პიაცა სან-მარკო (წმინდა მარკოზი) ვენეციის ცენტრალური მოედანია. მიმდებარე პიაცეტასთან ერთად (დიდი არხიდან კამპანილამდე) ის ვენეციის რელიგიურ, ადმინისტრაციულ და ტურისტულ ცენტრს ქმნის. მოედნის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე - 82 მეტრი. ქალაქის მოედანზე ყოველთვის ბევრი ტურისტია. აქედან ხშირად იწყება ექსკურსიები ვენეციის დასათვალიერებლად. ყოველწლიურად სან-მარკოს მოედანს 20 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. ტურისტებს აქ უამრავი მტრედი ხვდება, რომლებიც, ლეგენდის თანახმად, ერთ დროს ეგვიპტიდან ჩამოიყვანეს საჩუქრად დოჟის მეუღლისთვის.
მოედნის გაფორმება ჯერ კიდევ IX საუკუნეში დაიწყო მაშინ უკვე აგებული წმინდა მარკოზის ტაძრის გარშემო. დღევანდელ ზომებამდე ის 1177 წელს გაფართოვდა - რეკონსტრუქცია რომის პაპის, ალექსანდრე III-სა და ფრიდრიხ "ბარბაროსას" ისტორიულ შეხვედრას მიეძღვნა. XII საუკუნის შუა წლებიდან ტაძრისწინა მოედანი ვენეციის კარნავალის ჩატარების ადგილი გახდა და ეს ტრადიცია დღემდეა შენარჩუნებული.
ოდესღაც ნაპოლეონს უთქვამს: "ეს მოედანი ევროპის ყველაზე ელეგანტური სასტუმრო ოთახია". ის მართლაც დიდგვაროვნის სალონს ჰგავს. მას სამი მხრიდან გალერეები შემორტყმია, მეოთხიდან კი საოცრად ლამაზი წმინდა მარკოზის ტაძარი მოჩანს.
შებინდებისას მოედანზე ელექტროგანათება ჩაირთვება. ძველებური კაფეების მხრიდან ვიოლინოს ხმები აღწევს. ისეთი არაჩვეულებრივი გარემო იქმნება, შეუძლებელია, ნაპოლეონს არ დაეთანხმოთ.
სან-მარკოს მოედანზე ლეგენდარული კაფეებია განთავსებული. ყველაზე ცნობილი - კაფე "ფლორიანია", რომელიც 1720 წელს გაიხსნა. აქ ნამყოფი არიან გოეთე, ბაირონი, კაზანოვა, ჟან-ჟაკ რუსო, დიკენსი, ჰემინგუეი და სხვა სახელგანთქმული პიროვნებები. თუ მასში შესვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ზღაპრულად მაღალი ფასები დაგხვდებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს მოედანი ვენეციაში ყველაზე დაბალი ადგილია და წყალდიდობისას წყლით იფარება.
სან-მარკოს მოედანს სამხრეთ მხარეს განშტოება აქვს - ე.წ. "პიაცეტა" (პატარა მოედანი). აღმოსავლეთიდან მას დოჟების სასახლე ესაზღვრება, დასავლეთიდან - მარჩიანას (იგივე წმინდა მარკოზის) ბიბლიოთეკა, სამხრეთიდან - არხი Bacino San Marco.
პიაცეტას ორი დიდი სვეტი ამშვენებს (წმინდა მარკოზისა და წმინდა თეოდორე ტირონის), რომლებიც ვენეციაში 1125 წელს ჩამოიტანეს, როგორც კონსტანტინეპოლისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისას მოპოვებული ალაფი.
მარცხნივ წმინდა მარკოზის სვეტია, მარჯვნივ - წმინდა თეოდორესი. მარცხენა სვეტის თავზე ბრინჯაოსფრთიანი ლომია (ის, სავარუდოდ, ასურეთში შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში).
მარჯვენა სვეტის თავზე მოჩანს იმპერატორ ადრიანეს დროინდელი რომაელის ტანი მითრიდიტე პონტოელის თავით. ფიგურა ნიანგზე დგას, რაც ვენეციის საზღვაო სიძლიერეზე მიუთითებდა (ნიანგი და მასზე მდგარი ადამიანი - ასლია, ორიგინალი დოჟების სასახლეში ინახება).
ორივე წმინდანი ვენეციის მფარველად ითვლება და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვენეციელთა შორის. ცრუმორწმუნეთა აზრით, ამ სვეტებს შორის სიარული ცუდის ნიშანია, ვინაიდან უწინ ამ ადგილას სიკვდილით დასჯისა და სხვა ნაკლებად მძიმე სასჯელის აღსრულება ხდებოდა.
სან-მარკოს მოედანზე უმთავრესი ღირსშესანიშნაობებია:
წმინდა მარკოზის ტაძარი (Basilica Can Marco):
ამ სახით ის XI საუკუნის მიწურულს ააგეს. ეს უნიკალური ტაძარია: მასში ერთმანეთს ერწყმის ბიზანტიური და აღმოსავლური სტილი, გოტიკა და ანტიკა. როგორც ერთმა სპეციალისტმა თქვა, ის უშნოდ ლამაზი და ლამაზად უშნოა, შეუძლებელი და ნამდვილი - არქიტექტორული პარადოქსი. მისი სიგრძე 76,5 მეტრია, სიგანე - 62,5 მეტრი, სიმაღლე (ცენტრალური გუმბათი) - 43 მეტრი.
ტაძარში დასვენებულია წმინდა მარკოზისა და ისიდორეს ნეშტი, მოციქულ იაკობ უმცროსის თავი.
ტაძარს 5 გუმბათი აქვს, რომლებიც ჯვრის ფორმას ქმნიან. ცენტრალური ფასადის პორტალები XVIII საუკუნის ულამაზესი და უმდიდრესი მოზაიკებითაა მორთული. მოზაიკითაა დამშვენებული, აგრეთვე, ტაძრის კედლები, კამარები და იატაკიც კი, რაც ციმციმის ეფექტს ქმნის.
მოზაიკები ასახავს ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებს, მოციქულ მარკოზისა და იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების სცენებს. წმინდა მარკოზის მოზაიკების მიხედვით თავისუფლად შეიძლება ბიბლიის შესწავლა. მოზაიკების უკეთ დასანახად მეორე სართულზე უნდა ახვიდეთ, ამისათვის კი მუზეუმის ბილეთი უნდა შეიძინოთ.
მისამართი: Piazza San Marco.
ბაზილიკა სან-მარკო მოქმედი ტაძარია. მასში შესვლა მოზრდილებისთვის 6 ევრო ღირს, 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
კამპანილა (Campanile):
კამპანილა, იგივე სამრეკლო, სან-მარკოს მოედანზე წმინდა მარკოზის ტაძრის პირდაპირ მდებარეობს. ვენეციის ეს ღირსშესანიშნაობა, რომლის თავსაც გაბრიელ მთავარანგელოზის ქანდაკება ამშვენებს, IX საუკუნეშია აგებული და მოედნის უძველესი ნაგებობაა. ოდესღაც კამპანილა შუქურისა და საგუშაგო კოშკის ფუნქციას ასრულებდა, იქიდან აკეთებდნენ განცხადებას მორიგი სიკვდილით დასჯის შესახებ. 98 მეტრი სიმაღლისა და 11 მეტრი სიგანის კამპანილა ათასზე მეტი წლის განმავლობაში მშვიდობიანად იდგა თავის ადგილას, სანამ 1902 წლის 14 ივლისს უეცრად არ ჩამოინგრა, თუმცა ირგვლივ არაფერი დაუზიანებია. ქალაქის საბჭომ ის ძველი სახით აღადგინა. ვენეციელები სან-მარკოს სამრეკლოს ქალაქის დიასახლისს უწოდებენ.
კამპანილას აქვს გადმოსახედი მოედანი, საიდანაც ქალაქი ისე მოჩანს, როგორც ხელისგულზე. 98,60 მეტრი სიმაღლის კამპანილაზე ჩქაროსნული ლიფტით ასვლა მოზრდილებისთვის 12 ევრო ღირს, 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
კამპანილაზე მიშენებულია სანსოვინოს უძველესი ბიბლიოთეკა. მასში ინახება 1459 წლის გეოგრაფიული რუკა, რომელიც ბერმა წმინდა ქრისტეფორემ შექმნა.
სან-მარკოს ტაძრის, აგრეთვე, ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: http://www.basilicasanmarco.it.
დოჟების სასახლე (Palazzo Ducale):
მოგეხსენებათ, დოჟი ვენეციის რესპუბლიკის არჩეული მმართველი იყო ათზე მეტი საუკუნის განმავლობაში, VIII-XVIII საუკუნეებში. გოტიკური არქიტექტურის ეს დიდებული ნიმუში 1309-1424 წლებში აიგო და ის დოჟების რეზიდენცია იყო. აქვე მუშაობდა დიდი საბჭო და სენატი, უმაღლესი სასამართლო და საიდუმლო პოლიცია, კანცელარია, ცენზორთა და საზღვაო უწყებები.
დეტალურად დოჟების სასახლის შესახებ =>>
საათიანი კოშკი (Torre dell’orologio):
ეს ხუთიარუსიანი კონსტრუქციაა. ის 1496-1757 წლებში შენდებოდა. პირველი სართული არის დიდებული თაღი მერჩერია (Merceria), რომელსაც რიალტოს ჩახლართულ ქუჩებში მივყავართ. მეორე იარუსზე განთავსებულია ლაჟვარდოვანი ასტროლოგიური ციფერბლატი. მესამე იარუსზე კოხტა აივანია. მასზე ღვთისმშობელი და ყრმა იესოა. ამ აივანზე წელიწადში ორჯერ - ღვთის გამოცხადებისა (6 იანვარს) და აღდგომის მეორმოცე დღეს ანგელოზებისა და სამი მოგვის განმასახიერებელი თოჯინები გამოდიან. მეოთხე იარუსზე წმინდა მარკოზის ფრთოსანი ლომია წიგნთან ერთად (ვენეციის სიმბოლო), მეხუთეზე კი - ე.წ. "მავრები". ეს ორი ფიგურა ზარს რეკავს.
ძველი და ახალი პროკურაციები:
ეს არის ისტორიული შენობების კომპლექსი, რომლებიც მოედანს სამი მხრიდან ერტყმის. ჩრდილოეთის მხრიდან ახალი პროკურაციაა (აშენდა 1640 წელს), სამხრეთიდან - ძველი პროკურაცია (აშენდა 1480-1517 წლებში), დასავლეთიდან კი - "ალა ნაპოლეონიკა" (Ala Napoleonika), რომელიც 1810 წელს აიგო, როგორც ნაპოლეონის რეზიდენცია. ახლა მასში კორერის მუზეუმია განთავსებული და გამოფენილია ნახატების კოლექცია, რომლის უმეტესი ნაწილიც აბატმა ტეოდორო კორერმა შეაგროვა და ქალაქს გადასცა. ჩვენს მიერ ნახსენები კაფე "ფლორიანი" ძველი პროკურაციის შენობაში მდებარეობს. პროკურაციებში ხდებოდა ობლებსა და სულით ავადმყოფებზე ზრუნვა, შეწირულობების გაცემა, ანდერძის აღსრულება, ბაზილიკა სან-მარკოს მართვა და სხვა. ეს, ნაწილობრივ, ახლა ხდება - პროკურაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ არქიტექტორებთან და ინჟინრებთან ბაზილიკა სან-მარკოს შიგა და გარე იერსახის შესანარჩუნებლად.
მისამართი: Piazza San Marco. თუკი რკინიგზის სადგურ "სანტა ლუჩიაზე" იმყოფებით, ვაპარეტოთი მოედნამდე 15 წუთში მიხვალთ. №2 მარშრუტი მიგიყვანთ ნავმისადგომამდე Rialto C, იქიდან კი ფეხით 5 წუთს ივლით. შეგიძლიათ Grand Canal-თ პიაცეტამდე მიხვიდეთ. თუ ფეხით გადაწყვეტთ წასვლას, 30-40 წუთის განმავლობაში მოგიწევთ სიარული.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია