უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და ნეაპოლში


ყველაფერი ნეაპოლის შესახებ

ნეაპოლი ძველბერძნულად Νέα Πόλις - "ახალი ქალაქი", ლათინურად Neapolis, იტალიურად Napoli, ნეაპოლურად Napule-ა. ის არის კამპანიის ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი, იტალიის სიდიდით მესამე ქალაქი რომისა და მილანის შემდეგ და სამხრეთ იტალიის უდიდესი ქალაქი. ნეაპოლთან მდებარეობს სახელგანთქმული ვულკანი ვეზუვი, რომელიც ერთადერთი მოქმედი ვულკანია მთელ მატერიკულ ევროპაში. ეს ულამაზესი ქალაქი განთავსებულია ნეაპოლის ყურის ჩრდილოეთ უბეში. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება კუნძულ კაპრიზე და კუნძულ ისკიაზე. ნეაპოლის აღმოსავლეთით მდებარეობს პომპეი და ჰერკულანუმი - ანტიკური ქალაქები ნეაპოლის ყურის სანაპიროზე, რომლებიც ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს. ფერფლმა ისინი დამარხა და უცვლელი სახით შემოინახა ჩვენს დრომდე. გთავაზობთ ყველაზე სრულ უფასო ონლაინ-მეგზურს ნეაპოლში. მასში თავმოყრილია ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც ამ ქალაქის შესახებ უნდა იცოდეთ: ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ძეგლები, ფასები, კვება. თუ ნეაპოლში გამგზავრება გადაწყვიტეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით - ნეაპოლი ხომ იტალიის გამორჩეული ქალაქია. მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ.


სტატიის შინაარსი


1. ნეაპოლის შესახებ მოკლედ

2. სარჩევი



1. ნეაპოლის შესახებ მოკლედ


ლეგენდის თანახმად, როდესაც ოდისევსი ტროადან შინ ბრუნდებოდა, მისი შეტყუება სირინოზებმა (ძველბრძნული მითოლოგიის მიხედვით, სირინოზი დემონური არსება იყო, რომელსაც სხეულის ზედა ნაწილი ქალის ჰქონდა, ქვედა კი - ფრინველის) სცადეს თავიანთი სიმღერით. მაგრამ ამან არ გაჭრა და ერთ-ერთი სასოწარკვეთილი სირინოზი, სახელად პართენოპა - მდინარის ღმერთის, აქელოისა და ცეკვის მუზის, ტერპსიქორას შვილი - ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. მისი სხეული ამჟამინდელ ნეაპოლთან, კუნძულ მეგარიდთან გამოირიყა, სადაც ახლა ციხეკოშკი "კასტელ დელ'ოვო" მდებარეობს. როდესაც ამ ადგილას ქალაქ კუმიდან (ძველი ბერძნების პირველი კოლონია იტალიაში, კერძოდ, კამპანიაში, ტირენეის ზღვის სანაპიროზე) წამოსული ადამიანები მოვიდნენ ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნეში, ახალი ქალაქი დააარსეს და მას პართენოპა უწოდეს იმ სირინოზის პატივსაცემად. ამიტომ ნეაპოლელებს პართენოპეელებსაც ეძახიან.


რომაული მითოლოგია სხვა ვერსიას გვთავაზობს: კენტავრ ვეზუვის პართენოპა შეუყვარდა. განრისხებულმა იუპიტერმა კენტავრი ვულკანად გადააქცია, პართენოპა კი - ქალაქ ნეაპოლად. ლეგენდა გვეუბნება, რომ როდესაც ვულკანად გადაქცეული კენტავრი გრძნობებს ვეღარ იოკებს, გაშმაგებული ამოანთხევს მათ.


ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში ქალაქი იტალიკებმა დაარბიეს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ის მიატოვა და მას პალეპოლისი ეწოდა, რაც ძველ ქალაქს ნიშნავს. მალე მის გვერდით ახალი ქალაქი აღმოცენდა, რომელსაც ბერძნულად ნეაპოლისი ("ახალი ქალაქი") დაარქვეს. მოგვიანებით ის რომის რესპუბლიკის, შემდეგ კი რომის იმპერიის ნაწილი გახდა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ნეაპოლის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ქალაქი ბიზანტიის შემადგენლობაში აღმოჩნდა (ახალი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში). 638-1137 წლებში ნეაპოლი ფაქტობრივად დამოუკიდებელი ნეაპოლის საჰერცოგოს დედაქალაქია. 1139 წელს ბიზანტიელები ნორმანებმა განდევნეს და ნეაპოლი სიცილიის სამეფოს ნაწილი გახდა. 1224 წელს, იმპერატორ ფრიდრიხ II-ის მმართველობისას, დაარსდა ნეაპოლის უნივერსიტეტი. ის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მთელ მსოფლიოში.


1226 წელს ნეაპოლსა და სიცილიის მთელ სამეფოში ძალაუფლება ანჟუს დინასტიამ მოიპოვა. 1503 წლიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე ქალაქს ესპანელები მართავდნენ. არაგონელების მმართველობისას ბევრი კარგი საქმე გაკეთდა: აიგო ეკლესიები და არქიტექტურული ნაგებობები, განვითარდა კულტურა და ხელოვნება. XVII საუკუნეში ნეაპოლში თითქმის 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ის სიდიდით ევროპის მეორე ქალაქი იყო პარიზის შემდეგ.


1707-1734 წლებში ნეაპოლს ავსტრიელები მართავდნენ, შემდეგ კი ნაპოლეონი, რომელმაც 1806 წელს ნეაპოლის გვირგვინი თავის ძმას, ჯუზეპე ბონაპარტს გადასცა. ამ უკანასკნელმა 1815 წლამდე შეინარჩუნა ძალაუფლება. მომდევნო ორი წელი ნეაპოლის გვირგვინი ბურბონებს ერგოთ. მათ ის გარიბალდიმ წაართვა. 1860 წლის ოქტომბერში დაარსდა იტალიის სახელმწიფო და მასში შევიდა როგორც ნეაპოლი, ისე მთელი კამპანიის პროვინცია.


1995 წელს ნეაპოლის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.


ქალაქის მფარველია წმინდა მოწამე იანუარიუსი. მისი ხსოვნის პატივსაცემად ყოველი წლის 19 სექტემბერს დიდი ზეიმი იმართება.


აი, როგორ გამოიყურება ნეაპოლის დროშა:



ასე გამოიყურება ნეაპოლის გერბი მისი დროშის ფონზე:



ნეაპოლის გერბი არის ორად გაყოფილი ჰერალდიკური ფარი. ზედა ნაწილი ოქროსფერია, რაც მზის ენერგიის, სიცოცხლისა და კეთილდღეობის სიმბოლოა, ქვედა კი - წითელი, რაც სიმამაცეზე, ძალასა და ერთიანობაზე მიუთითებს. ზემოთ განთავსებულია გვირგვინი ხუთკოშკიანი კედლის სახით, ქვემოთ მოჩანს დაფნისა და მუხის ტოტები, რომლებიც იტალიის სახელმწიფოს დროშის ფერებით გაწყობილი ლენტითაა გადაბმული.


ნეაპოლი თბილი და რბილი ჰავით გამოირჩევა. ტურისტებისთვის საუკეთესო პერიოდია მაისი და ივნისი, აგრეთვე აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. დღის საშუალო ტემპერატურა ზამთარშიც კი +13°C-ია, ღამისა კი - +4°C;


ამჟამად ნეაპოლის მოსახლეობა დაახლოებით 911 ათასია, ნეაპოლის აგლომერაციის კი დაახლოებით 4 მილიონ 400 ათასი. ქალაქი დაყოფილია 30 ოლქად (კვარტიერად - quartieri), რომლებიც ათ დამოუკიდებელ თვითმმართველ მუნიციპალიტეტს ქმნიან.


ქალაქში ლაპარაკობენ როგორც იტალიურად, ისე ნეაპოლურად. ორივე ენა ლათინურის ადგილობრივი დიალექტიდან განვითარდა.


დღევანდელი ნეაპოლი არის მსხვილი საზღვაო პორტი გემთსაშენი ქარხნებით, აგრეთვე ფოლადსასხმელი, ნავთობისა და ფაიფურის მრეწველობით. ნეაპოლის მთელ ისტორიაში ერთმანეთის გვერდითაა სიმდიდრე და სიღარიბე, მძაფრი ეკინომიკური აღმავლობა და მზრუნველობითი დამოკიდებულება იტალიის ისტორიული ტრადიციების მიმართ.


ნეაპოლის სილამაზემ ერთ ცნობილ ფრთოსან ფრაზას დაუდო სათავე: "ნახე ნეაპოლი და შემდეგ თუნდაც მოკვდი". ერთ-ერთი ვერსიით, ის გოეთეს ეკუთვნის.


ორიოდე სიტყვით ვახსენოთ "კამორაც" (Camorra), რაც იტალიურად "ჩხუბს" ნიშნავს. "კამორა" - ნეაპოლური მაფიაა თავისი იერარქიით, კანონებითა და ჟარგონით. დღესდღეისობით ამ გავლენიანი მაფიოზური სინდიკატის შემოსავლის უმთავრესი წყარო ნარკოტიკების კონტრაბანდა და ვაჭრობაა.


ნეაპოლში ძალზე პოპულარულია ფეხბურთი. ქალაქს ჰყავს საკუთარი ფეხბურთის გუნდი - "ნაპოლი", რომელშიც ერთ დროს ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა თამაშობდა, 2022 წლის ზაფხულიდან კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. მეტის გასაგებად იხილეთ სტატია ნეაპოლი და ფეხბურთი.


ნეაპოლში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ფულის ერთეულია ევრო.


2. სარჩევი


1. ნეაპოლის დათვალიერება.

  1.1. ნეაპოლი 1 დღეში.

  1.2. ნეაპოლი 2 დღეში.

  1.3. ნეაპოლის საექსკურსიო ტრანსპორტი.

2. ნეაპოლში გადაადგილება.

  2.1. ნეაპოლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

  2.2. ნეაპოლის აეროპორტი.

  2.2. ნეაპოლის მეტროპოლიტენი.

3. ჭამა-სმა და ფასები ნეაპოლში.

  3.1. იტალიური და ნეაპოლური კერძები.

  3.2. სად ვჭამოთ იაფად ნეაპოლში.

  3.3. შოპინგი ნეაპოლში.

4. ნეაპოლის ღირსშესანიშნაობები.

  4.1. ვულკანი ვეზუვი.

  4.2. სამეფო სასახლე.

  4.3. პომპეი.

  4.4. წმინდა იანუარიუსის ტაძარი.

  4.5. ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი.

  4.6. უმბერტო I-ის გალერეა.

  4.7. ციხეკოშკი კასტელ დელ'ოვო.

  4.8. ციხკოშკი კასტელ ნუოვო.

  4.9. პლებისციტის მოედანი.

  4.10. სანტა კიარა.

  4.11. კაპოდიმონტეს მუზეუმი.

  4.12. ოპერის თეატრი "სან კარლო".

5. ნეაპოლი და ფეხბურთი.

  5.1. საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი".







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!