ვენეციას ორი აეროპორტი ემსახურება. ერთი მათგანი ცნობილი ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოს სახელს ატარებს და პატარა ქალაქ ტესერაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისგან რვა კილომეტრითაა დაშორებული, მეორე კი - იტალიელი მოქანდაკის, ანტონიო კანოვას სახელს და ქალაქ ტრევიზოშია, ვენეციიდან 31 კილომეტრის დაშორებით. ეს ორი აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 14 მილიონ მგზავრს იღებს. უმთავრესი მაინც მარკო პოლოს სახელობის აეროპორტია, რომელიც წელიწადში 11 მილიონზე მეტ მგზავრს ატარებს და იტალიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აეროპორტია, მეორე კი დამხმარე აეროპორტის ფუნქციას ასრულებს. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდეთ ამ ორი აეროპორტიდან ვენეციაში და პირიქით. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს (ავტობუსი, ვაპარეტო, ელექტრომატარებელი, ტაქსი), არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ თქვენი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით.
მარკო პოლოს სახელობის აეროპორტი 1960 წლიდან ფუნქციონირებს. მას ერთი სამსართულიანი ტერმინალი აქვს.
ამ აეროპორტიდან ვენეციაში მოხვედრა შეგიძლიათ ავტობუსით, ვაპარეტოთი, ჩვეულებრივი და საწყალოსნო ტაქსით.
ავტობუსებით გადაყვანას ახორციელებს კომპანია ATVO (ცისფერი ავტობუსები) და ACTV (ნარინჯისფერი ავტობუსები), კერძოდ:
- რომის მოედნამდე - №5 (ACTV) და №35 (ATVO Venezia Express);
- რკინიგზის სადგურ "სანტა ლუჩიამდე" - №5 (ACTV);
- მესტრეს რკინიგზის სადგურამდე - №15 (ACTV) და №25 (ATVO Venezia Express);
- მესტრეს ცენტრამდე - №45 (ACTV).
ბილეთის ღირებულება: ერთ მხარეს - 10 ევრო, იქით-აქეთ - 15 ევრო. 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა. ძალაშია 75 წუთის განმავლობაში. კომბინირებული ბილეთი: ავტობუსი აერობუსი №5 (ACTV) + ვაპარეტო - 14 ევრო (ძალაშია 90 წუთის განმავლობაში). ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აეროპორტში, სპეციალურ აპარატებში. მგზავრობის ხანგრძლივობა 25-35 წუთი.
ვაპარეტოთი გადაყვანას ახორციელებს კომპანია Alilaguna. ის კუნძულოვანი ვენეციის თქვენთვის სასურველ ადგილამდე მიგიყვანთ. მგზავრობის ხანგრძლივობა 40-75 წუთია. ბილეთის ღირებულებაა: ერთ მხარეს - 15 ევრო, აქეთ-იქით - 27 ევრო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.alilaguna.it/en.
თუ ფული არ გენანებათ, აეროპორტიდან ვენეციამდე ჩასვლა წყლის ტაქსითაც (კატარღით) შეგიძლიათ.
ეს სიამოვნება 110 ევრო დაგიჯდებათ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.motoscafivenezia.com/it/.
ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 50 ევრო დაგიჯდებათ. გაითვალისწინეთ, რომ იმ რომის მოედნის იქით ვერ წაგიყვანთ.
ანტონიო კანოვას სახელობის აეროპორტი ტრევიზო 1935 წლიდან ფუნქციონირებს და, უმეტესწილად, ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ემსახურება, როგორიცაა Ryanair, Wissair და მისთანები.
ვენეციამდე მისვლა შეგიძლიათ ავტობუსით, მატარებლით ან ტაქსით.
კომპანიების ATVO და Terravision-ის ავტობუსები მიგიყვანენ ვენეციის წკინიგზის სადგურ სანტა ლუჩიამდე და რომის მოედნამდე. მგზავრობა ერთ მხარეს 12 ევრო დაგიჯდებათ, აქეთ-იქით - 22 ევრო. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 10 წუთი.
ყველაზე ბიუჯეტური შესაძლებლობაა ჯერ №6 ავტობუსით მიხვიდეთ ტრევიზოს რკინიგზის სადგურამდე (1,50 ევრო), იქიდან კი მატარებლით ჩახვიდეთ ვენეციამდე, რაც 3,60 ევროსა და 35 წუთს წაგართმევთ.
ტაქსით მგზავრობა დაახლოებით 75 ევრო დაგიჯდებათ.
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.