უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 ბარსელონა ორ დღეში

მართალია, ბარსელონაში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, ორ დღეში საკმაოდ ბევრის მოსწრება შეიძლება, თუკი ყველაფერს სწორად დაგეგმავთ. პირველ ყოვლისა, ყურადღებით გაეცანით ამ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს - ბარსელონა 1 დღეში, ბარსელონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბარსელონის საექსკურსიო ტრანსპორტი და ა.შ. თვალი გადაავლეთ ჩამოთვლილ ღირსშესანიშნაობებს, ვინაიდან მათში თქვენთვის სასარგებლო მრავალმხრივი ინფორმაციაა. ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს ფინანსურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. გადაწყვიტეთ, რისი დათვალიერება გსურთ დეტალურად, რისი - ზერელედ, რა დროს დაუთმობთ მაღაზიებში სიარულსა და ჭამა-სმას. მე გთავაზობთ ერთ-ერთ ვარიანტს, არჩევანი კი თქვენზეა.


სტატიის შინაარსი


1. ბარსელონა - დღე პირველი

2. ბარსელონა - დღე მეორე



განათავსე შენი რეკლამა აქ!





1. ბარსელონა - დღე პირველი


პირველ დღეს დათვალიერება დავიწყოთ დიდებული "წმინდა ოჯახის ტაძრით", იგივე "საგრადა ფამილიით". მის გვერდით მეტროს იასამნისფერი L2 და ლურჯი L5 ხაზის ამავე სახელწოდების გაჩერებაა, ამიტომ იქ მისვლა არ გაგიჭირდებათ.



საგრადა ფამილიის მშენებლობა დაიწყო XIX საუკუნეში და დღემდე გრძელდება. გაუდიმ თავისი ცხოვრების 40 წელი შეალია მას, მაგრამ ვერ დაასრულა, არადა, 18 კოშკი და 3 ფასადი ჰქონდა ჩაფიქრებული. ტაძარში შესვლა ფასიანია.


დეტალურად საგრადა ფამილიის შესახებ =>>


აქედან გავუყვეთ Сarera Provenca-ს ქუჩას დიაგონალის პროსპექტის მიმართულებით. ერთი კვარტალის გავლის შემდეგ დავინახავთ ე.წ. "წვეტებიან სახლს" (Casa Terrades):



ის 1903-1905 წლებშია აშენებული, უფრო სწორად, სამმა დამ, გვარად ტერადესმა, თავისი სამი სახლის გაერთიანება გადაწყვიტა. შედეგად მივიღეთ ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეების გოტიკური სტილის ძველებურ ციხეკოშკს გვაგონებს, იმავდროულად კი ფლამანდიური რატუშის არქიტექტურასაც ჰგავს. სახლი კერძო საკუთრებაა და მას შიგნიდან ვერ დაათვალიერებთ.



სახლთან გადავკვეთოთ პროსპექტი და გავემართოთ ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისკენ - Passeig de Gràcia. აქ, ერთ-ერთ ჩასახვევთან, მდებარეობს "მილას სახლი" (Casa Milà) - ანტონიო გაუდის საუცხოო ნამუშევარი:



ამ სახლში ორიგინალური ფასადების გარდა, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მისი სახურავიც. გირჩევთ, დაათვალიეროთ ის, თუმცა შესვლა ფასიანია.


დეტალურად მილას სახლის შესახებ =>>


გავუყვეთ Passeig de Gràcia-ს ბარსელონის ცენტრალური, კატალონიის მოედნისკენ. რამდენიმე კვარტალის გავლის შემდეგ მარჯვენა მხარეს დაინახავთ უჩვეულო სახლებს. ერთ-ერთია "ბალიოს სახლი" (Casa Batlló) - ანტონიო გაუდის კიდევ ერთი ჩინებული ქმნილება:



ამ სახლში ყველაფერი დიდებულია: ექსტერიერიც, ინტერიერიც და სახურავიც. შესვლა ფასიანია. ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირს.


დეტალურად ბალიოს სახლის შესახებ =>>


აქედან ათიოდე წუთში კატალონიის მოედანსაც (Plaça de Catalunya) მიაღწევთ.



კატალონიის მოედანზე ბევრი ქანდაკება და შადრევანია, მის პერიმეტრზე კი - საინტერესო შენობები. აქ ცხრა ქუჩა იყრის თავს.


დეტალურად კატალონიის მოედნის შესახებ =>>


ჩვენი ექსკურსია განვაგრძოთ გოტიკური კვარტალით (Barri Gòtic). ის კატალონიის მოედნის მიღმა მდებარეობს. იქ მოსახვედრად "ჰარდ-როკ-კაფეს" შიგა ეზოები გავიაროთ.



პირველი, რასაც დაინახავთ, არის XII საუკუნის წმინდა ანას ეკლესია, რომლის ნაწილშიც უსახლკაროთა თავშესაფარია გახსნილი.



შემდეგ იწყება ვიწრო ქუჩების ლაბირინთი. მათი უმრავლესობა საფეხმავლოა. გოტიკურ კვარტალში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.



დეტალურად გოტიკური კვარტალის შესახებ =>>


თუ სიღრმეში გაივლით მთელ კვარტალს, გახვალთ სანაპიროზე და ნავსადგურთან. ხელმარცხნივ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლია.



აქედან გავუყვეთ რამბლის ბულვარს (La Rambla) უკან, კატალონიის მოედნისკენ. გზად ნახავთ სამეფო მოედანს, გუელის სასახლეს, ბოკერიას ბაზარსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. ბულვარზე ბევრი სიურპრიზი გელით და ნამდვილად არ მოიწყენთ.


დეტალურად რამბლის ბულვარის შესახებ =>>


ამით პირველი დღის მარშრუტი დასრულებულია.


2. ბარსელონა - დღე მეორე


მეორე დღე დაიწყეთ ესპანეთის მოედნით (Plaça de España), რისთვისაც ისარგებლეთ მეტროს წითელი L1, მწვანე L3 ან ვარდისფერი L8 ხაზით, გაჩერება Pl. Espanya.



ესპანეთის მოედანი ტურისტების საყვარელი ადგილია. ყურადღება მიაქციეთ სკულპტურულ კომპოზიციას "ხმელთაშუაზღვისპირეთის მდინარეები". მოედნის ერთ მხარეს მდებარეობს "ლას-არენას" (Las Arenas). უწინ არენაზე კორიდა (ხარებთან ბრძოლა) იმართებოდა, რაც 2010 წელს კატალონიის პარლამენტმა აკრძალა. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და 2011 წელს მასში სავაჭრო ცენტრი გახსნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.



თუ საპირისპირო მხარს წახვალთ და სვეტებს შორის გაივლით, მიადგებით ე.წ. "ჯადოსნურ შადრევნებს" (Font Màgica), სადაც დილა-საღამოს შესანიშნავი შოუ იმართება.



უფრო მაღლა მდებარეობს ნაციონალური სასახლე (Palau Nacional). მასში განთავსებულია კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი - (MNAC).



დეტალურად ესპანეთის მოედნის შესახებ =>>


ახლა ან ფეხით ადით მონჟუიკის მთაზე (Montjuïc), ან ავტობუსით №55, 150 ან ფუნიკულიორით Montjuïc, რომელიც დადის მეტროს L2/L3 ხაზის სადგურიდან Paral.lel. იქაც მრავალი ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ, კერძოდ, "ესპანური სოფელი" (Poble Espanyol), ოლიმპიური კომპლექსი, კალატრავას ტელეანძა, მონჟუიკის ციხესიმაგრე - Castell de Montjuïc და ა.შ.


დეტალურად მონჟუიკის მთის შესახებ =>>


მონჟუიკის მთიდან დაბრუნდით ესპანეთის მოედანზე და გაემართეთ გუელის პარკში. ამისათვის ისარგებლეთ მეტროს მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Lesseps ან Vallcarca. გუელის პარკი ბარსელონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომლის შექმნაზეც სახელგანთქმული კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი მუშაობდა.



დეტალურად გუელის პარკის შესახებ =>>


ამით ბარსელონის დათვალიერება ორ დღეში დასრულებულია. თუ ეს ექსკურსია ოპერატიულად ჩაატარეთ, დრო დაგრჩათ და კიდევ გსურთ რამის ნახვა, აუცილებლად ეწვიეთ კატალონიური მუსიკის სასახლეს (Palau de la Música Catalana).



ბარსელონის ისტორიულ სან-პერეს კვარტალის ორი ვიწრო ქუჩის Carrer Palau de la Música-სა და Carrer de Sant Pere Mes Alt-ის კუთხეში მდებარე ეს სასახლე გოტიკურ კვარტალთან ახლოსაა. ის ნამდვილად გაგაოცებთ როგორც ექსტერიერით, ისე ინტერიერით. დაბეჯითებით გირჩევთ მის ნახვას.


დეტალურად კატალონიური მუსიკის სასახლის შესახებ =>>


წარმატებულ ექსკურსიას გისურვებთ!


















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!