უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ავსტრიული კერძები - ვენური სამზარეულო

ვენა ერთადერთი ადგილია, სადაც საჭმლის მომზადების საკუთარ სტილს ქალაქის სახელი ჰქვია - ვენის სამზარეულო. ვენა გურმანების დასახლებაა. სხვადასხვა ქვეყნების გავლენით ვენაში მრავალფეროვანი სამზარეულო ჩამოყალიბდა, რომელიც კვლავ და კვლავ აღაგზნებს ადგილობრივების თუ იქ ჩასული ტურისტების ფანტაზიას. მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული ისეთი კერძები, როგორიცაა ვენური შნიცელი, ტაფელშპიცი, ბაკჰუნი, ვაშლის შტრუდელი, ტორტი "ზახერი" და სხვა. დაბეჯითებით გირჩევთ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, ისინი აუცილებლად დააგემოვნოთ.


ვენური შნიცელი (Wiener Schnitzel) ავსტრიის ყველაზე ცნობილი ნაციონალური კერძია. შეიძლება ითქვას, რომ ის ვენის სავიზიტო ბარათია. მზადდება ხბოს ხორცისგან. სხვათა შორის, შნიცელის რეცეპტი ვენაში მილანიდან მოხვდა:



შემდეგი კერძია ტეფელშპიცი (Tefelspitz):



ამ კერძში შედის მოხარშული საქონლის ხორცი ვაშლის პიურეთი, პირშუშხათი, ისპანახით ან არაჟნის სოუსით. გარნირად გამოიყენება მოხარშული კარტოფილი, სტაფილო, გახეხილი შემწვარი კარტოფილი და ასე შემდეგ.


ბაკჰუნი (Backhuhn) - ეს არის სპეციალურ ნაზავში ამოვლებული და შებრაწული ქათმის ხორცი გემრიელ კარტოფილის სალათთან ერთად:



კაიზერშმარენი (kaiserschmarren) - განსაკუთრებული წესით დამზადებული ომლეტი (ფქვილთან, შაქართან, რძესთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად). ის ძალიან უყვარდა ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს. აი, როგორ გამოიყურება ეს კერძი:



გულიაში (Gulasch) - ავსტრიული გულიაში სქელი სუპია. ვენელებმა ის უნგრელებისგან ისესხეს და მასში განსაზღვრული ცვლილებები შეიტანეს. გულიაში მოთუშული საქონლის ხორცისგან მზადდება და მისი რამდენიმე სახეობა არსებობს:



ფარშირებული წიწაკა (Gefüllte Paprika) - ეს კერძი ავსტრიაში ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან შემოვიდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის პერიოდში. ამჟამად მას ბევრი რესტორნის მენიუში შეხვდებით.



შვაინსბრატენი - შემწვარი ღორის ხორცი (Schweinsbraten mit Semmelknödel) მწვანილით, ნივრით, გუფთით, სალათით და სოუსით. ძალზე მადის აღმძვრელია:



როსტბიფი ხახვით (Zwiebelrostbraten) - ვენის რესტორნების კლასიკური კერძი - შემწვარი საქონლის ხორცის ნაჭრები შემწვარი ხახვით, შემწვარი კარტოფილით ან მაკარონის ნაწარმით:



სოსისი (Frankfurters) - ვენაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლიათ გასინჯოთ ცხელი სოსისი Würstelstand-ის ჯიხურებში. ვენაში ის პირველად მეყასბე იოჰან გეორგ ლაინერმა შემოიტანა ფრანკფურტიდან და იმ ქალაქის სახელი დაარქვა. მას, როგორც წესი, გრძელ ფუნთუშაში დებენ.



შტრუდელი (Schtrudel) - ეს არის რულეტი, უმეტესწილად, ვაშლის შიგთავსით. ყველაზე ცნობილი დესერტია, რომელიც პირში ჩაგადნებათ. პირველი რეცეპტი 1696 წლით თარიღდება.



შონბრუნის სასახლეში, კაფე Residenz-ში მუდმივად იმართება ე.წ. "შტრუდელ-შოუ". საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ მზადდება ეს დესერტი, მიირთმევთ ახლად გამომცხვარ შტრუდელს ყავასთან, ჩაისთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად და რეცეპტსაც მიიღებთ. ეს 11,50 ევრო დაგიჯდებათ.


ტორტი "ზახერი" (Sacher) - ავსტრიელების საყვარელი შოკოლადის დესერტი, ავსტრიელი კონდიტერის ფრანც ზახერის გამოგონება.



ამ სახელწოდების ყველაზე გემრიელ ტორტს კაფე "ზახერსა" და საკონდიტრო "დემელში" ამზადებენ.




ბუნებრივია, ვენაში კიდევ მრავალი გემრიელი კერძის დაგემოვნება შეიძლება. მე რამდენიმე ჩამოგითვალეთ. დანარჩენს ადგილზე თვითონ გაეცანით.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!