უფასო ონლაინ-მეგზური ვენეციაში


 ეკლესია სან ჯორჯო მაჯორე

სან ჯორჯო მაჯორეს (San Giorgio Maggiore, წმინდა გიორგის) ტაძარი ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს. კუნძული ჩინებული ადგილია საუკეთესო ფოტოსურათების გადასაღებად, ვენეციის სილამაზით დასატკბობად, მის ისტორიაში ჩასაღრმავებლად. "კვიპაროსების კუნძულზე" (ასე უწოდებდნენ მას უწინ ვინაიდან იქ ბევრი კვიპაროსი იზრდებოდა), პირველი ეკლესია 790 წელს ააგეს. 982 წელს დოჟმა მემომ კუნძული ბენედიქტელთა ორდენს გადასცა, რათა იქ მონასტერი დაეფუძნებინათ. სამწუხაროდ, ის 1223 წლის მიწისძვრამ დაანგრია. მონასტერი აღადგინეს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





1521 წელს გადაწყვიტეს, ახალი ტაძარი აეშენებინათ. ეს 1566-1610 წლებში განხორციელდა. არქიტექტორი იყო ანდრეა პალადიო. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის მშენებლობა მისმა მოწაფემ, ვინჩენცო სკამოციმ დაასრულა. კუნძული ბენედიქტელთა ხელში XIX საუკუნის დასაწყისამდე იყო, როდესაც ნაპოლეონმა ის სამხედრო ზონად გამოაცხადა, ჩაკეტა და იქ საარტელერიო საწყობები და ორი მომცრო კოშკი ააგებინა, რომლებიც რივა-დელი-სკიავონის სანაპიროდან მოჩანს.



1951 წელს ტაძარი გრაფმა ვიტორიო ჩინიმ შეისყიდა და მას რესტავრაცია ჩაუტარა. ბაზილიკის ფასადი ძალზე ლამაზია. ის თეთრი ქვისგანაა აშენებული. მას ოთხი სვეტი ამშვენებს. დანარჩენი კედლების ამოსაყვანად წითელი აგური გამოიყენეს, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პალადიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მშენებლობისას ის კლასიკის ელემენტებს იყენებდა.



სამრეკლო გვიანდელი ქრისტიანული კლასიციზმის სტილშია აგებული და კვადრატული ფორმისაა. ის შედარებით ახალი ნაგებობაა, ვინაიდან მისი წინამორბედი XVIII საუკუნის ბოლოს დაინგრა. თუ ამ 60-მეტრიან სამრეკლოზე ლიფტით ახვალთ, თქვენს თვალწინ შესანიშნავი ხედები გადაიშლება (ასვლა მოზრდილებისთვის 8 ევრო ღირს, ბავშვებისთვის - 4 ევრო):



ტაძარში შესვლისთანავე ვრცელ და ნათელ დარბაზში მოხვდებით. ნიშებში დგას ტაძრის მფარველების - წმინდა ჯორჯოსა (გიორგისა) და სტეფანოს პოსტამენტები.



მთავარი საკურთხეველი იტალიელმა მოქანდაკემ ჯიროლამო კამპანიამ შექმნა. მას სფეროზე შემდგარი იესოს ფიგურა ამშვენებს, სფერო კი ოთხ მოციქულს - მათეს, მარკოზს, ლუკასა და იოანეს - უჭირავს.



პრესვიტერიის აქეთ-იქით ტინტორეტოს ორი ნახატია: "საიდუმლო სერობა" და "ციური მანანა":




ცენტრალური საკურთხევლის შიგნით არის დიდებული ქორედი, ოსტატურად გამოკვეთილი ხისგან ბელგიელი ალბერტ ვან დენ ბრიულესა და ბერგამოელი გასპარო გატის მიერ. მათზე ასახულია ეპიზოდები წმინდა ბენედიქტის ცხოვრებიდან:



სატრაპეზოს კედელზე ჰკიდია პაოლო ვერონეზეს ცნობილი ნახატის "ქორწინება კანაში" (Le Nozze de Cana) რეპროდუქცია. ორიგინალი ნაპოლეონმა მოიპარა კუნძულის ოკუპაციისას და მისი ნახვა ამჟამად ლუვრშია შესაძლებელი.



კუნძულზე შეგიძლიათ იხილოთ ლონგენას ბიბლიოთეკა, რომელშიც 1671 წელს დამზადებული ორიგინალური წიგნის კარადებია:



აქვეა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიბლიოთეკა Nuovo Manica Lunga:



თუ ეკლესიის შორეულ ბოლოში მიხვალთ, მოხვდებით მინის მუზეუმში - Le Stanze del Vetro. შესვლა უფასოა.



ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ჯორჯო ჩინის ფონდი - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კულტურული დაწესებულება. ფონდს აქვს ვენეციის ისტორიის, ხელოვნების ისტორიის, მუსიკის, თეატრისა და დრამის საკუთარი კვლევითი პროგრამები და ინსტიტუტები.



ფონდის კომპლექსში იხილავთ 3 ბაღს, მათ შორისაა ხორხე ლუის ბორხესის ბაღი-ლაბირინთი. თუ მას ზემოდან დახედავთ, დაინახავთ, რომ მცენარეებისგან, ფიგურებისა და სხვა საგნებისგან ცნობილი არგენტინელი მწერლის სახელი "ბორხესი" გამოდის.



კუნძულ სან-ჯორჯო მაჯორეზე მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ვაპორეტოთი. სან-მარკოს მოედნიდან იქამდე მხოლოდ ერთი გაჩერებაა.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!