უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ციხეკოშკი კასტელ დელ'ოვო

კასტელ დელ'ოვო (Castel dell’Ovo) შუა საუკუნეების ციხეკოშკია. ის მდებარეობს ტირენეის ზღვაში, კუნძულ მეგარიდაზე, რომელიც ძალზე ახლოსაა ნაპირთან და ვიწრო მიწაყრილითაა დაკავშირებული ნეაპოლის სანაპირო რაიონ სანტა-ლუჩიასთან. იტალიურად კასტელ დელ'ოვო "ციხეკოშკ-კვერცხს", "კვერცხის ციხეკოშკს" ნიშნავს, რასაც ორ ახსნას უძებნიან. ჯერ-ერთი, მას უჩვეულოდ წაგრძელებული ფორმა აქვს. მეორე ვერსიით კი, გადმოცემის თანახმად, რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა ციხესიმაგრის მიწისქვეშეთში ჯადოსნური კვერცხი დამალა და სანამ მას არ აღმოაჩენენ, ქალაქ ნეაპოლსა და კასტელ დელ'ოვოს საფრთხე არ ემუქრება. იგი დიდებული არქიტექტურული ძეგლია, აქვს მდიდარი ისტორია და უამრავ ტურისტს იზიდავს. ვარაუდობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში სწორედ მის ადგილას დააარსეს ბერძენმა კოლონიზატორებმა ქალაქი ნეაპოლი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მოგვიანებით ეს ლამაზი ადგილი სათანადოდ დააფასა რომაელმა მხედართმთავარმა და კონსულმა ლუციუს ლიცინიუს ლუკულმა. მან აქ ვილა ააშენა და "Castellum Lucullanum"დაარქვა, რითაც თავისი სახელი უკვდავყო. V საუკუნეში, როცა იმპერიას ვალენტინიან III მართავდა, პატარა კუნძულის ნაპირები გაამაგრეს, რათა ის მტრის შემოსევებისგან დაეცვათ. შემდეგ მეგარიდზე დიდი ხნის განმავლობაში ბერები ცხოვრობდნენ.


ციხესიმაგრე კასტელ დელ'ოვო 1139 წელს გაჩნდა სიცილიის სამეფოს პირველი მეფის, როჯერ II-ის წყალობით - ქალაქს საიმედო დაცვა სჭირდებოდა ზღვის მხრიდან. ასიოდე წლის შემდეგ სამეფო კარი კასტელ-ნუოვოში გადავიდა, ძველ ციხესიმაგრეში კი სამეფო ხაზინა და სასამართლო უწყებები დარჩა. სხვათა შორის, აქ გახსნილ ციხეში ჰყავდათ დატყვევებული ბერი-ფილოსოფოსი ტომაზო კამპანელა. აქვე ამწყვდევდნენ ხელისუფლებისთვის არასასურველ პირებს. არსებობს არაერთი ლგენდა კასტელ დელ'ოვოს მოჩვენებებზე. ზოგიერთ შთაბეჭდილებიან ტურისტს დღესაც ჩაესმის ბორკილებისა და წამებით გატანჯული პატიმრების კვნესის ხმა. XV საუკუნეში ციხესიმაგრე ერთხელაც გადააკეთეს და გაამაგრეს, რაც ძალზე გამოადგა მას საფრანგეთთან ომების დროს, როცა ის წარმატებით უმკლავდებოდა მტრის ქვემეხების იერიშებს.




ამჟამად კასტელ დელ'ოვოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყვითელი ტუფისგან აგებული ბასტიონები, ბერების სატრაპეზო, გადმოსახედი მოედნებიდან დატკბეთ ნეაპოლის ყურის დიდებული პანორამით პოზილიპოს კონცხამდე და კუნძულ კაპრიმდე. ციხესიმაგრის შიგნით იხილავთ შუა საუკუნეების კონსტრუქციებსა და გოტიკის ნიშნებს. ტურისტებს განსაკუთრებით დააინტერესებს ორი კოშკი: ტორე მაესტრა (კოშკი-ანძა) და ტორე ნორმადია (ნორმანდიული კოშკი).





სადაც კვერცხი, იქ მამალიც...



ლამაზ ციხესიმაგრეს ხშირად იყენებენ კულტურული ღონისძიებების, გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების გასამართავად. დღესასწაულების წინ ძველ კედლებს ანათებენ და ფეიერვერკებს აწყობენ.




ციხესიმაგრის უდიდესი ნაწილი აშენებულია რომანული სტილით, ბაროკოს ელემენტებით. შიგნით იხილავთ მრავალ თაღს პილასტრებითა და ანტიკური სვეტებით. ბევრი ტურისტი სტუმრობს წმინდა პეტრეს XIV საუკუნის პატარა ეკლესიას.



კასტელ დელ'ოვოს ტერიტორიაზე გახსნილია ისტორიული მუზეუმი, სადაც გამოფენილია არქეოლოგიური არტეფაქტებისა და XIV-XVI საუკუნეების ნეაპოლელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები, ძველი დოკუმენტები, ფოტოსურათები, ცნობილი იტალიელი მხატვრების ფერწერული ტილოები.


ციხეკოშკი მდებარეობს ნავსადგურთან, Via Eldorado-ს 3-ში. მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქალაქო ავტობუსით №C25, გაჩერება Via Partenope.


კასტელ დელ'ოვოს მონახულება შეიძლება ყოველდღე: 09:00-16:30.


შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.comune.napoli.it/casteldellovo.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!