უფასო ონლაინ-მეგზური ვენეციაში


 ვენეციის საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ვენეცია ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება. მისი უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული. ასე რომ, მასში უმთავრესი - საწყალოსნო ტრანსპორტია, კერძოდ, ვაპორეტო, გონდოლა, ტრაგეტო და ტაქსი. მაგრამ ქალაქს სახმელეთო ნაწილიც აქვს. იქ დადის ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო. ჩვეულებრივი ტრანსპორტის მოძრაობა წყდება რომის მოედანზე (Piazzale Roma), რომელიც ერთგვარი ტურისტული ტერმინალია - აქ მოჰყავთ მრავალიცხოვანი ტურისტული ჯგუფები, მეზობლად, სადგურ სანტა ლუჩიაზე ჩამოდგება მატარებლები, აქვე გადმოდიან ტურისტები უზარმაზარი საკრუიზო ლაინერებიდან. ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურს შორის ფეხით 2 წუთის სავალია. რომის მოედანი საზოგადოებრივი ავტობუსებისა და აეროპორტების შატლების ბოლო გაჩერებაცაა. ის ერთგვარი პორტალია თანამედროვე იტალიიდან მისი ჩქაროსნული მატარებლებითა და კომფორტული ავტომაგისტრალებით შუა საუკუნეების იტალიაში, სადაც ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ქუჩები და ნავებია.


სტატიის შინაარსი


1. ვაპორეტო

2. ტრაგეტო

3. გონდოლა

4. წყლის ტაქსი

5. ავტობუსი

6. ტრამვაი

7. მეტროპოლიტენი რომში

8. ბილეთები და ტურისტული ბარათები


განათავსე შენი რეკლამა აქ!






1. ვაპორეტო


ვაპორეტო (Vaporetto) პატარა გემია, იგივე "წყლის ავტობუსი/ტრამვაი", იგივე თბომავალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობა ვენეციაში. Vapore იტალიურად "ორთქლს" ნიშნავს.



ვაპორეტო ვენეციაში პირველად 1881 წელს გამოჩნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს კომპანია ACTV. ვაპორეტო ნელა მოძრაობს - 8 კმ/სთ. ყველა ნავმისადგომი, სადაც ვაპორეტო ჩერდება, ერთნაირად გამოიყურება: ერთგვარი მოზრდილი თეთრი ჯიხური ყვითელი ზოლებით, რომელზეც შავი ასოებით გაჩერების სახელწოდება წერია. ჯიხურში სამი ზონაა: ერთში მგზავრები გემის მოსვლას ელოდებიან, მეორეში მგზავრები გადმოდიან, მესამეში ჩასხდომა ხორციელდება. ყოველ ნავმისადგომზე მორიგეა, რომელიც თქვენს შეკითხვებზე გიპასუხებთ.



ყურადღებით იყავით მიმართულების არჩევისას: დიდ ნავმისადგომებზე სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი გემები სხვადასხვა ადგილას ჩერდებიან, პატარებზე - ერთ ადგილას. სასურველი მიმართულების გაგებაში საინფორმაციო აბრები დაგეხმარებათ. კომპანია ACTV მგზავრების გადასაყვანად სამი სახის გემს იყენებს: 1) თვითონ ვოპორეტო - იტევს დაახლოებით 230 ადამიანს, გადაადგილდება, ძირითადად, Grand Canal-ითა და კანარეჯოს არხით. აქვს დახურული სალონი, ღია მოედანი სახურავით, რამდენიმე დასაჯდომი ადგილი კიჩოსა და ცხვირზე; 2) მოტოსკაფო - ვაპორეტოზე მომცროა, იტევს დაახლოებით 160 მგზავრს, დადის ვენეციის გარშემო, კუნძულ მურანოსა და პატარა კუნძულებს შორის. ჰგავს დიდ კატარღას, მთლიანად დახურულია; 3) მოტონავი - გამოიყენება ზღვაში და არა ვიწრო არხებში გადასაადგილებლად, მაგალითად, კუნძულ ბურანომდე მისასვლელად. ჰგავს ვაპორეტოს, ოღონდ უფრო დიდი და ტევადია (600-მდე მგზავრი).


სულ ვენეციაში "წყლის ავტობუსის/ტრამვაის" 25-ზე მეტი მარშრუტია. ბევრი მათგანი წრიულია. არსებობს ექსპრესმარშრუტი, ღამის მარშრუტი, ტურისტული მარშრუტი. Grand Canal-ზე დადის მარშრუტი 1,2 (ექსპრესი), N (ღამის) და ტურისტული. ტურისტულად მარშრუტი 1-იც გამოდგება - ის საკმაოდ გრძელია, ბევრი გაჩერება აქვს და ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ვენეციის კუნძულოვან ნაწილზე. მარშრუტი 3, 4, 5 (ყველა ექსპრესი) ერთმანეთთან აკავშირებს ვენეციის ცენტრს, კუნძულ მურანოს, რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურს. მურანოზე, ლიდოზე და ვენეციის ლაგუნის სხვა კუნძულებზე დადის მარშრუტები 13, 20, LN, DM.


ვენეციის პირველად გასაცნობად აჯობებს აირჩიოთ წრიული მარშრუტები, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ცენტრის გარშემო გადის. ვაპორეტოს მარშრუტები სქემაზე სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული. გაჩერებებს კი საკუთარი სახელწოდებები აქვს: სან მარკო, რიალტო, კა დ'ორო. მიმართულებებში გარკვევა ადვილია. შეგიძლიათ მორიგეს მიმართოთ შეკითხვით:"ე პერ რიალტო?" ("ეს რიალტომდე მიდის?") და სწორ მიმართულებას გიკარნახებენ.



ბილეთი ერთ მხარეს ღირს 9,50 ევრო და ძალაშია 75 წუთის განმავლობაში (გარდა კომპანია Alilaguna-ს მარშრუტებისა, რომელიც ქალაქს აეროპორტთან აკავშირებს, და 16, 19, 21 მარშრუტებისა). მისი შეძენა შეგიძლიათ Hellovenezia-ს დახლებზე, ავტომატებში, თამბაქოს ჯიხურებში, აგრეთვე, უშუალოდ გემზე. არის ბილეთები ბორანზე 5 ევროდ, რომელიც მოძრაობს მონაკვეთებზე Lido S. M. Elisabetta-S.Elena or Giardini; S.Marco S.Zaccaria-S.Servolo; S.Marco S.Zaccaria-Giorgio; Zattere-Palanca; Murano Colonna-Cimitero/Fondamente Nove. თუ ხშირად აპირებთ მგზავრობას ვაპარეტოთი, იყიდეთ 24-საათიანი ბარათი 25 ევროდ, ან 48-საათიანი 35 ევროდ.


დეტალური ინფორმაცია ბილეთებისა და მარშრუტების შესახებ იხილეთ ოფიციალურ საიტზე: http://actv.avmspa.it/en/content/venice-urban-services-0.


2. ტრაგეტო


ტრაგეტო (traghetto) ნავია, რომელსაც ორი მენავე მართავს. გამოიყენება მგზავრების სწრაფად გადასაყვანად Grand Canal-ის ერთი ნაპირიდან მეორეზე. მასში 12-მდე ადამიანი ეტევა. ისინი, როგორც წესი, ფეხზე დგანან, თუმცა ჩამოჯდომაც შეგიძლიათ. მგზავრობა რამდენიმე წუთს გრძელდება. ფასი - 2 ევროა, რომელსაც მენავეს გადაუხდით.



ჩამოგითვლით ტრაგეტოს გაჩერებებს:


- Pescaria (თევზის ბაზარი) - Santa Sofia (Ca’ d’Oro-სთან);

- San Tomà - Sant’Angelo;

- Fondamente S. Lucia (რკ/ს "სანტა ლუჩიას" წინ) - Fóndaco dei Turchi (ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმთან);

- Riva del Carbòn — Fondamente del Vin;

- San Samuele — Ca’ Rezzónico;

- Campo del Traghetto — Calle Lanza (სანტა მარია დელლა სალუტესთან).


3. გონდოლა


გონდოლა (gondola) ვენეციის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ნამდვილი ვენეციური გონდოლა 280 დეტალისა და რვა სახეობის ხისგან მზადდება. პირველი გონდოლები ვენეციაში VII საუკუნეში გაჩნდა, პირველი დოჟის მმართველობისას.



გონდოლით ვენეციაში ნახევარსაათიანი გასეირნება ტურისტს 80-100 ევრო დაუჯდება, მაგრამ თუ 6-კაციანი ჯგუფი შეგროვდებით (გონდოლაში მეტი არ ეტევა), ამ თანხას გადაინაწილებთ. ნამდვილ გონდოლიერს (მენავეს) სპეციალური ფორმა აცვია - ზოლიანი მაისური და მუქი შარვალი.



4. წყლის ტაქსი


წყლის ტაქსი - კატარღაა. ის ან ტელეფონით უნდა გამოიძახოთ, ან ტაქსის გაჩერებაზე მიხვიდეთ.



მისი საშუალებით შეგიძლიათ გადაადგილდეთ ნებისმიერი არხით, გარდა ვიწრო არხებისა. შეგიძლიათ ეწვიოთ ლაგუნის კუნძულებს: მურანოს, ბურანოსა და სხვ.



წყლის ტაქსი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 1 წუთი დაახლოებით 1,30 ევრო ღირს. ტაქსი 10 ადამიანს იტევს. 1-4 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე ფასი ფიქსირებულია. ერთსაათიანი მგზავრობა 120 ევრომდე დაგიჯდებათ. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს მარკო პოლოს აეროპორტიდან ვენეციის სასტუმრომდე მისვლა. ფასი 50-100 ევროს შორის მერყეობს.


5. ავტობუსი


ავტობუსების ქსელი მოიცავს ქალაქის მატერიკულ ნაწილს - მესტრეს - და კუნძულ ლიდოს. ნებისმიერ სახის სახმელეთო ტრანსპორტს შეუძლია მივიდეს მხოლოდ რომის მოედნამდე ან კუნძულ ტრონკეტომდე.


ბილეთის ღირებულება 1,50 ევროა და ძალაშია 75 წუთის განმავლობაში. მოქმედებს, აგრეთვე, მეტროპოლიტენსა და ტრამვაიში. თუ მძღოლთან შეიძენთ, 3 ევროს გადახდა მოგიწევთ. შეგიძლიათ შეიძინოთ 10 ბილეთი 14 ევროდ. 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა. ბილეთი არ გამოგადგებათ მარკო პოლოს აეროპორტში გასამგზავრებლად. აუცილებელია ბილეთის კომპოსტირება, თორემ ჯარიმის გადახდას ვერ გადაურჩებით. თუ აპარატი არ მუშაობს, მძღოლს უთხარით და ის ბილეთზე შესაბამის წარწერას გააკეთებს.


6. ტრამვაი


ვენეციაში ტრამვაის ერთი T1 ხაზია. მისი ბოლო გაჩერება რომის მოედანია.



რაც შეეხება მგზავრობის საფასურსა და ბილეთებს, ყველაფერი იგივეა, რაც ავტობუსის შემთხვევაში.


7. მეტროპოლიტენი


მეტროპოლიტენი, იგივე "ფიფლმუვერი" (People Mover), მხოლოდ სამი სადგურისგან შედგება და სიგრძით ერთი კილომეტრია. სადგურებია Tronchetto — Marittima — Piazzale Roma. უძრავო ვაგონები გამწევი ძალით მოძრაობენ, როგორც ფუნიკულიორი.



მგზავრობის საფასური და ბილეთები იგივეა, რაც ავტობუსისა და ტრამვაის შემთხვევაში, და ის სამივეგან გამოდგება. სამივე სადგურიდან შეგიძლიათ გადაჯდეთ ვაპორეტოზე ან სხვა საწყალოსნო ტრანსპორტზე.


8. ბილეთები და ტურისტული ბარათები


სტანდარტული 75-წუთიანი ბილეთი STANDARD 75-MINUTE RETE UNICA TICKET - შეგიძლიათ 75 წუთის განმავლობაში შეუზღუდავად იმგზავროთ ვენეციის Actv კომპანიის ნებისმიერი საწყალოსნო ტრანსპორტით (გარდა 16, 19 მარშრუტებისა და კომპანია Alilaguna/Casinò-ს მომსახურებისა), სახმელეთო გზებზე, ლიდოსა და პელესტრინის ჩათვლით, ტრამვაით, People Mover-ით (გარდა მარკო პოლოს აეროპორტში/აეროპორტიდან მგზავრობისა).


ბილეთის ღირებულებაა - 9,50 ევრო.


სტანდარტული 75-წუთიანი სახმელეთო ბილეთი STANDARD 75-MINUTE ROAD NETWORK TICKET - შეგიძლიათ 75 წუთის განმავლობაში შეუზღუდავად იმგზავროთ სახმელეთო გზებზე, ლიდოსა და პელესტრინის ჩათვლით, ტრამვაით, People Mover-ით ვენეციის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა მარკო პოლოს აეროპორტში/აეროპორტიდან მგზავრობისა).


ბილეთის ღირებულებაა - 1,50 ევრო. თუ 10-ბილეთიან შეკვრას აიღებთ - 14 ევრო (დანიშნულება იგივეა: ავტობუსი/ტრამვაი/People Mover).


შეგიძლიათ შეიძინოთ 1, 2, 3 და 7-დღიანი ბილეთები. ისინი უფლებას გაძლევენ, შეუზღუდავად იმგზავროთ ვენეციის Actv კომპანიის ნებისმიერი საწყალოსნო ტრანსპორტით (გარდა 16, 19 მარშრუტებისა და კომპანია Alilaguna/Casinò-ს მომსახურებისა), მესტრეს საქალაქო ქსელითა (გარდა მარკო პოლოს აეროპორტში/აეროპორტიდან მგზავრობისა და მეტროპოლიტენისა) და ლიდოსა და ვენეციის ავტობუსებით. თუ ერთ მხარეს მგზავრობის 7 ევროს ან აქეთ-იქით მგზავრობის 13 ევროს დაამატებთ, მარკო პოლოს აეროპორტში მოხვედრა/მოხვედრა-დაბრუნებაც შეგეძლებათ.


ბილეთის ღირებულება:


- 1-დღიანი - 25 ევრო;

- 2-დღიანი - 35 ევრო;

- 3-დღიანი - 45 ევრო;

- 7-დღიანი - 65 ევრო.


აერობუსი - სტანდარტული 75-წუთიანი სახმელეთო ბილეთი მარკო პოლოს აეროპორტამდე/აეროპორტიდან AEROBUS - STANDARD TICKETS TO AND FROM VENICE MARCO POLO AIRPORT - შეგიძლიათ 75 წუთის განმავლობაში გადაჯდეთ, აგრეთვე, სახმელეთო ტრანსპორტზე (People Mover-ის გარდა), ვენეციის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.


ბილეთის ღირებულებაა - 10 ევრო. იგივე ბილეთი აქეთ-იქით მგზავრობისთვის 75 წუთის განმავლობაში - 18 ევრო.


აერობუსი + სტანდარტული 90-წუთიანი ბილეთი AEROBUS + STANDARD 90-MINUTE RETE UNICA TICKET - შეგიძლიათ იმგზავროთ ბილეთის ვალიდაციიდან 90 წუთის განმავლობაში ვენეციის მუნიციპალიტეტის საქალაქო სატრანსპორტო ქსელით: საწყალოსნო ტრანსპორტით (გარდა 16, 19 მარშრუტებისა და კომპანია Alilaguna/Casinò-ს მომსახურებისა), სახმელეთო ტრანსპორტით, ლიდოსა და პელესტრინის ჩათვლით, ტრამვაით, People Mover-ით, მარკო პოლოს აეროპორტში/აეროპორტიდან მგზავრობის ჩათვლით.


ბილეთის ღირებულებაა - 18 ევრო.


venezia unica city pass - ტურისტული ელექტრონული ბარათი, რომლის ასაღებადაც თქვენი მონაცემები უნდა მიუთითოთ. შეგიძლიათ, მასზე თქვენთვის სასურველი მომსახურებები აირჩიოთ (მათ შორის AVM/Actv-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი) და ფასიც ამის მიხედვით დაიანგარიშება. ამ ბარათში Actv-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის უფლების ჩართვა 10 ევრო დაგიჯდებათ. ძალაშია მისი გაცემიდან 5 წლის განმავლობაში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.veneziaunica.it/e-commerce/services.



ბილეთებისა და ტურისტული ბარათების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Actv-ის ოფიციალურ საიტს: https://actv.avmspa.it/en/content/venice-urban-services-0.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!