თუ ბარსელონაში სამი დღით ჩახვედით, შეგიძლიათ შედარებით გულმშვიდად იყოთ. მართალია, ბარსელონაში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ მათთან შედარებით, ვისაც მათ დასათვალიერებლად მხოლოდ ერთი ან ორი დღე აქვთ, გაცილებით ხელსაყრელ პირობებში ხართ. ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებ და თქვენც იმას გირჩევთ, რაც სხვებს ვურჩიე: პირველ ყოვლისა, ყველაფერი სწორად უნდა დაგეგმოთ, რისთვისაც ყურადღებით გაეცანით ამ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს - ბარსელონა 1 დღეში, ბარსელონა 2 დღეში, , ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბარსელონის საექსკურსიო ტრანსპორტი და ა.შ. თვალი გადაავლეთ ჩამოთვლილ ღირსშესანიშნაობებს, ვინაიდან მათში თქვენთვის სასარგებლო მრავალმხრივი ინფორმაციაა. ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს ფინანსურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. გადაწყვიტეთ, რისი დათვალიერება გსურთ დეტალურად, რისი - ზერელედ, რა დროს დაუთმობთ მაღაზიებში სიარულსა, შოპინგსა და ჭამა-სმას.
ყველაზე ლოგიკური იქნება, თუ პირველ ორ დღეს იმას დაათვალიერებთ, რაც მოყვანილია სტატიაში ბარსელონა 2 დღეში. ამას დაუმატეთ ის, რასაც ახლა შემოგთავაზებთ.
წმინდა მთა ტიბიდაბო (Tibidabo):
ტიბიდაბოს მთა ბარსელონის ყველაზე მაღალი წერტილია. აქედან კატალონიის დედაქალაქის საუცხოო პატორამა იშლება. ეს ადგილი მათეს სახარებაშიც არის ნახსენები. აქ დგას "წმინდა გულის ტაძარი", რომლის თავზეც ხელებგაშლილ იესო ქრისტეს დაინახავთ. ტაძარში შესვლა უფასოა. აქვეა ცნობილი ატრაქციონების პარკი და ფაბრის ობსერვატორია.
დეტალურად ტიბიდაბოს მთის შესახებ =>>
ციტადელის პარკი (Parc de la Ciutadella):
ციტადელის პარკი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს შორის. აქ იხილავთ ისტორიულ შენობებს, ქანდაკებებს, შადრევანს, ტრიუმფალურ თაღს, ზოოპარკს და ა.შ.
დეტალურად ციტადელის პარკის შესახებ =>>
მონსერატის მთა და მონასტერი (Montserrat):
მართალია, მონსერატის მთა და მონასტერი ბარსელონიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული, დაბეჯითებით გირჩევთ კლდეებს შორის აგებული ამ კომპლექსის მონახულებას, მით უმეტეს, რომ იქ ტრანსპორტით მისვლა არ გაგიჭირდებათ. ისარგებლეთ საბაგიროთი, ფუნიკულიორით, დატკბით საუცხოო ხედებით, დაათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, ხელით შეეხეთ "შავ მადონას". მერწმუნეთ, წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგრჩებათ.
დეტალურად მონსერატის მთისა და მონასტრის შესახებ =>>
პიკასოს მუზეუმი (Museu Picasso):
პიკასოს მუზეუმი შეიქმნა 1963 წელს ხაიმე საბარტესის ინიციატივით. ის გოტიკურ კვარტალში მდებარეობს და XIII-XVIII საუკუნეების ხუთ შენობას აერთიანებს: Palau Aguilar, Palau Baró de Castellet, Palau Meca, Casa Mauri, Palau Finestres. მათში სახელგანთქმული ესპანელი მხატვრის 3500 ნამუშევარია განთავსებული.
პიკასოს მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა - 10:00-19:00. დაკეტილია 1-ელ იანვარს, 1-ელ მაისს, 24 ივნისს, 25 დეკემბერს.
პიკასოს მუზეუმის მისამართია: Carrer Montcada, 15-23.
პიკასოს მუზეუმთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი L1 ხაზით, გაჩერება Arc de Triomf, მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Liceu ან ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Jaume I;
- ავტობუსით № V15, V17, 47, 120, N8, N28, გაჩერება Via Laietana, ან №120, გაჩერება Passeig Picasso/Princesa/Pla de Palau.
ბილეთების ღირებულებაა (მუდმივი ექსპოზიცია+დროებითი გამოფენა):
- მოზრდილებისთვის - 12 ევრო;
- 18-25 წლის სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებულებისათვის - 7 ევრო;
- 18 წლამდე - უფასოდ;
- უფასოდ - ხუთშაბათობით (16:00-19:00), ყოველი თვის პირველ კვირადღეს (10:00-19:00), 12 თებერვალს, 18 მაისს, 24 სექტემბერს.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://museupicassobcn.cat/en/.
სან პაუს ჰოსპიტალი (Hospital San Pau):
წმინდა ჯვრის ჰოსპიტალი (უწინ ასე ერქვა) ჯერ კიდევ 1401 წლიდან არსებობდა რავალის რაიონში. 1930 წლიდან ის ეშამპლეს რაიონში გადაიტანეს და მისი სრული სახელწოდება გახდა წმინდა ჯვრისა და წმინდა პავლეს ჰოსპიტალი - Hospital de la Santa Creu i Sant Pau - მშენებლობა დააფინანსა კატალონიელმა ბანკირმა პაუ გილმა, რომელმაც თავის ანდერძში ჩაწერა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ სახელწოდებისთვის წმინდა პავლე დაემატებინათ. მოდერნის სტილის 27 ნაგებობისგან შემდგარი კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურის მარგალიტი და ბარსელონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის 1901-1930 წლებში ააგეს ცნობილი არქიტექტორის ლუის დომენიკ-ი-მონტანერის პროექტის მიხედვით (მისი გარდაცვალების შემდეგ საქმე მისმა შვილმა დაასრულა). შენობები ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდება. 2003 წელს კომპლექსის ჩრდილოეთით ახალი საავადმყოფო ააგეს, ძველს კი რესტავრაცია ჩაუტარეს და 2014 წლიდან ის ფუნქციონირებს, როგორც კულტურული ცენტრი და მუზეუმი. აქვე ინახება უნიკალური არქივი, რომელიც მოგვითხრობს კატალონიისა და ბარსელონის ისტორიას ბოლო 600 წლის განმავლობაში.
სან-პაუს ჰოსპიტალი ეს არის კოხტა ნაგებობები დიდი თაღოვანი ფანჯრებით, კოშკურებით, ქანდაკებებით, დეკორატიული კერამიკითა და ვიტრაჟებით, ყვავილებითა და ტროპიკული მცენარეებით. საუცხოო ინტერიერითა და ექსტერიერით ის სამეფო რეზიდენციას უფრო წააგავს.
1997 წელს სან-პაუს ჰოსპიტალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.
სან-პაუს ჰოსპიტლის მუშაობის რეჟიმი:
- ორშაბათი-პარასკევი - 10:00-14:30;
- შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე - 10:00-17:00;
- დაკეტილია - 25 დეკემბერს.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 15 ევრო, გიდით - 20 ევრო;
- 12-29 წლის ახალგაზრდებისა და 65 წელს გადაცილებულებისათვის - 10,50/14 ევრო;
- 12 წლამდე - უფასოდ;
- უფასოდ - 23 აპრილს და 24 სექტემბერს.
სან-პაუს ჰოსპიტლის მისამართია: Carrer de Sant Antoni Maria Claret, 167,.
სან-პაუს ჰოსპიტლამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Hospital de Sant Pau, ან ლურჯი L5 ხაზით, გაჩერება Sant Pau/Dos de Maig;
- ავტობუსით №H8, 19, 47, 117, 192, გაჩერება Sant Quintí — Hospital de St Pau.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.santpaubarcelona.org.
Ба́шня Агбар (Torre Glòries):
ეს აბსტრაქტულ-სიმბოლური ექსპრესიონიზმის სტილისა და ფრანგულ-ესპანური დიზაინის ნაგებობა თვით ესპანეთის მეფემ გახსნა საზეიმოდ 2005 წელს. 34-სართულიანი შენობის (4 - მიწის ქვეშ, 34 - მიწის ზევით) სიმაღლე 142 მეტრია. კოშკის ფორმა წყლის სტიქიას უკავშირდება, ვინაიდან მასში განთავსებულია წყალმომარაგების კომპანიის ცენტრალური ოფისი.
კოშკის ყოველი ოთახი თავისუფალი დაგეგმარებითაა შექმნილი, ამიტომ ვერცერთი ადამიანი ვერასოდეს იპოვის რაიმე სიმეტრიას მისი ფანჯრების განლაგებაში - თითქმის 4 ათასამდე ფანჯარა სავსებით ქაოსურადაა განთავსებული. ნაირფერი გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე პანელები, რომლებითაც შენობაა დაფარული, ცოცხალი ორგანიზმივით იქცევა - ისინი ავტომატურ რეჟიმში იღება და იხურება, დაბნელების შემდეგ კი 16 მილიონამდე ფერი წარმოუდგენელ ეფექტებს ქმნის.
კოშკ "აგბარის" მუშაობის რეჟიმი: ორშაბათი-პარასკევი - 08:00-22:00.
"აგბარის" მისამართია: Avinguda Diagonal 211.
სტადიონთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი L1 ხაზით, გაჩერება Glories;
- ავტობუსით №7, 56, 60, 92, 192, გაჩერება Badajoz - Diagonal.
თუ "საგრადა ფამილიასთან" ხართ, კოშკამდე ფეხით 10 წუთში მიხვალთ.
შესვლა უფასოა.
სტადიონი "კამპ ნოუ" (L'Estadi Camp Nou):
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონის" სტადიონი "კამპ ნოუ" ფეხბურთის თაყვანისმცემლების საკულტო ადგილია. აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ დაეწროთ ამ კლუბის თამაშებს, არამედ ეწვიოთ მის მუზეუმს, სადაც თავმოყრილია გუნდის ჯილდოები და სხვადასხვა წელს მოთამაშე ფეხბურთელების ფორმები. სტადიონი 1957 წელს გაიხსნა. ნებისმიერ თამაშზე დასასწრები, აგრეთვე, სტადიონის დასათვალიერებელი ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ.
სტადიონი ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
სტადიონ "კამპ ნოუს" მისამართია: Avinguda Arístides Maillol 6-18.
სტადიონთან მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Palau Reial, ან ლურჯი L5 ხაზით, გაჩერება Collblanc;
- ავტობუსით №75, გაჩერება Estadi del Futbol Club Barcelona, ან №54, გაჩერება Av.Doctor Maranon.
ბილეთების ღირებულებაა (მუზეუმი+სტადიონის დათვალიერება):
- მოზრდილებისთვის - 28 ევრო;
- 4-10 წლის ბავშვებისთვის - 21 ევრო;
- 4 წლამდე - უფასოდ;
- 65 წელს გადაცილებულებისთვის - 21 ევრო;
- იგივე ბილეთები თქვენთვის ხელსაყრელ დღეს მისასვლელად ნახევარი წლის განმავლობაში - 4 ევროთი მეტი დაჯდება.
ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სტადიონ "კამპ ნოუს" ოფიციალურ საიტს: http://www.fcbarcelona.com.
ჩვენ ჩამოვთვალეთ ბარსელონის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები. კატალონიის დედაქალაქში დასათვალიერებელი სხვაც ბევრია, მაგრამ ეს საიტი გათვლილია მათზე, ვინც ამ ლამაზ ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დღით აპირებს ჩასვლას.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია