"დიდი არხი", იგივე გრანდ-კანალი (Canal Grande), ვენეციის მთავარი საწყალოსნო არტერიაა, რომელიც მას შუაზე ჰყოფს. როგორც საუკუნეების წინათ, ის ახლაც თითქმის მთელ ქალაქში მიედინება და მის ყველა საიდუმლოს ინახავს. არხი ყოველთვის კოხტა გონდოლებითაა სავსე, მას ორივე მხრიდან უნიკალური არქიტექტურული ნიმუშები ამშვენებს და საუკეთესო ადგილია ფოტოსურათების გადასაღებად. არხი კუნძულებს შორის მიედინება და გადატრიალებული ლათინური S ასოს ფორმის გზას გადის. მისი საერთო სიგრძე 3800 მეტრია, სიგანე - 30-70 მეტრი, მაქსიმალური სიღრმე - 5 მეტრი. "დიდი არხი" იწყება ვენეციის ლაგუნიდან რკინიგზის სადგურ "სანტა ლუჩიასთან" და მთავრდება საბაჟოს შენობასთან, სადაც ლა ჯუდეკასა და სან-მარკოს არხებს უერთდება.
გამოკვლევა ადასტურებს, რომ თავდაპირველად "დიდი არხი" უფრო განიერი იყო. ის მდებარეობს ძველი მდინარის ადგილას, შესაძლოა მდინარე ბრენტის განშტოებაა, რომელიც ვენეციის ლაგუნაში ჩაედინება. მცირე დასახლებები ჯერ კიდევ რომის ეპოქამდე გაჩნდა ამ რაიონის გვერდით, რომელსაც უწინ Rio Businiacus ერქვა. ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიის იმპერიის ხელში ლაგუნა უფრო მჭიდროდ დასახლდა და მალე უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ვენეციის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა სწრაფად იზრდებოდა. IX საუკუნის დასაწყისში დოჟმა გადაწყვიტა ქალაქ მალამოკოდან უფრო საიმედო რაიონში - Rivoaltus-ში , ქალაქ ლიდოში გადასულიყო (ჩვენს დროში რიალტო კუნძულების ჯგუფია ვენეციის ლაგუნაში). აქ ვენეციის რესპუბლიკა უსაფრთხოდ იყო, რაც მის აყვავებას უწყობდა ხელს. ვენეციელები აქცენტს ვაჭრობაზე აკეთებდნენ. ამ კუთხით, ვენეციის ლაგუნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მტრებისგან დაცვას უზრუნველყოფდა, "დიდი არხი" კი იდეალური ტერმინალი იყო ზღვიდან ვაჭრობის განსახორციელებლად.
პირველი ვენეციური დასახლებები სწორედ რიალტოს რაიონში გაჩნდა და ჯერ ადგილობრივი, შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვისა და ევროპის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა. აქ 400 ტონამდე საქონლით დატვირთული გემები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. გასაკვირი არ არის, რომ "დიდმა არხმა" დაუდო სათავე "ფონდაჩოს" (ფონდაკოს) - დიდ შენობებს, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ასობით ვაჭარი საწყობებად და საცხოვრებლად იყენებდა.
დღესდღეობით შემორჩენილია ორი დიდი ფონდაკო - XIII საუკუნის "ფონდაკო დეი ტურკი":
და ასევე XIII საუკუნის "ფონდაკო დეი ტედესკი":
"დიდი არხი" ჩვენს დროშიც ვენეციის მთავარი და დატვირთული არხია. დილით ნავებით ხილი, ბოსტნეული და თევზი გადააქვთ რიალტოს ბაზარში, აგრეთვე სხვა დანიშნულების საქონელი. დღის განმავლობაში გონდოლები და წყლის ტაქსი დაცურავს ტურისტებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ზეიმებიც იმართება, მაგალითად, ისტორიული რეგატა, ნიჩბოსანთა კლუბის კარნავალი, რეგატა "დელლა ბეფანი", "სანტას რბოლა", ნავებზე მოწყობილი პიკნიკები საჭმლითა და მუსიკით.
"დიდი არხზე" 4 ხიდია გადებული. თითოეული მათგანი სხვადასხვა დროსაა აგებული და სხვადასხვა სტილისაა.
კონსტიტუციის ხიდი - 2008 წელს შეიქმნა და ყველაზე ახალი ხიდია ამ არხზე. მას კალატრავას ხიდსაც უწოდებენ ესპანელი არქიტექტორის პატივსაცემად, რომელმაც პროექტი შეიმუშავა.
ეს ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს რკინიგზის სადგურ "სანტა ლუჩიასა" და "პიაცალე რომას" ("რომის მოედანს") - ბოლო ადგილს, სადაც სახმელეთო ტრანსპორტით შეიძლება მისვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციელებს ის არ მოსწონთ - მასზე გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე ვარაუდობდნენ; ის ოპტიმიზებული არ არის ვენეციის რბილი ნიადაგისთვის და მუდმივი კონტროლი სჭირდება; შუშის კონსტრუქციის გამო საფეხურები სრიალაა და ფეხით მოსიარულეებისთვის საკმაოდ სახიფათო.
სკალცის ხიდი - იგივე "ფეხშიშველთა ხიდი" (გადმოცემის თანახმად, მის სიახლოვეს ღატაკები ცხოვრობდნენ, რომლებსაც იმდენი ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ ფეხსაცმელი ეყიდათ), მდებარეობს რკინიგზის სადგურის ოდნავ მარცხნივ და ერთმანეთთან აკავშირებს კანარეჯოსა და სანტა-კროჩეს რაიონებს. სწორედ მას ხედავენ პირველად სადგურიდან გამოსული ტურისტები. ეს ხიდი 1934 წელს აიგო და მან ძველი რკინის ხიდი შეცვალა. მისი სიმაღლე 7 მეტრია, სიგრძე - 40 მეტრი.
რიალტოს ხიდი - "დიდი არხის" შუაგულში, მის ყველაზე ვიწრო ადგილასაა გადებული და ვენეციის ყველაზე ცნობილი ხიდია, ვენეციის რესპუბლიკის დროს კი ერთადერთი იყო, რომელიც "გრანდ-კანალის" ორ ნაპირს აერთებდა. რიალტოს ხიდმა ერთმანეთთან დააკავშირა ვენეციის პოლიტიკური გული სან-მარკოს რაიონში და ეკონომიკური ცენტრი სან-პოლოს რაიონში.
დეტალურად რიალტოს ხიდის შესახებ =>>
აკადემიის ხიდი - ყველაზე განაპირაა სამხრეთით და ვენეციის ერთადერთი ხის ხიდია. ეს სახელი მას მასთან ახლოს მდებარე აკადემიის გალერეის სამხატვრო მუზეუმის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც ვენეციაში 1807 წელს დაარსდა. ხიდი აკადემიის გალერეას სან-მარკოს რაიონთან აკავშირებს. თავდაპირველად ის რკინის იყო (1854 წელი), 1933 წელს კი ის ხის ხიდით შეცვალეს. 1986 წელს ის მთლიანად აიღეს და ახალი ხიდი ააგეს, თუმცა ძველი კონსტრუქცია და იერსახე შეუნარჩუნეს.
"დიდი არხი" ცნობილია მრავალსაუკუნოვანი სასახლეებით (ასეთი 100-ზე მეტია), რომლებიც მის ორივე მხარესაა. ამის გამო "დიდ არხს" "კანალაცოსაც" უწოდებენ ("არხი-სასახლე").მათი უმრავლესობა XIII-XVIII საუკუნეებშია აშენებული. ეს სასახლეები (იტალიურად - პალაცო) მდიდარ და დიდგვაროვან ვენეციელებს ეკუთვნოდათ. ყოველი მათგანი ცდილობდა, რომ მისი სასახლე ყველაზე ლამაზი, შთამბეჭდავი და მდიდრული ყოფილიყო. ეს მეტოქეობა 1797 წელს ვენეციის რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ დასრულდა, როცა ბევრმა ვენეციურმა ოჯახმა ეკონომიკური ძალაუფლების უმეტესი ნაწილი დაკარგა.
ამჟამად "დიდი არხის" გასწვრივ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. სასახლეთა უმეტესობაში ან სასტუმროა გახსნილი, ან მუზეუმი, ან ადმინისტრაციული შენობა.
2019 წელს ვენეციაში, კასტელოს რაიონში, უჩვეულო "ხიდი" გაიხსნა, სახელწოდებით "ხიდების გადება". მისი ავტორია იტალიელი ლორენცო ქუინი. ის ექვსი წყვილი ხელისგან შედგება. სიმაღლე 15 მეტრია, სიგანე - 20 მეტრი. ერთი წყვილი ხელი მეგობრობის სიმბოლოა ერთობლივი მომავლის შესაქმნელად, მეორე - სიბრძნის, ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად, მესამე - დახმარების, გრძელვადიანი ურთიერთობების გასამყარებლად, მეოთხე - რწმენის, საკუთარი გულისადმი ნდობის სიმბოლო, მეხუთე - იმედის, მნიშვნელოვანი წამოწყებების გასაგრძელებლად, მეექვსე - სიყვარულის, რაც ამ ყველაფრის საფუძველია.
სხვათა შორის, ამავე ავტორმა ვენეციაში 2017 წელს შექმნა ქანდაკება "მხარდაჭერა". მისი აზრით, ხელებს შეუძლიათ როგორც სამყაროს განადგურება, ისე მისი გადარჩენა, მაგალითად, კლიმატის ცვლილებისაგან, რაც მომავალში ვენეციას დატბორვით ემუქრება.
"დიდი არხის" დასათვალიერებლად გირჩევთ ვაპორეტოთი გაისეირნოთ (იხილეთ სტატია ვენეციის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია