უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ვულკანი ვეზუვი - Vesuvio

ვეზუვი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. მისი ისტორია დაახლოებით 25 ათასი წლის წინათ დაიწყო ხმელთაშუა ზღვის სარტყლის მოძრაობის შედეგად და მას შემდეგ ის არაერთხელ ამოიფრქვა. ვულკანის სახელწოდებას ზოგი ოსკების ტომის ენის სიტყვას უკავშირებს, რომელიც "კვამლს" ნიშნავს, ზოგი - პროტოინდოევროპულ სიტყვა "მთას", ზოგიც - ლათინურ სიტყვას, რომელიც ითარგმნება, როგორც "ორთავიანი". ვეზუვის ძირში ისეთი საუცხოო და ნაყოფიერი ნიადაგია, რომ სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, აქ ოდითგანვე სახლდებოდა ხალხი. ჩვენს დროშიც ასეა: ვულკანის სიახლოვე ნეაპოლელებს არ აშინებთ. პირიქით, ის იტალიელების სიამაყეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას მუდმივად აკვირდებიან მეცნიერები, რათა დროულად დააფიქსირონ მისი გააქტიურება. 1995 წლიდან ვეზუვის მიმდებარე ტერიტორია ნაციონალურ პარკად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ვეზუვის ყოველწლიურად 4 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ვულკანი მიეკუთვნება აპენინების მთათა სისტემას და კონუსებისგან შედგება, რომლებიც ლავის ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა: სომა - რკალისებური ფორმისაა და ყველაზე ძველი ნაწილია. მეორე კონუსი - სომას შიგნითაა და სწორედ ის არის დღევანდელი მთა. ვეზუვის წვეროზე კრატერია მესამე კონუსით, მაგრამ მას დროებითი ხასიათი აქვს. ის მნიშვნელოვანი ამოფრქვევების დროს ფორმირდება. ამიტომ ვეზუვის ზომები ცვალებადია. კრატერის დიამეტრი 750 მეტრია, სიღრმე - 200 მეტრი, ფარდობითი სიმაღლე - 1232 მეტრი, აბსოლუტური სიმაღლე - 1281 მეტრი.


ვეზუვი ლავის ამოფრქვევის მასშტაბებითაა ცნობილი მთელ მსოფლიოში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომლები იყო მათგან ყველაზე დიდი. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი უძველესი ამოფრქვევა მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6940 წელს, აგრეთვე ჩვენს ერამდე 1660 წელს. ვეზუვის ამოფრქვევის ყველაზე ცნობილი თარიღია ახალი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტო. ამ დროს ფერფლმა დაფარა ოთხი ქალაქი - პომპეი, ჰერკულანუმი, ოპლონტია და სტაბია. ეს მოვლენა ასახულია ბრიულოვის ცნობილ ნახატში "პომპეის უკანასკნელი დღე".



79 წელს მომხდარ ტრაგედიას სხვა მხატვრებიც გამოეხმაურნენ, კერძოდ, ჟაკ ვოლერი, ჯონ მარტინი, იუჰან დალი და სხვ.




ვეზუვის ამ ამოფრქვევაზე ცნობები შემოგვინახა ორმა წერილმა. ისინი დაწერა პლინიუს უმცროსმა, აღნიშნული კატასტროფის დროს დაღუპული რომაელი პოლიტიკური მოღვაწის, მეცნიერისა და ენციკლოპედისტი მწერლის პლინიუს უფროსის ძმისშვილმა.


მომდევნო შედარებით ძლიერი ამოფრქვევა მოხდა 1631 წელს, რის შედეგადაც მთა 168 მეტრით დადაბლდა. ბოლო ამფრქვევა კი 1944 წლით თარიღდება.


ვეზუვის ნაციონალურ პარკში მოწყობილია 11 მარშრუტი. ისინი 2001-2003 წლებში შეიქმნა და კატეგორიებადაა დაყოფილი. მათ შორის არის წრიული, საგანმანათლებლო, პანორამული და სასოფლო-სამეურნეო მარშრუტები. ბილიკების საერთო სიგრძე 54 კილომეტრია. ტურისტებისთვის გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები.



ვულკან ვეზუვის დათვალიერება შეგიძლიათ შემდეგ საათებში:


- აპრილი-ივნისი, სექტემბერი: 09:00-17:00;

- ივლისი-აგვისტო: 09:00-18:00;

- მარტი, ოქტომბერი: 09:00-16:00;

- იანვარი-თებერვალი, ნოემბერი-დეკემბერი: 09:00-15:00.


კრატერის დათვალიერება ფასიანია და 11,70 ევრო ღირს. 6 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთი უფასოა. ასევე უფასოა პარკში სეირნობაც, თუ კრატერის დათვალიერება არ გსურთ.


დეტალებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ვეზუვის ოფიციალურ საიტს: https://www.parconazionaledelvesuvio.it/en.


ვეზუვი მდებარეობს ნეაპოლიდან 12,5 კილომეტრის მანძილზე. იქ მისასვლელად უნდა მიხვიდეთ რკინიგზის ცენტრალურ სადგურში, გარიბალდის მოედანზე (Stazione di Napoli Centrale), საიდანაც ყოველდღე გადის მატარებლები Circumvesuviana ვეზუვის მიმართულებით. მგზავრობის ხანგრძლივობა 9-16 წუთია. ჩამოხვალთ სადგურ ერკოლანო-სკავიში (Ercolano Scavi). ბილეთის ღირებულება 2,10 ევროა. სადგურიდან ვეზუვის ნაციონალურ პარკამდე მიდის მიკროავტობუსი (ბილეთი - 10 ევრო). მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 30 წთ.


ნეაპოლიდან ვეზუვამდე მისვლა შეგიძლიათ, აგრეთვე, კომპანია EAVBUS-ის ავტობუსითაც. ის გადის პიედიგროტის მოედნიდან (piazza Piedigrotta) დილის 09:00-ზე და 10:15-ზე. მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით ნახევარი საათია. უკან ავტობუსები გამოდის 12:30-ზე და 14:00-ზე. მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით - 7.30 ევრო.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!