უფასო ონლაინ-მეგზური ვენაში


 ვენის დათვალიერება 1 დღეში

ზოგიერთი მოგზაური ვენაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის, გავლით, მაგალითად, ბუდაპეშტიდან, პრაღიდან ან ბრატისლავადან. ავსტრიის დედაქალაქის დათვალიერება ერთ დღეში ძალიან ძნელია, მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვთ, მთავარია, მარშრუტი სწორად დაგეგმოთ. ერთი დღეც საკმარისი დროა, რომ ვენის ღირსშესანიშნაობებმა გაგაოცოთ და აღგაფრთოვანოთ. ამაში კი ეს საიტიც დაგეხმარებათ. მე რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, არჩევანი კი თვითონ უნდა გააკეთოთ თქვენი ჯიბის, დროის, შესაძლებლობებისა და გემოვნების მიხედვით.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხნით ჩადიხართ ვენაში, ქალაქის ცენტრალური, ისტორიული ნაწილი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ, ვინაიდან სწორედ აქ არის თავმოყრილი ძირითადი ღირსშესანიშნაობები. ვინაიდან დრო ცოტა გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის შიგნიდან დათვალიერებას ვერ მოასწრებთ. გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას და მარშრუტი იმის მიხედვით დაგეგმეთ, თუ რამდენ საათში უნდა ჩაეტიოთ.


ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ვენის დათვალიერების დასაწყებად შტეფანსპლაცია - დედაქალაქის გული და მთავარი მოედანი აგერ უკვე 500-ზე მეტი წლის განმავლობაში. აქ დგას წმინდა შტეფანის ტაძარი, არაჩვეულებრივი სილამაზის გოტიკური შენობა, რომელიც ვენის სიმბოლოდ გადაიქცა.



ტაძარს ორი კოშკი აქვს: ჩრდილოეთის - 68-მეტრიანი და სამხრეთის - 137-მეტრიანი. შეგიძლიათ ახვიდეთ და ქალაქს გადმოხედოთ.


დეტალურად წმინდა შტეფანის ტაძრის შესახებ =>>


ტაძრის უკან ჰაასის სახლია - ავანგარდული არქიტექტურის შენობა, რომლის სარკისებურ ფანჯრებში წმინდა შტეფანის ტაძარი აირეკლება. მის სახურავზე კაფე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ ვენური ყავა მიირთვათ და მოედანს გადმოხედოთ.



მოედნიდან ორიოდე ნაბიჯში, Domgasse-ს 5 ნომერში, მოცარტის სახლი მდებარეობს. სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორი აქ 1784-1787 წლებში ცხოვრობდა. ეს მოცარტის ჩვენს დრომდე შემორჩენილი ერთადერთი აპარტამენტებია.


დეტალურად მოცარტის სახლის შესახებ =>>


შტეფანსპლაცთან თითქმის შერწყმულია მოედანი შტოკ-იმ-აიზენი. აქ ნახავთ შუშის ცილინდრში მოთავსებულ ლურსმნებჩარჭობილ ხეს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვენის მჭედლები მასში ლურსმნებს იღბლის მოსახმობად აჭედებდნენ.


ამ მოედნიდან შეგიძლიათ ვენის ერთ-ერთ ულამაზეს და მდიდრულ გრაბენის ქუჩას გაუყვეთ. ქუჩა ჰქვია, თორემ მოედანი გეგონებათ.



აქ ორი შადრევანია, რომლებიც წმინდა იოსებისა და წმინდა ლეოპოლდის სახელებს ატარებს. გრაბენის ქუჩაზე აღმართულია ქანდაკება, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დამარცხების აღსანიშნავად ააგეს XVII საუკუნის ბოლოს. ამ ავადმყოფობამ 100 ათასი ადამიანი შეიწირა. იმპერატორი ლეოპოლდ I ღმერთს შესთხოვდა დახმარებას და დაიფიცა, რომ თუ ეპიდემია დასრულდებოდა, ამ ადგილას მემორიალს ააგებდა. ქანდაკების თავზე წმინდა სამებაა გამოსახული.


გასცდებით შავი ჭირის სვეტს, ხელმარჯვნივ პატარა ქუჩაზე შეუხვევთ და წმინდა პეტრეს მომცრო მოედანზე აღმოჩნდებით. თქვენ წინ წმინდა პეტრეს ეკლესია აღიმართება (Peterskirche). ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჯერ კიდევ კარლ დიდმა ჩაუყარა VIII საუკუნეში, თუმცა ამჟამინდელი სახე მან XVIII საუკუნის დასაწყისში მიიღო.



დეტალურად წმინდა პეტრეს ეკლესიის შესახებ =>>


გრაბენის ქუჩიდან კოლმარკტის ქუჩაზე შევუხვიოთ. ეს დასახელება სიტყვასიტყვით "ნახშირის ბაზარს" ნიშნავს. XVI საუკუნეში აქ მართლა ნახშირისა და შეშის ბაზარი იყო, ახლა კი კოლმარკტი ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირი სავაჭრო ქუჩაა. ამ ქუჩაზე მდებარეობს, აგრეთვე, ლეგენდარული საკონდიტრო "დემელი".



სწორედ აქედან მიჰქონდათ ნაირგვარი ტორტები და ნამცხვრები იმპერატორის სასახლეში. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სახელგანთქმული "ზახერი", "ესტერხაზი", ვაშლის შტრუდელი და სხვა უგემრიელესი ნამცხვრები.


კოლმარკტის ქუჩიდან მიხაელერპლაცზე მოხვდებით, მოედანზე, სადაც ამავე სახელწოდების ეკლესია დგას. სხვათა შორის, პირველად მასში გაჟღერდა მოცარტის უკვდავი "რეკვიემის" ნაწილი (როგორც ცნობილია, კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ ის სხვებმა დაასრულეს).



მიხაელერპლაცზე ყველაზე ღირშესანიშნავი შენობა, უდავოდ, ჰოფბურგის სასახლეა, ავსტრიელი იმპერატორების ზამთრის რეზიდენცია. ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც შედგება ბაროკოსა და რენესანსის სტილის მრავალი სასახლისგან, მოედნისგან, ეზოსა და მუზეუმისგან.



გავივლით თაღს და მართკუთხა ეზოში აღმოვჩნდებით, სადაც ცენტრში ფრანც I-ის ძეგლი დგას. აქვეა ლეოპოლდის ფრთა, რომელშიც დღესდღეობით ავსტრიის პრეზიდენტის რეზიდენციაა.



აქ იხილავთ ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საიმპერატორო საგანძურსა და კაპელას, ვერცხლის ნაკეთობათა კოლექციას და მრავალ სხვას.


შვეიცარიის ეზოდან (Schweizerhof) მოხვდებით ბაროკოს სტილის მოედანზე, იოზეფპლაცზე, რომლის კუთხეშიც დგას სამსართულიანი ზამთრის მანეჟი, სადაც ფუნქციონირებს ცხენოსნობის ესპანური სკოლა.


ამავე მოედანზეა XIV საუკუნის პალფის სასახლე. 1762 წელს სწორედ აქ, "ფიგაროს" დარბაზში, აღფრთოვანებული მაყურებლის წინაშე გამართა ერთ-ერთი პირველი კონცერტი ექვსი წლის ნორჩმა გენიოსმა მოცარტმა თავის დასთან ერთად.


დეტალურად ჰოფბურგის სასახლის შესახებ =>>


თუ კიდევ რამდენიმე მეტრით წაიწევთ წინ, დაინახავთ ავგუსტინელების ძველებურ ეკლესიას.



აქ იმართებოდა იმპერატორის ოჯახის წევრების ჯვრისწერისა და დაკრძალვის ცერემონიები.


ჩვენი მარშრუტის მომდევნო პუნქტი გალერეა ალბერტინაა. ეს შენობა 1795 წელს შეიძინა ჰერცოგმა ალბერტმა და მასში სამხატვრო მუზეუმი მოაწყო. ამჯამად აქ 1 მილიონამდე ნახატია, მათ შორის მიქელანჯელოს, რემბრანდტის, რუბენსის, პიკასოსა და სხვა სახელოვანი მხატვრების ნამუშავრები. გალერეაში, დროდადრო, ცნობილი ფერმწერების თემატური გამოფენები იმართება.



დეტალურად გალერეა ალბერტინას შესახებ =>>


ალბერტინას პირდაპირ, ქუჩის გადაღმა, ომისა და ფაშიზმის წინააღმდეგ აღმართული მემორიალია. უწინ აქ დიდი სახლი "ფილიპ-ჰოფი" იდგა, რომელიც 1945 წლის 12 მარტს დაბომბვისას დაინგრა, რამაც მის სარდაფებში დამალული სამასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მემორიალი რამდენიმე ქანდაკებისგან შედგება. მათ შორისაა მუხლებზე დამხობილი ებრაელი - ცნობილია, რომ ფაშისტებმა ვენის ოკუპაციის შემდეგ ებრაელები აიძულეს, ქუჩები ანტიფაშისტური ლოზუნგებისგან გაეწმინდათ.




შემდეგ კერნტნერშტრასეზე გავდივართ, ვენის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე. მასზე ბევრი მაღაზია, კაფე და რესტორანია. ვენის ოპერასთან ახლოს დგას სასტუმრო "ზახერი" მისი სახელგანთქმული საკონდიტროთი, სადაც შეგიძლიათ სწორედ "ის" ტორტი "ზახერი" დააგემოვნოთ.


თუ კერნტნერშტრასეს გავუყვებით, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას, ვენის ოპერას მივადგებით. შენობა 1863-1869 წლებში აშენდა და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვენის მოქალაქეები მას მკაცრად აკრიტიკებდნენ, დღეს ის ქალაქის წამყვანი ღირსშესანიშნაობაა.



ავსტრიის უდიდესი ოპერის თეატრი ცნობილია არა მხოლოდ საოპერო და საბალეტო დადგმებით, არამედ მდიდრული მეჯლისითაც, სადაც, ტრადიციულად, დებიუტანტ წყვილებს წარადგენენ. კიდევ ერთი ტრადიცია საზაფხულო კონცერტებია შენობის წინ, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


დეტალურად ვენის ოპერის თეატრის შესახებ =>>


სეირნობას განვაგრძობთ ვენის ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩაზე - რინგშტრასეზე, ანუ წრიულ ქუჩაზე. რინგის, როგორც მას ვენელები უწოდებენ, გასწვრივ სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ლამაზი შენობები მდებარეობს.



რინგშტრასეზე სეირნობისას დასასვენებლად შეგიძლიათ ბურგარტენის პარკში შეიაროთ. აქ დგას მოცარტისა და გოეთეს ქანდაკებები. არის, აგრეთვე, პალმების ორანჟერეა ტროპიკული მცენარეებით და პეპლების სახლი.



ბურგარტენის გვერდით გრანდიოზული გმირთა მოედანია - ჰელდენპლაცი. აქ გამოსვლა ჰოფბურგის სასახლის შიგა ეზოდანაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ჯერ შვეიცარიის ეზოში შევიარეთ და ძველი ვენის სხვა ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, ახლა კი რინგშტრასეზე გავიარეთ და ჰოფბურგს მეორე მხრიდან შევხედეთ. მოედნის ცენტრში ბრინჯაოს ცხენებზე ერცჰერცოგი კარლი და პრინცი ევგენი სავოიელი ამხედრებულან.



ჰოფბურგის პირდაპირ, გზის გადაღმა, მარია ტერეზიას მოედანია, რომელსაც იმპერატორის მეუღლის, მარია ტერეზიას ქანდაკება ამშვენებს. ის 1888 წელს დადგეს. მოედნის იქით მუზეუმების კვარტალი მოჩანს - ვენის ყველაზე დიდი სამუზეუმო სივრცე. ორი ტყუპი მუზეუმი ზედ ამ მოედანზეცაა: ხელოვნების ისტორიისა და ბუნებისმეტყველების.



დეტალურად მუზეუმების კვარტალის შესახებ =>>


შემდეგი პუნქტი ფოლკსგარტენი, ანუ სახალხო ბაღია. იგი 200 წლისაა. აქ დროის გატარება განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულის თბილ დღეებშია.



მივუყვებით წრიულ ქუჩას და ვუახლოვდებით პარლამენტის შენობას, რომლის მშენებლობაც 1884 წელს დასრულდა. შეხედავთ თუ არა მას, მყისვე იგრძნობთ ძველი საბერძნეთის გავლენას.



დეტალურად ავსტრიის პარლამენტის შესახებ =>>


რინგშტრასეზე მომდევნო ღირსშესანიშნაობა ვენის რატუშაა - ულამაზესი შენობა 105 მეტრი სიმაღლის კოშკით. ეს არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ქალაქის ბურგომისტრი და საბჭო მუშაობს. აქ ყოველწლიურად ასობით ღონისძიება იმართება: მეჯლისები, კარნავალები, ფესტივალები, დღესასწაულები, საშობაო ვაჭრობა. რატუშის წინ რატუშის პარკია. პარკის ცენტრში, უზარმაზარ ეკრანზე, ზაფხულობით ფილმებს უჩვენებენ, ზამთარში კი უზარმაზარი საციგურაოა გახსნილი.



დეტალურად ვენის რატუშის შესახებ =>>


რატუშის პირდაპირ ბურგთეატრის კოხტა შენობა დგას. ავსტრიის ფედერალური თეატრი 1741 წლიდან არსებობს, სახალხო ბაღის გვერდით კი 1888 წლიდანაა. სწორედ აქ შედგა მოცარტის "ფიგაროს ქორწინების" პრემიერა.



აღნიშნული მარშრუტი დაახლოებით 5 კილომეტრია. თუ კაფეში, საკონდიტროში ან მაღაზიებში შეივლით, ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობასთან შეყოვნდებით, გასეირნებას რამდენიმე საათს მოანდომებთ. თქვენ ისტორიული ცენტრი დაათვალიერეთ და "პროგრამა-მინიმუმი" შეასრულეთ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი დრო და ენერგია შეგრჩათ. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ის ხომ არაა, რომ წინ და უკან თავქუდმოგლეჯით ირბინოთ და დათვალიერებას გემო ვერ ჩაატანოთ. თუ მაინცდამაინც გინდათ სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ნახეთ ამ საიტზე მარშრუტი "ვენა 2 დღეში", "ვენის ღირსშესანიშნაობები" და სხვა თავები და დანარჩენი მათ მიხედვით დაამატეთ.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!