ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა მილანის ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გალერეაა. ის ქალაქის ცენტრში მდებარეობს საკათედრო ტაძარ დუომოსა და "ლა სკალას" თეატრს შორის. სახელი გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ხალხს უყვარდა. პროექტისა და მისი რეალიზაციის ავტორია იტალიელი მოქანდაკე ჯუზეპე მენგონი. მისი პროექტი 176 ნამუშევრიდან გამოარჩიეს საერთაშორისო კონკურსში, რომელიც 1861 წელს გაიმართა ტაძრის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით. მშენებლობა 1865-1877 წლებში მიმდინარეობდა. მენგონი მის დასრულებას ვერ მოესწრო - სამუშაოს დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ჯერაც გამოცანაა, ეს თვითმკვლელობა იყო თუ უბედური შემთხვევა.
ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა ეს არის მაღაზიებითა და რესტორნებით დახუნძლული ორი ქუჩის თანაკვეთა მინის კამაროვანი სახურავის ქვეშ. შენობას აქვს ლათინური ჯვრის ფორმა რვაკუთხა ცენტრით. ქუჩის სიგრძე, რომელიც დუომოსა და "ლა სკალას" მოედნებს აკავშირებს, 196 მეტრია, მისი თანამკვეთი ქუჩის - 105,5 მეტრი. გალერეის შესასვლელს დუომოს მოედნის მხრიდან ლამაზი ტრიუმფალური თაღი ამშვენებს. ჯვრის ცენტრში დეკორატიული მოზაიკაა 4 კონტინენტისა (ევროპა, აფრიკა, ამერიკა, აზია) და მიწათმოქმედების, მრეწველობის, მეცნიერებისა და ხელოვნების ალეგორიული გამოსახულებებით.
გუმბათის ქვეშ, მოზაიკურ იატაკზე, თავს იწონებს რომის, ტურინის, მილანისა და ფლორენციის გერბები.
ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურინის გერბი, ვინაიდან, ლეგენდის თანახმად, თუ მის ინტიმურ ადგილზე ქუსლზე სამჯერ დატრიალდებით, ჩაფიქრებული სურვილი შეგისრულდებათ.
47 მეტრი სიმაღლის მინის გუმბათი უსასრულო სივრცისა და ღია ცის შთაბეჭდილებას ტოვებს:
გალერეის სტილს გამოარჩევს გროტესკული ფერწერა, კარიატიდები, ნახევრად მრგვალი ფანჯრები და პილასტრები. გუმბათის ქვეშ, შენობების ფასადებზე, მოთავსებულია ცნობილი იტალიელი მხატვრებისა და მეცნიერების ქანდაკებები.
2015 წლიდან ტურისტებს გალერეის სახურავზე გასეირნება შეუძლიათ (250 მეტრის გავლა მოგიწევთ). იქ განთავსებულია კაფეები და გადმოსახედი მოედნები, საიდანაც მილანის უჩვეულო ხედები იშლება. არის, აგრეთვე, კინოთეატრი.
გალერეა დიდი სავაჭრო ცენტრია, თუმცა მაღალი ფასებით გამოირჩევა. აქ განთავსებულია ცნობილი ბრენდების მაღაზიები - Prada, Gucci, Rizzoli, Dolce&Gabbana, Versace, Louis Vuitton და ა.შ. აქვეა კაფე-რესტორნები და სხვა მაღაზიები. გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს: რესტორანი Savini, კაფე Biffi, კაფე-ბარი Campari, წიგნის მაღაზიები Bocca და Rizzoli, გრავიურების ისტორიული მაღაზია Centenari, ბუტიკი Mejana (ქალის ტყავის ჩანთები), Fratelli Prada (ტანსაცმელი), Vigano (საიუველირო ნაკეთობები, ბიჟუტერია, მოდური აქსესუარები), Cade (მამაკაცის პერანგები და აქსესუარები) და სხვ.
დუომოს მოედანზე, გალერეის ცენტრალური (სამხრეთის) შესასვლელის წინ, იხილავთ ცხენზე ამხედრებული მეფე ვიტორიო ემანუელე II-ის ძეგლს:
გალერეის ჩრდილოეთი შესასვლელი ლა სკალას მოედანზე მდებარეობს.
ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეის მისამართია: Piazza del Duomo. გალერეა მდებარეობს მილანის საკათედრო ტაძართან ახლოს და ერთგვარი ხიდია ტაძრის მოედანსა (Piazza del Duomo) და "ლა სკალას" თეატრის წინ არსებულ მოედანს (Piazza della Scala) შორის.
გალერეაში შესვლა შეიძლება ყოველდღე, მთელი დღე-ღამის განმავლობაში. სავაჭრო და კვების ობიექტების მუშაობის საათებია - 10:00-22:00.
გალერეაში შესვლა უფასოა.
გალერეის სახურავზე ასვლა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილებისთვის - 12 ევრო, 7-14 წლის ბავშვბისა და 65 წელს გადაცილებულებისთვის - 10 ევრო, 7 წლამდე - უფასოდ.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს წითელი M1 და ყვითელი M3 ხაზით - გაჩერება Duomo;
- ტრამვაით №1, 2 ან ავტობუსით №61 - გაჩერება Teatro Alla Scala/Via Grossi/Duomo.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.