მართალია, ვენის საფუძვლიანად დასათვალიერებლად სამი დღეც ცოტაა, მაინც მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხებთ ყველა ღირსშესანიშნაობის მონახულებას. ყურადღებით გადაავლეთ თვალი ავსტრიის დედაქალაქის გაცნობის მარშრუტებს - ვენა 1 დღეში და ვენა 2 დღეში. შეგიძლიათ რომელიმე ღირსშესანიშნაობა შეარჩიოთ და მას მეტი დრო დაუთმოთ, მაგალითად, მუზეუმების კვარტალს ან ეკლესიებს. გასართობად და სასეირნოდ პრატერს ან სხვა პარკებს ეწვიეთ, დუნაიზე გაისეირნეთ, მაღაზიებში შეიარეთ. არჩევანი თქვენზეა. მე კი ვენის 3 დღეში დათვალიერების ერთ სათადარიგო მარშრუტს შემოგთავაზებთ.
ერთხელ უკვე ავღნიშნე, რომ ჩემ მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებში შეგიძლიათ რაღაც გადააადგილოთ, ამოაგდოთ ან დაუმატოთ. ოღონდ გირჩევთ "ვენა 1 დღეში" და "ვენა 2 დღეში" მუშა ვარიანტებად გამოიყენოთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას აპირებთ, წაიკითხეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სტატიის შინაარსი
1. დღე პირველი
ვენის წრიული ბულვარის, ანუ რინგშტრასეს, შიგნით ისტორიული ცენტრი მდებარეობს. ეს ქუჩა 150 წელზე მეტი ხნისაა და მისი სიგრძე 5,3კმ-ია. მის გასწვრივ მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს: ვენის სახელმწიფო ოპერა, ვენის რატუშა, ავსტრიის პარლამენტი, უნივერსიტეტი, ბირჟა, ბურგთეატრი, პარკი ფოლკსგარტენი და შტადტპარკი, ჰოფბურგის სასახლე, ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, ბუნებისმეტყველების მუზეუმი. შეგიძლიათ მათ ფეხით ეწვიოთ, შეგიძლიათ სპეციალურ ტრამვაიში Vienna Ring Tram ჩაჯდეთ Swedenplatze-ზე და იქიდან შეავლოთ თვალი.
ჰოფბურგში, ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენციაში, იხილავთ იმპერატორთა ქანდაკებებს, ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საიმპერატორო კაპელასა და საგანძურს, ვერცხლის ნაკეთობათა კოლექციას, სისის მუზეუმს და მრავალ სხვას.
დეტალურად ჰოფბურგის სასახლის შესახებ =>>
მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული შოკოლადის ტორტი "ზახერი" 1832 წელს შექმნა ფრანც ზახერმა. ორიგინალური ტორტის დაგემოვნება ამავე სახელწოდების სასტუმროსა და კაფეში შეგიძლიათ, მაგრამ ცნობილია, რომ ტორტი საიმპერატორო საკონდიტრო "დემელში" გამოიგონეს (ამჟამად ის კოლმარკტის ქუჩაზე მდებარეობს. იხილეთ ვენა 1 დღეში) და დღეს აქ მას ძველებური რეცეპტით მანუფაქტურული წესით ამზადებენ, სასტუმრო "ზახერში" კი - ფაბრიკული წესით. ერთმანეთს ხომ არ შეადარებდით?
ვენის სახელგანთქმული სახელმწიფო ოპერა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ წლის განმავლობაში უამრავი საოპერო და საბალეტო წარმოდგენა იმართება, თებერვალში კი - ვენის მეჯლისი.
დეტალურად ვენის ოპერის თეატრის შესახებ =>>
ვენის უმთავრეს მოედანზე - შტეფანპლაცზე - დგას ავსტრიის ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოტიკური შენობა - წმინდა შტეფანის ტაძარი, რომელიც ვენის სიმბოლოცაა. აქ უდიდესი სიმდიდრეა თავმოყრილი, რომლის დიდი ნაწილის ხილვა მხოლოდ ექსკურსიის დროსაა შესაძლებელი. ტაძარს ორი კოშკი აქვს, საიდანაც დედაქალაქის ჩინებული ხედი მოჩანს.
დეტალურად წმინდა შტეფანის ტაძრის შესახებ =>>
2. დღე მეორე
ამ მოედანზე იმპერატორის მეუღლის, მარია ტერეზიას დიდი ქანდაკება დგას. აქვეა ორი მუზეუმი. სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმში რაფაელის, ველასკესის, ვერმეერის, რუბენსის, რემბრანდტის, დიურერის, ტიციანის, ტინტორეტოს შედევრებს იხილავთ. აუცილებლად შედით კუნსტკამერაში, სადაც ჰაბსბურგების დინასტიის "კურიოზების კაბინეტია", რომელშიც რარიტეტებია გამოფენილი, მათ შორის ბენვენუტო ჩელინის დამზადებული ოქროს სამარილე (ის 2003 წელს მოიპარეს, მაგრამ შემდეგ იპოვეს და უკან დააბრუნეს).
მუზეუმების კვარტალი 2001 წელს გაიხსნა ყოფილ საიმპერატორო საჯინიბოების ტერიტორიაზე და 60 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. აქ მდებარეობს კუნსტჰალე (სადაც იმართება თემატური გამოფენები, მუსიკალური და კინოფესტივალები, საოპერო კონცერტები), ლეოპოლდის მუზეუმი (მსოფლიო მნიშვნელობის სამხატვრო კოლექციები), "მუმოკი" (Mumok - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი), ვენის არქიტექტურული ცენტრი, საბავშვო მუზეუმი ZOOM, საცეკვაო კვარტალი, სტუდიები, სახელოსნოები, სალონები, კაფე-რესტორნები და მრავალი სხვა.
დეტალურად მუზეუმების კვარტალის შესახებ =>>
XX საუკუნის დასაწყისში ავსტრიელი მხატვრების ნაწილმა ახალი კულტურული გაერთიანება "სეცესიონი" დააარსა. დევიზად აირჩიეს ლოზუნგი - "დროს - მისი ხელოვნება, ხელოვნებას - მისი თავისუფლება" და საკუთარი სახსრებით ააგეს სეცესიონის სახლი. მის პირველ სართულზე განთავსებულია ნახატების ციკლი "ბეთჰოვენის ფრიზი" - ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის 34-მეტრიანი ვირტუოზული ინტერპრეტაცია, შექმნილი გუსტავ კლიმტის მიერ 1902 წელს.
ეს ბაზარი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში არსებობდა. თავდაპირველად აქ რძის ნაწარმით ვაჭრობდნენ, რძე კი ბოთლებითა და იფნის კასრებით მოჰქონდათ (იფანი - "აშ"; აქედან "აშმარკტ" და "ნაშმარკტ"). აქ ყოველთვის შეძლებთ ახალი ხილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების შეძენას, შაბათობით კი "ათასი წვრილმანის" ბაზრობა იმართება. ნაშმარკტზე მრავალი კაფე-რესტორანია. მოედნის ქვეშ მილში მოქცეული მდინარე ვენა მიედინება.
ბაზრამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროთი: U1, U2, U4 ხაზი - გაჩერება Karlsplatz.
ბელვედერის კომპლექსს ხშირად "ვენის ვერსალსაც" უწოდებენ. ის ცნობილი მხედართნთავრის, პრინც ევგენი სავოიელის, ზაფხულის რეზიდენცია იყო. მასში შედის ზედა ბელვედერი, ქვედა ბელვედერი ორანჟერეით და უზარმაზარი პარკი. ზედა ბელვედერში სამხატვრო მუზეუმია ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით (მათ შორისაა გუსტავ კლიმტის სახელგანთქმული "კოცნა"), ქვედაში კი ლამაზი და ძვირფასი დარბაზები და მრავალი სხვა.
დეტალურად ბელვედერის სასახლის შესახებ =>>
ამ უცნაური და ფერადოვანი სახლის ავტორი არქიტექტორი და მხატვარი ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერია. მისი აზრით, ადამიანებმა ასანთის კოლოფების მსგავს სახლებში კი არ უნდა იცხოვრონ, არამედ ასეთ მხიარულ და ეკოლოგიურად სუფთა შენობებში - სახურავიდან, აივნებიდან და ფანჯრებიდან მწვანე ნარგავები იყურება. სახლში ორმოცდააათი ბინაა, მის სიახლოვეს კი მუდამ ტურისტები ირევიან.
დეტალურად ჰუნდერტვასერის შესახებ =>>
პრატერი ვენელებისა და ტურისტების საყვარელი პარკია. აქ იხილავთ "ეშმაკის ბორბალს", 200-ზე მეტ ატრაქციონს, უამრავ გასართობს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმს, კაფე-რესტორნებს, ყოფილ მიწისქვეშა გადასასვლელში მოწყობილ საცეკვაო მოედანს და კიდევ მრავალ სხვას.
ატრაქციონების ბილეთების საშუალო ფასი 3-5 ევროა, "ეშმაკის ბორბლის" - 10 ევრო მოზრდილებისთვის და 4.5 ევრო 14 წლამდე ბავშვებისთვის.
მისამართი: მეტროს U1 წითელი და U2 იასამნისფერი ხაზი - გაჩერება Praterstern.
3. დღე მესამე
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი სასახლის კომპლექსი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრის დაშორებითაა. როგორც ამბობენ, ვენის ამ ღირსშესანიშნაობას ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს.
შონბრუნის სასახლე და პარკი ავსტრიის იმპერატორთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის თითქმის 500 წლისაა. აქ იხილავთ ულამაზეს ოთახებსა და დარბაზებს (ასეთი სულ ათასზე მეტია, მაგრამ ტურისტებისთვის მხოლოდ ორმოცია გამოყოფილი), პარკებს, ბაღებს, შადრევნებს, ლაბირინთებს, ანტიკური პერსონაჟების ქანდაკებებს, პალმების სახლს, ეტლების მუზეუმს, საბავშვო მუზეუმს, გლორიეტას, "რომის ნანგრევებს", ზოოპარკს. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ "ნამდვილი" ავსტრიული შტრუდელი. მოკლედ, თუ დრო და ფული არ დაგენანებათ, აქედან უდიდესი შთაბეჭდილებებით წამოხვალთ, თუმცა პარკში სეირნობა ყველასთვის უფასოა.
მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე U4 ხაზით, №10A ავტობუსით ან №10, №58 ტრამვაით - გაჩერება Schonbrunn.
მათთვის, ვისაცVienna City Card/Vienna Passაქვს, გათვალისწინებულია შეღავათები.
დეტალურად შონბრუნის სასახლის შესახებ =>>
ვენაში მრავალი ულამაზესი პარკია. მათში როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები ისვენებენ. თქვენც გაისეირნეთ და დაისვენეთ, ან გაერთეთ, როგორც, მაგალითად, პრატერში.
შტადტპარკი ვენის პირველი საზოგადოებრივი პარკია. ის წრიულ ბულვართან მდებარეობს და დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ფასეულობაა. აქ ყველაზე მეტი ქანდაკებაა, მათ შორის, სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორის, იოჰან შტრაუსისა. იქვე კურსალონია, სადაც კონცერტები იმართება.
ბურგარტენი 1919 წლიდან არსებობს. ის ჰოფბურგის კომპლექსის ნაწილია. აქ მდებარეობს პალმების სახლი, პეპლების სახლი, მოცარტისა და სხვა ცნობილი პიროვნებების ძეგლები.
ფოლკსგარტენი, იგივე სახალხო პარკი, ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი პარკია და ჰოფბურგის სასახლეს ესაზღვრება. აქ მშვენიერი ვარდნარია.
სხვა პარკებიდან გამოვყოფ რატუშის პარკს, ფროიდის პარკს, ვენის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღს, სეტაგაიას. არც ვენის ტყე დაგვავიწყდეს - მას ავსტრიელები "ვენის ფილტვებს" უწოდებენ. სწორედ ის შთააგონებდა მოცარტს, შუბერტსა და ბეთჰოვენს მუსიკალური შედევრების შექმნას.
ვენის ტყის გარშემო ვენახებია გაშენებული. აქ ბევრი ჰოირიგირია (ღვინის პატარა რესტორნები, სადაც სახლის ღვინით გაგიმასპინძლდებიან).
ვენის ტყეში მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს წვანე U4 ხაზით - გაჩერება Heiligenstadt, შემდეგ კი ავტობუსით №38A.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია