უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ციხეკოშკი კასტელ ნუოვო

ციხედარბაზი კასტელ ნუოვო (Castel Nuovo), ანუ ახალი ციხედარბაზი, რომელიც შუა საუკუნეებისა და აღორძინების ხანის მიჯნაზეა აგებული, ნეაპოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა და მისი სიმბოლოა. "ახალი" იმიტომ უწოდეს, რომ ძველი ნაგებობებისგან გამოერჩიათ. ის კიდევ ერთი სახელითაა ცნობილი - "ანჟუური ციხესიმაგრე" (Maschio Angioino): სიცილიისა და ნეაპოლის მეფე შარლ I ანჟუელის პატივსაცემად, რომლის ბრძანებითაც ის ააგეს 1279-1282 წლებში, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ სამეფოს დედაქალაქი პალერმოდან ნეაპოლში გადმოეტანა, მდიდრული ცხოვრებისთვის კი ნეაპოლის სხვა ნაგებობები არ აკმაყოფილებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ის მასში ცხოვრებას ვერ ეღირსა "სიცილიური მწუხრის" გამო (ეს იყო ომი, როცა 1282 წელს სიცილიელები ფრანგებს აუჯანყდნენ). მხოლოდ მისმა შვილმა, შარლ II-მ შეძლო იქ შესახლება 1288 წელს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ციხედარბაზს არაერთხელ ჩაუტარეს რეკონსტრუქცია. ბოლო რეკონსტრუქცია 1823 წელს განხორციელდა, XX საუკუნის დასაწყისში კი ის ისტორიულ ძეგლად აღიარეს.


თავისი არსებობის პერიოდში სამეფო რეზიდენცია მრავალი პოლიტიკური მოვლენის მოწმე გახდა, მაგალითად, ბონიფაციუს VIII-ის რომის პაპად კურთხევის. გაუძლო უნგრეთის მეფე ლაიოშ დიდის ორ ალყას. 1805 წელს ის რუსეთის ესკადრამ დაიპყრო. ამ ციხედარბაზში ამზადებდნენ მეფე ფერდინანდ I-ის მოწინააღმდეგეები ბარონების მზაკვრულ შეთქმულებას, რაც მისი მონაწილეების სიკვდილით დასჯით დასრულდა. მოგვიანებით კასტელ ნუოვო ორჯერ დაიკავეს აჯანყებულმა ნეაპოლელებმა. ციხესიმაგრეს ვერ ბუნების ძალებმა დააკლო რამე: 1456 წლის მიწისძვრამ თითქმის მთელი ნეაპოლი დაანგრია, კასტელ ნუოვო კი ოდნავაც არ დაზიანებულა.



ციხესიმაგრე კასტელ ნუოვო მნახველის ყურადღებას, პირველ ყოვლისა, თავისი არქიტექტურით იპყრობს. გოტიკური სტილის შენობის ფუნდამენტი ტრაპეციის ფორმისაა. თაღის აქეთ-იქით და ნაგებობის სხვა კუთხეებში 5 მრგვალი, 55 მეტრი სიმაღლის კოშკია, მთავარ ფასადზე კი სამი კოშკი მოჩანს: წმ. გიორგის, შუა და საგუშაგო. შუა და საგუშაგო კოშკებს შორის ტრიუმფალური თაღია, რომელიც მეფე ალფონს V არაგონელის მმართველობისას ააგეს 1470 წელს ციხესიმაგრის მორიგი გამაგრებისას. ის აღორძინების ეპოქის მკაფიო ნიმუშია, ბარელიეფები და ქანდაკებები კი ნეაპოლში მეფის ტრიუმფალურ შესვლას გამოსახავენ.



საუკუნეების განმავლობაში კასტელ ნუოვო არა მხოლოდ სამეფო რეზიდენცია, არამედ კულტურული ცენტრიც იყო. აქ ყოფილან ჯოტო, პეტრარკა და ბოკაჩო. ამჟამად შენობაში განთავსებულია მუზეუმი და ნეაპოლის ნაციონალური ისტორიის საზოგადოების უდიდესი ბიბლიოთეკა. აქ ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები, სპექტაკლები და კონცერტები.


მუზეუმის პირველ სართულზე თავმოყრილია XV-XVIII საუკუნეების ნახატების, ქანდაკებებისა და საეკლესიო რელიკვიების კოლექციები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XV საუკუნის, ნეაპოლური ბაროკოსა და ვენეციელი ოსტატების ნამუშევრები, XVI საუკუნის ჯვარცმა მთის ბროლისა და ვერცხლისგან, აგრეთვე წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები.



მეორე სართულზე განთავსებულია XVIII-XX საუკუნეების ნახატების კოლექციები, შერჩეული თემების მიხედვით: ისტორიული მოვლენები, პეიზაჟები, ნეაპოლის ხედები, ქალთა პორტრეტები და ა.შ.





მუზეუმის დარბაზებსა და ექსპოზიციებს შორის საინტერესოა პალატინის კაპელა (სასახლის სამლოცველო), იარაღის პალატა, ბარონების დარბაზი, კაპელა პურგატორიო, კაპელა სან ფრანჩესკო დი პაოლა, მიწისქვეშეთის დილეგები, XV საუკუნის ბრინჯაოს კარი ისტორიული ბარელიეფებით, ბევერელოს კოშკი, კარლ V-ის დარბაზი, დელლა ლოჯიას დარბაზი, არქეოლოგიური გათხრების ნიმუშები და პანორამული ტერასები.




კასტელ ნუოვოს მისამართია Piazza Municipio. მის მეზობლად მდებარეობს სამეფო სასახლე და პლებისციტის მოედანი.


მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსით № N1, N3, R2, გაჩერება Piazza Municipio; №151, 154, გაჩერება Acton-Molo Beverello; მეტროს 1-ლი ხაზით, გაჩერება Municipio.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა - 08:30-18:30.


ბილეთის ღირებულებაა 6 ევრო, 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: https://www.comune.napoli.it/maschioangioino.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!