დოჟების სასახლე, იგივე პალაცო დუკალე (Palazzo Ducale), ვენეციის უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა, გოტიკურ სტილში შესრულებული არქიტექტურული ძეგლი. პროექტის ავტორია ფილიპო კალენდარიო. სასახლე 1309-1424 წლებში აშენდა და თუმცა 1577 წელს ხანძრისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა, ის ძველი სტილით აღადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ რენესანსის ეპოქა იწყებოდა. შენობა დოჟების რეზიდენცია გახლდათ. დოჟი იყო ვენეციის რესპუბლიკის მმართველი, რომელსაც მრავალსაფეხურიანი ხმის მიცემით უვადოდ ირჩევდნენ. პრეტენდენტები ვენეციის გავლენიან საგვარეულოთა წარმომადგენლები იყვნენ. დოჟების ინსტიტუტმა ათას წელზე მეტ ხანს იარსება და ის ნაპოლეონმა გააუქმა 1797 წელს.
დოჟების სასახლეში განთავსებული იყო, აგრეთვე, ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია, საზღვაო უწყება და სხვ. ამჟამად სასახლე მუზეუმია, მაგრამ ის ნახატები, რომლებიც მასშია, ექსპონატების სახით კი არ დაამატეს, არამედ სპეციალურად დოჟების სასახლის გასალამაზებლად დახატეს.
გოტიკური არქიტექტურის ამ შედევრის თავისებური იერსახე იმას უკავშირდება, თუ როგორ მოახერხეს მისმა შემქმნელებმა ეს გიგანტური ერთიანი მასა ისტრის მარმარილოს წვრილ, კოხტასვეტებიან თაღებზე დაედგათ. მათ ვიზუალურ ბალანსს მიაღწიეს და საუცრად მსუბუქი ზედა სართულები შექმნეს - თაღოვანი ფანჯრები გამოჭრეს, კედლები კი ვერონის ვარდისფერი მარმარილოთი მოაპირკეთეს. ეფექტს აძლიერებს დაკბილული, შპილებიანი კარნიზი შენობის თავზე - სასახლე თითქოს ჰაერში დაფარფატებს. მასიური ფასადი ლაგუნის ფსკერზე ჩასობილ ხის ხიმინჯების ფუნდამენტს ეყრდნობა.
წითელი მარმარილოს ორი სვეტი (მეცხრე და მეათე) სასახლის პირქუშ წარსულს გვახსენებს - მათ შორის ოდესღაც დოჟი იდგა და სასიკვდილო განაჩენებს აცხადებდა. წითელი ფერი სისხლის სიმბოლოა.
დოჟების სასახლის მთავარი შესასვლელია "ქაღალდის კარი" (Porta della Carta), რომელიც მას წმინდა მარკოზის ტაძართან (Basilica di San Marco) აკავშირებს. კარი ყოველი მხრიდან მორთულია დეკორატიული ფიგურებით, პორტალზე კი დოჟს, ფრანჩესკო ფოსკარის, მუხლი მოუყრია წმინდა მარკოზის ლომის წინაშე, რაც იმის ერთგვარი სიმბოლოა, რომ ვენეციის რესპუბლიკაში ადამიანი ქედს იხრიდა სახელმწიფოს ძალაუფლების წინაშე.
სახელწოდება "ქაღალდის კარი" იმას უკავშირდება, რომ უწინ აქ კანცელარიის მწერლები ისხდნენ და ქალაქელებს საბჭოს წევრების სახელზე თხოვნის შედგენაში ეხმარებოდნენ.
თუკი ფასადის ბოლოში გახვალთ "დიდი არხის" მხრიდან, დაინახავთ ვენეციის კიდევ ერთ სიმბოლოს - "ოხვრათა ხიდს" (Ponte dei Sospiri). ის დოჟების სასახლეს აკავშირებს ციხესთან, საიდანაც პატიმრები უკანასკნელად ხედავდნენ ვენეციას, როდესაც ისინი მოსამართლესთან მიჰყავდათ სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად.
"ქაღალდის კარს" ფოსკარის თაღის გავლით დიდ ცენტრალურ ეზოში მივყავართ.
აქვეა "გიგანტების კიბე" (Scala dei Giganti), საიდანაც ზედა სართულის სახელმწიფო აპარტამენტებთან მოხვდებით.
კიბის ბოლოში მარმარილოს ორი ქანდაკებაა - მარსისა და ნეპტუნის, - რაც მიუთითებს ვენეციის სიძლიერეზე, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში.
კიბის მარცხნივ სენატორების ეზოა (Cortile dei Senatori), სადაც ისინი საზეიმო ღონისძიებების დროს იკრიბებოდნენ.
ახლა სასახლის შიგნით გადავინაცვლოთ. დიდი საბჭოს დარბაზში (Sala del Maggior Consiglio) საბჭოს სხდომები იმართებოდა და მას ხმის უფლების მქონე 1800 ადამიანი უნდა დაეტია. აქ მსჯელობდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც ვენეციის რესპუბლიკა მსოფლიო დონის სახელმწიფოდ გადააქციეს.
დარბაზი თავისი დროის უდიდესმა მხატვრებმა - პიზანელომ, ბელინიმ, კარპაჩომ და ტიციანმა - მოხატეს. მაგრამ 1577 წლის ხანძარმა მათი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი გაანადგურა. ახალი დარბაზი მოხატეს ტინტორეტომ, ვერონეზემ, პალმა უმცროსმა და ფრანჩესკო ბასანომ. დარბაზის ერთ-ერთი შედევრია ვერონეზეს ნახატი "ვენეციის ტრიუმფი".
დიდი საბჭოს დარბაზში განთავსებულია პორტრეტი ყველა დოჟისა, რომლებიც ვენეციას მართავდნენ. მხოლოდ ერთი დოჟის, მარინო ფალიეროს, პორტრეტია შავად შეღებილი - მას "გიგანტების კიბეზე" ღალატისთვის თავი მოკვეთეს.
საუცხოო სანახავია ოქროს კიბე (Scala d'Oro), რომელმაც ეს სახელი მდიდრული, მოოქროვილი მორთულობის გამო მიიღო.
მრავალთა აზრით, დოჟების სასახლეში ყველაზე ლამაზია კოლეგიის დარბაზი (Sala del Collegio), სადაც დოჟის თავმჯდომარეობით კოლეგია (მინისტრთა კაბინეტი) იკრიბებოდა და რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა.
ჭერზე ვერონეზეს რამდენიმე შესანიშნავი ნახატია, რომლებიც ვენეციის დიდ იდეალებს განასახიერებენ, კედლებზე კი ტინტორეტოსა და მისი მოწაფეების ნახატებია.
აი, როგორ გამოიყურება სენატის დარბაზი (Sala del Senato):
აღსანიშნავია "ოთხი კარის დარბაზი" (Sala delle Quattro Porte). აქ თითოეული კარი იშვიათი სახეობის მარმარილოშია ჩასმული და ქანდაკებებითაა დამშვენებული:
"ათეულის საბჭოს დარბაზი" (Sala del Consiglio dei Dieci) იყო საიდუმლო სახელმწიფო სასამართლო. ის პასუხს აგებდა საიდუმლო პოლიციის მუშაობაზე და აკონტროლებდა საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა ასპექტს:
ამ საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. დარბაზს ჰქონდა საიდუმლო კიბე, საიდანაც მსჯავრდებულები ზედა სართულის შვიდიდან ერთ-ერთ საპატიმრო საკანში მიჰყავდათ. ამ საპატიმროს პიომბი (Piombi) ეწოდებოდა, რაც "ტყვიის ციხეს" ნიშნავს. ზაფზულში მასში საშინლად ცხელოდა, ზამთარში კი ციოდა. პიომბის არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა - ცნობილმა ავანტიურისტმა, ქალების გულთამპყრობელმა, მოგზაურმა და მწერალმა ჯაკომო კაზანოვამ.
"კომპასის დარბაზის" (Sala della Bussola) კარის გვერდით, სადაც დაკითხვას ელოდებოდნენ "ათეულის საბჭოზე" დაბარებულები, არის ყუთი, სახელწოდებით "ლომის ხახა" (Bocca di Leone). ყუთს აქვს სპეციალური ღრეჩო, რომელშიც დასმენის ბარათის ჩაგდება შეიძლებოდა:
ინკვიზიტორთა დარბაზში (Sale dei Inquisitori) ინკვიზიტორები სამართალდამრღვევთა დაკითხვას აწარმოებდნენ. ჭერის შუაგულში ტინტორეტოს "უძღები შვილის დაბრუნებას" იხილავთ.
მეორე სართულის აღმოსავლეთ ფრთაში მომცრო აპარტამენტებია. მათ უკანა ნაწილში პატარა სამხატვრო გალერეაა, რომელშიც ინახება ბელინის, ბოკაჩინოს, ტიეპოლოსა და ტინტორეტოს ნამუშევრები.
დოჟის აპარტამენტების ნაწილია გერბის დარბაზი (Sala dello Scudo). აქ ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი სასახლის სტუმრებს იღებდა. ცენტრალურ კედელზე მისი საგვარეულო გერბი ეკიდა. დარბაზს ამშვენებს ორი ძველებური გლობუსი და უზარმაზარი გეოგრაფიული რუკები:
უთუოდ დაგაინტერესებთ "იარაღის პალატა" (Armeria di palazzo), სადაც გამოფენილია XV-XVII საუკუნეების სხვადასხვა იარაღი:
ექსპონატებს შორის ავღნიშნავთ "ეშმაკის სკივრს", რომელიც გახსნისას მასში ჩამალული ოთხი პისტოლეტიდან ისროდა, მოწამლული ისარი და 20-ლულიანი არკებუზი - ტყვიამფრქვევის წინაპარი.
დოჟების სასახლის მისამართია: Piazza San Marco,1/piazzetta San Marco, 2. თუკი რკინიგზის სადგურ "სანტა ლუჩიაზე" ან რომის მოედანზე იმყოფებით, ჩაჯექით ვაპარეტოში №1 - გაჩერება Vallaresso/San Zaccaria, №2 - გაჩერება Giardinetti, №5.1, 4.1 - გაჩერება San Zaccaria.
ბილეთის ღირებულებაა (ვიზიტამდე მინიმუმ 30 დღით ადრე ონლაინ ყიდვა/ადგილზე შეძენა): 25/30 ევრო, 6-14 წლის ბავშვებისთვის, 15-25 წლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, 65-ს გადაცილებულთათვის - 13/15 ევრო, 6 წლამდე - უფასოდ. ბილეთში შედის, აგრეთვე კორერის მუზეუმის, ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმისა და მარჩიანას ბიბლიოთეკის დარბაზების დათვალიერება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დოჟების სასახლის ოფიციალურ საიტს: https://palazzoducale.visitmuve.it.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია