ბასტილიის მოედანი - პარიზის ცნობილი მოედანია ქალაქის ისტორიულ შუაგულში და ის საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და სიმბოლოა. სახელწოდება "ბასტილია" მოდის ფრანგული სიტყვიდან bastide და სიმაგრეს ნიშნავს. სწორედ ამ ადგილას იდგა ცნობილი ციხესიმაგრე-საპატიმრო, რომელიც საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის დროს დაანგრიეს. სხვათა შორის, ბასტილიის აღების წლისთავს ფრანგები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ტურისტებს ძალიან უყვართ პარიზში 14 ივლისს ყოფნა, ვინაიდან ქალაქი გამორჩეულად ლამაზია.
თანამედროვე მოედანი პარიზის ათზე მეტ ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ბაზრობებს, დაისვენოთ კაფეებსა და რესტორნებში, იხილოთ ცნობილი ღირსშესანიშნაობები.
ციხესიმაგრე XIV საუკუნეში ააშენეს. მასში, უმთვრესად, სახელმწიფო და რელიგიური ხასიათის დანაშაულის ჩამდენები ხვდებოდნენ - ძირითადად, მწერლები და პოეტები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ქადაგებდნენ: ვოლტერი, ლაბომელი, მარმონტელი, მარკიზი დე სადი და სხვ. ეს იყო უშველებელი ნაგებობა 8 კოშკით. სიმაგრეს გარშემო თხრილი ერტყა. მისი გადალახვა დასაშვები ხიდით შეიძლებოდა, რასაც კიდევ ერთი კედელი მოსდევდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ სწორედ ასეთი შენობა იდგა იმ ადგილას, სდაც ახლა ბასტილიის თანამედროვე მოედანია.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში ციხესიმაგრეში ქალაქის მოსახლეობა შეიჭრა. მათ ყველა პატიმარი გაათავისუფლეს (ასეთი სულ შვიდი იყო). შენობის დანგრევას საკმაო დრო დასჭირდა. ქვების უმეტესი ნაწილი კონკორდის ხიდის ასაგებად გამოიყენეს, რომელიც ტიუილრის სანაპიროს თანხმობის მოედანთან აკავშირებს.
დანგრეული ციხესიმაგრის ადგილას ბასტილიის მოედანი გაჩნდა, იქ კი, სადაც საპატიმრო იყო, ფირფიტა, სიმბოლური წარწერით "აქ ცეკვავენ".
თავდაპირველად გამოთავისუფლებულ სივრცეში ნაპოლეონ ბონაპარტის ქანდაკების დადგმას აპირებდნენ, შემდეგ - უზარმაზარი სპილოს ფორმის შადრევნის, საფრანგეთის 1830 წლის მეორე რევოლუციის შემდეგ კი ივლისის სვეტის დადგმა გადაწყდა.
ბასტილიის მოედანზე სამი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა: ივლისის სვეტი, ბასტილიის ოპერა და ნავსადგური "არსენალი".
ივლისის სვეტი მოედანზე იმპერატორ ლუი-ფილიპე I-ის ბრძანებით აღიმართა. ის ფოლადისა და ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული. მისი სიმაღლე 52 მეტრია, წონა - 170 ტონა. მისი გახსნა 1840 წელს შედგა. სვეტი ივლისის რევოლუციის სიმბოლო გახდა: მაშინ დაამხეს კარლ X და ქვეყანას სათავეში ლუი-ფილიპე I ჩაუდგა.
სვეტის ქვედა ნაწილში მემორიალური დაფაა რევოლუციის დროს დაღუპული პარიზელების სახელებით. მათი ნეშტი კვარცხლბეკის ქვეშ განისვენებს.
სვეტის თავზე თავისუფლების გენიის ფიგურაა: ერთ ხელში მას გაწყვეტილი ჯაჭვი უჭირავს, მეორეში - ჩირაღდანი, შუბლზე კი ვარსკვლავი აქვს გამოსახული:
თანამედროვე ოპერის შენობის ადგილას, შირატონისა და ლიონის ქუჩებს შორის, 1859-1969 წლებში ბასტილიის სადგური მდებარეობდა. მოგვიანებით სადგური დაიკეტა და იქ გამოფენები იმართებოდა. გასული საუკუნი 80-იან წლებში პრეზიდენტმა მიტერანმა სადგურის ადგილას ბასტილიის ოპერის აშენების ნებართვა გასცა.
ოპერა 1989 წელს გაიხსნა, ბასტილიის აღები 200 წლისთავზე. დიდი დარბაზი 2703 ადამიანს იტევს, ამფითეატრი - 450-ს. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია პარიზში.
ბასტილიის მოედნის რაიონში მდებარეობს 544 მეტრი სიგრძისა და 70 მეტრი სიგანის სენ-მარტინის არხი და ნავსადგური "არსენალი".ტურისტებსა და ადგილობრივებს შეუძლიათ დატკბნენ შესანიშნავი ხედით, გაისეირნონ სანაპიროს გასწვრივ, დაისვენონ კაფეში ან კატარღაში ჩასხდნენ.
ბასტილიის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროთი: 1-ლი, მე-5, მე-8 ხაზი - სადგური Bastille.
- ავტობუსით, №20, 29, 65, 69, 76, 86, 87, 91 - გაჩერება Bastille.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია