უფასო ონლაინ-მეგზური რომში


ვილა ბორგეზე რომში

რომის ცენტრში მდებარეობს ულამაზესი პარკი. მას ძველებური ვილის სახელი ჰქვია, რომელიც ამ ღირსშესანიშნაობის ცენტრალური ობიქტია - ვილა ბორგეზე. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია დიდებული შენობები, ანტიკური ტაძრები, სამუზეუმო კომპლექსები, თეატრი და ბიოპარკი, სკულპტურული კომპოზიციები, შადრევნები და ძეგლები. ვილა ბორგეზეს (Villa Borghese) რომის მწვანე ფილტვებსაც უწოდებენ. ის როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების, ისე ტურისტების საყვარელი სასეირნო ადგილია. პარკი 80 ჰექტარზეა გადაჭიმული პარიოლის რაიონში, პინჩოს ბორცვზე. მასში შესვლა შეიძლება როგორც სამხრეთიდან (ვია ვენეტოსა და ავრელიანეს კედლის კარიბჭის გავლით - "პორტა პინჩიანა"), ისე დასავლეთიდან - პორტალიდან პიაცალე ფლამინიოზე, რომელიც 1825 წელს აიგო და ასე გამოიყურება:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მოკლედ მოგითხრობთ ვილა ბორგეზეს ისტორიას. XVI საუკუნეში მარკანტონიო ბორგეზემ პინჩოს ბორცვზე მიწის ნაკვეთი შეიძინა ვაზის მოსაყვანად. მისი შვილი, კამილო ბორგეზე, 1605 წელს რომის პაპი გახდა პავლე V-ის სახელით. როდესაც მის ძმისშვილს, შიპიონ (სციპიონ) ბორგეზეს კარდინალის ტიტული უბოძეს, ამ მიწაზე საგვარეულო ვილის მშენებლობა დაიწყო - უზარმაზარი პარკისა და დიდებული სასახლის - სახელწოდებით "Casino Nobil". კომპლექსის მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ფლამინიო პონციო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი - ჯოვანი ვაზანციო. სკულპტურულ გაფორმებაზე მუშაობდნენ პიეტრო და ჯან ლორენცო ბერნინები, ლანდშაფტურ დიზაინზე - დომენიკო სავინი, შადრევნების წყლით მომარაგებაზე - ჯოვანი ფონტანა. კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 1633 წელს. 1901 წელს ვილა ბორგეზე იტალიის მთავრობამ შეისყიდა.



პირველ ყოვლისა, ქართველებისთვის საინტერესო ინფორმაცია. ვილა ბორგეზეს პარკში 2010 წლიდან დგას ჩვენი სასიქადულო პოეტის, შოთა რუსთაველის ძეგლი:



ვილა ბორგეზეს ტერიტორიაზე სამი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ესენია: გალერეა ბორგეზე (იგივე ვილა ბორგეზე):



პირველ სართულზე ცნობილი ევროპელი ოსტატების ქანდაკებებია განთავსებული, მეორეზე - ნახატები (კარავაჯო, ტიციანი, რაფაელი, ბელინი, ბართოლომეო, რუბენსი). ექსპონატების უმეტესი ნაწილი კარდინალ შიპიონე ბორგეზემ შეაგროვა. რამდენიმე ათეულ დარბაზში სამასამდე ქანდაკება და ხუთასამდე ნახატია თავმოყრილი.





თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა:



აქ იხილავთ ვან გოგის, კლიმტის, კანდინსკის, როდენის, მოდილიანისა და XIX-XX საუკუნეების სხვა ოსტატების ნამუშევრებს. 75 დარბაზში სხვადასხვა ეპოქის 5000-ზე მეტი ფერწერული ტილო და ქანდაკებაა.




ეტრუსკული ხელოვნების მუზეუმი:



ეს მუზეუმი მდებარეობს ვილა ჯულიაში, რომის პაპების საზაფხულო რეზიდენციაში და 1550-1555 წლებშია აგებული. აქ განთავსებულია ეტრუსკების ხელოვნების ნიმუშების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია: სარკოფაგები, ქანდაკებები, ჭურჭელი, სამშვენისები, ბარელიეფები.




სხვა მუზეუმებიდან გამოვყოფთ პიეტრო კანონიკის მუზეუმს:



პიეტრო იყო მოქანდაკე, მხატვარი და კომპოზიტორი. სახლ-მუზეუმში გამოფენილია ფლამანდიელი ოსტატების ქანდაკებები, ნახატები, ანტიკვარული ავეჯი და გობელენები.



მუზეუმის გვერდით მდებარეობს თეატრი "გლობუსი":



ის ლონდონის ამავე სახელწოდების თეატრის მიხედვითაა აგებული, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ იქ შექსპირი გამოდიოდა. დარბაზი 1200 მაყურებელს იტევს. რეპერტუარში მხოლოდ შექსპირის პიესებია.


ვილა ბორგეზეში აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ამერიკული წარმოშობის იტალიელის, კარლო ბილოტის მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ახალი და უახლესი დროის ოსტატების ნახატები და ქანდაკებები:



ვილა მედიჩი:



აქ თავმოყრილია ანტიკური დროის უნიკალური ექსპონატები. ამჟამად შენობაში განთავსებულია ფრანგული ხელოვნების აკადემია.


შემდეგი ღირსშესანიშნაობაა ბიოპარკი (ზოოპარკი):



ეს არის ზოოლოგიური მუზეუმი გალიების გარეშე. ეგზოტიკური და იშვიათი სახეობის ცხოველები, ფრინველები და რეპტილიები პარკში მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებში ცხოვრობენ.


ვილა ბორგეზეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ზოოლოგიური მუზეუმი, სადაც 5 მილიონამდე ეგზემპლარია:



ვილა ბორგეზეს ტერიტორიაზე რამდენიმე საკულტო ნაგებობაა, მათ შორის ესკულაპის ტაძარი:



და ანტონინუსისა და ფაუსტინას ტაძარი (ის ჩვ. წელთაღრიცხვით 141 წელს ააშენებინა იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა თავისი ცოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი სიკვდილის შემდეგ კი სენატმა ტაძარი ორივე მეუღლის სახელს მიუძღვნა):



პარკში უამრავი შადრევანია. ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. გამოვყოფთ ორ მათგანს.


შადრევანი "ზღვის ცხენები":



შადრევანი "ვენერა":



პარკ ვილა ბორგეზეში დგას ვოლფგანგ გოეთეს, ვიქტორ ჰიუგოს, ჯორჯ ბაირონის, მარკო პოლოს, დანტე ალიგიერისა და სხვა ცნობილი ადამიანების ქანდაკებები.


ვილა ბორგეზეს მისამართია: Piazzale Scipione Borghese, 5.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს A ხაზით - გაჩერება Spagna ან Flaminio;

- ავტობუსით №52,53,63,83,92,360,910 - გაჩერება Pinciana/Museo Borghese;

- ტრამვაით №2,3,19 - გაჩერება Bioparco.


ისტორიულ კომპლექსს შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველდღე, გარდა ორშაბათისა, 09:00-19:00.


პარკში შესვლა და სეირნობა უფასოა, მუზეუმების, გალერეების, ბიოპარკის დათვალიერება კი ფასიანი. ბილეთების ფასების დასადგენად ეწვიეთ საიტს: https://borghese.gallery/.


ვფიქრობ, საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ ვილა ბორგეზეს შესახებ. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!