ვენეცია გასაოცარი, უნიკალური, ჯადოსნური ქალაქია, რომლის გაცნობასაც დიდი დრო და ყურადღება სჭირდება. თუკი იქ მხოლოდ ერთი დღით ჩახვედით, მზა მარშრუტს შემოგთავაზებთ - იმ ღირსშესანიშნაობების სწრაფად დათვალიერებას, რომელიც ყველა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს. ყველა ოცნებობს, რომ ვენეცია სიცოცხლეში ერთხელ მაინც იხილოს. ეს ხომ ვივალდის, კაზანოვას, მარკო პოლოს სამშობლოა. საინტერესო იქნება, თუ ქალაქის არხებში გონდოლათი გაისეირნებთ, ვიწრო ქუჩებს გაუყვებით და დიდებული არქიტექტურით დატკბებით. მაგრამ ერთ დღეში ადამიანი ყველაფერს ვერ მოასწრებს, ამიტომ ქვემოთ მოყვანილი მარშრუტი მხოლოდ ვენეციის უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობებს შეიცავს. თუ მოგეჩვენებათ, რომ ეს მარშრუტი თქვენთვის დამღლელია, შეგიძლიათ ვაპორეტოთი ისარგებლოთ და სარჩევში ჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ, დარჩენილი დრო კი გართობასა და შოპინგს დაუთმოთ.
ჩვეულებრივ, ტურისტები ვენეციაში ერთი დღით მატარებლით მოემგზავრებიან, რომელიც რკინიგზის სადგურ სანტა ლუჩიაში ჩამოდგება (ეს სახელი დიდმოწამე ლუჩია სირაკუზელის პატივსაცემად უწოდეს).
სადგური "დიდი არხის" გვერდითაა აშენებული. გამოხვალთ თუ არა, სკალცის ხიდთან აღმოჩნდებით (Ponte degli Scalzi), სადაც ნავმისადგომი Ferrovia-ა. მთავარ მოედნამდე, ლეგენდარულ სან-მარკომდე, მიხვალთ ვაპორეტოთი №1 (45 წუთში) ან №2-ით (25 წუთში). ეს ვენეციელებისთვის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი საწყალოსნო ტრანსპორტია - სამგზავრო სამარშრუტო თბომავლები. ვაპორეტო "დიდი არხის" გავლით ნავმისადგომ S.Marco S. Zaccaria-მდე მიგიყვანთ. პიაცა სან-მარკოს მიმართულებით გემი ყოველ 10 წუთში ერთხელ გადის. ბილეთი 7,50 ევრო ღირს და ძალაშია 75 წუთის განმავლობაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია ვენეციის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ჩამოხვალთ თუ არა გაჩერება S. Zaccaria-ზე, აღმოჩნდებით სლავურ სანაპიროზე (Riva degli Schiavoni), თქვენს წინაშე კი პალაცო დანდოლო აღმოჩნდება. რივა-დელი-სკიავონის გასწვრივ დგას მდიდრული სასტუმროები, მაღაზიები, სუვენირების დახლები.ეფექტური განიერი ქუჩის სიგრძე 850 მეტრია. სანაპიროს მშენებლობა XIX საუკუნეში დასრულდა.
პალაცო დანდოლო (Palazzo Dandolo) XIV საუკუნეში ააშენეს დანდოლოს საგვარეულოს დოჟებისთვის. 1822 წლიდან, ძირეული რესტავრაციის შემდეგ, ახალმა მფლობელმა მასში სასტუმრო Hotel Danieli გახსნა.
აი, როგორ გამოიყურება სასახლე შიგნიდან:
გავიაროთ მცირე მანძილი მარჯვნივ და გავცდეთ ხიდს პონტე-დელ-ვინს (Ponte del Vin), რათა თვალი შევავლოთ ეკლესია "ლა პიეტას" და ვიტორიო ემანუელე II-ის ძეგლს.
პონტე-დელ-ვინი ("ღვინის ხიდი" - Ponte del Vin) ერთთაღიანი ქვის ხიდია და გადებულია ვიწრო "ღვინის არხზე" (Rio del Vin). ხიდის ზედა მოედნის სიგრძე 5 მეტრია, სიგანე - 9,67 მეტრი, თაღოვანი მალის სიმაღლე - 2,37 მეტრი. ჩრდილოეთიდან ათი საფეხურია, სამხრეთიდან - თორმეტი. კიბე თეთრი ქვის ბალუსტრადით არის შემოსაზღვრული. უწინ აქ ღვინით მოვაჭრეთა ნავები ჩერდებოდა.
ეკლესია სანტა მარია დელლა პიეტა (Santa Maria della Pietá) - მთელ იტალიაშია ცნობილი ობოლ გოგონათა სახლის აღსაზრდელების გუნდის გამოსვლებით, "ოსპედალე დელლა პიეტა", სადაც მასწავლებლად სახელგანთქმული კომპოზიტორი ანტონიო ვივალდი მუშაობდა. ამიტომ Chiesa della Pietà-ს ვივალდის ეკლესიასაც უწოდებენ.
გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის, ცხენზე ამხედრებული ვიტორიო ემანუელე II-ის ქანდაკება (Vittorio Emanuele II) სლავურ სანაპიროზე 1887 წლიდან დგას:
დავბრუნდეთ დანდოლოს სასახლესთან და გზა განვაგრძოთ. პალაცო დელლე პრიჯონი (სიტყვასიტყვით - "პატიმრების სასახლე" - Palazzo delle Prigioni) 1598 წელს აიგო და დოჟების სასახლეში საპატიმრო ადგილად გამოიყენებოდა, დღეს კი ეს საკონცერტო მოედანია:
"ოხვრათა ხიდი" (Ponte dei Sospiri) - ბაროკოს სტილის ქვის გალერეაა, რომელიც "სამეფო არხის" ორ ნაპირს აერთებს.
თეთრი კირქვის ნაგებობის ავტორია ანტონიო კონტე. "პონტე დეი სოსპირი" დოჟების სასახლეს ზემოთ ხსენებულ ახალ ციხესთან - Palazzo delle Prigioni-თან აკავშირებს. "ოხვრათა ხიდი" დახურული, თითქმის ყრუ ნაგებობაა პატარა გისოსებიანი ფანჯრებით: ოდესღაც ამ გალერეის გავლით პატიმრები გადაჰყავდათ სასამართლოს დარბაზიდან.
შემდეგ ჩვენს გზაზე დოჟების სასახლეა - (Palazzo Ducale) - ვენეციის მთავარი მუზეუმი, გვიანდელი გოტიკის არქიტექტურული შედევრი.
XV საუკუნის ამ დიდებულ შენობას ორიარუსიანი ბალუსტრადა აქვს. კომპლექსის შიგნით არის ეზო, "ოქროს კიბე", დარბაზები, ცნობილი ვენეციელი მხატვრების ნახატები, გრანდიოზული ისტორიული ფერწერული ტილოები, მდიდრული დარბაზები, იარაღის პალატა, "ეშმაკის სკივრი" და სხვ.
დეტალურად დოჟების სასახლის შესახებ =>>
სლავური სანაპირო "დიდი არხის" გასწვრივ გრძელდება. მალე პატარა მოედანზე - პიაცეტა სან-მარკოზე (Piazzetta San Marco) გავალთ.
პიაცეტა (პატარა მოედანი) სან-მარკოს მოედნის ერთგვარი გაგრძელებაა. მასზე ორი ნაალაფარი სვეტია აღმართული, რომლებიც აქ XII საუკუნიდან დგას. ერთი - წმინდა მარკოზის სვეტია ბრინჯაოსფრთიანი ლომის გამოსახულებით, მეორე - წმინდა თეოდორე ტირონის, რომელსაც ვენეციელები განსაკუთრეულ პატივს მიაგებენ.
ახლა თვალი შევავლოთ მარჩიანას (წმინდა მარკოზის ბიბლიოთეკას) (Biblioteca di San Marco/Marciana). აქ 27 ათასი ძველი წიგნი და 13 ათასი ხელნაწერია. XVI საუკუნის შენობა რენესანსის სტილითაა აგებული.
გავივლით პიაცეტას და აღმოვჩნდებით სან-მარკოს მოედანზე (Piazza San Marco). ის ერთადერთია, რომელსაც ვენეციელები Piazza-ს (მოედანს) უწოდებენ, ყველა სხვა მოედანს კი - კამპოს (campo) ან კამპიელოს (campiello), რაც მინდორს/პატარა მინდორს ნიშნავს.
სან-მარკოს მოედანზე ვენეციის ისტორიული და კულტურული ფასეულობებია თავმოყრილი, ის ქალაქის ტურისტული ცხოვრების ცენტრია. არქიტექტურულ ანსამბლში დომინირებს სან-მარკოს ტაძარი მისი მასიური ვერცხლისფერი გუმბათებით. სწორედ მისი სახელი უწოდეს მოედანს.
ბაზილიკა იტალიის მიწაზე ბიზანტიური ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშია. ის 1063 წლიდანაა აღმართული ხანძრისგან განადგურებული IX საუკუნის სიწმინდის ადგილას. ტაძარი ვენეციის რესპუბლიკის სიმბოლო და რელიგიური ბურჯი გახდა. უზარმაზარი ხუთგუმბათიანი საკათედრო ტაძარი ხუთი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა და ფართოვდებოდა. ამჟამად ის მოქმედი ეკლესიაა, მომლოცველთა საერთაშორისო ობიექტი. მასში მრავალი საგანძურია, მათ შორის Pala d'Oro - მდიდრული ოქროს საკურთხეველი, რომელიც ემალის მინიატიურებითა და ათასობით ძვირფასი ქვითაა დამშვენებული.
მოედანზე ყველაზე მაღალი ნაგებობა კამპანილაა - წმინდა მარკოზის ტაძრის სამრეკლო (Campanile di San Marco). ის IX საუკუნიდან არსებობს, თუმცა ჩამოინგრა და 1912 წელს მას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
კამპანილას სიმაღლე 98,60 მეტრია. მასში მოწყობილია გადმოსახედი მოედანი, საიდანაც ვენეციის ჩინებული ხედები მოჩანს.
კამპანილას გვერდით დგას ლოჯეტა (Loggetta) - ვარდისფერი და თეთრი მარმარილოს კოხტა ნაგებობა, რომელიც კლასიკურ ტრიუმფალურ თაღს ჰგავს. აშენებულია 1537-1547 წლებში, ტერასა კი მხოლოდ 1663 წლიდანაა. ზედა იარუსი ბარელიეფებითაა მორთული, პორტალებთან კი ბრინჯაოს ქანდაკებებია. ლოჯეტაში სანსოვინოს უძველესი ბიბლიოთეკაა განთავსებული.
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოედანს ერტყმის ძველი და ახალი პროკურაციების შენობები. ძველი პროკურაცია (Procuratie Vecchie) XII საუკუნეში ააგეს პროკურორების ოფისებისა და აპარტამენტების განსათავსებლად. ეს არის სამდონიანი ნაგებობა 152 მეტრი სიგრძის ფასადით, თაღოვანი გალერეით ქვემოთ, თაღოვანი ლოჯიების ორი იარუსითა და კოხტა პინაკლებით სახურავზე.
ახალი პროკურაციის (Procuratie Nuove) მშენებლობა 1640 წელს დასრულდა. ის ძველი პროკურავიის სარკისებური ასახვაა, ოღონდ უპინაკლო სახურავით. მასში გახსნილია იტალიის უძველესი კაფე "ფლორიანი" (Caffе Florian).
ამ ორ პროკურაციას ერთმანეთთან აკავშირებს ნაპოლეონის ფრთა (L’Ala Napoleonica) (XIX საუკ.), რომელშიც განთავსებულია კორერის მუზეუმი (Museo Correr):
მუზეუმს ამშვენებს ფრესკები, პილასტრები, ვენეციური მინის ჭაღები. აქ გაეცნობით ვენეციის ისტორიას, კულტურასა და ყოფას. იხილავთ უამრავ ექსპონატს, მათ შორის კარპაჩოსა და ბელინის ნახატებს, ლორენცო ვენეციანოს ცნობილ პანოს, რომელზეც იესოა გამოსახული მოციქულთა და ანგელოზთა გარემოცვაში.
ძველ პროკურაციას ესაზღვრება წმინდა მარკოზის საათიანი კოშკი (Torre dell’Orologio) - პირველი რენესანსული ნაგებობა მთავარ მოედანზე (1496-1499 წწ.):
გვერდითი ფლიგელები მას მხოლოდ XVIII საუკუნეში მიუშენეს. საათის მექანიზმი ცნობილმა ოსტატებმა, მამა-შვილმა რანიერებმა გააკეთეს. მრგვალი საათის მექანიზმი დღემდე არ შეუცვლიათ. ის უჩვენებს დროს, ზოდიაქოს ნიშნებსა და მთვარის ფაზებს. კოშკზე ზარი ყოველ საათში ერთხელ რეკავს, შუადღისას და შუაღამისას კი 132 დარტყმისგან შესრულებული მელოდია გაისმის.
წმინდა მარკოზის ტაძრისა და საათიანი კოშკის უკან მდებარეობს ვენეციის პატრიარქის სასახლე (Palazzo Patriarcale). მისი თეთრი ქვის ელეგანტური ფასადი გადის პატარა მოედანზე - პიაცეტა ლეონჩინიზე (Piazzetta dei Leoncini):
ეს არის ვენეციის არქიეპარქიის ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც 1870 წელს ააგეს. აქ მდებარეობს ტინტორეტოს დარბაზი და წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის ცხოვრების ამსახველი ფრესკების ციკლი.
დავტოვოთ სან-მარკოს მოედანი და ვენეციის ქუჩებს გავუყვეთ: თუ საათიანი კოშკის თაღქვეშ გავივლით, აღმოვჩნდებით მერჩერიის რაიონში (Mercerie) - ქალაქის მთავარ სავაჭრო არტერიაში:
მერჩერი ძველებური სავაჭრო ქუჩების რაიონია სან-მარკოს მოედნიდან რიალტოს ხიდამდე. აქ სახლების პირველ სართულებზე გახსნილია ბუტიკები და მაღაზიები, რომლებშიც ნებისმიერი სახის ძველი თუ თანამედროვე საქონლის ყიდვა შეგიძლიათ. დავტკბეთ არქიტექტურითა და ვიტრინებით და წმინდა იულიანეს ეკლესიას (Chiesa di San Zulian) მივადგეთ.
ბაზილიკა IX საუკუნისაა, 1570 წელს კი მას კლასიკური ვენეციური სტილით ჩაუტარეს რეკონსტრუქცია. მთავარი საკურთხევლის ქვეშ, სარკოფაგში, წმინდა იულიანეს ნეშტია. ეკლესიაში იხილავთ პაოლო ვერონეზეს, პალმა დი ჯოვანის, ფიამინგოს ნამუშევრებს.
Campo de la Guerra-ის გავლით მივიდეთ სან-ჯულიანოს არხამდე და მასზე გადავიდეთ. Calle Bande Castello-ს ქუჩით მივალთ ხიდთან Ponte de la Bande. იქ დგას ეკლესია სანტა მარია ფორმოზა (Chiesa Santa Maria Formosa):
წმინდა მარია მშვენიერის ეკლესია მდებარეობს პატარა მოედანზე სანტა მარია ფორმოზა.ეს ბაროკოს ტაძარი თავისი მაღალი სამრეკლოთი 1492 წელსაა აგებული. ბაზილიკაში არის რამდენიმე სამლოცველო, ტრიუმფალური თაღის სტილის საკურთხეველი, ჯაკომო პალმა უფროსისა და ვივარინის ნამუშევრები.
ეკლესიის გვერდით დგას ძველებური შენობა - ვიტურის სასახლე (Palazzo Vitturi). ის XIII საუკუნეშია აგებული. ამჟამად მასში სასტუმროა გახსნილი.
ახლა მარცხნივ წავიდეთ Calle Lunga Santa Maria Formosa-ს ქუჩამდე, კვლავ მარცხნივ შევუხვიოთ Calle Trevisana o Cicogna-ზე, რომლის გაგრძელებაც არის Calle Bressana. გავალთ მოედანზე Campo San Giovanni e Paolo და ჩვენს წინაშე აღიმართება ბაზილიკა სანტი ჯოვანი ე პაოლო (Basilica dei Santi Giovanni e Paolo) - 1430 წელს აშენებული დიდებული ტაძარი, სადაც ვენეციის თვრამეტი დოჟია დასვენებული.
ეს არის იტალიური აგურის გოტიკის კლასიკური ნიმუში. ეკლესიის წინ დგას გავლენიანი დოჟის, პიეტრო მოჩენიგოს, ქანდაკება. ტაძარში შემონახულია ბელინისა და ვერონეზეს ნახატები. ცენტრალური საკურთხეველი ლონგენას ნამუშევარია და ის ვენეციური დამოყენებითი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. მოედანზე, ტაძრის გვერდით, აშენებულია სკუოლა სან-მარკო (Scuola Grande di San Marco). ის 1260 წელს ააგო წმინდა მარკოზის საძმომ.
1485 წელს ის ხანძარმა გაანადგურა, თუმცა კვლავ ააშენეს აღორძინების ეპოქის სტილით, რომელსაც ადრეული ბიზანტიური არქიტექტურის ნიშნებიც ეტყობა. სკუოლაში განთავსებული იყო თავშესაფარი, სასწავლო ოთახები, სამხედრო ჰოსპიტალი (ამჟამად - საავადმყოფო). კაპიტულის დარბაზში დგას სანსოვინოს სტილის საკურთხეველი. მისაღებ დარბაზში მოწყობილია სამედიცინო ბიბლიოთეკა. ზედა სართულზე გამოფენილია კარპაჩოს, ბელინისა და ტინტორეტოს ნახატები. ისინი წმინდა მარკოზის ცხოვრებას ასახავენ.
გავუყვეთ Calle Larga Giacinto Gallina-ს, გადავიდეთ ხიდზე Ponte Santa Maria Nova და დავინახავთ ეკლესიას სანტა მარია დეი მირაკოლის (Santa Maria dei Miracoli):
ეს არის ადრეული აღორძინების ეპოქის ტაძარი. აშენებულია 1481-1489 წლებში სპეციალურად წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისთვის. აღსანიშნავია, აგრეთვე, XVI საუკუნის კესონის თაღი და წმინდანებისა და წინასწარმეტყველების 50-მდე ნახატი.
დავბრუნდეთ მოედანზე Campo Santa Maria Nova, შევუხვიოთ მარცხნივ Campiello Santa Maria Nova-ზე, შემდეგ კი მარჯვნივ Campiello S. Canciano-ზე. ჩვენს წინაშეა ეკლესია სან-კანჩიანო (Chiesa di San Canciano):
კანარეჯოს რაიონის ამ ეკლესიას "დამალულსაც" უწოდებენ, ვინაიდან მასთან მისვლა ვიწრო ქუჩითაა შესაძლებელი. ის ერთ-ერთი უძველესია ვენეციაში (IX საუკუნე), სამრეკლო კი 1542 წელს ააგეს.
Campiello S. Canciano-დან ჯერ გავუყვეთ Salizada San Canzian-ს, შემდეგ შევუხვიოთ Salizada S. Giovanni Grisostomo-ზე. მივადგებით ეკლესიას სან-ჯოვანი კრიზოსტომოს (Chiesa di San Giovanni Crisostomo) - აღორძინების ეპოქის XVI საუკუნის შენობას კანარეჯოში. მის გვერდით 21-მეტრიანი სამრეკლოა.
განვაგრძოთ გზა Salizada S. Giovanni Grisostomo-ზე, შეიარეთ ჯელატერია Grom (Salizada S. Giovanni Grisostomo, 5801)-ში და გასინჯეთ საუცხოო იტალიური ნაყინი. შემდეგ გაუყევით Salizzada del Fontego dei Tedeschi-ს, შეუხვიეთ მარჯვნივ Calle del Fontego-ზე. ესეც სასახლე ფონდაკო დეი ტედესკი (Fondaco dei Tedeschi):
ის 1228 წელს ააგეს. სასახლე 1505 წელს დაიწვა, 1508 წელს კი აღადგინეს. ამჟამად მასში სავაჭრო ცენტრია გახსნილი. შეგიძლიათ მის გადმოსახედ მოედანზე ახვიდეთ და ვენეციას თვალი გადაავლოთ.
გავუყვეთ Ramo del Fontego dei Tedeschi-ს. Bombasei-ის ქუჩაზე, სადაც მრავალი პატარა მაღაზიაა, მდებარეობს სან-ბართოლომეოს (წმინდა ბართლომეს) ეკლესია (Chiesa di San Bartolomeo):
ეკლესია 1170 წელს ააგეს, სამრეკლო კი - 1747-1754 წლებში. ვენეციის რესპუბლიკის დაცემისა და ნაპოლეონის მოსვლის შემდეგ ეკლესიის ტერიტორია გვერდით მდგარმა სან-სალვადორის ტაძარმა მიიერთა.
შევუხვიოთ მარჯვნივ და გავუყვეთ Merceria II Aprile-ს მოედნამდე Campo San Salvador.
სან-სალვადორის ეკლესია (Chiesa di San Salvador) XVI საუკუნის ლამაზი ბაროკოს ტაძარია. შიგნით შეგიძლიათ იხილოთ ტიციანის "ხარება" და ბელინის "ტრაპეზი ემაუსში".
Calle Larga Mazzini-ის გავლით მივიდეთ "დიდ არხამდე", შევუხვიოთ მარჯვნივ და მას რიალტოს ხიდამდე (Ponte di Rialto) გავუყვეთ. ეს "დიდ არხზე" გადებული პირველი ხიდია, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო.
ქვის კონსტრუქციის სიგრძე 48 მეტრია, სიგანე - 23 მეტრი, სიმაღლე - 7 მეტრი. ხიდზე მაღაზიებია გახსნილი. ის საუკეთესო ადგილია ფოტოსურათების გადასაღებად.
დეტალურად რიალტოს ხიდის შესახებ =>>
განვაგრძოთ გზა მოედნისკენ Campo San Giacomo di Rialto. იქ დავინახავთ სან-ჯაკომო დი რიალტოს ეკლესიას (Chiesa di San Giacomo di Rialto). ისტორიკოსების აზრით, ის ვენეციის უძველესი ეკლესიაა.
სან-ჯაკომეტო, როგორც მას ქალაქის მოსახლეობა უწოდებს დგას 421 წელს აგებული ტაძრის საძირკველზე. ის XI-XII საუკუნეებში გადააკეთეს, 1601 წელს კი რესტავრაცია ჩაუტარეს. ეს გახლავთ აგურის გოტიკური შენობა სამრეკლოზე დაყენებული დიდი საათით. ამავე მოედანზეა რიალტოს ბაზარი. ვაჭრები ძველთაგანვე მოდიოდნენ უახლოეს ტაძარში ცოდვების მოსანანიებლად. სან-ჯაკომეტოს აფსიდის ფასადზე, ჯვარქვეშ, შემორჩენილია წარწერა, რომელიც ვაჭრებს პატიოსნებისკენ მოუწოდებს.
ეკლესიის პირდაპირ დგას ქანდაკება "რიალტოს კუზიანი" (Gobbo di Rialto). ის 1541 წელს შექმნა პიეტრო და სალომ. მუხლებზე მდგომ კაცს პოსტამენტი უჭირავს, რომლიდანაც სახელმწიფო ბრძანებებს აცხადებდნენ. აქვე ტოვებდნენ ვენეციელები პაპისა და დოჟების ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართულ სატირულ "ოპოზიციურ" ფურცლებს.
რიალტოს ბაზარი XI საუკუნიდან არსებობს. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი: ჩვეულებრივი პროდუქტები (იწყება პირდაპირ სან-ჯაკომო დი რიალტოს მოედნიდან) და თევზეულის პავილიონი (La Pescheria).
Campo de la Pescaria-დან ცოტა უკან დავიხიოთ და მარჯვნივ შევუხვიოთ Ruga Vecchia S. Giovanni-ზე. ჯერ მას გავუყვეთ, შემდეგ Calle de L’ogio o de la Rugheta-ს და Calle Sbianchesini-ზე გავიდეთ. აქ დგას წმინდა აპოლინარიას ეკლესია (Chiesa di Sant’Aponal), რომელსაც ვენეციელები სანტ-აპონალს უწოდებენ. ის 1034 წლით თარიღდება.
გავიაროთ ქუჩები Calle dei Meloni, Calle dei Meloni, Calle Sottopassaggio de la Madoneta და გავიდეთ მოედანზე Campo San Polo. აქ მდებარეობს IX საუკუნის სან-პოლოს ეკლესია (Chiesa di San Polo). შიგნით იხილავთ ტინტორეტოს, ვერონეზესა და ტიეპელოს ნახატებს.
ახლა Calle dei Saoneri-ის გავლით გავიდეთ სან-პოლოს არხთან, გადავიდეთ მასზე სან-პოლოს ხიდით, შევუხვიოთ მარჯვნივ Calle Seconda dei Saoneri-ზე, მარცხნივ - Rio Terà Cazza-ზე, მარჯვნივ Fondamenta Frari-ზე, მარცხნივ - Campo dei Frari-ზე. აქ იხილავთ მოქმედ გოტიკურ ეკლესიას სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარი (Chiesa Santa Maria Gloriosa dei Frari).
აქ თავმოყრილია იტალიური რელიგიური ხელოვნების უძვირფასესი ნამუშევრები: ტიციანისა და ბელინის ნახატები, ანტონიო კანოვას სკულპტურული საფლავის ქვა. აქვეა მონტევერდისა და ტიციანის საძვალეები.
შემოვუაროთ ტაძარს, შევუხვიოთ მარჯვნივ Salizada S. Rocco-ზე და გავიდეთ მოედანზე Campo San Rocco. აქ დგას სან-როკოს ეკლესია (Chiesa di San Rocco):
ეს ეკლესია 1489-1508 წლებში ააგეს და წმინდა როკოს სახელი უწოდეს, რომელიც შავი ჭირისგან განმკურნავად და ვენეციის მფარველად ითვლებოდა. ეკლესიაში მოთავსებულია ტინტორეტოს "წმინდა როკო განკურნავს შავი ჭირის მსხვერპლთ" და მისი კიდევ სამი ნახატი.
ეკლესიის გვერდით მდებარეობს სკუოლა გრანდე დი სან-როკო (Scuola Grande di San Rocco) - საქველმოქმედო დაწესებულება, რომელიც წმინდა როკოს საძმოს ეკუთვნოდა და რომელიც დღემდე არსებობს:
შენობა 1515-1549 წლებში ააგეს. ის ცნობილია თავისი ინტერიერით: მასში ინახება ტინტორეტოს 54 ორიგინალი ბიბლიურ თემებზე, მათ შორის გრანდიოზული ციკლი "გოლგოთა".
შემოვუაროთ სკუოლას Calle Fianco de la Scuola ქუჩის მხრიდან, შევუხვიოთ მარცხნივ Sestiere Dorsoduro-ზე, Calle S. Pantalon-ზე და გავიდეთ მოედანზე Campo S. Pantalon.
1686 წელს აგებული წმინდა პანტელეიმონის ეკლესია (Chiesa di San Pantalon) გარეგნულად მკაცრად და მოკრძალებულად გამოიყურება:
სამაგიეროდ, საგანძური შიგნითაა: ჯოვანი ანტონიო ფუმიანის უზარმაზარი (700 კვ.მ.) ფრესკა ჭერის თაღებზე, სახელწოდებით "წმინდა პანტელეიმონის წამება და ამაღლება", და პაოლო ვერონეზეს "წმინდა პანტელეიმონის სასწაული".
გადავიდეთ არხზე ხიდით და Calle de la Chiesa-ს გავლით გავიდეთ მოედანზე Campo Santa Margherita, დორსოდუროს რაიონში. აქ რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაა. შევუხვიოთ Rio Terà Canal-ზე, გადავიდეთ ხიდზე Ponte dei Pugni, შევუხვიოთ მარცხნივ და აღმოვჩნდებით სან-ბარნაბას მოედანზე. აქ დგას სან-ბარნაბას ეკლესია (Chiesa di San Barnaba):
ტაძარი 809 წელსაა აშენებული, თუმცა მას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, დღევანდელი ნეოკლასიკური სახე კი 1776 წელს მიიღო. მასში ახლა და ვინჩის გამოგონებათა მუზეუმია გახსნილი.
ჩვენი შემდგომი მარშრუტია: Calle del Pistor o del Lotto, ხიდი Ponte Malpaga, Calle dei Cerchieri, მარჯვნივ - Calle Della Toletta, მარცხნივ ხიდზე - Ponte de le Maravegie და Calle Contarini Corfù მოედნამდე Campo della Carita. აქ, "აკადემიის ხიდის" სიახლოვეს, მდებარეობს აკადემიის გალერეა (Gallerie dell’Accademia):
გალერეაში თავმოყრილია ვენეციური ფერწერის ოქროს ფონდი, XIII-XVIII საუკუნეების ნახატები, კარპაჩოსა და ბელინის კოლექციები, ლეონარდო და ვინჩისა და სხვათა ნამუშევრები.
ვაგრძელებთ გზას: მარჯვნივ - Rio Terrà Foscarini, მარცხნივ - Calle Nuova Sant’Agnese, შემდეგ Piscina Forner, Calle della Chiesa, Fondamenta Venier dai Leon და მარცხნივ - Calle S. Cristoforo. "დიდი არხის" ნაპირზე, მომცრო სასახლეში ვენიერ-დეი-ლეონი (Palazzo Venier dei Leoni) განთავსებულია პეგი გუგენჰაიმის კოლექცია (Collezione Peggy Guggenheim):
პეგი გუგენჰაიმი XX საუკუნის მეცენატი და ხელოვნების ნამუშევრების კოლექციონერი იყო. კოლექციაში თავმოყრილია ცნობილი თანამედროვე მხატვრების - პიკასოს, კანდინსკის, მალევიჩის, შაგალის, დალის, მოდილიანის, მიროს და სხვათა ნამუშევრები.
აქედან Campiello Barbaro-სა და Calle Del Bastion-ის გავლით მივიდეთ ბაზილიკა სანტა მარია დელლა სალუტამდე (Basilica di Santa Maria della Salute).
ეს ბაზილიკა 1631 წელს აშენდა მარიამ ღვთისმშობლისადმი მადლიერების ნიშნად, რომელმაც ვენეციელები შავი ჭირისგან იხსნა.
დეტალურად სანტა მარია დელლა სალუტეს შესახებ =>>
თუ "დიდი არხის" გასწვრივ კიდევ 200 მეტრს გავივლით, ჩვენი მარშრუტის ბოლო ნიშნულსაც მივადგებით. ეს არის ძველი საბაჟო (Punta della Dogana):
ეს არის ბაროკოს არქიტექტურული კომპლექსი XVII საუკუნის კოშკითა და მოოქროვილ სფეროზე შემდგარი ფორტუნას ფიგურით. მდებარეობს "დიდ არხსა" და ჯუდეკას არხს შორის. დღეს მასში განთავსებულია ხელოვნების ნამუშევრების კოლექცია (2500 ერთეული).
ამით ჩვენი მარშრუტი დასრულებულია.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია