანი ექსკურსია დასრულებულია. ცხადია, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია. მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით (გირჩევთ, ამ საიტზე პარიზის ღირსშესანიშნაობებს სრულად გაეცნოთ, რათა არჩევანი უკეთ გააკეთოთ.) შეგიძლიათ თვითონ შეადგინოთ მარშრუტი, რამე გამოაკლოთ ან დაამატოთ. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია