უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


წმინდა იანუარიუსის ტაძარი

წმინდა იანუარიუსის ტაძარი (Duomo di San Gennaro) ნეაპოლის საკათედრო ტაძარია. ის ააგეს ქალაქის მფარველის, წმინდა იანუარიუსის პატივსაცემად. მდებარეობს ნეაპოლის ცენტრში, ქალაქის რელიგიური ცხოვრების ცენტრია და მრავალ ტურისტს იზიდავს. მისი ოფიციალური სახელწოდებაა "წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი" (Duomo di Santa Maria Assunta). იმავდროულად, არის ნეაპოლის არქიეპისკოპოსის რეზიდენციაც. იგი მოიცავს ორ საკულტო ნაგებობას: სანტა რესტიტუტის ბაზილიკას (Вasilica di Santa Restituta) და ეკლესიას სან-ჯოვანი-ინ-ფონტე (San Giovanni in Fonte).



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტაძარს საფუძველი ჩაუყარა კარლ I-მა ანჟუელმა 1272 წელს ორი ძველი ბაზილიკის საფუძველზე, მშენებლობა განაგრძო მისმა ვაჟმა, კარლ II-მ და დაასრულა შვილიშვილმა რობერტმა 1313 წელს. არქიტექტურული იდეა ეკუთვნოდა ლომბარდიელ ტომაზო მალვიტოს, მოგვიანებით ფასადი და პორტალი განაახლა ენრიკო ალვინომ, ბოლო, 1974 წლის რეკონსტრუქციის ავტორი კი რუფატია. ტაძრის ორგანი 1767 წელს შექმნა ფილიპო ჩიმინომ.



ტაძრის დიდებული ინტერიერი გაყოფილია ნატიფი გოტიკური თაღებით.



ტაძარში ინახება ლანფრანკოს, დომენიკინოს, ხოსე დე რიბერისა და სხვათა ფრესკები და ნახატები და ყოფილ მმართველთა ქანდაკებები.



ტაძრის უძველესი ნაწილია წმინდა რესტიტუტას (ქალწული, კათოლიკური ეკლესიის წმინდანი) კაპელა. მის ინტერიერს ამშვენებს ლუკა ჯორდანოს მოხატულობა.



ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა იანუარიუსის კაპელა. ის უხვადაა მოხატული ფრესკებით. იქვეა საკურთხეველი, მრავალი ქანდაკება, რომელთაგანაც გამოირჩევა წმინდა იანუარიუსის ბიუსტი ოქროსა და ვერცხლისგან, მდიდრული სამოსითა და ძვირფასეულობით.



კრიპტაში ინახება ტაძრის უმთავრესი რელიკვია - ჭურჭელი წმინდა იანუარიუსის სისხლით. ეს ჭურჭელი წელიწადში სამჯერ გამოქვთ, რათა ანახონ ყველა მსურველს, როგორ თხევადდება შედედებული სისხლი რაღაც გაუგებარი გზით. ამ მდგომარეობაში რჩება ის რვა დღე, შემდეგ კი კვლავ შედედებას იწყებს, რაც ფიზიკისა და ფიზიოლოგიის კანონებს ეწინააღმდეგება. ადგილობრივებს სწამთ, რომ თუ ეს სასწაული რატომღაც არ მოხდება, უბედურებას ვერ ასცდებიან. ასე იყო 1527 წელს, როცა ქალაქში შავი ჭირი გაჩნდა, 1979 წელს კი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.



ყურადღების ღირსია, აგრეთვე, წმინდა იოანეს სანათლავი, ანუ ბაპტისტერიუმი, და მინუტოლოს კაპელა, გოტიკური არქიტექტურის შედევრი.



ტაძარში კიდევ არაერთ საინტერესო რამეს იხილავთ.



წმინდა იანუარიუსის ტაძრის მისამართია: Via Duomo, 149.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს 1-ლი ხაზით, გაჩერება Dante და შემდეგ 12 წუთი ფეხით; მეტროს მე-2 ხაზით, გაჩერება Stazione di Napoli Piazza Cavour და შემდეგ 7 წუთი ფეხით;

- ავტობუსით №147, 182, 184, 201, 301, 460A, 584, N4, გაჩერება Foria-Duomo.


მუშაობს ყოველდღე, 09:30-18:30.


ბილეთის ღირებულებაა:


- ტაძარში (ოღონდ არა მის ყველა ნაწილში) შესვლა უფასოა;

- წმინდა იანუარიუსის საგანძურის დათვალიერება (აუდიოგიდით): მოზრდილებისთვის - 10 ევრო, 65 წელს გადაცილებულთათვის - 7 ევრო, 12-14 წლის ბავშვებისთვის - 5 ევრო, ინვალიდებისა და 12 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;

- ევროკავშირის 18-25 წლის მოქალაქეებისთვის - 2 ევრო;

- წმინდა იანუარიუსის სამლოცველო აუდიოგიდის თანხლებით - 4 ევრო;

- საგანძური+ფილანჯერის მუზეუმი (აუდიოგიდით): მოზრდილებისთვის - 12 ევრო, 65 წელს გადაცილებულთათვის - 8,50 ევრო, 12-14 წლის ბავშვებისთვის - 7 ევრო, ინვალიდებისა და 12 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://tesorosangennaro.it/.










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!