უფასო ონლაინ-მეგზური ვენეციაში


 ვენეციის სასახლეები

ვენეცია ცნობილია თავისი სასახლეებით. ვენეციის სასახლეების კომპლექსი მრავალი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა. ვენეციის რესპუბლიკა ასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა და იფურჩქნებოდა. ის სხვადასხვა დროს ბიზანტიური, გოტიკური და რომანული სტილის გავლენას განიცდიდა. უდიდესი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, აღორძინების ეპოქამ. ისტორიულად სასახლედ მხოლოდ დოჟების სასახლე იწოდებოდა. დანარჩენ შენობებს, რომლებსაც ამ წოდებაზე ჰქონდათ პრეტენზია, წინ უნდა წამძღვარებოდათ "კა" (იტალიურად - Ca, შემოკლებული Casa), რაც სახლს ნიშნავს. მოგვიანებით სახლებს პალაცოს (იტალიურად - Palazzo), ანუ სასახლეს უწოდებდნენ. ყოველ გავლენიან ვენეციურ გვარს მოვალეობად მიაჩნდა ერთი ან რამდენიმე სასახლის აშენება. ამიტომ უმრავლეს სახელწოდებაში გაჩნდა მათი მფლობელების გვარები. სასახლეების ასაშენებლად და მოსაპირკეთებლად ოჯახები საუკეთესო არქიტექტორებს, მოქანდაკეებსა და მხატვრებს იწვევდნენ.


ახლა კი უფრო ახლოდან გავიცნოთ ვენეციის სასახლეები. დავიწყოთ ყველაზე ცნობილით. ეს არის დოჟების სასახლე (Palazzo Ducale):



განათავსე შენი რეკლამა აქ!





დოჟების სასახლე იტალიური გოტიკური არქიტექტურის დიდებული ძეგლია, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ის წმინდა მარკოზის მოედანზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ტაძრის გვერდით.


დეტალურად დოჟების სასახლის შესახებ =>>


კა' დ'ორო, იგივე პალაცო სანტა-სოფია (Ca'd'Oro):



ეს სასახლე გრანდკანალზე, კანარეჯოს რაიონში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ სასახლედ ითვლება. მას “ოქროს სახლსაც" უწოდებენ, ვინაიდან თავდაპირველად მის მოსაპირკეთებლად ფურცლოვან ოქროს იყენებდნენ, აგრეთვე, ვერმილიონსა და ულტრამარინს. სასახლე ვენეციური გოტიკის ნიმუშია. ის 1425-1440 წლებში ააშენეს ჯოვანი ბონასა და მისი შვილის, ბართოლომეოს პროექტით.


კა'რეცონიკო (Palazzo Ca'Rezzonico):



მდებარეობს გრანდკანალზე, დორსუდოროს რაიონში. აშენდა 1649-1751 წლებში ცნობილი არქიტექტორის, ლონგენას პროექტით. მშენებლობის დასასრულს შენობა ბანკირმა რეცონიკომ შეიძინა. სასახლის ჭერი მოხატულია ტიეპელოს ფრესკებით. ამჟამად მასში XVIII საუკუნის ვენეციის მუზეუმია გახსნილი.


კა'ფოსკარი (Palazzo Ca'foscari):



ეს სასახლე ეკუთვნოდა დოჟს, ფრანჩესკო ფოსკარის. ის 1452 წელსაა აშენებული და ვენეციელ დიდგვაროვანთა და ვაჭართა ტიპური რეზიდენციაა. ამჟამად მასში უნივერსიტეტია გახსნილი, რომელიც 150 წელზე მეტი ხნისაა.


პალაცო ბარბარიგო (Palazzo Barbarigo):



ეს შენობა აიგო XVI საუკუნეში, აღორძინების ეპოქის გაფურჩქნის პერიოდში. აქ დაიბადა წმინდანი გრეგორიო ბამბარიგო.


პალაცო დოლფინ-მანინი (Palazzo Dolfin Manin):



სასახლე ააგო არქიტექტორმა ჯაკოპო სანსოვინომ ვენეციელი ვაჭრისა და დიპლომატის, ჯ.დოლფინის შეკვეთით. სრული სახელწოდება მას შემდეგ მიიღო, რაც მასში 1789-1797 წლებში ცხოვრობდა ვენეციის უკანასკნელი დოჟი ლოდოვიკო მანინი.


პალაცო დეი კამერლინგი (Palazzo dei Camerlenghi):



ეს სასახლე 1525-1528 წლებში ააგო არქიტექტორმა გულიელმო ბერგამოელმა დოჟის, ანდრეა გრიტის განკარგულებით. აქ ხაზინადარები მუშაობდნენ, რამაც მისი სახელწოდება განაპირობა. პირველ სართულზე კი საპატიმრო მდებარეობდა მევალეებისა და წვრილმანი დამნაშავეებისთვის. სასახლე განთავსებულია სან-პოლოს რაიონში, რიალტოს ხიდის გვერდით.


პალაცო კავალი-ფრანკეტი (Palazzo Cavalli Franchetti):



ეს სასახლე აკადემიის ხიდთან ახლოს მდებარეობს. ის 1565 წელს ააგეს, თუმცა მოგვიანებით სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. ამჟამად მასში ვენეტოს ოლქის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტია განთავსებული.


პალაცო კონტარინი დელ ბოვოლო - (Palazzo Contarini del Bovolo):



სასახლე 1499 წელს აიგო. კონტარინების გვარმა ვენეციას რვა დოჟი აჩუქა. შენობა გამოირჩევა აჟურული ხვეული კიბით, რომელზე ასვლაც ტურისტებისთვის ფასიანია.


პალაცო კორნერ-სპინელი (Palazzo Corner Spinelli):



ვენეციის ერთ-ერთი საუკეთესო რენესანსული სასახლე. აგებულია 1480-1500 წლებში. მასში აღსანიშნავია ზემოთ მომრგვალებული ორმაგი თაღოვანი ფანჯრები და რელიეფურად მოპირკეთებული პირველი სართულის ფასადი. მდებარეობს სან-მარკოს რაიონში.


ფონდაკო დეი ტედესკი (Fondaco dei Tedeschi):



სასახლე 1228 წელს ააგეს არქიტექტორ ჯიროლამო ტედესკის პროექტის მიხედვით. მის ფასადს ჯორჯონესა და ტიციანის ფრესკები ამშვენებდა, რომლებიც 1505 წლის ხანძარმა იმსხვერპლა. მდებარეობს რიალტოს კვარტალში.


ფონდაკო დეი ტურკი (Fondaco dei Turchi):



სასახლე აშენებულია XIII საუკუნეში. სახელწოდება თურქ ვაჭრებს უკავშირდება, რომლებიც შენობას საცხოვრებლად და საწყობად ქირაობდნენ. ამჟამად შენობაში ბუნებისმეტყველების მუზეუმია გახსნილი, სადაც ორ მილიონამდე ექსპონატია წარმოდგენილი ბოტანიკური, ზოოლოგიური, ენტომოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციებიდან. აქ იხილავთ ძველი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს, გადაშენებული ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ჩონჩხებსა და ფიტულებს. აქვეა ურანოზავრის ჩონჩხი, რომელიც 50 მილიონი წლისაა, აგრეთვე უზარმაზარი აკვარიუმი



მე ვენეციის მხოლოდ რამდენიმე სასახლე შემოგთავაზეთ. სინამდვილეში მათი რაოდენობა ასზე მეტია. ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ.














© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!