ვენეციის კარნავალი ყოველწლიური კოსტიუმირებული დღესასწაულია, რომელიც ვენეციაში თებერვალში იმართება. კარნავალის ბოლო დღე დიდმარხვის წინადღეს მთავრდება. პირველად ვენეციის კარნავალი 1094 წელს არის ნახსენები, თუმცა XIII-XIV საუკუნეებამდე კარნავალის დროს ნიღბებს არ იყენებდნენ. 1162 წელს აკვილეის პატრიარქზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიწყო სახალხო სეირნობა სან-მარკოს მოედანზე, რაც ყოველწლიურ ტრადიციად გადაიქცა. ვენეციის კარნავალი კაშკაშა მოვლენების, უზომო მხიარულებისა და დაუვიწყარი ემოციების კალეიდოსკოპია. მასში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. მისთვის წინასწარ ემზადებიან, ჩამოაქვთ უჩვეულო კოსტიუმები და ნიღბები, ქუდები და სხვა ატრიბუტები. მაღაზიები სავსეა საკარნავალო სუვენირებით, გაქირავების პუნქტები კოსტიუმებსა და ნიღბებს გთავაზობენ. ვენეცია ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებს.
დღესასწაული მოგაჯადოებთ, აღგაფრთოვანებთ და გაგაოცებთ. ქუჩებში აუჩქარებლად სეირნობენ ჭრელ სამოსში გამოწყობილი ვენეციელები და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქის სტუმრები. მათ ყველგან შეხვდებით - მოედნებსა და ხიდებზე, ვიწრო ქუჩებსა და კაფეებში, წვეულებებსა და მეჯლისებზე. ტურისტები შეუჩერებლივ აჩხაკუნებენ ფოტოაპარატებსა და მობილურ ტელეფონებს და სამახსოვროდ უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებენ. ხმაურიანი ჯგუფები ერთი ადგილიდან მეორისკენ გადაადგილდებიან და საღამოობით სან-მარკოს მოედანზე გროვდებიან. სასტუმროებსა და აპარტამენტებში დიდი ხნით ადრე ჯავშნიან ნომრებს.
რადგან აღდგომა მოძრავი რელიგიური დღესასწაულია, ვენეციის კარნავალიც ამის მიხედვით იგეგმება. ის 18 დღე გრძელდება, თუმცა ძირითადი ღონისძიებები ბოლო 11 დღის განმავლობაში იმართება. ცერემონია მიმდინარეობს ვენეციის ისტორიულ რაიონში - კანარეჯოში. ის შაბათს იწყება, ადგილობრივი დროით 19:00-ზე და მთელი საღამო გრძელდება. არხში, რომელიც "გრანდ-კანალს" ლაგუნასთან აერთებს, მიცურავენ საზეიმოდ მორთული ნავები, რომლებშიც მსახიობები, მოცეკვავეები და აკრობატები მაყურებელს თავიანთ ოსტატობას უჩვენებენ. შოუს თან ახლავს ლამაზი ილუმინაცია და მუსიკალური კომპოზიციები. სანაპიროებზე ვენეციური სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ.
გახსნის მეორე დღეს, კვირას, 10:30-ზე, ლამაზი ღონისძიება იწყება. ნაირგვარად მორთული ნავები და გონდოლები, რომლებსაც ხასხასა სამოსში გამოწყობილი მენიჩბეები მართავენ, "დიდ არხში" მიცურავენ, პუნტა დელლა დოგანიდან რიო დი კანარეჯომდე. მთელ გზაზე მათ აღფრთოვანებული მაყურებელი ეგებებაღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს ტრადიციულ ვენეციურ ჩიკეტის, დელიკატებსა და ტკბილეულს სთავაზობენ.
კარნავალის მეორე შაბათს იმართება ზეიმი, სახელწოდებით "მარია" (Festa delle Marie): თორმეტ ქალიშვილს, ორ-ორს თითოეული სესტიერედან (ვენეციის ისტორიული რაიონები), ერთნაირ შუასაუკუნოვან ან რენესანსულ კაბებში გამოაწყობენ, ერთგვარ საკაცეებზე შემოსვამენ, ხელით მიჰყავთ ბაზილიკა სან პიეტრო დი კასტელოდან სან მარკოს მოედნამდე და "წლის მარიას" ირჩევენ. (კარნავალის დაწყებამდე ორი თვით ადრე ტარდება შესარჩევი კონკურსი 18-28 წლის ვენეციელ ქალიშვილებს შორის.)
XVI საუკუნის შუა წლებში ვენეციის კარნავალის მიმდინარეობისას უჩვეულო მოვლენა მოხდა: თურქმა აკრობატმა მოახერხა და ჭოკით ხელში გაიარა გაჩერებული გემიდან წმ. მარკოზის ტაძრის სამრეკლომდე გაჭიმულ ბაგირზე. ვენეციელებს ეს შოუ ისე მოეწონათ, რომ ის ოფიციალურ პროგრამაშიც შეიტანეს სხვადასხვა ვარიაციებით. მოგვიანებით ეს გარდაიქმნა ფრთებშესხმული ადამიანი სწრაფდაშვებაში, რისთვისაც იყენებდნენ დაჭიმულ ბაგირსა და თოკის რგოლებს. გამბედავები დოჟებისგან პრიზს იღებდნენ - ფულს ან საჩუქარს. 1759 წელს ეს ღონისძიება ტრაგიკულად დასრულდა: აკრობატი მთელი ძალით დაასკდა მიწას და დაიღუპა. მას შემდეგ გაფრენისთვის ხის მტრედს იყენებდნენ. 2011 წლიდან "ანგელოზის გაფრენას" ასრულებს წინა წლის გამარჯვებული "მარია" - მდიდრულ კაბაში გამოწყობილი ქალიშვილი ნელა ეშვება სან-მარკოს სამრეკლოდან "პალაცო დუკალეს" მიმართულებით, სადაც მას "დოჟი" ხვდება. გზაში მარია კანფეტებს ისვრის და ვენეციელებსა და ქალაქის სტუმრებს ხელების ქნევით ესალმება:
"ანგელოზის გაფრენა" კარნავალის მეორე კვირადღეს ინიშნება. ამით იწყება საზეიმო ღონისძიებები სან-მარკოს მოედანზე. "არწივის გაფრენაც" იქვე ხდება, ოღონდ მომდევნო კვირადღეს. ის პროგრამაში 2012 წლიდან შეიტანეს, მას შემდეგ, რაც "მფრინავი ანგელოზების" როლის შესრულება მარიებს გადასცეს. "არწივები" არიან სპორტსმენები, მუსიკოსები, მოდელები, მეწარმეები.
კარნავალის პროგრამაში, აგრეთვე, შედის კონკურსი საუკეთესო ნიღბის, კოსტიუმისა და თავსაბურავის გამოსავლენად, "ვირის გაფრენა" - "არწივის გაფრენის" პაროდია (ტარდება მესტრეში, ფერეტოს მოედანზე), ფესტივალი "სტრიტშოუ" (ესეც ფერეტოს მოედანზე), სხვადასხვა ღონისძიებები დღესასწაულის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კუნძულ ბურანოზე, საკარნავალო საზიდრების აღლუმი მარგერში, ახალგაზრდული კარნავალი ზელარინოში.
კარნავალის ბოლო დღეს, საღამოს ხუთიდან ექვს საათამდე, მაყურებლების თავზემოთ გადაიფრენს უზარმაზარი დროშა მასზე გამოსახული ვენეციის სიმბოლოთი - ფრთოსანი ლომით. მას სან-მარკოს მოედანზე გამოუშვებს თორმეტი ქალიშვილი, რომლებიც მიმდინარე წელს "მარიად" აირჩიეს.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია