უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 ასტრონომიული საათი - პრაღის კურანტები

პრაღის ასტრონომიული საათი, იგივე პრაღის კურანტები, იგივე პრაღის ორლოი, იგივე სტარომესტსკის ორლოი, ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო და საყვარელი ღირსშესანიშნაობაა. ის ყოველ ერთ საათში მართავს შთამბეჭდავ სპექტაკლს, რასაც უამრავი ტურისტი ადევნებს თვალს. პრაღის ასტრონომიული საათი სტარომესტსკის რატუშას ამშვენებს, რომელიც, თავის მხრივ, სტარომესტსკის მოედანზე მდებარეობს. პრაღის ორლოი მსოფლიოში უძველესი მსგავსი მექანიზმია. ის კვლავაც მუშაობს და დღესაც ზუსტად უჩვენებს ასტრონომიულ მონაცემებს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





საათის მექანიზმის და ციფერბლატის ყველაზე ძველი ნაწილი 1410 წელს შეიქმნა. მათი ავტორებია ოსტატი მიკულაშა და მეცნიერი იან შინდელი.


საათი უჩვენებს:

- დროის სამ სახეს - შუაევროპულს, ძველჩეხურსა და ასტრონომიულს;

- მზისა და მთვარის ზოდიაქურ განლაგებას;

- მზისა ამოსვლისა და ჩასვლის დროს და მთვარის ფაზებს;

- კალენდარული წლის რიცხვსა და თვეს;

- კვირის დღეს, არასამუშაო დღეებსა და ქრისტიანული კალენდრის დღესასწაულებს.


შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ ყოველი შენობა ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდიდა, ამიტომ მას სხვადასხვა ელემენტებით ამკობდნენ, რომლებსაც ბოროტება უნდა დაეფრთხოთ. საათის გუმბათის ქვეშ მამალია გამოსახული. ცრურწმენითი გადმოცემის თანახმად, როდესაც მამალი ყივილს იწყებს, ყოველგვარი უწმინდურობა გარბის.



მამლის ქვეშ ანგელოზის ქანდაკებაა, ანგელოზის მარცხნივ და მარჯვნივ კი - ორი ფანჯარა.


ზედა ციფერბლატის გვერდებზე ოთხი ქანდაკებაა: პირველი - სარკიანი მამაკაცი - პატივმოყვარეობას განასახიერებს, მეორე - მამაკაცი ფულის ქისით ხელში - სიძუნწეს, მესამე - ჩონჩხი - სიკვდილის სიმბოლოა. მას ხელში ქვიშის საათი უჭირავს, რაც მიგვანიშნებს, რომ მუდმივი არაფერია. მეოთხე - ჩალმიანი თურქია მუსიკალური ინსტრუმენტით. ერთი ვერსიით, ის ავხორცობის სიმბოლოა, მეორეთი კი - თურქული საფრთხე რომის იმპერიისთვის, რომელშიც ჩეხეთიც შედიოდა.



მოდი, დეტალურად აღვწეროთ ზედა ციფერბლატი:



1 - ამჟამინდელი დრო, 2 - ეკვატორის ხაზი, 3 - ვარსკვლავური დრო (არაბული ციფრები), 4 - ტროპიკ "კიბოს" ხაზი, 5 - გათენების სექტორი, 6 - მაჩვენებელი ვარსკვლავით, 7 - ღამის სექტორი, 8 - ძველჩეხური დრო, 9 - მაჩვენებელი ოქროს ხელით, 10 - მაჩვენებელი მზის სიმბოლოთი, 11 - მაჩვენებელი მთვარის სიმბოლოთი, 12 - ზოდიაქოს რგოლი.


ახლა ქვედა ციფერბლატზე გადავიდეთ.



მასზე 4 ქანდაკებაა. მივყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ: ფილოსოფოსი, რომელსაც ხელში კალამი და გრაგნილი უჭირავს; მთავარანგელოზი მიხეილი შუბით ციფერბლატზე მიგვითითებს; ასტრონომი ჭოგრიტით; ჟამთააღმწერელი წიგნით, სადაც ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტებია ჩაწერილი.


ციფერბლატის ცენტრში პრაღის გერბია (მეფე ვლადისლავ II-ის დროს), პატარა წრეზე - ზოდიაქოს 12 ნიშანი, საშუალო წრეზე - წელიწადის 12 თვე სხვადასხვა სურათებით (მათ შორის ბავშვის დაბადების აღნიშვნა, ხვნა, თესვა, მკა, რთველი და ა.შ.), დიდ წრეზე - 4-სექტორიანი 365 დანაყოფი. თითოეულ დანაყოფში წერია თვის რიცხვი, კვირის დღის აღმნიშვნელი ასო, ქრისტიანული დღესასწაულებისა და წმინდანების სახელები, წმინდანების ხსენების დღეები.



საათი ყოველდღე რეკავს - დილის 09:00-დან საღამოს 23:00-მდე. ამ დროს უნიკალური შოუ ეწყობა. ზემოთ ორი პატარა ფანჯარა ვახსენეთ. ერთი ფანჯრიდან 12 მოციქული გამოდის და მეორე ფანჯარაში შედის. პროცესიას იესო ამთავრებს. იმავდროულად, ზედა ციფერბლატის გვერდებზე განთავსებული 4 ფიგურაც მოძრაობს: ჩონჩხი ქვიშის საათს გადაატრიალებს და თურქს რაღაცას ანიშნებს. თურქი, უარყოფის ნიშნად, თავს გადააქნევს. ძუნწი ფულის ქისას შეათამაშებს, მთავარანგელოზი კი მას, როგორც ცოდვილს, ხმლით დასჯის. წარმოდგენის ბოლოს მამლის ყივილი გაისმის.



ასტრონომიული საათის მისამართია: Staroměstské náměstí 1/3, Praha 11000.


სტარომესტსკის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერებამდე Staromestska, ან ტრამვაით №2, 17, 18 იმავე გაჩერებამდე.











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!