უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


პლებისციტის მოედანი ნეაპოლში

პლებისციტის მოედანი (Piazza del Plebiscito - პიაცა დელ პლებიშიტო) ნეაპოლის ყველაზე დიდი მოედანია, ქალაქის გულია. ის სამასი მეტრითაა დაშორებული სანაპიროსგან, რომელიც ტირენეის ზღვის გასწვრივ არის გაჭიმული. აქ ხშირად იმართება მასობრივი საქალაქო ღონისძიებები, ეროვნული ცერემონიები, სამხედრო აღლუმები და მუსიკალური კონცერტები. მოედანზე აწყობენ ინსტალაციებს, წინასაარჩევნო აგიტაციას, სამუდამოდ ემშვიდობებიან ცნობილ ნეაპოლელებს, დგამენ საშობაო ნაძვის ხეებს. ანტიკურ ხანაში ამ ადგილას ბერძნული ქალაქის კედლები და ლუცილიუსის ციხეკოშკი იდგა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თანამდროვე პლებისციტის მოედნის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ ახალი სამეფო სასახლე ააგეს. მას შემდეგ მოედანმა არაერთხელ შეიცვალა იერი. ერთ დროს იქ სამთაღოვანი შადრევანი და პოცუოლოში ნაპოვნი იუპიტერის გიგანტური ტორსი იდგა, რომელსაც "მოლაპარაკე ქანდაკების" სახით იყენებდნენ: უბრალო ადამიანები ანონიმური ბარათებით მიმართავდნენ თავიანთ მმართველებს, ცნობილ მოქალაქეებსა და ერთმანეთს. სახალხოდ, ხშირად სატირული ფორმით დასცინოდნენ ამა თუ იმ ნაბიჯს, განკარგულებასა თუ მოვლენას. ამჟამად იუპიტერის ტორსი ნაციონალურ არქეოლოგიურ მუზეუმშია. თანამედროვე სახელწოდება მოედანს მას შემდეგ ერგო, რაც 1860 წელს ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის (პლებისციტის) შედეგად მოქალაქეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ორივე სიცილიის სამეფო სარდინიის სამეფოს მიერთებოდა.


მოედანს ერთი მხრიდან ესაზღვრება ნეაპოლის სამეფო სასახლე - ორივე სიცილიის სამეფოს მონარქების მთავარი რეზიდენცია, მის მოპირდაპირე მხარეს კი იხილავთ კოლონადების სისტემას, რომელიც ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანს მოგაგონებთ, და სან ფრანჩესკო დი პაოლას ბაზილიკას (Basilica of San Francesco di Paola).



ეს კათოლიკური ტაძარი ააგო მეფე ფერდინანდ I-მა ბურბონმა 1816-1836 წლებში რომის პანთეონის მიხედვით, დადებული აღთქმის შესასრულებლად (რომლის თანახმადაც, ამას გააკეთებდა, თუ დაკარგულ სამეფო ტახტს დაიბრუნებდა).


ნეოგოტიკურ ტაძარს მაღლიდან ამშვენებს 34 სვეტზე დადგმული 53-მეტრიანი გუმბათი. პორტიკის ფასადი შედგება 6 სვეტისა და 2 პილასტრისგან. მათზე გადებულ ძელზე ამოკვეთილია წარწერა, რომელიც გვამცნობს, ვის ეძღვნება ტაძარი.


როტონდის მთელ პერიმეტრზე, გალერეებში, განთავსებულია ოთხი ამქვეყნიური და სამი თეოლოგიური სათნოების სკულპტურული გამოსახულება. ჰოლის მარჯვენა კაპელაში მდებარეობს ლუკა ჯორდანოს ნახატი "წმინდა ონუფრიოსი ლოცვისას".




გიგანტური თაღის ქვეშ, ჰოლის ცენტრში, დგას ლაზურიტითა და ძვირფასი ქვებით მდიდრულად ინკრუსტირებული საკურთხეველი. მის აქეთ-იქით მოთავსებულია ანგელოზების მოოქროვილი ფიგურები.




ბაზილიკაში შესვლა უფასოა.


ბაზილიკის შესასვლელთან ახლოს იხილავთ ცხენზე ამხედრებული 1734-1759 წლებში ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-სა (სურათზე მარჯვნივ) და 1458-1494 წლებში ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ის (სურათზე მარცხნივ) ქანდაკებებს.



სამეფო სასახლესა და ბაზილიკა სან-ფრანჩესკო დი პაოლას შორის მდებარეობს ორი ტყუპი შენობა. მათგან ერთია "პალაცო სალერნო":



სასახლე აიგო 1775 წელს ფერდინანდ IV-ის ბრძანებით, 1815 წელს კი მას რესტავრაცია ჩაუტარა ფრანჩესკო სეკურომ, რათა ის მაქსიმალურად დამსგავსებოდა "პალაცო დელლა პრეფეტურას". შემდეგ შენობა ფერდინანდის შვილმა, პრინცმა სალერნომ შეიძინა და "პალაცო სალერნო" უწოდა. ამჟამად მასში განთავსებულია სამხრეთის ოპერატიული ძალების სამეთაურო შტაბი. მეორე სართულზე იხილავთ დიდებულ ისტორიულ დარბაზებს, პრინცის სამხატვრო გალერეას სალვატორ როზას ნახატებით (საბრძოლო შეტაკებები და მითოლოგიური სცენები), აგრეთვე, ლამაზ პანორამულ ბაღს, საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედი იშლება.




ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 10 ევრო, ინვალიდებისა და 11-13 წლის ბავშვებისთვის - 5 ევრო, 11-წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


მეორე ტყუპისცალია "პალაცო დელლა პრეფეტურა":



სახელწოდების მიხედვითაც მიხვდებით, რომ მასში ქალაქის ადმინისტრაციაა განთავსებული.


მოედანზე მდებარეობს 1860 წელს გახსნილი ისტორიული კაფე Gran Caffè Gambrinus, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი ყავა, დააგემოვნოთ ნეაპოლური ტკბილეულობა და გასინჯოთ გემრიელი იტალიური ნაყინი ჯელატო.


პლებისციტის მოედნის სიახლოვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაა: Trieste E Trento, Piazza Carolina, Solitaria, Console, რომლებთანაც მიგიყვანთ ავტობუსი №E6. მეტროს უახლოესი სადგური Municipio (1-ლი ხაზი) მოედნიდან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!