უმბერტო პირველის გალერეა (Galleria Umberto I) ნეაპოლში, პირველ ყოვლისა, არქიტექტორული ღირსშესანიშნაობაა და მხოლოდ ამის შემდეგ არის სავაჭრო ცენტრი. ჯვრის ფორმის ამ დიდებული შენობის ცნობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მას აქვს მაღალი პორტალი ოთხი სვეტითა და 56 მეტრი სიმაღლის შუშის გუმბათით. თუ ნეაპოლში მოხვდებით, ეს გალერეა აუცილებლად უნდა ნახოთ. ის 1887-1891 წლებში ააგეს (გაიხსნა 1894 წელს), რათა გაეკეთილშობილებინათ ქალაქის საკმაოდ ცუდი რეპუტაციის მქონე რაიონი - სან-ბრიგიდა, რომელიც ძლიერ დაზიანდა ქოლერის ეპიდემიებისგან. გალერეამ ნამდვილად მიაღწია ამ მიზანს და სულ სხვა იერი მისცა ნეაპოლის ცენტრალურ ნაწილს.
გალერეას სახელი ეწოდა იტალიის მეორე მეფის, უმბერტო I-ის პატივსაცემად. არქიტექტორია ემანუელე როკო. სხვათა შორის, შენობა ძალიან ჰგავს მილანის ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეას. გალერეა თავიდანვე გახდა ნეაპოლის ბომონდის შეკრების ადგილი. შეძლებული ხალხი აქ მოდიოდა ფულის დასახარჯავად, შამპანურის დასალევად, ძვირფასი ტანსაცმლის შესაძენად, მუსიკის მოსასმენად და დასანაყრებლად. ამ მხრივ, ბევრი არაფერი შეცვლილა.
გუმბათის რვა წვეროში სპილენძისგან დამზადებული ქალის რვა ფიგურაა, რომლებსაც ჭაღები უჭირავთ. ოთხ ნახევრად მრგვალ ფანჯარაში მოთავსებულია ორი სამკუთხედით შექმნილი დავითის ვარსკვლავი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გალერეაში ნეაპოლის მასონური ლოჟა მდებარეობდა.
იატაკზე, გუმბათის ქვეშ, მოზაიკით გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნებია, რომლებიც თითქოს დიდი ყვავილის ფურცლებია. მათ შემქმნელებს გასაქანი მიუციათ თავიანთი ფანტაზიისთვის. ამბობენ, რომ თუ თქვენს შესაბამის ზოდიაქოს ნიშანს იპოვით და მასზე დადგებით, ჩაფიქრებული სურვილი აგიხდებათ.
რათა ტურისტებმა უკეთ შეძლონ ორიენტაცია, მოზაიკის ცენტრში კომპასია დაყენებული, რომელიც ოთხ მხარს უჩვენებს (იტალიურ ენაზე): OVEST-NORD-EST-SUD. ამავე ხაზებს მიუყვება ოთხი გასასვლელი სავაჭრო ცენტრიდან.
გალერეაში უამრავი ბუტიკი, მაღაზია, საკონდიტრო, რესტორანი და სილამაზის სალონია. სასტუმროც კი არის. ოღონდ ყველაფერი საკმაოდ ძვირია და მათ ყველა ტურისტის ჯიბე ვერ გაწვდება.
გალერეა მდებარეობს პლებისციტის მოედნის სიახლოვეს, სან-კარლოს თეატრის მოპირდაპირე მხარეს, ოთხი ქუჩის გადაკვეთაზე. ესენია: Via San Carlo/vicolo Rotto San Carlo/via Santa Brigida/via Toledo. შესვლა ოთხივე მხრიდან შეგიძლიათ.
მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით №R2 ან მეტროთი, გაჩერება piazza Amedeo.
გალერეა მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.