უფასო ონლაინ-მეგზური ვენეციაში


 ვენეცია ორ დღეში

ვენეციის დათვალიერება ორ დღეში რთული, მაგრამ სავსებით შესაძლებელი ამოცანაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ ზღაპრულ და რომანტიკულ ქალაქს დამოუკიდებლად ეწვია და შეუძლია თვითონ განკარგოს თავისი დრო, ყოველგვარი ტუროპერატორებისა და სავალდებულო ტურისტული პროგრამების გარეშე. შეგიძლიათ, ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ და საკუთარი გეგმა შეიმუშაოთ თქვენი გემოვნებისა და ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. მე კი ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ყურადღებით გაეცანით სტატიას ვენეცია 1 დღეში და ის პირველი დღის მთლიან ან ნაწილობრივ მარშრუტად გამოიყენეთ. სხვა სტატიებიც ყურადღებით წაიკითხეთ, რათა ყველაფერი უკეთ დაგეგმოთ. მეორე დღე იმ ღირსშესანიშნაობებს დაუთმეთ, რომლებსაც ქვემოთ მოგაწვდით.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მაშ, ასე, ჩამოგითვლით, კიდევ რისი დათვალიერება შეგიძლიათ ვენეციაში, რაც პირველი დღის მარშრუტში არ შედის.


კუნძული მურანო (Murano):



მურანო ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძულია, თუმცა სინამდვილეში შვიდი პატარა კუნძულისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან არხებითაა გაყოფილი. მურანოს ფართობი 1,17კვ.კმ.-ია და დღესდღეობით იქ დაახლოებით 4500 ადამიანი ცხოვრობს. მურანო ვენეციის კომუნის თვითმმართველი რაიონია. მას "პატარა ვენეციასაც" უწოდებენ.




კუნძული, პირველ ყოვლისა, ცნობილია თავისი მინამბერებითა და საუკეთესო მინის ჭურჭლით. აქ, იუსტიანეს სასახლეში, მდებარეობს 1861 წელს დაარსებული მინის მუზეუმი:



შეგიძლიათ უსაფრთხოდ, საკუთარი თვალით იხილოთ, როგორ მიმდინარეობს მინის ნაკეთობების დამზადების პროცესი.



მურანოზე კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა. ერთია წმინდა მარიამისა და წმინდა დონატოს ეკლესია (Basilika di Santa Maria e Donato). ის XII საუკუნეშია აგებული:



ლეგენდის თანახმად, ეკლესიაში ინახება წმინდა დონატის მოკლული დრაკონის ძვლები.


სან-პიეტრო მარტირეს ეკლესია (San Pietro Martire):



პირვანდელი სახით ის 1348 წელს ააგეს, ახლანდელით კი - 1511 წელს.


ეკლესია სანტა-მარია დელი ანჯელი (Santa Maria degli Angeli):



ამ ეკლესიის ისტორია 1188 წლიდან იწყება, ახლანდელი სახით კი 1498-1529 წლებში ააშენეს.


მურანოზე შეგიძლიათ მოხვდეთ ვაპორეტოთი №4.1, 4.2, 12, 18.


ახლა გადავინაცვლოთ კუნძულ ბურანოზე (Burano):



ამ კუნძულს შორიდანვე შეამჩნევთ მისი ხასხასა ფერების წყალობით. მასზე სულ რაღაც 3000 ადამიანი ცხოვრობს. ბურანო ცნობილია თავისი მაქმანებით. აქაურები მათ განსაკუთრებული, უნიკალური ტექნოლოგიით ამზადებენ.



ამ ხელობას უკავშირდება კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა - მაქმანების მუზეუმი "მუზეო დელ მარლეტო" (Museo del Merletto):



ბურანოზე შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივი ოსტატების დამზადებული ნივთები, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირი ღირს.


კუნძულის მთავარ მოედანზე მდებარეობს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ამაყობენ ადგილობრივები. ეს არის გადახრილი სამრეკლო კოშკი. ის XV საუკუნეში ააგეს მოსახლეობის შემოწირულობების ხარჯზე. შიგნიდან მოხატულია ტიეპელოს ფრესკებით.



გრუნტის დაწევის გამო ის თანდათან გადაიხარა და ამჟამად 1,8 მეტრზეა გადახრილი, მაგრამ მას მეორე შენობა აკავებს.


კუნძულ ბურანოზე მოხვედრა შეგიძლიათ ვაპორეტოთი №12 (გადის გაჩერებიდან Fondamente Nove) და №14 (გადის გაჩერებიდან S.Marco-S.Zaccaria (Pietà)).















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!