სახელგანთქმულმა ესპანელმა ხელოვანმა ანტონიო გაუდიმ საკუთარი უნიკალური სტილი შექმნა არქიტექტურაში, რომელსაც "კატალონიური მოდერნი" უწოდეს. ბარსელონას სწორედ მისი ნამუშევრები აძლევენ განუმეორებელ იერს. ბევრი მათგანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. გაუდი ბუნებას აღმერთებდა და ის არქიტექტურაში გადაიტანა. მის ქმნილებებში პრაქტიკულად არ არის სწორი ხაზები და ჭარბობს უცნაური ფორმები და კაშკაშა ფერები. ეს სტილი სხვის სტილში არასოდეს აგერევათ. ბარსელონა წარმოუდგენელია გაუდის უნიკალური არქიტექტურის გარეშე. მისი შემოქმედება მთელ ქალაქშია მიმოფანტული და საოცრად ალამაზებს მას. ესპანელები ამაყობენ თავიანთი თანამემამულით, კატალონიელები კი ხაზს უსვამენ მის წარმოშობას და დიდი არქიტექტორის სახელს კატალონიური ვარიაციით წარმოთქვამენ - ანტონი გაუდი (განსხვავებით ესპანური ანტონიოსგან).
სტატიის შინაარსი
9. წმინდა ტერეზას მონასტრის სკოლა
10. პავილიონები გუელის კარ-მიდამოში
ტაძარი საგრადა ფამილია
ანტონიო გაუდის შემოქმედების მწვერვალი, უდავოდ, "წმინდა ოჯახის ტაძარი", იგივე "საგრადა ფამილიაა". მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და გაუდი მას 1926 წლამდე - თავის გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. ეს არის საოცარი სილამაზის ნაგებობა ფანტასტიკური ინტერიერითა და ფასადებით.
დეტალურად საგრადა ფამილიის შესახებ =>>
ბალიოს სახლი
ბალიოს სახლი ანტონიო გაუდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია. ეს არის 1877 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც 1904-1906 წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარა გენიალურმა კატალონიელმა არქიტექტორმა. ის XX საუკუნის დასაწყისი მოდერნის სტილის არქიტექტურული ნიმუშია. გამოირჩევა იმით, რომ მასში სწორ ხაზებს ვერ აღმოაჩენთ. ბარსელონელები მას "ძვლების სახლსაც" უწოდებენ, ვინაიდან მისი ფორმები მითოლოგიური ცხოველის ჩონჩხის ნაწილებს მაგაგონებენ.
დეტალურად ბალიოს სახლის შესახებ =>>
მილას სახლი ანუ LA PEDRERA
საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1906-1910 წლებში ააგო ანტონიო გაუდიმ მილას ოჯახისთვის, კატალონიის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მილას სახლი გაუდის ბოლო ნამუშევარი გახდა, რის შემდეგაც ის მთლიანად გადაერთო "საგრადა ფამილიას" მშენებლობაზე. სახელგანთქმული არქიტექტორის ფანტაზიისა და ოსტატობის წყალობით გეგონებათ, რომ სახლი მოძრაობს და სუნთქავს.
დეტალურად მილას სახლის შესახებ =>>
გუელის სასახლე
გუელის სასახლე ანტონიო გაუდის ერთ-ერთი ადრეული დიდი ნამუშევარია. შვიდსართულიანი სახლი, ერთი შეხედვით, მკაცრად გამოიყურება, მაგრამ თუ დეტალებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სიმდიდრე და ფუფუნება, რომელთა მიღებაც სურდა დამკვეთს - კატალონიელ მეწარმესა და მეცენატს გრაფ ეუსები გუელს, საუცხოოდაა გამოკვეთილი შენობის მონუმენტურობით.
დიდებული სახლი 1886-1889 წლებში გაჩნდა ძალზე ღარიბულ ქუჩაზე Conde del Asalto (მაშინ ასე ერქვა). გუელმა ოჯახურ ტრადიციებს არ უღალატა და სწორედ ეს ადგილი აირჩია - მშობლების სახლის გვერდით. გაუდიმ ჩინებულად გაართვა თავი დავალებას და სახლები სახურავიდან დაუკავშირა ერთმანეთს დახურული დერეფან-ხიდების საშუალებით. საბოლოოდ, გუელის სასახლე მცირე სივრცეში განთავსებულ ვენეციურ სასახლეს დაემსგავსა - მოედანი ორ მეზობელ შენობას შორის მხოლოდ 22x19 მეტრზე იყო. შენობას ჰქონდა დიდი სასტუმრო დარბაზი, მაღალი ჭერი და პარაბოლური გუმბათი, რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ფასადის მშენებლობისას გაუდიმ უარი თქვა ეკლექტიკურ სტილზე და ნეოგოტიკა და არტ-ნუვო აირჩია. სამშენებლო მასალად კი გერაფის ნაცრისფერი მარმარილო გამოიყენა. შესასვლელთან ორი დიდი თაღია, რომლებშიც ლითონის მოჩუქურთმებული კარია ჩასმული. თაღებს შორის მოთავსებულია გერბი. მასზე გამოსახულია კატალონიის დროშა. დროშის ზემოთ ჩაფხუტია, რომელიც სიმამაცის სიმბოლოა. ამ ყველაფრის თავზე კი ფენიქსია, მითოლოგიური არსება. ის იმ ეპოქაში კატალონიის საზოგადოების ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ალეგორია გახდა.
დიდი წინა ჭიშკარი გათვალისწინებული იყო ეტლებით მოსული სტუმრებისთვის. ეტლებს შეეძლოთ პირდაპირ საჯინიბოებთან მისულიყვნენ, სტუმრებს კი კიბის გავლით - მისაღებში.
ასე გამოიყურებოდა მოსაცდელი:
სასადილო ოთახი:
აპარტამენტები:
სახურავი, სადაც უცნაურ საკვამურებს იხილავთ:
გუელის სასახლის ინტერიერის და ექსტერიერის ყოველი დეტალი დახვეწილობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა.
1984 წელს გუელის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
გუელის სასახლის მუშაობის რეჟიმი:
- 1-ლი აპრილი-31 ოქტომბერი - 10:00-20:00;
- 1-ლი ნოემბერი-31 მარტი - 10:00-18:00;
- არ მუშაობს ორშაბათობით, 25-26 დეკემბერს, 1-ელ და 6 იანვარს, იანვრის მეოთხე კვირას.
გუელის სასახლეში შესვლა ფასიანია.
ბილეთების ღირებულებაა:
- ჩვეულებრივი - 12 ევრო (11 ევრო ონლაინ რეჟიმში);
- სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის) - 9 ევრო;
- 10-17 წლის ბავშვებისთვის - 5 ევრო;
- 10 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
გუელის სასახლის მისამართია: Carrer Nou de la Rambla, 3-5.
გუელის სასახლესთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Liceu/Drassanes;
- ავტობუსით №14, 59, 91, 120.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გუელის სასახლის ოფიციალურ საიტს: http://www.palauguell.cat.
ვისენსის სახლი (Casa Vicens)
ვისენსის სახლი გაუდის პირველი პროექტია. ის მან 1883-1888 წლებში შექმნა მეწარმის, აგურისა და კერამიკული ფილების ფაბრიკის მფლობელის, მანუელ ვისენსის დაკვეთით. მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ შენობამ დაუდო სათავე კატალონიურ მოდერნიზმს. ზედა ნაწილში აშკარად შეიმჩნევა იმ დროს პოპულარული მავრიტანიული სტილის გავლენა, ქვედა ნაწილი კი, რომელშიც გამოიყენება მასიური ქვის ბლოკები, აგური, კერამიკა და ჭედური ელემენტები, სახლს განუმეორებელ ორიგინალურობას ანიჭებს.
ვისენსის სახლში ბევრი რამ არის საინტერესო. მაგალითად, ვესტიბიული კოხტა ვიტრაჟებით:
სასადილო ხის ინტერიერითა და ადგილობრივი მხატვრის, ფრანცესკა ტორეკასანის 32 ნახატით:
მდიდრულად მორთული თამბაქოს მოსაწევი ოთახი:
ორიგინალური ჭერი ჩიტებისა და პალმის ტოტების გამოსახულებებით:
სტუმრებს ბაღშიც შეეძლოთ საუზმობა:
ვისენსის სახლის მუშაობის რეჟიმი:
- 1-ლი აპრილი-30 სექტემბერი - 10:00-20:00;
- 1-ლი ოქტომბერი-31 მარტი - ორშაბათი-პარასკევი - 10:00-15:00, შაბათ-კვირა - 10:00-19:00;
- არ მუშაობს 25 დეკემბერს, 6 იანვარს, 10-18 იანვარს.
ვისენსის სახლში შესვლა ფასიანია.
ბილეთების ღირებულებაა:
- ჩვეულებრივი, აუდიოგიდით 13 ენაზე - 16 ევრო (სალაროში - 18 ევრო); 12-25 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის) - 14 ევრო (სალაროში - 16 ევრო); 12 წლამდე - უფასოდ;
- ჩვეულებრივი, აუდიოგიდით 13 ენაზე, შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ დღეს და დროს 6 თვის განმავლობაში - 18 ევრო; 12-25 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის) - 16 ევრო; 12 წლამდე - უფასოდ;
- საექსკურსიო, გიდით 3 ენაზე (ინგლისური, ესპანური, კატალანიური) - 20 ევრო; 12-25 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის) - 14 ევრო; 12 წლამდე - უფასოდ;
- ჩვეულებრივი, აუდიოგიდით 13 ენაზე, გეკუთვნით ჟოლოსა და იოგურტის ნამცხვარი ვარდის ჩაით - 20 ევრო; 12-25 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და 65 წელს გადაცილებულებისთვის (ევროკავშირის მოქალაქეებისთვის) - 18 ევრო; 11 წლამდე - 6 ევრო;
- შესვლა უფასოა 6-8 და 27-30 დეკემბერს - 10:00-19:00, 31 დეკემბერს - 10:00-15:00.
ვისენსის სახლის მისამართია: Carrer de les Carolines, 20-26.
ვისენსის სახლთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Fontana/Lesseps და შემდეგ ფეხით 300 მეტრი;
- ავტობუსით №22, 24, 27, 87, 114, H6, V17, D40, N4;
- მატარებლით FGC - L6, L7, S5, S55, S1, S2, გაჩერება Gràcia და შემდეგ ფეხით 500 მეტრი; FGC - L7, გაჩერება და შემდეგ ფეხით 500 მეტრი; FGC - L6, S5, S55, გაჩერება Sant Gervasi და შემდეგ ფეხით 450 მეტრი.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვისენსის სახლის ოფიციალურ საიტს: http://casavicens.org.
კალვეტის სახლი (Casa Calvet)
კალვეტის სახლი ანტონიო გაუდიმ ტექსტილის ფაბრიკის მფლობელის - პერე მარტირა კალვეტ-ი-კარბონელის - ქვრივის შეკვეთით 1898-1900 წლებში ააგო. ის ბარსელონის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
როგორც თავის სხვა ნამუშევრებში, გაუდიმ შთაგონებისთვის ამ შემთხვევაშიც ბუნებას მიმართა. მეორე სართულის ფასადზე მან სოკოები გამოსახა (პერე კალვეტს სოკოები უყვარდა), აივნების თავზე ხილით სავსე სიუხვის რქას შეამჩნევთ, ვაშლებსა და მსხლებს შორის ორი მტრედია. შესასვლელთან მდგარი კრონშტეინი გრაციოზული კვიპაროსია - ოდითგანვე სტუმართმოყვარეობის სიმბოლო.
ფასადის ზედა ნაწილში სამი პიროვნების თავია გამოქანდაკებული. ერთი პერე კალვეტია, ორიც - მისი მშობლიური ქალაქ ვილასარის მფარველები.
არანაკლებ შთამბეჭდავია სახლის ინტერიერი. აქ ყოველი დეტალი საგულდაგულოდაა შერჩეული.
კალვეტის სახლი საცხოვრებელი ნაგებობაა და მისი დათვალიერება მხოლოდ გარედან შეიძლება.
კალვეტის სახლის მისამართია: Carrer de Casp 48.
კალვეტის სახლთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი L1 ან ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Urquinaona;
- ავტობუსით №7, 17, 22, 28, 39, 41, 45, 50, 55, 62, 141.
გუელის პარკი (Parc Güell)
კარმელის ბორცვზე მოწყობილი გუელის პარკი ადვილი გამოსაცნობია მის ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ორი კოხტა სახლით, რომელთა სახურავებიც ფერადი მოზაიკითაა მორთული. თავდაპირველად პარკი ჩაფიქრებული იყო, როგორც საცხოვრებელი ტერიტორია და დასვენების ზონა ბარსელონელებისთვის. ინგლისური ქალაქი-ბაღის პროექტში შედიოდა სახლები, ბაზრის მოედანი, სათამაშო მოედნები, სასეირნო ხეივნები. მეცენატმა ეუსები გუელმა თავისი ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად ძველი მეგობარი, არქიტექტორი ანტონიო გაუდი მოიწვია. სამწუხაროდ, ქალაქი-ბაღის გაშენება არ მოხერხდა ბარსელონელთა დაუინტერესებლობის გამო. გუელის პარკი მერიას მიჰყიდეს და მოგვიანებით ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა გახდა.
დეტალურად გუელის პარკის შესახებ =>>
ბელესგუარდის კოშკი (Torre Bellesguard)
ეს კოშკი, რომელსაც "ფიგერასის სახლსაც" (Casa Figueres) უწოდებენ, 1900-1909 წლებში ააგო ანტონიო გაუდიმ ხაიმე ფიგერასის ქვრივის შეკვეთით. ის ბარსელონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობა და მთავარი ღირსშესანიშნაობა, კატალონიის ერთგვარი სიმბოლოა. ბელესგუარდი კატალონიურად "ლამაზ ხედს" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს სიტყვები წარმოუთქვამს ბარსელონის დინასტიის უკანასკნელი მეფის მდივანსა და პოეტს, როდესაც პირველად აღმოჩნდა ამ ბორცვზე.
არქიტექტორის ჩანაფიქრით, ნაგებობა ჰარმონიულად უნდა შერწყმოდა ტიბიდაბოს მთის ლანდშაფტს. მასში ჭარბობს მავრიტანიული ელემენტებით გაზავებული ნეოგოტიკის სტილი, რაც მნახველს გოტიკას აგონებს, რომელიც XV საუკუნის არქიტექტურაში დომინირებდა. შუა საუკუნეებს გვახსენებს, აგრეთვე, მახვილკუთხიანი თაღები, გისოსებიანი ვიტრაჟები, დაკბილული აივნები და კოშკი შენობის კუთხეში.
კოშკის თავზე ორიგინალური ჯვარი და კატალონიის დროშის ფერები მოჩანს - გაუდის ერთგვარი არქიტექტურული ხელმოწერა.
ფიგერასის სახლს კომპაქტური, კვადრატული, 15 მეტრი სიგრძის საძირკველი აქვს. შენობა ცისკენ მიისწრაფვის და მისი სიმაღლე 33 მეტრია. სხვენისკენ მიმავალი ხვეული კიბე დაკბილულ ტერასაზე გადის, საიდანაც ბარსელონის საუცხოო პანორამა მოჩანს. მთავარი სამხრეთ-დასავლეთის ფასადის ქვის შვერილში განთავსებულია ვესტიბიული კიბით, სადაც სინათლე რვაკუთხა ვარსკვლავის ფორმის ფერადი ვიტრაჟიდან შემოდის.
შენობაში ვერსად წააწყდებით შემთხვევით ელემენტს. მოზაიკა გვირგვინის, გემებისა და თევზების გამოსახულებებით კატალონიის ოდინდელ საზღვაო დიდებას გახსენებთ, სტილიზებული დრაკონის ფორმის სატუმბი მოწყობილობა კი ძველ ნაციონალურ ლეგენდებში გადაგისვრით.
ბელესგუარდის კოშკის მშენებლობისას გაუდიმ ზოგიერთი არქიტექტურული იდეა მოსინჯა, რომლებიც მოგვიანებით საგრადა ფამილიაში გამოიყენა.
ბელესგუარდის კოშკის ღიაა ყოველდღე, ორშაბათის გარდა - 10:30-14:30. დაკეტილია, აგრეთვე, 1-ელ და 6 იანვარს და 25-26 დეკემბერს.
ბელესგუარდის კოშკში შესვლა ფასიანია.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი ბილეთი - 10 ევრო;
- 8-18 წლის ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის - 8 ევრო;
- 8 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა (უფროსის თანხლებით).
ბელესგუარდის კოშკის მისამართია: Carrer de Bellesguard, 20.
ბელესგუარდის კოშკთან მისასვლელად ისარგებლეთ კატალონიის მოედნიდან :
- მეტროს FGC ყავისფერი L7 ხაზით, გაჩერება Avinguda de Tibidabo, შემდეგ ავტობუსით №H196/123;
- ავტობუსით V15, V15, შემდეგ კი ავტობუსით №H196/123.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბელესგუარდის კოშკის ოფიციალურ საიტს: https://bellesguardgaudi.com/en/.
წმინდა ტერეზას მონასტრის სკოლა (Collegi de las Teresianes)
ეს ნაგებობა ანტონიო გაუდიმ ააგო 1888-1890 წლებში წმინდა ტერეზა ავილელის მონაზონთა ორდენის დამფუძნებლის, ენრიკე დე ოსის დაკვეთით. კოლეჯში მომავალ მონაზვნებს უნდა ესწავლათ. თავდაპირველად ამ საქმეს სხვა არქიტექტორი ხელმძღვანელობდა (სავარაუდოდ, ხუან პონს ტრაბალი), შემდეგ კი ის გაუდის გადააბარეს. მას საკმაოდ უჩვეულო პირობებში მოუხდა მუშაობა: სხვისი პროექტით, მშენებლობისთვის გამოყოფილი მწირი თანხებით, თან თავშეკავება და ზომიერება უნდა გამოეჩინა და ყოველი ჩანაფიქრი დამკვეთთან შეეთანხმებინა. თავისი ნიჭის წყალობით, გაუდიმ მამა დე ოსის მოთხოვნების შესრულებაც შეძლო და საკუთარი თავის გამოვლენაც.
ეს ყველაზე მკაცრი ნაგებობაა გაუდის ნამუშევრებს შორის. ავტორი სამშენებლო მასალად დაუმუშავებელ ქვასა და აგურს იყენებდა, რამაც ეს სიმკაცრე ოდნავ შეარბილა.
ამას ხელი შეუწყო ოსტატურად გამოყენებულმა მცირე დეკორატიულმა ელემენტებმაც.
გაუდიმ იმდენი მოახერხა, რომ მართკუთხა საძირკველი სარდაფად გადააკეთა, მზით განათებული პირველი სართული კი - შვიდ ნაწილად გაყოფილ ღია შიგა ეზოდ. ვარაუდობენ, რომ გაუდიმ იხელმძღვანელა ტერეზა ავილელის წიგნით "შინაგანი ციხეკოშკი", რომელშიც აღწერილია სულიერი ძიების შვიდი საფეხური.
1969 წელს წმინდა ტარეზას სკოლა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა.
კოლეჯი ღიაა ჯგუფური ექსკურსიებისთვის შაბათ-კვირას - 15:00-20:00.
წმინდა ტერეზას სკოლის მისამართია: Carrer de Ganduxer 85-105.
წმინდა ტერეზას სკოლასთან მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Lesseps, შემდეგ ავტობუსით №74, გაჩერება Ganduxe, ან იმავე L3 ხაზით, გაჩერება Maria Cristina, შემდეგ ავტობუსით №16, გაჩერება Ronda General Mitre-Via Augusta.
პავილიონები გუელის კარ-მიდამოში (Pavellons de la Finca Güell)
გუელის პავილიონები ნაგებობათა კომპლექსია პედრალბესის კვარტალში, რომელიც ანტონიო გაუდიმ ეუსები გუელის დაკვეთით ააგო 1884-1887 წლებში. ეს იყო პირველი შეკვეთა, რომელიც გუელმა მომავალ სახელგანთქმულ არქიტექტორს მისცა. გაუდის გეგმა ემყარებოდა მითს ჰესპერიდეზე - ჯადოსნურ ბაღზე. კარ-მიდამოს ყველაზე საინტერესო შემორჩენილი ნაწილი დრაკონის ფორმის ჭიშკარია. ლეგენდის თანახმად, სისხლმოწყურებული დრაკონი ლადონი იცავდა იმ ბაღის შესასვლელს, სადაც იზრდებოდა ვაშლის ხე, რომელიც ოქროს ნაყოფს ისხამდა და მარადიულ ახალგაზრდობასა და უკვდავებას იძლეოდა.
ჭიშკარს მხოლოდ ერთი საყრდენი აქვს. როდესაც ვინმე მის გაღებას ცდილობს, დრაკონი მოძრაობას იწყებს და ბასრ კლანჭებს წინ გამოსწევს.
ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ჭიშკარი, საჯინიბოები და მეკარის სახლი. ჭიშკრის მარჯვენა მხარეს მედალიონია ასო "G"-თი ("გუელი").
1969 წელს გუელის პავილიონები ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. ის ბარსელონის უნივერსიტეტის კუთვნილებაა.
გუელის პავილიონები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 14:00-მდე.
ბილეთის ღირებულებაა 6 ევრო.
გუელის პავილიონების მისამართია: Avinguda de Pedralbes 7.
გუელის პავილიონებთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Maria Cristina/Palau Reial;
- ავტობუსით №7, 33, 63, 67, 75, 78, 113, H6, V5.
მირალესის ჭიშკარი (Porta de la Finca Mirales)
გუელის პავილიონებიდან რამდენიმე კვარტალის დაშორებით მდებარეობს ანტონიო გაუდის კიდევ ერთი ნამუშევარი - მირალესის კარ-მიდამოს ჭიშკარი. 1901-1902 წლებში ფაბრიკანტმა მირალესმა თავის მეგობარ ანტონიო გაუდის დაავალა ჭიშკრის გაკეთება ქალაქგარეთ მდებარე კარ-მიდამოსთვის.
ერთი შეხედვით, ჭიშკარი თითქოს არამყარია, მაგრამ ეს ასე არ არის. კონსტრუქცია მყარი და საიმედოა. გაუდიმ განზრახ გადაანაცვლა ვიზუალური ცენტრი ილუზიის შესაქმნელად. ჭიშკარი ზღვის ნიჟარას ჰგავს, თუმცა ზოგი მას დრაკონის ზურგს ადარებს.
ჭიშკრის სიგრძე 36 მეტრია. 2000 წლიდან ჭიშკართან ანტონიო გაუდის ნატურალური ზომის ძეგლი დგას, რომლის ავტორიც ხოაკიმ კემპსია.
მირალესის ჭიშკრის მისამართია: Passeig de Manuel Girona, 55.
მირალესის ჭიშკართან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Maria Cristina;
- ავტობუსით №66 - კატალონიის მოედნიდან.
ფარნები სამეფო მოედანზე (Gaudi’s lanterns)
ეს ფარნები მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სამეფო მოედანზე და გაუდის პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია ბარსელონაში. გადმოცემის თანახმად, 1878 წელს დირექტორმა, რომელმაც ანტონიო გაუდის არქიტექტორის დიპლომი გადასცა, შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "ბატონებო, არ ვიცი, ვის ვაძლევთ ამ დიპლომს - გენიოსს თუ შეშლილს!" აღნიშნული სამუშაო არქიტექტორის საბრძოლო ნათლობა აღმოჩნდა: ჯერაც უდიპლომოს ქალაქის საბჭომ ფარნის ბოძები შეუკვეთა. გაუდიმ პროექტის ორი ვარიანტი შეიმუშავა. ერთის მიხედვით, ბოძს ექვსი ლამპა უნდა ჰქონოდა, მეორის მიხედვით - სამი. კომისიამ პირველი ვარიანტი მოიწონა. ორი ფარნის ბოძის საზეიმო გახსნა 1879 წლის სექტემბერში შედგა.
მოედნის გაფორმებისას, იმ დროის კვალობაზე, გაუდი გენიალურიც იყო და ექსცენტრიკულიც. ბოძის თავზე მერკურია, ბოძზე კი ორი გველია შემოხვეული - ამ ღმერთის ატრიბუტიკის ელემენტები. ვარაუდობდნენ, რომ მოედნის პერიმეტრზე შენობებს კომერსანტები დაიკავებდნენ, მერკური კი ვაჭრობის მფარველია. ფარნების დასამზადებლად გაუდიმ კოროზიამედეგი მასალა გამოიყენა.
ფარნების შეხედვისთანავე შეგექმნებათ წარმოდგენა დიდი არქიტექტორის თავისებურ, განუმეორებელ სტილზე. ისინი სამეფო მოედნის ნამდვილი მშვენებაა.
გაუდის ფარნების მისამართია: სამეფო მოედანი Passeig de Manuel Girona, 55.
სამეფო მოედანზე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Drassanes ან Liceu.
საგრადა ფამილიას სკოლა
ეს შენობა ანტონიო გაუდიმ 1909 წელს ააშენა "წმინდა ოჯახის ტაძრის" სიახლოვეს იმ მუშების შვილებისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობის მშენებლობაზე. თუმცა სკოლაში სხვა ბავშვებიც დადიოდნენ რაიონში მცხოვრები ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან.
სკოლა პატარაა - 10 მეტრი 20 მეტრზე. მასში შედიოდა სამი საკლასო ოთახი, ჰოლი და სამლოცველო. კედლებსა და სახურავს ტალღისებური ფორმა აქვთ, რაც შენობას სიმსუბუქის შეგრძნებასა და სიმყარეს მატებდა.
ამჟამად შენობაში გახსნილია მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ბაზილიკის მშენებლობას. მასში "საგრადა ფამილიას" ბილეთით შეგიძლიათ შესვლა.
"საგრადა ფამილიას" ტაძრის მისამართია: Mallorca, 401.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს იასამნისფერი L2 და ლურჯი L5 ხაზით, გაჩერება Sagrada Familia;
- ავტობუსით №19, 33, 34, 24, 50, 10, N1, N7, გაჩერება Sagrada Familia.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია