სანტა-მარია დელლა სალუტე (Basilica di Santa Maria della Salute), ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი ეკლესიაა. ის ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ისტორიულ კვარტალ დორსოდუროში (Dorsoduro)"დიდი არხის" პირას, დოჟების სასახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ეკლესია XVII საუკუნეში აიგო. იმ დროს იტალიაში შავი ჭირი მძვინვარებდა, რომელსაც ვენეციის მოსახლეობის მესამედი ემსხვერპლა. გადმოცემის თანახმად, ქალაქის საბჭომ გამოაცხადა, რომ ეკლესიას ააშენებდა მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად, თუკი ის დაავადების გავრცელებას შეაჩერებდა. მოსახლეობა მხურვალე ლოცვას აღავლენდა ღვთისმშობლის მიმართ და ეპიდემია შეჩერდა. საბჭომ სიტყვა შეასრულა და არქიტექტორებს შორის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ახალგაზრდა ბალთაზარ ლონგენამ გაიმარჯვა.
ეკლესიის მშენებლობა 1630 წელს დაიწყო და 1681 დასრულდა. არქიტექტორი მის დასრულებას ვერ მოესწრო. ბაზილიკა მარიამ ღვთისმობლის პატივსაცემად აკურთხეს, რომელმაც ვენეციელები შავი ჭირისგან იხსნა. ("სალუტე" - განკურნებას ნიშნავს.) შენობა "დიდი არხის" ფსკერზე ჩარჭობილ ასეულ ათასობით მძლავრ ხის ხიმინჯზე დგას. ეს ძვირადღირებული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იყო, ვინაიდან გრუნტი "ჯდებოდა", არადა, მშენებლობისთვის მონოლითური პლატფორმა უნდა მიეღოთ. ფუნდამენტზე აგურის, რვაკუთხედის ფორმის ბაზილიკა დადგეს, რომელიც გარედან მარმარილოს მარცვლებით დაფარეს. სანტა-მარია დელლა სალუტეს ცენტრალური გუმბათი, რომელსაც ნახევარსფეროს ფორმა აქვს, 15-წახნაგოვან დოლურაზე დგას დიდი ფანჯრებითა და გარე თაღებით. საკურთხევლის თავზე ამავე ფორმის კიდევ ერთი პატარა გუმბათია. ეკლესია გარედანაც და შიგნიდანაც ბაროკოს სტილითაა შესრულებული. ფასადი უხვადაა შემკული სვეტებით, ბარელიეფებით, სკულპტურული კომპოზიციებითა და პილიასტრებით. ცენტრალური შესასვლელის უჩვეულო ფორმა ასოცირდებოდა ტრიუმფალურ თაღთან, რომელიც ეპიდემიაზე გამარჯვების აღსანიშნავად დადგეს. ფრონტონის ზემოთ დგას მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება ყრმა იესოთი, იოანე ნათლისმცემელი და მთავარანგელოზი მიქაელი. კარნიზებზე განთავსებულია ძველი აღთქმის მეფეებისა და წინასწარმეტყველების ფიგურები.
ბაზილიკის ინტერიერი სიმდიდრითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ვრცელი რვაკუთხა ცენტრალური ნაწილი თაღოვანი გადახურვებითა და სვეტებითაა გაფორმებული, რომლებიც მაღლა მიისწრაფვის და პილიასტრებში გადადის. გვერდით ნიშებში სკულპტურული კომპოზიციებითა და საუცხოო ფერწერული ტილოებით დამშვენებული 6 კაპელაა (5 კაპელა ღვთისმშობლის, ერთი კი პადუელი წმინდა ანტონის სადიდებლად). მარმარილოს იატაკი ორიგინალურ გეომეტრიულ ნახატს ქმნის. მორწმუნეთა თავზემოთ სამოცმეტრიანი გუმბათი დგას.
ასე გამოიყურება საკურთხეველი:
ცენტრში ცნობილი ბიზანტიური ხატია მარიამ ღვთისმშობლისა და იესოს გამოსახულებით, რომელიც 1672 წელს ჩამოიტანეს კუნძულ კრიტიდან, კერძოდ, წმინდა ტიტუსის ეკლესიიდან. ლეგენდის თანახმად, მისი ავტორი მოციქული ლუკაა.
მის ზემოთ კვლავ მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკებაა ახალშობილი იესოთი ხელში, მარცხნივ ვენეციელ ქალს მუხლი მოუყრია და ღვთისმშობელს ევედრება, რომ დაეხმაროს, მარჯვნივ ანგელოზი ვენეციიდან შავ ჭირს განდევნის. ეს კომპოზიცია ჯუსტო ლეკურმა შექმნა 1674 წელს.
ტაძარს უდიდესი იტალიელი მხატვრების ნახატები ამშვენებს, როგორიცაა ტინტორეტოს "ქორწინება კანში", ლუკა ჯორდანოს "ამაღლება", ტიციანის "დავითი და გოლიათი", "აბრაამის მსხვერპლშეწირვა", "სულიწმიდის გადმოსვლა მოციქულებზე", "კაენი და აბელი" და სხვ.
ბაზილიკის გვერდით, ყოფილ სასულიერო სასწავლებლის შენობაში, 2010 წელს ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ წყალმა ტიციანის სამი ნახატი დააზიანა, ყველაზე მეტად - "დავითი და გოლიათი", თუმცა რესტავრატორებმა ყველა მათგანის აღდგენა მოახერხეს.
ყოველწლიურად, 21 ნოემბერს, ტაძარში იმართება საზეიმო წირვა იმის აღსანიშნავად, რომ მარიამ ღვთისმშობელმა ვენეცია შავი ჭირისგან იხსნა. ამ დღეს მორწმუნეები მარიამ ღვთისმშობელს ავადმყოფების განკურნებას სთხოვენ.
ეკლესიის მისამართია Campo della Salute, Dorsoduro. მისასვლელად ისარგებლეთ ვაპორეტოთი №1, გაჩერება Salute. ტაძარში შესვლა უფასოა.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია