უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და ვენეციაში


ყველაფერი ვენეციის შესახებ

ვენეცია - "ქალაქი წყალზე" - ვენეციის ლაგუნის კუნძულებზე მდებარეობს, რომლებიც ერთმანეთთან უამრავი ხიდითაა დაკავშირებული. ვენეციის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი - აქ ხომ XIV-XVI საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებია შემორჩენილი. კაშკაშა ვარსკვლავი მსოფლიოს სხვა ქალაქებს შორის, "ადრიატიკის "მარგალიტი", ათასწლოვანი ქალაქი მხატვრების, პოეტებისა და ხელოვანი ხალხის მრავალი თაობის შთაგონების წყარო იყო. ას სამოცამდე ეკლესია და უამრავი სასახლე ნათლად მეტყველებს იმ ადგილზე, რომელიც ვენეციას ამ სამყაროში ეკავა, როგორც საზღვაო მბრძანებელს, სავაჭრო ქალაქსა და ხელოვნების დედაქალაქს. გთავაზობთ ყველაზე სრულ უფასო ონლაინ-მეგზურს ვენეციაში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ამ ქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ ვენეციაში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ უდიდესი სიამოვნება გელით - ვენეცია ხომ ყველასგან გამორჩეული ქალაქია. მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ვენეციის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. ვენეციის შესახებ მოკლედ


ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში რომაელებმა დაპყრობითი მსვლელობა განახორციელეს ჩრდილოეთით, ვენეტებით დასახლებულ მხარეში, სწორედ ვენეტებს უკავშირდება სახელწოდება "ვენეცია". რომაელებმა იქ კოლონია აკვილეა დააარსეს, რომელიც 402 წელს ვესტგოთებმა დაარბიეს, რასაც ჰუნების შემოსევაც მოჰყვა. აკვილეის დაცემის შემდეგ მოსახლეობამ ლაგუნის კუნძულებზე გადაინაცვლა - დამპყრობლებისგან შორს. სანაპიროს ათვისება რიალტოს კუნძულებიდან დაიწყო და რომის იმპერიის დაცემის პერიოდშიც გაგრძელდა. ლეგენდის თანახმად, ვენეციის დაარსების თარიღად 421 წლის 25 მარტი მიიჩნევა.


აქ მისდევდნენ მეთევზეობას, მარილით ვაჭრობას, რასაც მოგვიანებით ხე-ტყე, კვების პროდუქტები და ბეწვეულიც დაემატა. სახლებს ხიმინჯებზე აშენებდნენ. 466 წელს პირველი თვითმმართველობის ორგანო აირჩიეს. 539 წლისთვის ადრიატიკის ზღვაზე ყველაზე ძლიერი ფლოტი ჰყავდათ. 697 წლიდან, როცა პირველი დოჟი - ერთიანი მმართველი - პაოლო ლუჩიო ანაფესტო აირჩიეს, 1797 წლამდე ვენეციის რესპუბლიკა არსებობდა.


თავიანთ მფარველად ვენეციელებმა წმინდა მარკოზ მახარებელი აირჩიეს და მისი წმინდა ნაწილები ალექსანდრიიდან გადმოიტანეს.


აი, როგორ გამოიყურება ვენეციის დროშა. წიგნში, რომელიც ლომს უჭირავს, შემდეგი წარწერაა: "მშვიდობა შენდა, მარკოზ, ჩემო მახარებელო".



ზოგადად, ოქროს ლომი ვენეციის სიძლიერის სიმბოლოა:



ვენეციის გერბი მის დროშას წააგავს:



მალე ვენეცია მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად გადაიქცა - სწორედ აქედან შედიოდა ევროპაში აღმოსავლეთის სიმდიდრე - შაქარი, სანელებლები, ბრინჯი, ყავა, აბრეშუმი, ძვირფასი ქვები.


1866 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ვენეცია იტალიის ახალ სამეფოსთან გაერთიანდა.


ამჟამად ვენეციის მოსახლეობა 260 ათასს აჭარბებს, აქედან 13% უცხოელია. ქალაქი ექვს თვითმმართველ რაიონად იყოფა.


ვენეცია მდებარეობს 118 კუნძულზე. ისინი გაყოფილია 150 არხით და ერთმანეთს 400-მდე ხიდით უკავშირდება.


ვენეცია არის საზღვაო კურორტი, მსოფლიო მნიშვნელობის ტურიზმის ცენტრი, საერთაშორისო კინოფესტივალის, სამხატვრო და არქიტექტურული გამოფენების გამართვის ადგილი.


სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ სახელმწიფოს, ვენეციის პატივსაცემად, ვენესუელა უწოდეს, რაც "პატარა ვენეციას" ნიშნავს (ეს სახელი პირველად ქრისტეფორე კოლუმბის თანამგზავრმა გაახმოვანა 1499 წელს, როცა იქ ხიმინჯებიანი სახლები აღმოაჩინა).


აღსანიშნავია, რომ ვენეცია ყოველწლიურად რამდენიმე მილიმეტრით ჩადის წყალში, რაც მას დიდ საფრთხე უქადის. ამის თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია სპეციალური პროექტი, სახელწოდებით MOSE.


ვენეციაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


2. სარჩევი


1. ვენეციის დათვალიერება.

  1.1. ვენეცია 1 დღეში.

  1.2. ვენეცია 2 დღეში.

2. ვენეციაში გადაადგილება.

  2.1. ვენეციის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ვენეციის აეროპორტი.

3. ჭამა-სმა და ფასები ვენეციაში.

  3.1. იტალიური და ვენეციური კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად ვენეციაში.

  3.3. შოპინგი ვენეციაში.

4. ვენეციის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. სან-მარკოს მოედანი.

  4.2. დოჟების სასახლე.

  4.3. რიალტოს ხიდი.

  4.4. "დიდი არხი".

  4.5. ეკლესია სანტა-მარია დელა სალუტე.

  4.6. სან ჯორჯო მაჯორე.

  4.7. ვენეციის სასახლეები.

  4.8. ვენეციის კარნავალი.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!