უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


პომპეი - ფერფლით დაფარული ქალაქი

თუ ნეაპოლში ორი-სამი დღით მაინც მოხვდით, გირჩევთ, აუცილებლად გამონახოთ დრო და ეწვიოთ პომპეის, რომელიც ქალაქიდან სულ რაღაც 25 კილომეტრითაა დაშორებული. იქ ჩასვლამდე მატარებლით დაახლოებით 25-40 წუთი დაგჭირდებათ. ეს ძველრომაული ქალაქი ვულკანის მრავალმეტრიანი ფერფლის ფენამ დაფარა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს. ახლა პომპეი მუზეუმია ღია ცის ქვეშ და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 1997 წლიდან. ყოველწლურად პომპეის ორ-ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ასე რომ, ის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





არსებობს ვარაუდი, რომ ქალაქი პომპეი ჩვ. წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში დააარსეს ოსკებმა, რომლებიც მანამდე თანამედროვე ქალაქ ნოლას მახლობლად ცხოვრობდნენ. სახელწოდებასთან დაკავშირებით კი ორი ძირითადი ვერსია არსებობს. პირველი უკავშირდება ოსკურ სიტყვას "pumpe", ანუ "ხუთს": სწორედ 5 მცირე დასახლების გაერთიანებისგან შეიქმნა ქალაქი. მეორე ვერსია უკავშირდება ბერძნულ სიტყვას "pompe", რაც "ტრიუმფალურ სვლას" ნიშნავს: ლეგენდის თანახმად, ჰერიონის დამარცხების შემდეგ ჰერაკლემ ტრიუმფალურად ჩაიარა ამ ადგილებში და ქალაქი დააარსა. ძვ. წელთაღრიცხვით I საუკუნიდან პომპეი რომის კოლონია გახდა. იქიდან მოყოლებული დიდგვაროვანმა რომაელებმა პომპეიში მასობრივად დაიწყეს სახლების მშენებლობა, რაც მანამ გრძელდებოდა, სანამ კატასტროფა არ მოხდა.


79 წელს ამოიფრქვა ვულკანი ვეზუვი, რის შედეგადაც პომპეი და მოსახლეობის ნაწილი ლავისა და ფერფლის ქვეშ აღმოჩნდა. იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. უცნობია, მათგან რამდენმა მოახერხა გაქცევა. ვულკანმა გაანადგურა, აგრეთვე, ჰერკულანუმი და სტაბია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშინელ ტრაგედიამდე 17 წლით ადრე პომპეიში ძლიერი მიწისძვრაც მოხდა.



1891 წელს ძველი პომპეის გვერდით იმავე სახელწოდების ახალი ქალაქი დაარსდა. არქეოლოგიური გათხრები ინტენსიურად XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. შემოგთავაზებთ გათხრების დროს აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს, რომელთა ხილვაც პომპეიში შეგიძლიათ.


მისტერიების ვილა:



ეს არის ძვ. წელთაღრიცხვით II საუკუნის რომაული ვილა, რომელიც ჯერაც დაუდგენელი მნიშვნელობის ფრესკებითაა მოხატული.


ფავნის სახლი:



იგივე Casa del Fauno - ყველაზე დიდი და მდიდრული რეზიდენცია ძველ პომპეიში. იქ დგას ფავნის ბრინჯაოს ქანდაკების ასლი, რომელიც თითქოს ტურისტებს ესალმება. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.


პომპეის ამფითეატრი:



20-ათასადგილიანი ძველრომაული არენა გლადიატორებს შორის ბრძოლებისთვის. ქვისგან აგებული უძველესი სტადიონი დღემდე შემორჩენილთაგან - რომის კოლოსეუმზე ძველი.


ლუპანარიუმი:



იგივე საროსკიპო, ბორდელი. ყველაზე დიდი პომპეიში. ტურისტებს აქ ყველაზე მეტად იზიდავს ეროტიკული ფრესკებით მოხატული კედლები:



პომპეის თერმული აბანოები:



პომპეის ნანგრევებში ხუთ საზოგადოებრივ თერმულ აბანოს მიაგნეს. თითოეული მათგანი ქალთა და მამაკაცთა სექციებად არის გაყოფილი.


გაქცეულთა ბაღი:



ამ ადგილას ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის ყველაზე მეტ მსხვერპლს მიაგნეს. უწინ აქ ხეხილის ბაღი ყოფილა, ახლა კი 13 გაქვავებული სხეული გვახსენებს ბუნების გამძვინვარებას.


ვეტის სახლი (დომუსი):



ვეტის სახლი ერთ-ერთია პომპეის მრავალ დომუსთაგან. დომუსი დიდი სახლია, რომელშიც რომის მაღალი კლასის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ვეტის სახლის შიგ კედლები უხვად არის მოხატული ფრესკებით.


ტრაგიკული პოეტის სახლი:



ეს არის ძვ. წელთაღრიცხვით II საუკუნის სახლი. მასში საკმარისი დეკორატიული დეტალია, რომლებიც ასახავენ ბერძნული მითოლოგიის სცენებს.


აპოლონის ტაძარი:



ეს არის ძვ. წელთაღრიცხვით VI საუკუნის ტაძარი, ბერძენთა და რომაელთა ღმერთის, აპოლონის პატივსაცემად.


იუპიტერის ტაძარი:



დათარიღებულია ძვ. წელთაღრიცხვით II საუკუნით.


სალიუსტიუსის სახლი:



ამ დომუსის ყველაზე ძველი ნაწილები თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის IV საუკუნით. სახელწოდება შეარჩიეს სახლთან ერთად აღმოჩენილი განცხადებით არჩევნებთან დაკავშირებით. მასში ეწერა, რომ თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაციას უწევდნენ მოქალაქე გაიუს სალიუსტიუსს.


ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმისა, რისი ნახვა შეიძლება პომპეიში.


მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ Circumvesuviana-ს მატარებლით. გადის ცენტრალური სადგურიდან. ხაზი "ნეაპოლი-სორენტო", გაჩერება Pompei Scavi; სატარიფო ზონა NA3; მგზავრობის ღირებულება ერთ მხარეს - 2,80 ევრო; მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 25 წუთი.


პომპეის ნახვა შეიძლება ყოველდღე, 1-ლი ნოემბერი-31 მარტი - 09:00-17:00, 1-ლი აპრილი-31 ოქტომბერი - 09:00-19:00. დასვენების დღეებია _1-ლი იანვარი, 1-ლი მაისი, 25 დეკემბერი.


ბილეთის ღირებულებაა 18 ევრო, 18-25 წლის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის - 2 ევრო. ყოველი თვის პირველ კვირადღეს შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://www.pompeiisites.org.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!