რიალტოს ხიდი (Ponte di Rialto), ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია, ადგილი, საიდანაც იწყება და სადაც მთავრდება ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მოწყობილი ექსკურსიები. ვენეცია 117 კუნძულზეა განთავსებული, რომელთა შორისაც უამრავი არხი მიედინება. ამ საწყალოსნო არტერიებზე 400-ზე მეტი ხიდია გადებულია და მათ შორის ყველაზე ძველი, ლამაზი და ისტორიული მოვლენებით მდიდარი სწორედ რიალტოა. ვენეციელი გონდოლიერები აქ აუცილებლად ჩერდებიან. "დიდი არხის" დათვალიერების დაწყებაც რიალტოდანაა უფრო მოსახერხებელი. ბევრი ტურისტი ცდილობს, მის მიმდებარე სასტუმრობში ან სახლებში დაიდოს ბინა, ვინაიდან მხოლოდ აქ შეიძლება იგრძნოთ წყალზე გაშენებული ამ უნიკალური ძველი ქალაქის ჭეშმარიტი ატმოსფერო.
ისტორიკოსებმა ვერ დაადგინეს, როდის გაჩნდა ვენეციაში "დიდ არხზე" გადებული პირველი ხიდი. უწინ მოსახლეობა სხვადასხვა ხერხს იგონებდა ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად. მაგალითად, ნავებს ერთმანეთზე თოკით გადააბამდნენ და ისე გადადიოდნენ. მაგრამ ეს გზა საფრთხეს შეიცავდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ნამდვილი ხიდი აეგოთ. 1181 წელს ნიკოლო ბარატერის ხელმძღვანელობით აქ პირველი ხიდი ააგეს - ხის პონტონური კონსტრუქცია, რომელსაც პონტე-დელლა-მონეტა უწოდეს ("მონეტების ხიდი"): შესაძლოა იმიტომ, რომ შორიახლოს მონეტების დამამზადებელი ეზო მდებარეობდა, შესაძლოა იმიტომ, რომ მასზე გადასვლა ფასიანი იყო. მაგრამ გემებს ამ ნაგებობის ქვეშ გავლა უჭირდათ. XIII საუკუნის შუა წლებში გასაწევი ხიდი ააგეს და მას "რიალტო" უწოდეს - იქვე განთავსებული ბაზრის სახელი, რომელიც სწრაფად ვითარდებოდა.
დოჟის წინააღმდეგ ამბოხების ჩასახშობად, რომელსაც ბაიმონტე ტიეპოლო ხელმძღვანელობდა, 1310 წელს ხიდის დიდი ნაწილი დაიწვა. ის აღადგინეს. XV საუკუნის დასაწყისში მის გასწვრივ სავაჭრო დახლები განალაგეს, იჯარის ქირა ვენეციის ხაზინაში შედიოდა, შემოსავლის ნაწილი კი ხიდის შენახვის ხარჯს ფარავდა. 1444 წელს კონსტრუქცია ჩამოინგრა, რომელმაც მოზღვავებული ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო, რომლებიც ნავების აღლუმსა და რეგატას ადევნებდნენ თვალს.
ამ ადგილას წყალი ქალაქის ორ დიდ რაიონს ჰყოფს: სან-პოლოსა და სან-მარკოს. მათი წარმომადგენლები ერთმანეთს მტრობდნენ და ხშირად მუშტი-კრივსაც მართავდნენ რიალტოს ხიდზე, რის შედეგადაც ის საბოლოოდ ჩამოინგრა. მის ნაცვლად ახალი ხის ხიდი ააგეს. კონსტრუქციას ასაწევი მექანიზმი ჩაამატეს, რათა გემებს დაუბრკოლებლად გაევლოთ. წყალთან მუდმივი კონტაქტის გამო ხე ლპებოდა და ფუჭდებოდა. 1524 წელს, როცა ხიდი კვლავ ჩამოინგრა, ვენეციის მთავრობამ ქვის ხიდის აგება გადაწყვიტა.
პროექტების კონკურსში სხვა ცნობილ არქიტექტორებთან ერთად მიქელანჯელოც მონაწილეობდა, მაგრამ მოულოდნელად ნაკლებად ცნობილმა, ასაკში შესულმა ანტონიო დე პონტემ გაიმარჯვა, რომელმაც დოჟების სასახლის აღდგენისას გამოიჩინა თავი.
მშენებლობა სამი წელი გაგრძელდა. კონსტრუქცია არაფრით ჰგავდა კლასიკურ თაღოვან ხიდებს. დე პონტეს მისი დისშვილი ანტონიო კონტი ეხმარებოდა, რომელმაც მოგვიანებით "ოხვრათა ხიდის" პროექტი შეადგინა. დე პონტემ საფუძვლად გალილეო გალილეის დადგენილი ძალთა განაწილების კანონი აიღო. 1591 წელს ხიდქვეშ პირველმა გემებმა გაიარეს. კონსტრუქციამ დროს გაუძლო და 1854 წლამდე "დიდ არხზე" გადებული ერთადერთი ხიდი იყო.
რიალტოს ხიდის სიგრძე 48 მეტრია, სიგანე - 22 მეტრი, მაქსიმალურად მაღალი წერტილი - 7,5 მეტრი. ხიდის ბურჯი შედგება 12000 ხიმინჯისგან, რომლებიც "დიდი არხის" უსწორმასწორო ფსკერშია ჩარჭობილი.
ხიდის მთელ სიგრძეზე სავაჭრო რიგებია განთავსებული. ყველაზე მაღალ ადგილას გადმოსახედი მოედანია - ჩინებული ადგილი ფოტოსესიის მოსაწყობად.
მეორე პოპულარული ადგილი ხიდის ქვედა ნაწილია, სადაც ბარელიეფების ხილვა შეგიძლიათ. აქ არის წმინდა მარკოზისა და წმინდა თეოდორის გამოსახულებები, აგრეთვე ხარების სიუჟეტი. ოდესღაც მარმარილოს ზედაპირს ვენეციის საუკეთესო ოსტატების მოხატულობა ამშვენებდა, თუმცა დრომ ის უკვალოდ გააქრო.
ხიდის მშენებლობისას მის არქიტექტორს ხშირად აკრიტიკებდნენ. ერთი დიდგვაროვანი ქალი ხშირად იმეორებდა: უწინამც ფეხებს შორის ხანძარი გამიჩნდება, ვიდრე ეს არასაიმედო კონსტრუქცია აშენდებაო. ვენეციელი მამაკაცი კი ხუმრობდა, მე კი იმ ადგილას კლანჭი გამომეზრდებაო. ანტონიო დე პონტემ სათანადოდ დააფასა ხუმრობა და ორივე კრიტიკოსი უკვდავყო - ერთ-ერთი უახლოესი სახლის ფასადზე შეგიძლიათ იხილოთ ბარელიეფები: ქალი ფეხებშუა გაჩენილი ცეცხლით და მამაკაცი სასქესო ადგილზე ამოზრდილი კლანჭით:
როგორც ამბობენ, თუ რიალტოს ხიდქვეშ გონდოლათი გაცურავთ თქვენს მეორე ნახევართან ერთად, ერთმანეთს უნდა აკოცოთ და სიყვარული არასოდეს დამთავრდება. თუ მეორე ნახევარი გვერდით არ გყავთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, სანუკვარი სურვილი ჩაიფიქროთ.
რიალტოს ხიდის მისამართია: Sestiere San Polo. მისასვლელად ისარგებლეთ ვაპარეტოთი №1 - გაჩერება Rialto.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია