უფასო ონლაინ-მეგზური ბარსელონაში


 ბარსელონა ერთ დღეში

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ბარსელონის დათვალიერება ერთ დღეში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქ ხომ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ანტიკური ხანის ნაშთები, შუა საუკუნეების შედევრები და თანამედროვეობის მოდერნი. ვიწრო მოკირწყლული ქუჩები სავსებით ბუნებრივად ერწყმის ფართო ავტოსტრადებს, ნავსადგურში შემოსული ლაინერების საყვირის ხმები ეკლესიებისა და ტაძრების ზარების ხმებს პასუხობს. ბარსელონის ხასიათი მუდმივად იცვლება წელიწადის დროებისა და დღ-ღამის მონაკვეთების მიხედვით, მაგრამ ის ყოველთვის სტუმართმოყვარეა და მზადაა ყოველ ფეხის გადადგმაზე გაგაოცოთ. მის არსენალშია გოტიკური ტაძრები და გაუდის შედევრები, მონასტრები და სტადიონები, პარკები და მუზეუმები. დაგეხმარებით, რომ ბარსელონის უმთავრესი ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გაცილებით ბევრს მოასწრებთ, თუ საექსკურსიო ტრანსპორტს გამოიყენებთ, როგორიცაა Barcelona Bus Turistic და Barcelona City Tour. გადაიხდით დაახლოებით 30 ევროს და არც ღირსშესანიშნაობების ძებნა დაგჭირდებათ და არც მარშრუტის დაგეგმვა (იხ. ბარსელონის საექსკურსიო ტრანსპორტი). მაგრამ თუ გეძვირებათ, ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, ტაძრების, მუზეუმებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შიგნიდან დათვალიერებას, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებთ. ქალაქის გაცნობა დავიწყოთ ბარსელონის ცენტრალური, კატალონიის მოედნით (Plaça de Catalunya). აქ ბევრი ქანდაკება და შადრევანია, მოედნის გარშემო კი - რამდენიმე ყურადსაღები შენობა. მოედნიდან 9 ქუჩა იღებს სათავეს. კატალონიის მოედანზე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს წითელი L1 და მწვანე L3 ხაზით, გაჩერება Plaça Catalunya.



დეტალურად კატალონიის მოედნის შესახებ =>>


მოედნის დათვალიერების შემდეგ ჩადით მეტროში, რომლის შესასვლელიც 9-სართულიანი სავაჭრო ცენტრის El Corte Inglés შესასვლელთან მდებარეობს. მწვანე L3 ხაზით ათიოდე წუთში მიხვალთ გაჩერებამდე Lesseps, იქიდან კი გზის მაჩვენებლების დახმარებით 10 წუთში - გუელის პარკამდე (Park Güell), ანტონიო გაუდის შედევრამდე, სადაც ჯადოსნურ სახლებსა და ბევრ სხვა ლამაზ ღირსშესანიშნაობას იხილავთ.



დეტალურად გუელის პარკის შესახებ =>>


პარკიდან გამოსვლის შემდეგ გაქვთ 2 ვარიანტი:


1. მიდიხართ ავტობუსის გაჩერებამდე, ჩაჯდებით ავტობუსში №31 ან №74, ჩამოხვალთ გაჩერებაზე Cartagena, წამოხვალთ ოდნავ უკან და 10 წუთში დაეშვებით სან პაუს ჰოსპიტალთან (Hospital San Pau):



დაათვალიერეთ ჰოსპიტლის ტერიტორია - ერთგვარი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (მის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ სტატიიდან ბარსელონა 3 დღეში. გამოდით მთავარი შესასვლელიდან ქუჩაზე Avenu de Gaudi. თქვენს წინ დაინახავთ დიდებულ ტაძარს "საგრადა ფამილიას" (Sagrada Familia). დაეშვით მისკენ საფეხმავლო ქუჩით.


2. დაეშვით მეტროს სადგურამდე Lesseps და გაემგზავრეთ იასამნისფერი L2 ან ლურჯი L5 ხაზის გაჩერებამდე Sagrada Familia.



ეს გასაოცარი სილამაზის ტაძარია, ანტონიო გაუდის მთავარი ქმნილება. სახელგანთქმულმა ესპანელმა არქიტექტორმა თავისი ცხოვრების 40 წელი შეალია მას, მაგრამ ვერ დაასრულა. უცნაური არქიტექტურული ნაგებობის სანახავად ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტურისტი მიდის. ტაძარში შესვლა ფასიანია.


დეტალურად საგრადა ფამილიის შესახებ =>>


დაბრუნდით მეტროს სადგურამდე Sagrada Familia, გაიარეთ ლურჯი L5 ხაზით ორი გაჩერება და ჩამოდით სადგურზე Diagonal. გამოდით ბულვარზე Passeig de Gràcia. ეს ქუჩის დასაწყისია. დაეშვით ქვევით, ზღვისკენ, კატალონიის მოედნისკენ. მარცხნივ დაინახავთ გაუდის ცნობილ ნამუშევარს - მილას სახლს, იგივე "ლა პედრერას" (Casa Milà, La Pedrera), ორიგინალური ფასადებითა და სახურავით. შესვლა ფასიანია.



დეტალურად მილას სახლის შესახებ =>>


განაგრძეთ გზა. ცოტა მოშორებით, მარჯვენა მხარეს, დაინახავთ "ბალიოს სახლს" (Casa Batlló) - ანტონიო გაუდის კიდევ ერთ საუცხოო ქმნილებას:



ამ სახლში ექსტერიერიც მოგხიბლავთ, ინტერიერიც და სახურავიც. შესვლა ფასიანია. ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირს.


დეტალურად ბალიოს სახლის შესახებ =>>


აქედან ათიოდე წუთში კატალონიის მოედანსაც მიაღწევთ. ახლა გაუყევით რამბლის ბულვარს (La Rambla), რომლის სიგრძეც 1200 მეტრია და საფეხმავლო ქუჩაა.



რამბლის ბულვარზე მრავალი ღირსშესანიშნაობაა: თეატრი "პოლიორამა", თეატრი "ლისეუ", ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესია, ვიცედედოფლის სასახლე, ბოკერიას ბაზარი, "ქოლგების სახლი" და სხვა. ეს სიცოცხლით სავსე ქუჩაა.


დეტალურად რამბლის ბულვარის შესახებ =>>


რამბლის ბულვარის მარცხნივ გოტიკური კვარტალია (Barri Gòtic). თუ Portaferrissa-ს ქუჩაზე მარცხნივ შეუხვევთ და პირდაპირ ივლით, მიადგებით ნეოგოტიკური სტილის ბარსელონის საკათედრო ტაძარს (Catedral de Barcelona).



წმინდა ჯვრისა და წმინდა ევლალიის ტაძრის მთავარი სიწმინდე აღნიშნული წმინდანის ნეშტია, მეორე კი - ჯვარი მასზე გაკრული იესოთი. წირვაზე და დილა-საღამოს შესვლა უფასოა.


დეტალურად ბარსელონის საკათედრო ტაძრის შესახებ =>>


გოტიკური კვარტალი ბარსელონის მშვენებაა. აქ არის ვიწრო ქუჩები და ძველი ნაგებობები. სწორედ აქ მდებარეობდა დასახლება ბარსინო, რომლისგანაც გაჩნდა ქალაქი ბარსელონა. გოტიკურ კვარტალში იხილავთ ე.წ. "ახალ მოედანს" (Plaça Nova), არქიეპისკოპოსის სასახლეს, წმინდა ხაიმეს მოედანს კატალონიის მთავრობისა და ქალაქის რატუშის შენობებით, "ეპისკოპოსის ხიდს", სასახლეებს, ეკლესიებს და ა.შ.



დეტალურად გოტიკური კვარტალის შესახებ =>>


დაბრუნდით რამბლის ბულვარზე და მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება განაგრძეთ. ხელმარჯვნივ, Nou de la Rambla-ს ქუჩის დასაწყისში დგას ლეგენდარული ანტონიო გაუდის კიდევ ერთი შედევრი - გუელის სასახლე (Palau Güell).



ამ სასახლის შიგნიდან დათვალიერების დრო ნამდვილად არ გექნებათ, მით უმეტეს, რომ შესვლა ფასიანია. მის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ სტატიაში გაუდის ნამუშევრები ბარსელონაში.


მოპირდაპირე მხარეს, რამბლის ბულვარის მარჯვნივ, მდებარეობს სამეფო მოედანი (Plaça Reial) შადრევნით "სამი გრაცია" და გაუდის პირველი ნამუშევრით - ორიგინალური ქუჩის ფარნებით.



რამბლის ბულვარზე ჩაჯექით მეტროს მწვანე L3 ხაზის სადგურში Drassanes ან Liceu. ჩამოდით გაჩერებაზე Pl. Espanya. თქვენ მოხვდებით ბარსელონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ესპანეთის მოედანზე (Plaça de España).



მოედანზე იხილავთ ორ 47-მეტრიან ვენეციურ კოშკს და ორიგინალურ, ლამაზ შადრევანს. თუ ვენეციურ კოშკებს შორის დედოფალ მარია კრისტინას ქუჩას გაუყვებით, მალე მიადგებით "ჯადოსნურ შადრევნებს" (Font Màgica), მის მიღმა კი ნაციონალურ სასახლეს (Palau Nacional).



დეტალურად ესპანეთის მოედნის შესახებ =>>


ამით ბარსელონის დათვალიერება ერთ დღეში დამთავრებულია.


















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!