უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


ალექსანდერპლაცი (Alexanderplatz)

ალექსანდერპლაცი ბერლინის ცენტრალური მოედანი, რომელსაც დედაქალაქელები ალექსს ეძახიან, მიტეს რაიონის ისტორიულ კვარტალ კენიგსშტადტში მდებარეობს. ის ბერლინელებსაც უყვართ და ტურისტებსაც. ალექსანდერპლაცს ხალხმრავლობის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილი უჭირავს. ყოველდღიურად აქ 400 ათასი ადამიანი მოდის. თუკი ამ მოედანზე ძველებური სასახლეებისა და ციხეკოშკების ხილვას ელოდებით, იმედი გაგიცრუვდებათ. დღევანდელი ალექსანდერპლაცი გერმანიის დედაქალაქის ეკონომიკური სიძლიერისა და კულტურული აყვავების სიმბოლოა.


ერთ დროს ამ ადგილს სამეფო მოედანი ერქვა. 1805 წელს პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ, აქ აღლუმი გამართა თავისი სტუმრის, რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის პატივსაცემად. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოედანს სახელი გადაარქვეს და ალექსანდერპლაცი უწოდეს.



ალექსანდერპლაცზე ნამდვილად არ მოიწყენთ. აქ რამდენიმე ცნობილი ღირშესანიშნაობაა.


ბერლინის ტელეანძა:



ტელეანძის სიმაღლე 368 მეტრია. ის ყველაზე მაღალი ნაგებობაა როგორც გერმანიაში, ისე ევროპაში. მისი სფეროს დიამეტრი 32 მეტრია, კედლების სისქე - 50 სმ.


ტურისტებს ყველაზე მეტად მის გადმოსახედ მოედანზე მოხვედრა აინტერესებთ, რომელიც 203 მეტრის სიმაღლეზეა. უღრუბლო ამინდში ხილვადობა 40 კილომეტრია.



4 მეტრით მაღლა მდებარეობს რესტორანი "სფერო". ის ნელა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო. რესტორანში ჯდომისას 1 საათის განმავლობაში სრულ წრეს დაარტყამთ.


ტელეანძაზე ასვლა შეიძლება ყოველდღე.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 18,50 ევრო;

- 4-14 წლის ბავშვებისთვის - 9,50 ევრო;

- სტუდენტებისთვის (დოკუმენტის წარდგენით) - 20%-იანი ფასდაკლება;

- პრიორიტეტული ბილეთი მოზრდილებისთვის - 22,50 ევრო;

- პრიორიტეტული ბილეთი 4-14 წლის ბავშვებისთვის - 13,50 ევრო;

- 4 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.


ბერლინის რკინიგზის სადგური:



ბერლინის რკინიგზის სადგური 1882 წლიდან არსებობს, თანამედროვე სახით კი - 1951 წლიდან. ის ემსახურება საქალაქო ელეტრომატარებლებს (S-Bahn), მეტროს (U-Bahn) და რეგიონულ მატარებლებს.


მსოფლიო დროის საათი:



ეს საათი მსოფლიოს უდიდესი დედაქალაქების დროს უჩვენებს.


ხალხთა მეგობრობის შადრევანი:



ბრინჯაოსგან, მინისა და კერამიკისგან დამზადებული შადრევანი მოედანზე 1970 წელს დადგეს. შადრევნის დიამეტრი 23 მეტრია.


წმინდა ქალწულ მარიამის ეკლესია (Marienkirche):



XIII საუკუნის ტაძარი ბერლინის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ეკლესიაა, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ვინაიდან წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მუზეუმადაა გადაკეთებული. ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა 1484 წლის შავი ჭირის ეპიდემიის დროს შექმნილი ფრესკაა, სახელწოდებით "სიკვდილის ცეკვა". ფრესკაზე საღებავი ისე გახუნდა, რომ რამის გარჩევა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ეკლესიის ხელმძღვანელობამ იქვე მისი რეპროდუქცია განათავსა. ტაძრის კიდევ ერთი ისტორიული დეტალი მოოქროვილი ვერცხლის ორგანია, რომელზეც თვით ბახი უკრავდა.




"ნეპტუნის შადრევანი":



ის XIX საუკუნეშია შექმნილი, თუმცა ამ ადგილას XX საუკუნის შუა წლებიდან დგას. აუზის დიამეტრი 18 მეტრია. მის ოთხივე მხარეს, კიდეებზე, მჯდომარე ქალის ფიგურებია, რომლებიც პრუსიის მთავარი მდინარეების სიმბოლოებია: რეინის, ვისლის, ოდერისა და ელბის.


ალექსანდერპლაცზე ბევრი მაღაზია და სავაჭრო ცენტრია. ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს.


სავაჭრო ცენტრი "ალექსა" (Alexa):



სავაჭრო ცენტრი "გალერეა კაუფჰოფი" (Galeria Kaufhof):



სავაჭრო ცენტრი "დი მიტტე" (De Mitte):



აუთლეტი "მაქსი" (TK Maxx):



ალექსანდერპლაცამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება Alexanderplatz;

- ავტობუსით №100, 200, 248, TXL, გაჩერება Alexanderplatz;

- ტრამვაით M2, M4, M5, M6, გაჩერება Alexanderplatz;

- S-Bahn-ით: S5, S7, S9, S75, გაჩერება Alexanderplatz.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!